Jump to content
Planeta.Ge

იაგო ხვიჩია ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში „კანონიერი ქურდების“ უფლებების დაცვის პირობას დებს


„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სახალხო დამცველად მისი არჩევის შემთხვევაში ე.წ. კანონიერი ქურდების უფლებების დასაცავად იბრძოლებს და ამისთვის კანონპროექტის ინიციირებასაც აანონსებს.

იაგო ხვიჩიას თქმით, ის უკვე წარდგენილია მისი პოლიტიკური პარტიის მიერ ოფიციალურად პარლამენტისთვის სახალხო დამცველის კანდიდატად და სურს კოლეგებს გააცნოს რიგ საკითხებზე მისი ხედვა, სანამ მხარდაჭერას სთხოვს ომბუდსმენად არჩევისთვის. პირველი საკითხი, რაზეც დღეს იაგო ხვიჩიამ პარლამენტარებს მისი პოზიცია გააცნო, არის კანონი ქურდული სამყაროს შესახებ, რომელიც მისი მოსაზრებით ადამიანებს სჯის არა მათი ქმედებების, არამედ მათი რწმენის გამო.

„ეს კანონპროექტი შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან ეპატაჟურია, ბევრი ადამიანის მხარდაჭერით შეიძლება სარგებლობდეს არსებული ნორმები, მაგრამ 2005 წლის ბოლოს და 2006 წლის დასაწყისში, როცა ეს კანონი იხილებოდა, უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და ვუყურებდი ამ კანონის განხილვის პროცესს, მათ შორის, პარლამენტში. საქმე ეხება „ქურდული სამყაროს შესახებ“ კანონს. ამ კანონით ჩვენ ფაქტობრივად ადამიანის რწმენის თავისუფლება შევზღუდეთ. ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ იმის მიუხედავად, შევძლებთ თუ არა კონკრეტული ქმედების დამტკიცებას, იმის მიუხედავად შევძლებთ თუ არა დამტკიცებას, რომ ადამიანს ორგანიზებული ბანდა ჰქონდა შექმნილი ან იყო თუ არა ორგანიზატორი, წამქეზებელი, დამხმარე. იმის გამო, რომ ის რაღაც რწმენას აღიარებს, რაღაცის სჯერა, ქართული კანონმდებლობით გამოვაცხადეთ კრიმინალებად. ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში. ფაქტობრივად, ამ კანონის მიღებით ჩვენ შემოვიღეთ სასჯელის ახალი ფორმა, რომელიც ისე არ გვაქვს და აკრძალულია ქვეყნის კონსტიტუციით - ეს არის ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევა" - თქვა იაგო ხვიჩიამ და დაამატა, რომ ის პატივს არ სცემს იმ ადამიანებს, ვინც წლების წინ ქურდული სამყაროს შესახებ კანონის მიღებას მიზანშეწონილად მიიჩნევდა.

"თუ თავს არ მოვიტყუებთ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ე.წ. ქურდებთან ბრძოლა 2 ათწლეულის განმავლობაში, სინამდვილეში ახალი სანქციის გამოკვეთას ისახავს მიზნად - ეს არის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ეს არის ქვეყნიდან გაძევება, გადასახლება სხვა ქვეყანაში. ჩვენ არ ვაძლევთ ამ ადამიანების ოჯახის წევრებს მოსვენებას, არ ვაძლევთ დაბადების მოწმობებს ამ ადამიანების შვილებს, ვავიწროებთ ოჯახს და ვამბობთ, რომ ყველა ოჯახის წევრი რაღაცაშია გახვეული... ჩვენ დროზე უნდა შევცვალოთ ასეთი დამოკიდებულება. ადამიანი უნდა დაისაჯოს მიერ მიერ ჩადენილი ქმედების გამო და არა იმ რწმენის გამო, რომელიც სჯერა. არ შეიძლება ადამიანის დასჯა ლაპარაკის გამო. მე, როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატი, ჩემი არჩევის შემთხვევაში, მინდა იცოდეთ, რომ ვიბრძოლებ ამ ადამიანების უფლებებისთვის, თუმცა არა იმიტომ, რომ ვინმე მათგანს ვიცნობ. მინდა საჯაროდ დავაფიქსირო, რომ არცერთ „კანონიერ ქურდს“ არ ვიცნობ პირადად. არავის ცნობა არ მჭირდება იმისთვის, რომ დავინახო უსამართლობა, რომელიც ფურცელზე წერია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...