Jump to content
Planeta.Ge

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის კვლევებში საქართველო, სტაბილურად, ისევ დაბალ ადგილზეა


,,მასწავლებელი, რომელიც არ ვითარდება თავად ან სასარგებლო რჩევებს არ ისმენს ინტენსიურად, ვერასდროს იქნება თანამედროვე"

,,თუ ბავშვი კლასში ბედნიერი სახით არ შედის და ასეთივე სახით არ გამოდის სკოლიდან, ეს უკვე განაჩენია" 

image.jpeg

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 კვლევის მიხედვით, წაკითხული ტექსტის გააზრებაში საქართველოს მოსწავლეთა 64% საბაზო (მეორე) დონის ქვემოთაა და მონაწილე 78 ქვეყნიდან საქართველო 70-71- ადგილებს შორის დიაპაზონში მოხვდა.

ტესტი 15 წლის მოსწავლეებთან ჩატარდა და გაირკვა, რომ  მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებლით მათემატიკაშიც მნიშვნელოვნად დაბალ ადგილზე ვართ.

ამავე კვლევის თანახმად, მოკლევადიან პერსპექტივაში, კითხვისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროებშიც საქართველოს მოსწავლეთა მიღწევები გაუარესებულია.

საქართელო PISA-ს პროგრამაში, თითქმის, 20 წელია მონაწილეობს და შედეგების მხრივ, ყოველი მორიგი კვლევისას, სამწუხაროდ, პროგრესის ნაცვლად რეგრესს ვიღებთ.

რა მიზანს ემსახურება აღნიშნული კვლევები, რატომ გვაქვს მუდმივად დაბალი შედეგები, რას ვაკლებთ სკოლას, მასწავლებლებს, სად ვუშვებთ შეცდომას და რა უნდა გაკეთდეს განათლების სფეროში ვითარების გამოსასწორებლად, ამ კითხვებით ეროვნული სასწავლო გეგმისა და ხარისხის განვითარების ექსპერტს, მენტორ მასწავლებელს, როლანდ ხოჯანაშვილს მივმართეთ.  

- რა სახის კვლევებს ითვალისწინებს მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA და რამდენად სასარგებლოა მასში მონაწილეობა ჩვენთვის?

- ეს არის შეფასების ერთ-ერთი და არა ერთადერთი პროგრამა, რომლის მეშვეობით მოპოვებული მონაცემების შესწავლა სკოლამდელი, დაწყებითი და საშუალო განათლების ეროვნული პოლიტიკის შემუშავებას უწყობს ხელს. ეს არის პროგრამა, რომელიც კვლევის ანგარიშს რაოდენობრივი და თვისებრივი თვალსაზრისით წარმოგვიდგენს.

PISA- კვლევა ანგარიშგასაწევია, რადგან იგი კონცენტრირდება განათლების ზოგად პოლიტიკაზე და ადგენს სწავლა-სწავლების პროცესის განმსაზღვრელ სხვადასხვა ფაქტორს.

ეს კვლევა წარმოაჩენს მოსწავლეთა სიტუაციურ უნარებს, ინფორმაციის ანალიზის, მსჯელობისა და ეფექტური კომუნიკაციის შესაძლებლობებს. შედეგების მერე დგება დრო, როცა პრობლემასთან გასამკლავებლად სწორი გზები უნდა ავარჩიოთ.

- ამ კვლევების შედეგების მიხედვით საქართველო მუდმივად ბოლო ათეულში იკავებს ადგილს. რისი ბრალია ჩვენი მოსწავლეების მიღწევების ასეთი დაბალი შეფასება?

- შეფასება არის მაღალი სააზროვნო უნარი (ბლუმის მიხედვით ის საგანმანათლებლო მიზნების ტაქსონომიის ყველაზე მაღალ საფეხურს წარმოადგენს). მიზეზის გარეშე არცერთი შედეგი არ დგება და ეს დაბალი მაჩვენებლები ბევრი ფაქტორითაა განპირობებული.

იმედი მაქვს, ჩვენ, ყველანი ვაღიარებთ იმას, რომ ეს შედეგები მოსწავლეების ბრალი არ არის.  

- განათლების სისტემაში, თითქოს, მუდმივად ტარდება რეფორმები, შედეგების მიხედვით კი პროგრესის მაგივრად რეგრესს ვიღებთ. რატომ, რა არის მიზეზი?

- განათლება რეფორმის და მუდმივი რეფორმირების გარეშე წარმოუდგენელია. აჩქარებულია პროგრესირების რიტმი, რომელსაც სამყარომ ფეხი აუწყო და თუ საერთაშორისო მოთხოვნებს ჩვენც დროზე არ ავუწყობთ ნაბიჯს, მდგომარეობა უფო გაგვიუარესდება.

