მიხეილ დაუშვილი - „ოცნება“ საფუძველს ამზადებს, რომ თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, ამაში დაადანაშაულოს ყველა, მათ შორის, ევროკავშირი და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სტრუქტურა
„ოცნება" საფუძველს ამზადებს, რომ კანდიდატის სტატუსი თუ არ გვექნება, მის ვერ მიღებაში დაადანაშაულოს ყველა, მათ შორის, ევროკავშირი და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სტრუქტურა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის წერილს, რომლითაც მან ევროსაბჭოს პრეზიდენტს ევროსაბჭოს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერის თაობაზე მიმართა.
დაუშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი რეზოლუციაში სწორედ "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯების შედეგია.
"ქართული ოცნება" ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას თავად უწყობს ხელს. რეალურად "ოცნება" საფუძველს ამზადებს იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი თუ არ იქნება, მის ვერ მიღებაში დაადანაშაულოს ყველა, მათ შორის, ევროკავშირი და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სტრუქტურა, ოპოზიცია და ა.შ. ანუ "ყველა დამნაშავეა გარდა ოცნებისა" - ამის გაკეთებას ცდილობენ და მათ შორის, ამას ემსახურება მთელი ეს კამპანია, რაც მიმდინარეობს.
როცა რეზოლუციას ეხება საქმე, ამ რეზოლუციამ გამოაჩინა, რომ "ოცნების" სიტყვას არავითარი ფასი არ გააჩნია ჩვენი მოკავშირეების თვალში. "ოცნება" ევროკავშირს აბრალებს, რომ შეიძლება ანტიდასავლური განწყობები გაღვივდეს საზოგადოებაში, თუ ვინმე ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს საზოგადოებაში, ეს პირველ რიგში ოცნებაა. თუ პრეზიდენტი სააკაშვილი მოხვდა რეზოლუციაში იმ ფორმით, როგორც არის, ეს არის არა იმის დამსახურება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, არამედ "ოცნების" არადემოკრატიული და არასწორი ნაბიჯების დამსახურება,"- განაცხადა დაუშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის მოსამართლე წევრებად არჩევას და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი რისკს ქმნის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
"როცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რეფორმების შეფასება უნდა მოხდეს 2-3 თვეში და ამ დროს, სასამართლო სისტემის გაჯანსაღების ნაცვლად, კიდევ ერთხელ აბეტონებ გავლენის ჯგუფებს, ეს რისკს უქმნის იმას, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს. გირგვლიანის საქმის ერთ- ერთი შემოქმედი აქციეს სასამართლოს ხელმძღვანელად. მძიმე გადაწყვეტილებებს ნეგატიური ასახვა ექნება ქვეყანაზე,"- განაცხადა დაუშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.