ლევან მურუსიძე - გუშინდელი მიმართვის ადრესატები არ ყოფილან არასამთავრობოები და მოსამართლეები, მე მივმართე ჩვენს პარტნიორებს, დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემი თხოვნის შინაარსს ზუსტად ჩაწვდებიან
ჩემი გუშინდელი მიმართვის ადრესატები არ ყოფილან არც არასამთავრობოები და არც მოსამართლეები. შესაბამისად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვისაც მივმართე, მისთვის ყველაფერი გასაგები იქნება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მურუსიძეს ჰკითხეს: „გუშინ განაცხადეთ, რომ მოსამართლეები, რომლებიც ამერიკაში მიდიან, შენობების სანახავად მიდიან და არა რეალურად, საქმისთვის. მესამე სექტორი და თავად მოსამართლეები ამბობენ, რომ ეს მათ მიმართ და ამერიკელი პარტნიორების მიმართ შეურაცხმყოფელია. რა პასუხს გასცემთ მათ?“.
ლევან მურუსიძის განცხადებით, ამერიკელი პარტნიორები თავისი მიმართვის შინაარსს ზუსტად გაიგებდნენ.
„მახსენდება ერთი ლათინური გამოთქმა, საპიენტი სატ, რომელიც გულისხმობს, გამგები გაიგებს. ჩემი გუშინდელი მიმართვის ადრესატები არ ყოფილან არც არასამთავრობოები და არც მოსამართლეები. შესაბამისად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვისაც მივმართე, მისთვის ყველაფერი გასაგები იქნება. ვის მივმართე? ვთქვათ, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს და დარწმუნებული ვარ, ისინი ზუსტად გაიგებდნენ ჩემი მიმართვის შინაარსს.
რაც შეეხება ჩემი კოლეგების დღევანდელ გამონათქვამებს, მიმაჩნია, რომ ამის ადრესატი მე არ ვარ. შესაბამისად, მიმართვის დროს ჩემი მიზანი არ ყოფილა, ვინ რა შეჯიბრებითობის პრინციპი შეისწავლა კარგად. ვთქვათ, სარჩელის დაწერა, საკონსტიტუციოს თუ ასე შემდეგ. ახლა იმასაც ვერ დავიწყებ, რამდენ მოსამართლესთან მქონია ურთიერთობა, რომელიც ამბობს, რომ ეს ყველაფერი ნასწავლი აქვს და იქ ჩასვლა მისთვის ნაყოფიერი იყო თუ – არა. ეს არ არის არსებითი თემა. გუშინდელი საუბრისას ჩემი ადრესატი არ ყოფილან არც არასამთავრობო სექტორი, არც ჩემი კოლეგა მოსამართლეები. რისი თქმაც მინდოდა, დროთა განმავლობაში გაიგებთ. პატივისცემას გამოვხატავ იმ გონებრივი შესაძლებლობის და ზოგადად, ყველაფრის მიმართ, რომელიც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს აქვთ. დარწმუნებული ვარ, პირველივე სიტყვიდან გაიგებდნენ, რა არის ჩემი თხოვნა, ჩემი მოთხოვნა. ჩემი მოთხოვნა არ იყო, ვინ რა შეჯიბრებითობის პრინციპი ისწავლა და ასე შემდეგ.