ვფიქრობ, სახელმწიფომ განათლების სისტემის სრული მოდერნიზაციისთვის მეტი რესურსი უნდა მიმართოს. ხისტად ვიტყვი იმასაც, რომ თუ მასწავლებელს არ შეუძლია ან არ უნდა  საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად შეიცვალოს, მაშინ სკოლამ თავად ეს მასწავლებელი უნდა შეცვალოს. ასევე, მოთხოვნის შესაბამისად უნდა შეიცვალოს ნებისმიერი რესურსიც.

განათლების ხარჯზე თანხის ეკონომია არ შეიძლება და არ შეიძლება მასწავლებელი არ იყოს მუდამ თანამედროვე.

- რას ვერ აკეთებს სწორად თავად სკოლა ან სამინისტრო?

- ძალიან რთულია, პედაგოგიური კორპუსის ერთბაშად შეცვლა. ჩვენ გამოვიარეთ გასული საუკუნის 90-იანი წლები და იმ წლებში მომუშავე ადამიანებმა სკოლები იობის მოთმინებით შევინარჩუნეთ. იმ პერიოდის მასწავლებლების ნაწილი ახალ მოთხოვნებს მოერგო, ნაწილი დღემდე კონსერვატორია. 90-იანი წლების პედაგოგიკა კი არაფრით განსხვავდება საუკუნის წინანდელი ბიჰევიორიზმისგან, რომელიც დამახსოვრებაზეა ორიენტირებული და არა გააზრებაზე. თავად ბიჰევიორიზმი ერთგვარი კომფორტია მასწავლებლისთვის: გვაქვს ინფორმაცია, რომელსაც ვტოვებთ კლასში და შემდეგ გაკვეთილზე მასვე ვითხოვთ მოსწავლეებისგან. ეს მიდგომა ვერაფრით იქნება შედეგიანი.

კონსტრუქტივიზმის გამოუყენებლობა ან ეპიზოდური გამოყენება შედეგამდე ვერ მიგვიყვანს.

- ხსენებულ კვლევებში მუდმივად იკვეთება ერთი და იგივე პრობლემა, მოსწავლეებს უჭირთ წაკითხულის გააზრება და ტექსტიდან შინაარსის გამოტანა. რისი ბრალია ეს ფაქტი და როგორ შეგვიძლია გამოვასწოროთ?

- ზემოთაც აღვნიშნე, რომ ამის მიზეზი ძირითადად ბიჰევიორისტული მიდგომაა. ამ ინტერვიუს არაერთ მკითხველს ვთხოვოთ ფაქტის გახსენება, მათი რამდენი თანაკლასელი  ისროდა მექანიკურად სიტყვებს თუნდაცვეფხისტყსაოსნიდან;“ რამდენი მოსწავლისთვის იყო ქიმია და მათემატიკა მხოლოდ წესები?

მასწავლებლების გარდა, იქნებ მშობლებსაც დავდოთ ბრალი იმაში, რომ სწავლისადმი  სტრეოტიპული მიდგომა აქვთ,მე ასე მასწავლიდნენდა რადგან ახლა სკოლა არ აზეპირებინებს მასალებს, პირველივე კლასიდან რეპეტიტორებთან დაარბენინებენ ბავშვებს. მოდი, რიტორიკულად ვიკითხოთ, გალაკტიონმა ან ვაჟამ როდესმე დაწერეს ისეთი ნაწარმოები, რომლებზეც გაიფიქრებდნენ, ეს უნდა დაიზეპირონ თაობებმაო? სწავლის სოციალური ხასიათი რომ დავივიწყეთ, ეს ცალკე ტრაგედიაა!

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ბავშვებს, ნუ დავადანაშაულებთ. მათი ბრალი არაა, ტექსტის გააზრება თუ უჭირთ! ანალიზისა და სინთეზის უნარების განვითარების გარეშე რომელ გააზრებაზე ვლაპარაკობთ? მშობელსა და მასწავლებელს თუ უნდათ, რომ ბავშვი იყოსვინჩესტერი,“ ინფორმაციის დამტევი ბიოლოგიური მოწყობილობა, რთულია, ვიფიქროთ მდგომარეობის გამოსწორებაზე.

- როგორც ცნობილია, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA-ს კვლევებით მიღებული შედეგების შემდეგ, იმ ქვეყნებისთვის, რომლის მოსწავლეებიც დაბალ შეფასებას იღებენ, ვითარების გამოსასწორებლად გარკვეული რეკომენდაციები გაიცემა.

ბევრმა ქვეყანამ, რომელსაც იგივე მდგომარეობა ჰქონდა, როგორიც საქართველოს, ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ ბევრად წინ წაიწია და განათლების სფეროში არსებული ჩავარდნები გამოასწორა.

