მეტი თავდასხმა და მეტი მსხვერპლი - ოქტომბერში უკრაინის ცაზე ხშირად ხედავენ ირანული წარმოების ხმაურიან დრონებს, რომელთა წინააღმდეგ 100%-იანი დაცვის მექანიზმი არ არსებობს. ირანი რუსეთს „კამიკაძე დრონების“ (Shahed-136) გარდა, სხვა ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებსაც აწვდის.
- რა ზიანს აყენებს უკრაინას ირანული დრონები და რა გამოსავალი არსებობს შექმნილ სიტუაციაში?
„მოარგეს გასაღები“
უკრაინელი სამხედრო ექსპერტების განმარტებით, ირანული დრონი ჰაერში აფრენისთანავე ქმნის პრობლემას, მიუხედავად იმისა, მისწვდება და ააფეთქებს თუ არა სამიზნეს, რადგან მასთან გასამკლავებლად უკრაინელებს ძვირადღირებული რაკეტების დახარჯვა უწევთ. თავად რუსეთი კი, მათ, ხშირად, ასევე ძვირადღირებული, ფრთოსანი რაკეტების ნაცვლად იყენებს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ ირანულმა დრონებმა „ძალიან სწრაფად დაიწყეს უკრაინის სარაკეტო მარაგის გახარჯვა“ და მართალია, „რაკეტები ხვალ არ დამთავრდება“, მაგრამ „დრონებისთვის რაკეტების სროლა სისულელეა“.
„პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მათ [რუსმა სამხედროებმა] მოარგეს გასაღები ჩვენს ანტისაჰაერო თავდაცვას - გვაიძულებენ, დავხარჯოთ მთელი სარაკეტო მარაგი დრონებთან ბრძოლაში... თავიდან მათ მიიღეს 300 ერთეული, მეორე პარტია კი ბევრად, ბევრად უფრო მეტია... 100 რომ გამოიყენონ დღეში, ერთი თვის განმავლობაში აქტიური თავდასხმის საშუალება ექნებათ... გარკვეული პაუზებით კი, მათ შეუძლიათ, რომ 2-3 თვის განმავლობაში ასეთივე საშინელებაში გვამყოფონ, როგორც ახლა“, - თქვა არესტოვიჩმა 17 ოქტომბერს, იუთუბარხ „ფეიგინ ლაივის“ ეთერში.
არესტოვიჩის მსგავსად, უკრაინელი სამხედრო ექსპერტებიც განმარტავენ, რომ ირანული დრონების ჩამოსაგდებად უკრაინას საზენიტო არტილერია ესაჭიროება, რის თაობაზეც ჯერ კიდევ არ დასრულებულა მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და გადაწყვეტილების მიღების პროცესი აუცილებლად უნდა დაჩქარდეს.
როგორც პრაქტიკა მოწმობს, ირანულ დრონებს რუსეთი ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის - ენერგოობიექტების გასანადგურებლად იყენებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.