Jump to content
Planeta.Ge

ლიეტუვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბელარუსი სრულად არის ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ომში


ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ რუსეთისადმი დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს არ მოაქვს სასურველი შედეგი, რის გამოც ბლოკმა ანტირუსული სანქციების მორიგი პაკეტი უნდა შეიმუშაოს და ასევე გააძლიეროს სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ, რომელიც სრულად არის ჩაბმული უკრაინასთან მიმდინარე ომში.

"ჩვენ ვხედავთ ბელარუსში მოძრაობას, რომელიც ადასტურებს, რომ ბელარუსის ტერიტორიის გავლით მობილიზებული ჯარისკაცების ნაწილი იგზავნება ან აპირებენ მათ გაგზავნას უკრაინაში საბრძოლველად. ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ბელარუსი სრულად არის ჩართული ამ ომში. ანუ ის, ისევე როგორც რუსეთი, პასუხისმგებელი ხდება ამ ომის შედეგებზე", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, რომლის ციტატაც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის საიტზეა გამოქვეყნებული.

ლიეტუვის პრეზიდენტმა ყურადღება მიაქცია იმ ცნობებს, რომლის თანახმად, კრემლი ბელარუსში რუსეთისა და ბელარუსის ჯარების ერთობლივ დაჯგუფებას ქმნის და ამ მიზნით ბელარუსში გადაისვრის პირად შემადგენლობას, სამხედრო ტექნიკას და საბრძოლო მასალებს. ხოლო ამ ფონზე უკრაინის ოფიციალური პირები რუსეთის მიერ ჩრდილოეთ ფრონტზე შეტევითი მოქმედებების განახლების საშიშროებას ხედავენ.

 

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მიიჩნევდა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან განმეორებითი შეტევის საფრთხე იზრდება, მაგრამ შეტევის მიმართულება შეიძლება შეიცვალოს და მან ბელარუს-უკრაინის საზღვრის დასავლეთით გადაინაცვლოს.

"რუსეთის შეტევის მიმართულება შესაძლოა, შეიცვალოს ბელარუს-უკრაინის საზღვრის დასავლეთ მიმართულებით, რათა უკრაინას გადაუჭრან პარტნიორი ქვეყნებიდან იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მომარაგების ძირითადი ლოგისტიკური არტერიები", - ამის შესახებ 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ალექსეი გრომოვმა განაცხადა.

გრომოვმა აღნიშნა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე გრძელდება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საავიაციო და სხვა დანაყოფების გადასროლის პროცესიც.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...