Jump to content
Planeta.Ge

ყველა ასეთ სქემას ვსწავლობთ და გვექნება რეაგირება - სებ-ი რუსეთის მოქალაქეების მიერ ფულადი გზავნილების საქართველოს მოქალაქეების გამოყენებით მიღებაზე


„კანონმდებლობის დარღვევაა, როდესაც საფინანსო ინსტიტუტი ვერ ახდენს გზავნილის საბოლოო მიმღების იდენტიფიცირებას,“ - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, რუსეთის მოქალაქეების მიერ ფულადი გზავნილების საქართველოს მოქალაქეების გამოყენებით მიღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

„საქართველოში გვაქვს რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის დიდი რაოდენობა. რუსეთის 110 ათასზე მეტი მოქალაქეა ჩამოსული, ამას ვეძახით გრძელვადიან ტურიზმს, რომელიც რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით. გამომდინარე იქიდან, რომ საფინანსო სექტორში ხდება სანქციების უმკაცრესი აღსრულება, როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან, ასევე თავად საბანკო სექტორის მხრიდან, რუსეთის მოქალაქეებს შედარებით გართულებული აქვთ ანგარიშების გახსნა. თუ ბანკი ვერ დარწმუნდა, რომ ეს რუსეთის მოქალაქე ნამდვილად საქართველოში ცხოვრობს, აქ ეწევა საქმიანობას და ნამდვილად არ იქნება მისი ანგარიში გამოყენებული სატრანზიტოდ/გამტარად, ამ შემთხვევაში შესაძლოა, ბანკმა უარი უთხრას ანგარიშის გახსნაზე რუსეთის მოქალაქეს. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, თუმცა რა თქმა უნდა, ბანკებს აქვთ თავიანთი რისკების მართვის, მათ შორის სანქციების რისკების მართვის შიდა პოლიტიკები.

როდესაც საფინანსო ინსტიტუტი ვერ ახდენს გზავნილის საბოლოო მიმღების იდენტიფიცირებას, ან ხდება გზავნილების დანაწევრება, ეს არის კანონმდებლობის დარღვევა. ამის შესახებ არსებობს გარკვეული წესები და ფინანსური ინსტიტუტების პასუხისმგებლობაა რომ ეს რისკები აკონტროლონ. ეს საკმაოდ რისკიანი ტრანზაქციებია, როდესაც ფულის რეალური მიმღები არის სხვა და ჩვენ მას ვუდგებით შუამავლად, შესაძლოა, აქ მოხდეს ჩვენი ანგარიშის დახურვა ან გარკვეულ სიებში მოხვედრა, რის შედეგადაც საბანკო ურთიერთობები გაგვიჭირდება, ამიტომ არ ვურჩევდი საქართველოს მოქალაქეებს ამ საქმიანობით დაკავებას.

 

იმ სქემებში, რომლებზეც არის საუბარი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ტრანზაქციის დანაწევრებას, ფიქტიურ პირებზე ფულადი გზავნილის მიღებას. რა თქმა უნდა, ამას სებ-ი სწავლობს და ყველა მსგავს ქმედებაზე გვექნება რეაგირება, თუმცა ეროვნული ბანკი ზედამხედველობას უწევს ფინანსურ ინსტიტუტებს და არა უშუალოდ მოქალაქეებს, ვინც ერთვება ამ სქემებში, შესაბამისად, ჩვენი რეაგირება იქნება ეს საჯარიმო თუ სხვა სახის სანქცია, შეეხება საფინანსო ინსტიტუტებს,“ - განაცხადა ლეჟავამ.

 
taia-ardoteli-1633676300.png
ავტორი:
თაია არდოტელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...