რამდენად ვითვალისწინებთ ჩვენ ამ რეკომენდაციებს და თუ ვითვალისწინებთ, რატომ არ ვაუმჯობესებთ შედეგს?

- ვინ ქმნის სტერეოტიპს? მოძველებულად მოაზროვნე წინა თაობა. მასწავლებელს, მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა, ანგარიში უნდა გაუწიოს მშობელს და მის შეხედულებებს, ან უნდა დაიწყოს მშობლის პედაგოგიზაციის რთული პროცესი. როცა ეს ხდება კონტაქტური შეხვედრებით, უფრო იოლია. პანდემიის გამო ჩვენ ძალიან დიდი დანაკარგი გვაქვს სისტემაში.

მშობლებსა და ბავშვებში სიტუაციის შეცვლა ონლაინ-ფორმატით მოვსინჯე და უმეტეს შემთხვევაში გამომივიდა. ვსაუბრობ იმ ბავშვებსა და მშობლებზე, რომლებიც ჩემთან ფორმალურად არ არიან კავშირში. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ციფრული ფორმატით 60-ზე მეტი მოსწავლე მყავს ქალაქებიდან, სოფლებიდან და დავრწმუნდი ჩემს მოსაზრებაში: უნდა მოხდეს სტერეოტიპების მსხვრევა, დააჯერო ბავშვიც და მისი მშობელიც, რომ მხოლოდ საგნის შინაარსი არაფერს ნიშნავს! მართალია, კვირაში ამ ყველაფრისთვის 10 საათი მაინც მეხარჯება, მაგრამ შედეგი წარმოუდგენლად კარგია. მეუბნებიან, რომ მშობლებიც სიამოვნებით სხდებიან საღამოობით და მისმენენ.

ერთი და ასი მასწავლებელიც სიტუაციავერ შეცვლის. სამინისტროსგან მოდის ისეთი მესიჯები, რომლებიც ეფექტიანია იმ შემთხვევაში, თუ სწორად წავიკითხავთ და გავყვებით რეკომენდაციებს.

არავინ იფიქროს, რომ სამინისტროს არ აქვს კარგი დოკუმენტები შემუშავებული. გასაგები მიზეზების გამო, ამ დოკუმენტების საქმეში გადატანაა რთული.

რაც შეეხება დაზეპირებას, ისევ მშობლების მისამართით ვიტყვი: რატომ არ სთხოვენ სკოლას შედეგებს? რატომ მიარბენინებენ შვილებს რეპეტიტორებთან? იმიტომ, რომ შვილს დიპლომი ჰქონდეს? პრობლემა კომპლექსურია და სასკოლო თემის ყველა მონაწილე უნდა გაჰყვეს რეფორმების უწყვეტ კურსს, თორემ გაუთავებლად წრეზე ვიტრიალებთ!

- ზოგადად, რა პრობლემების წინაშე დგას დღეს სკოლა, ეს არის საგანმანათლებლო პროგრამების ხარვეზი, პედაგოგთა მომზადების დონე თუ სხვა რამ?

- პროგრამებსა და სახელმძღვანელოებში ვერ ვხედავ პრობლემას იმდენად, რამდენადაც სწავლების სტილში. განათლება არ არის მხოლოდ სწავლების პროდუქტი, უპირველესად სწავლის პროდუქტია.

რომელი წიგნი,  მასწავლებელი, პროგრამა ეყოფა ადამიანს მთელი ცხოვრება? ამიტომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, როგორ ისწავლონ ანუ ვასწავლოთ სწავლის სწავლა და მეტაკოგნიციაზე (საკუთარი შემეცნებითი პროცესების – აზრების, ფიქრების გაცნობიერება და მართვა) გადავრთოთ.

მასწავლებელი, რომელიც არ ვითარდება თავად ან არ ისმენს ინტენსიურად სასარგებლო რჩევებს, ვერასდროს იქნება თანამედროვე და მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული.

ბევრჯერ გამიგონია, „მე 5 წელი ვისწვლე უნივერსიტეტში, ახლა რაღა უნდა მასწავლონ?“ და აქ უკვე მივდივართ კრიზისულ საწყისებთან. ჩვენ სკოლაში მეცნიერებას არ ვასწავლით და ვერც ვასწავლით.

თავად მასწავლებლებს ვეკითხები, რატომ გვინდაჟიგულიდანთანამედროვე ავტომობილზე გადართვა, თუ არაფერშია საჭირო პროგრესი და არ გვჭირდება კომფორტი?

- ორიოდე სიტყვით შევეხოთ სახელმძღვანელოებსაც, რამდენად სწორად ირჩევა, აძლევს თუ არა მოსწავლეს ისეთი ცოდნის მიღების საშუალებას, რაც მისი ასაკისთვის არის საჭირო და შესაბამისი?

