11-13 დეკემბერს მოსკოვში ქართული კულტურის დღეები გაიმართება
11-13 დეკემბერს მოსკოვში ფართომასშტაბიანი ღონისძიება, ქართული კულტურის დღეები იგეგმება, ორგანიზატორი რუსეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანება, " ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიაა." მათ ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება კონფერენცია მიგრაციისა და ტრანსპორტის საკითხებზე, ქართული დიასპორის ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრები, ასევე გამოფენები, ქართული კულინარიის მასტერ-კლასები და ლექციები.
ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული კონცერტით "ჩვენ ერთად", რომელიც დიდ საკონცერტო დარბაზ "კოსმოსში" გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე რუსი შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები. კონცერტში მონაწილეთა სიას ქართული დიასპორის ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს და წერს, რომ დამატებითი დეტალები პროგრამის შესახებ 1 დეკემბრიდან გამოქვეყნდება ეტაპობრივად მათ ტელეგრამის არხზე.
ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაციის პრეზიდენტი 1982 წელს ბათუმში დაბადებული დავით ცეცხლაძეა. დავით ცეცხლაძემ და მისმა ორგანიზაციამ 2021 წლის 25 თებერვალს პუტინს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის თხოვნით მიმართეს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.