Jump to content
Planeta.Ge

eurasianet -ი საქართველოსა და უკრაინის შესახებ სტატიას აქვეყნებს - სანქციებით საქართველო-უკრაინის ურთიერთობა უფრო დაბალ საფეხურზე ჩამოვიდა


„სანქციებით საქართველო უკრაინის ურთიერთობა უფრო დაბალ საფეხურზე ჩამოვიდა“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა eurasianet.

სტატიაში უკრაინის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებზეა საუბარი.

„უკრაინის მთავრობამ საქართველოს ყოფილი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე ნათესავს სანქციები დაუწესა, იმ ფონზე, როდესაც კიევსა და თბილისს შორის გრძელდება აზრთა სხვადასხვაობა უკრაინის მთავრობაში ქართველი ოპოზიციონერების ყოფნის გამო.

ევროსაბჭოში საკამათო კენჭისყრასთან დაკავშირებულ ბრალდებებთან ერთად, სადაც უკრაინაში რუსეთის ომის დაგმობა და საქართველოს ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერაა გაერთიანებული, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო დაბალ საფეხურზე ჩამოიყვანა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 ოქტომბერს ხელი მოაწერა განკარგულებას, პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ ივანიშვილის ოჯახის რამდენიმე წევრის და სამი ბიზნესმენის მიმართ. განკარგულებაში საუბარი არ არის სანქციების დაწესების მიზეზებზე და კიევში ოფიციალური პირები დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. ამ ნაბიჯმა აღაშფოთა საქართველოს მთავრობა, რომელიც ამტკიცებს, რომ მათი სამიზნეში ამოღების მთავარი მიზეზი რუსეთის წინააღმდეგ უფრო ძალისმიერად მოქცევაში კრახის განცდა იყო. სხვადასხვა უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ მოუწოდეს თბილისს, მეორე ფრონტის გახსნისკენ, რომლის სამიზნე იქნებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსული ჯარები“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში მოყვანილია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის 20 ოქტომბერს განცხადება, სადაც მან თქვა, რომ კიევი ცდილობდა მათ „დაშანტაჟებას“ მეორე ფრონტის გასახსნელად.

„ეს „მეორე ფრონტის“ ნარატივი ყოვლისმომცველ შეთქმულების თეორიად იქცა საქართველოსა და „ქართული ოცნების“ წინაშე მდგარი ნებისმიერი პოლიტიკური პრობლემისთვის. საქართველოს ოპოზიციის წევრებმა, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ასახელებენ ბიძინა ივანიშვილს პრორუს ოლიგარქად, ღიად თქვეს, რომ ადვოკატირებას უწევდნენ სანქციებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, სტატიაში მოცემულია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებაც.

„მე და ჩემი გუნდი ვიბრძვით, რომ სანქციები დაუწესდეს რუსეთის ომის მხარდამჭერს და საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებელს. ჩვენ მადლიერი ვართ უკრაინის და იმედი გვაქვს, რომ ეს საქართველოს გათავისუფლების დასაწყისია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„საქართველოს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ (ენმ) ყოფილმა მმართველმა და ახლა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, მოუწოდა კიევს სანქციების სიაში თავად ივანიშვილიც მოაქციოს. ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და პარტიის პირველმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ფართოდ აღიქმება, რომ ძალაუფლებაში რჩება. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების უკრაინის მთავრობაში მუშაობა, წლების განმავლობაში წარმოადგენდა თბილისსა და კიევს შორის უთანხმოების მთავარ წყაროს. 2012 წელს, მას შემდეგ, რაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სააკაშვილმა ძალაუფლება დაკარგეს, ბევრი მაშინდელი მაღალჩინოსანი გადავიდა უკრაინაში, ბევრი იქ რჩება საკმაოდ მაღალ პოზიციებზე. „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, ზოგიერთი კი, დაუსწრებლად სცნო დამნაშავედ. ყველაზე ცნობილი თავად სააკაშვილი იყო, რომელიც საქართველოში 2021 წლის სექტემბერში დაბრუნდა და მალევე დააკავეს. მას შემდეგ ის ციხეშია.

