Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის სასამართლომ უარყო ნავალნის საკასაციო სარჩელი


რუსეთის საერთო იურისდიქციის საკასაციო სასამართლომ 18 ოქტომბერს უარყო რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საჩივარი განაჩენის თაობაზე, რომლის მიხედვითაც მას ცხრა წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იტყობინება.

ნავალნი და მისი დაცვა აცხადებდნენ, რომ განაჩენი უკანონოა. ისინი საკასაციო სასამართლოსგან ითხოვდნენ მის გაუქმებას და ახალი, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

ნავალნის განაჩენი მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ გამოუტანა 22 მარტს პოკროვის კოლონიაში გასვლით სხდომაზე. ოპოზიციონერი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში თავისი კორუფციასთან ბრძოლის ფონდისთვის შეწირულებებთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოს მიმართ უპატივცემულობისთვის. ის და მისი მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ საქმე პოლიტიკური ხასიათისაა.

ნავალნი პოლიტპატიმრადაა მიჩნეული უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალის“ მიერ, სინდისის პატიმრად - საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ, მისი გათავისუფლება მოითხოვეს მსოფლიოს წამყვანმა პოლიტიკოსებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მა.

კოლონიაში, სადაც ნავალნი სასჯელს იხდის, ის აღიარეს ურჩ კანონდამრღვევად და მას რეგულარულად აგზავნიან სადამსჯელო იზოლატორში. ეს ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, ნავალნი მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გადაიყვანოს ციხეში, რაც კიდევ უფრო გააუარესებს მისი პატიმრობის პირობებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...