5-მდე გაიზარდა კიევის ცენტრში ე.წ. კამიკაძე-დრონით დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
მაშველებმა კიევის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში იპოვეს კიდევ ერთი დაღუპულის, ხანდაზმული ქალის ცხედარი.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ტელეგრამზე წერს, რომ „ეს არის დედაქალაქზე რუსეთის ბარბაროსული შეტევის მეხუთე მსხვერპლი“.
რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, კიევის შევჩენკოს რაიონზე შეტევა მიიტანეს გუშინ, 17 ოქტომბერს. დღის ბოლოსთვის დადასტურებული იყო 4 ადამიანის, მათ შორის ორსული ქალის სიკვდილი.
„ვლადიმირ პუტინს შეუძლია ჩაიწეროს მორიგი „მიღწევა“ - მან კიდევ ერთი ორსული ქალი მოკლა“, - განაცხადა უკრაინელებისადმი წუხანდელი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთს ბრძოლის ველზე არანაირი შანსი არ გააჩნია და სამხედრო მარცხის გადაფარვას ტერორით ცდილობს, ამიტომ, როცა პარტნიორებთან ერთად შეძლებენ ტერორის საშუალებების გაუვნებელყოფას, რუსეთს სხვა აღარაფერი დარჩება, გარდა იმისა, რომ მშვიდობაზე იფიქროს.
რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქებზე მასირებული შეტევა 10 ოქტომბრიდან დაიწყეს. მათ შორის, ბოლო ერთ კვირაში ორჯერ განხორციელდა დარტყმა კიევზე, რომელსაც თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში აღარ უტევდნენ. რუსული ძალების ძირითადი სამიზნეა უკრაინის ენერგოობიექტები.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.