მაგალითად, შეიძლებოდა ადრესატი ყოფილიყვნენ ჩემი კოლეგა მოსამართლეები, როდესაც ვთქვი არასამთავრობო სექტორი მოსამართლეებს ვირთხებსა და მონებს უწოდებს-მეთქი. თუ რომელიმე მოსამართლე კოლეგა დაწერდა „ფეისბუქზე“, ეს მისთვის მისაღებია თუ არ არის მისაღები, ამ შემთხვევაში, ჩემი მიმართვის ადრესატები იქნებოდნენ ჩემი კოლეგა მოსამართლეები. გუშინ არ მიმიმართავს ჩემი კოლეგა მოსამართლეებისთვის, არც მქონია აზრად, მათი აზრი მომესმინა. დიდი სიამოვნებით მოვისმენ, მაგრამ მე მივმართე ჩვენს პარტნიორებს და დარწმუნებული ვარ, ისინი ზუსტად ჩაწვდებიან ჩემი თხოვნის, მოთხოვნის შინაარსს. გუშინ ვთქვი, მაგალითი მოვიყვანე, რომ არ შეიძლება იუსტიციის საბჭოს იგნორირება. თუ ჩვენ ვიმუშავებთ კოორდინირებულად, შემიძლია, ისეთი რაღაცები ვთქვა, რაც ჩვენი პარტნიორების დახმარებას უფრო ეფექტურს გახდიდა“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მურუსიძეს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს: „გვესმოდა, რომ სასამართლო ხელისუფლების მიმართულებით განხორციელებულ ძირითად რეფორმებში ჩართული იყვნენ ამერიკელები. სასამართლო ხელისუფლება დიდ კმაყოფილებას გამოთქვამდით. რამ განაპირობა ახლა ამერიკელი პარტნიორების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება?“.
ლევან მურუსიძის განცხადებით, მისი გუშინდელი საუბარი უკმაყოფილებას არ ეხებოდა.
„ჩემი გუშინდელი საუბარი უკმაყოფილებაზე არ არის. ზუსტად გაიგებენ, რაც ვთქვი. კონსტიტუციური ორგანო არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პატივი უნდა სცენ, პატივი სცენ მის შემადგენლობას. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შემოვედი, რათა ისეთი რაღაცების ლაპარაკი შემიძლია, რასაც, ვთქვათ, მოსამართლეებმა გარკვეული მიზეზის გამო შეიძლება, თავი აარიდონ.
ჩემი მოსვლა კიდევ ერთმა რამემ განაპირობა. 2013 წელს საბჭოს მდივნად ამირჩიეს, სასამართლოში იყო ერთობა ასოციაცია და მოსამართლეთა ასოციაცია. მოსამართლეებს შორის არსებობდა დაპირისპირება და ჩემი მიზანი იყო, ეს დაპირისპირება რაღაცნაირად დარეგულირებულიყო. ჩემი მდივნობის პერიოდში ბევრი მოსამართლე, რომელიც იყო მოსამართლეთა ასოციაცია ერთობის წევრი, გადაინიშნა უვადოდ. მთელი ჩემი ძალისხმევა მიმართული იყო, რომ სასამართლო სისტემაში გარეფაქტორებს არ ჰქონოდა გავლენა, რათა დაპირისპირება არ მომხდარიყო. ახლაც, წლების განმავლობაში როდესაც ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იგნორი, აშკარა ნიშანს ვხედავ, რომ ცდილობენ, სასამართლო სისტემაში ისევ არეულობა და დაპირისპირება შემოიტანონ. აქედან გამომდინარე, ჩემი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსვლის მიზანია, სასამართლო სისტემაში იყოს ჯანსაღი სიტუაცია და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება, მშვიდ ვითარებაში განიხილონ საქმეები. ამიტომ, როდესაც ხდება მოსამართლეებთან მოძრაობები იუსტიციის საბჭოს გვერდის ავლით და ვთქვათ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გვერდის გავლით, არის ნიშნები იმისა, რომ უნდათ, განმეორდეს 2013 წელი. ვფიქრობ, ეს არ იქნება ჯანსაღი სიტუაცია და არ იქნება ვითარება, რომელიც წაადგება დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
საქართველოს პირველი არხის ეთერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ გუშინ განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სურს, საერთაშორისო პარტნიორებთან ითანამშრომლოს პირდაპირ და არა არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით. მისივე თქმით, ცუდია, როცა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სასამართლო სისტემისთვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით და იგნორირებით ხდება.
ლევან მურუსიძემ გამოცდილების გასაზიარებლად მოსამართლეების აშშ-ში წასვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ხუთი დღით წავლენ მოსამართლეები და დაათვალიერებენ შენობებს. კარგია, რომ დაისვენებენ, ნახავენ, რა დიდებულია აშშ, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.