Jump to content
Planeta.Ge

ზელენსკი რეის MH17-ის თაობაზე ვერდიქტს მიესალმება და აცხადებს, რომ ტრიბუნალის წინაშე დამკვეთებიც უნდა წარდგნენ


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მნიშვნელოვანი“ უწოდა რეისი MH17-ის კატასტროფის თაობაზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ შემსრულებლების გარდა, ტრიბუნალის წინაშე ამ დანაშაულის დამკვეთებიც უნდა წარდგნენ.

17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ 2014 წლის ივლისში დონბასის ცაში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე: იგორ გირკინი (სტრელკოვი), სერგეი დუბინსკი და უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო.

„არის პირველი განაჩენი MH17-ის კატასტროფაში დამნაშავეთა მიმართ. მაგრამ აუცილებელია, რომ საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ დანაშაულის დამკვეთებიც, რადგან დაუსჯელობა ახალ დანაშაულებს გამოიწვევს. ეს ილუზია უნდა დაიმსხვრეს. რუსეთის მიერ ჩადენილი როგორც ადრინდელი, ისე ამჟამინდელი მხეცობებისთვის სასჯელი გარდაუვალი უნდა იყოს“, - დაწერა თავის ტვიტერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

2014 წლის 17 ივლისს „ბოინგი“ (რეისი MH17) ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, როცა მან დონბასში განიცადა კატასტროფა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი - ათი სახელმწიფოს მოქალაქეები. მათი უმრავლესობა ნიდერლანდელები იყვნენ.

ავიაკატასტროფამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია მოახდინა და გააძლიერა აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების დახმარება.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის თანახმად, MH-17 ჩამოაგდეს რაკეტით, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშ მყოფმა სეპარატისტებმა ისროლეს.

17 ნოემბერს სასამართლომ განაცხადა, რომ გირკინმა, დუბინსკიმ და ხარჩენკომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მარშრუტის კოორდინაციაში, „Бук-ის" ტრანსპორტირებასა და დაცვაში. ამავდროულად, სასამართლო დაეთანხმა გამოძიების დასკვნებს, რომ რაკეტის გაშვებაში პირადად არცერთ მსჯავრდადებულს არ მიუღია მონაწილეობა.

ამასტან სასამართლომ გაამართლა რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ოლეგ პულატოვი, რომელიც 2014 წლის ზაფხულში რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების რეზერვის პოდპოლკოვნიკი იყო.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...