იაპონიის პრემიერი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება "მტრული აქტი კაცობრიობის წინააღმდეგ"
იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კაშიდას თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ომში ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მტრული აქტი".
"რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა არის სერიოზული საფრთხე საერთაშორისო თანამეგობრობის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, და ის აბსოლუტურად მიუღებელია" - თქვა კაშიდამ 22 ოქტომბერს, ავსტრალიაში ვიზიტისას.
მომავალი წლის მაისში კაშიდა დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლებს ჰიროსიმაში, სადაც 1945 წლის 6 აგვისტოს აშშ-ის ატომური ბომბი ჩამოაგდეს, რასაც 140 000-მდე ადამიანი შეეწირა. სამი დღის შემდეგ დარტყმა განხორციელდა იაპონიის ქალაქ ნაგასაკიზეც. იაპონია რჩება ერთადერთ სახელმწიფოდ, რომელზეც ატომური ბომბით განხორციელდა დარტყმა.
კაშიდას თქმით, ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის 77-წლიანი პერიოდი "არ შეიძლება დასრულდეს".
"ბირთვულ იარაღს ოდესმე თუ გამოიყენებენ, ეს იქნება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მტრული აქტი... საერთაშორისო თანამეგობრობა ამგვარ აქტს არასოდეს დაუშვებს" - თქვა მან და დასძინა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მინიშნებები ბირთვულ ძალაზე "ღრმად შემაშფოთებელია".
პუტინი რამდენჯერმე გამოვიდა მსუბუქად შეფარული მუქარით იმის თაობაზე, რომ ის მზადაა უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.