Jump to content
Planeta.Ge

ადვოკატი აცხადებს, რომ ლაშა ფურცხვანიძემ მერიისთვის ყალბი დოკუმენტების გადაცემის შესახებ არაფერი იცოდა და ბრალს არ აღიარებს


„გრინსერვის პლუსის“ დირექტორის ლაშა ფურცხვანიძისა და ამავე კომპანიის ორი თანამშრომლის ადვოკატი მამუკა ბლიაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ ეთანხმებიან. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი დადგინდება.

„გუშინ მოვინახულე სამივე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში. ბრალი ოფიციალურად ჯერ არ აქვთ წარდგენილი. ჩემი დაცვის მყოფები ბრალს არ ეთანხმებიან. ვაცადოთ გამოძიებას და ყველაფერი გაირკვევა. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა მამუკა ბლიაძემ.

რაც შეეხება საკითხს, იცოდა თუ არა ლაშა ფურცხვანიძემ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის თბილისის მერიისთვის გადაცემის შესახებ, მამუკა ბლიაძე ამბობს, რომ ფურხცვანიძემ არაფერი იცოდა და ეს აბსურდად მიაჩნია.

მისივე თქმით, ლაშა ფურხცვანიძე აქამდეც თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მომავალშიც ამას აპირებს.

„სრულიად აბსურდად მიაჩნია. რა თქმა უნდა, არაფერი არ იცოდა. ძალიან ტრაგიკულია ის, რაც მოხდა. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ არ შეიძლება, ამ დანაშაულს რაიმე პოლიტიზებული ელფერი მივცეთ. ყველას ვაცადოთ მუშაობა. არაფერი არ იცოდა, არ ელოდებოდა დაკავებას. მან საჭირო ჩვენებები მისცა გამოძიებას და ითანამშრომლა, მომავალშიც ითანამშრომლებს გამოძიებასთან. არაფერი იცოდა, ყველაფერი მიაჩნია ბრალად. რა თქმა უნდა, არ აღიარებს“, – განაცხადა მამუკა ბლიაძემ.

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულთა შორის არიან: თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი, შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი, „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი, შპს „მშენექსპერტის“ დირექტორი და ამავე კომპანიის ინსპექტორი, აგრეთვე ორი კერძო ელექტროშემდუღებელი. ამასთან, შსს-ს ინფორმაციის თანახმად, შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორმა ყალბი დასკვნა წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი გახდა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...