- იდეალური არც სახელმძღვანელო არსებობს. შესაძლოა, ვინმემ შექმნას იმგვარი სახელმძღვანელო, რომელიც ყველა მოსწავლისთვის იქნება სრულად მისაღები? რამდენი მოსწავლეცაა, იმდენგვარი მიდგომაა საჭირო შედეგების მისაღებად. კრიტიკა ადვილია, რთულია კარგი სახელმძღვანელოს შექმნა, უფრო რთული კი ამ რესურსით სწორი ოპერირებაა. ხშირად გვავიწყდება, რომ უნდა ვიმოქმედოთ მოსწავლეთა განვითარების უახლოესი ზონის და არა სასურველი ზონის გათვალისწინებით!

რატომ ჰგონია ან მშობელს, ან მასწავლებელთა ნაწილს, რომ ლიტერატურა, მათემატიკა და თუნდაც ბიოლოგია არის თეთრ ფურცელზე დატანილი ინფორმაცია? ეს ყველაფერი, საგნობრივი ინფორმაცია, ჩვენ გარშემოა და ვიდრე ტრანსფერის არეალიდან დაწყებული ბავშვთა საუკეთესო ინტერესთა გათვალისიწინებამდე არ მივალთ, მანამდე დიდ სიკეთეებს არ უნდა ველოდოთ.

- რა გზა და გამოსავალი არსებობს სწავლების ხარვეზების გამოსასწორებლად?

- პრობლემა კომპლექსურია და კომპლექსური მიდგომებით გამოვალთ სიტუაციური პრობლემებიდან. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ყველაზე კარგი საშუალება არის ბავშვის აღიარება, სწორი, დინამიკური პროცესები, არაფორმალური განათლება და განმავითარებელი შეფასება. გვაქვს კიდევ ერთი გამოსავალი - კომპლექსური დავალება, რომელიც სწავლების პროცესში ყველა მოკლევადიან მიზანს აცოცხლებს და გრძელვადიან მიზნებამდე მივყავართ. მასწავლებლებს გვჭირდება ეფექტიანი შეხვედრები და მხარდაჭერა, რომ შედეგამდე მივიდეთ. ყველაფერი მიზეზშედეგობრივია.

- სად უშვებს შეცდომას განათლების სამინისტრო, თავად სისტემა?

ახლა გვაქვს საკმაოდ რთული პერიოდი: საგანმანათლებლო სისტემა უნდა მოდერნიზდეს მენტალურად, მატერიალურად და პატივი უნდა ვცეთ ღირებულებებს. სკოლაში ექსპერიმენტების დრო და ადგილი არ არის, ამიტომ პილოტირებული და ეფექტიანი მიდგომები უნდდავნერგოთ.

არ შეიძლება მასწავლებლებთან მენცარული ტონით საუბარი და არც მოსწავლეებთან იმ მიდგომებით მისვლა, რასაცინფორმაციის ჩატენვისსახე ექნება. ახლა სამინისტრო არ ესაუბრება მასწავლებელს შოლტით და არის უაღრესად გაწონასწორებული ურთიერთობა. ჰოლისტური განვითარება სხვაგვარად ვერ მოხერხდება, თუ  ფუნქციური უნარებისა და 21- საუკუნის კომპეტენციების განვითარება არ მოხდა.

აქვე დავამატებ, დიაგნოზის დასმას საერთაშორიოს კვლევები არც ესაჭიროება. მარტივია, სკოლის პარამეტრზე დავინახოთ ჭეშმარიტი სურათი. თუ ბავშვი კლასში ბედნიერი სახით არ შედის და ასეთივე სახით არ გამოდის სკოლიდან, ეს უკვე განაჩენია... ბედნიერი ბავშვი იოლად სწავლობს, დათრგუნული - არ სწავლობს!

- აქვე მივუბრუნდები თქვენს მიერ ზემოთ ნახსენებ ფაქტს. ძალიან ხშირია, როცა მშობლებს შვილები მართლაც პირველ-მეორე კლასიდანვე დაჰყავთ რეპეტიტორებთან. რას ეტყოდით ან ურჩევდით მათ?

- ბავშვებს ნუ წაართმევენ ბავშვობას და მათ თვალში ნუ აქცევენ სკოლასა და სწავლას მონსტრად. მასწავლებელი იღებს ხელფასს იმისთვის, რომ ასწავლოს. ეს მისი ვალდებულებაა და შრომით კონტრაქტზე  ხელი ნებით აქვს მოწერილი.

მოითხოვეთ ის, რაც გეკუთვნით - ასწავლონ მასწავლებლებმა ბავშვებს!

ირმა ბერიშვილი

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...