Jump to content
Planeta.Ge

„ევროპა უპასუხებს რუსეთს, თუ ის ატომურ იარაღს გამოიყენებს“ - ლატვიის თავდაცვის მინისტრი


ლატვია აკრიტიკებს იმ ქვეყნებს, რომლებიც არ უწევენ უკრაინას სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა Current Time-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ლატვიელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ მკაფიო პოზიცია და კიევისთვის ახლა გაწეული დახმარება განსაზღვრავენ ალიანსებსა და თანამშრომლობას ევროპის ქვეყნებს შორის სამომავლოდ.

არტის პაბრიქსმა, ევროკავშირისა და ნატოს იდეალების ღალატში დასდო ბრალი იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ სჯერათ ამ ომში უკრაინის გამარჯვებისა:

„უკრაინამ მორალურად და ფსიქოლოგიურად უკვე გაიმარჯვა. ახლა გამარჯვება ტექნიკური საკითხია და ასევე საკითხავია, თუ რამდენად სწრაფად გაიგებენ მსოფლიოს სხვა სახელმწიფოები, რომ ამ ომის ერთადერთი შედეგი შეიძლება იყოს უკრაინის გამარჯვება. ვიცით, რომ ყველა სახელმწიფო, მათ შორის ევროპაში, ასე არ ფიქრობს. ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების ასეთი პოზიცია ძალიან ახლოსაა ღალატთან“, - განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.

ომის ხასიათის ცვლილებაზე კომენტირებისას (რუსეთი ანადგურებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას), არტის პაბრიკსმა თქვა, რომ ეს არ ცვლის უკრაინის მოკავშირეების პოზიციას.

„მაშინაც კი, თუ რუსეთი გადაწყვეტს ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ, დასავლეთი არ შეწყვეტს უკრაიანის დახმარებას აგრესორთან ბრძოლაში“. პაბრიკსის თქმით, ევროპის ქვეყნები აუცილებლად უპასუხებენ ასეთ შესაძლო დარტყმას.

არტის პაბრიქსი მონაწილეობას იღებს რიგის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომლის მთავარი თემა წელს უკრაინის ომია.

კონფერენციაზე განიხილება სტრატეგიული თანამშრომლობა რეგიონულ და საერთოევროპულ დონეზე და ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რუსეთისა და სხვა ქვეყნების მხრიდან ჰიბრიდული საფრთხეები, ასევე ეკონომიკური სანქციები.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...