ეს პოლიტიკური მეტოქეობა ორ ქვეყანას შორის უფრო ფართო სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე მიმდინარეობდა. საქართველო და უკრაინა ყოველთვის განიხილავდნენ ერთმანეთს მოკავშირეებად მათი საერთო მტრის რუსეთის წინააღმდეგ და მათი მისწრაფება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი დაკავშირებული იყო ერთმანეთთან. მოლოდვასთან ერთად, მათ შექმნეს ევროკავშირის ასოცირებული ტრიო და სარგებლობენ ღრმა სავაჭრო პარტნიორობით, მაგრამ თბილისისა და კიევის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, მოსკოვისადმი საქართველოს უკიდურესად ფრთხილი პოზიციის გამო, რაც გამორიცხავს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ხშირად ეშინია რუსეთის ღიად გაკრიტიკების. ომმა, საერთო საფრთხის წინაშე მყოფი ორი ქვეყანა გაერთიანების ნაცვლად, წინა ხაზზე წამოწია პოლიტიკური დაპირისპირება. კიევმა საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაში დაადანაშაულა. (თუმცა ჯერ მტკიცებულებები არ წარმოუდგენია) და ეს საკითხი ერთ-ერთი ყველაზე საკამათო გახდა, საქართველოს მუდმივ გაღრმავებულ პოლიტიკურ პოლარიზაციაში“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ ისინი უჭერენ მხარს უკრაინას, უწევენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მკაცრად აკონტროლებენ ექსპორტს, რათა არ დაუშვან საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების თავიდან აცილებისთვის.

„ისინი ასევე რეგულარულად უჭერდნენ მხარს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს დღემდე. 13 ოქტომბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, სადაც დაგმობილია უკრაინაში რუსეთის ომი და მოუწოდებენ წევრ სახელმწიფოებს, რუსეთი „ტერორისტ“ სახელმწიფოდ გამოაცხადონ. რეზოლუცია ასევე მოიცავს შესწორებას, სადაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად არის მოხსენიებული და მის გათავისუფლებას ითხოვენ. სწორედ ამ შესწორების გამო, რეზოლუცია მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიისთვის და მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს“, – აღნიშნულია სტატიაში.

აქვე გამოქვეყნებულია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის სიტყვები: „დეპუტატების მცირე ნაწილმა შეიტანა შესწორება რეზოლუციაში, რითაც ის დააზიანა.

„ორი დღის შემდეგ გაღიზიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი, ყველაზე ცნობილი მაღალჩინოსნის გამოჩენას მოყვა, რომელიც ევროპის საბჭოში უკრაინის დელეგაციის წევრი იყო ზურაბ ადეიშვილი, საქარველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და ფიგურა, რომელიც ადამიანის უფლებების ყველაზე საშინელ დარღვევებთანაა ასოცირებული და რომელიც დაუსწრებლად გაასამართლეს საქართველოში.

საქართველოს მთავრობის ოფიციალურს პირებს მკაცრი რეაქცია ჰქონდათ, როდესაც ის უკრაინის წარმომადგენლის ამპლუაში იხილეს ევროპის საბჭოში. ჯერ კიდევ გასარკვევია, აპირებს თუ არა კიევი ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას: მილიარდერისთვის, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, საზოგადოებრივი ყურადღების მიღმაა, უკვე მოხვდა მეორე სიაში უკრაინაში, რომელიც ურჩევს ინდივიდებს საერთაშორისო სანქციების დაწესებას. თუ კიევში საქართველოს პოლიტიკას მეგობრის ღალატად აღიქვამენ, თბილისისთვის, ეს ურთიერთობა ცალმხრივია – სულ მცირე ირაკლი კობახიძის თვალში“, – წერს სტატიის ავტორი და იქვე მოჰყავს ირაკლი კობახიძის სიტყვები: „ეს არის ცალმხრივი ურთიერთობის გაგრძელება, რაც მძიმე და სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ავყვეთ ემოციებს, უნდა შევინარჩუნოთ ცალმხრივი მეგობრობა, უკრაინელი ხალხის ხათრით და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხათრით“, – განაცხადა კობახიძემ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...