სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილება ფართოვდება
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ფართოვდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებულია პროექტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებულ ყველა იმ დანაშაულზე გავრცელდება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის ნებისმიერი მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის ფაქტს უკავშირდება.
გარდა ამისა, პროექტის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ასევე გავრცელდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება), 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 341-ე (სამსახურებრივი სიყალბე) და 369/1 (სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ დანაშაული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა მის ქვემდებარე საქმეებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის დროს.
“კანონპროექტის მიღების შედეგად სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინსტიტუციურად გაძლიერდება, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას მოემსახურება“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.