Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    86
  • comments
    5
  • views
    172.342

ქაღალდზე დარჩენილი პარტნიორობა და თანასწორობა


blog-0327012001645284669.jpg

,,ნიკარაგუასა და ნაურუში რა დაგვკარგვია?"

 

ოკუპირებულ აფხაზეთში გაზიფიკაციის თემაზე ალაპარაკდნენ. ამ საკითხის განსახილველად სოხუმში, რამდენიმე დღის წინ, რუსი სპეციალისტები ჩავიდნენ, რომლებმაც ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად გაზიფიკაციის ქსელის შექმნაზე ისაუბრეს.

ამის შესახებ აფხაზური მედია-საშუალებები იტყობინებიან.

 

მათი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა რუსულ დელეგაციას ამ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი რესურსების და პოტენციალის შესასწავლად გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო. ასევე, შესთავაზა ის სცენარები, რომელთა გათვალისწინებითაც ენერგო და საწვავით მომარაგების პროცესი ,,რესპუბლიკის“ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს.

ვინაიდან, ოკუპირებულ აფხაზეთს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, მოსახლეობა ელექტროენერგიის მაქსიმალურ ოდენობას მოიხმარს, რამაც გასულ წელს 400 მილიონი კილოვატი შეადგინა. ელექტროენერგიის ტარიფი კი იმდენად მინიმალურია, რომ მოხმარებული ენერგიის ნახევარსაც ვერ ანაზღაურებს, რის გამოც, ელექტრომომარაგების მხრივ, აფხაზეთი მუდმივი პრობლემების წინაშე დგას. ამიტომაც, შესაძლო გაზიფიკაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები უნდა გაეხარებინა, თუმცა ამ ამბავმა მათში, იმედის და სიხარულის ნაცვლად, ისევ სკეპტიკური განწყობა გააჩინა.

 

მიზეზად კი უმარავი შემთხვევა დაასახელეს, როცა მათი და რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან გახმოვანებული ინიციატივა თუ გეგმა, ასე გეგმის დონეზე დარჩა და არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა.

 

ვინაიდან ინტერნეტი საშუალებას გვაძლევს, აქტიურად ვიკონტაქტოთ ენგურსგაღმა მყოფ საქართველოს მოსახლეობასთან, მათ შორის, აფხაზებთან, ვინც ჩვენთან ურთიერთობის წინააღმდეგი არ არის, მათთან მიმდინარე მოვლენებს ხშირად განვიხილავთ. უფრო მეტიც, ნაცნობი აფხაზები არც თავიანთი ყოველდღიური ყოფით უკმაყოფილებას გვიმალავენ და ჩვენთან არც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარების შესახებ საუბარს ერიდებიან.

 

ერთ-ერთი მათგანი ზემოთხსენებული გაზიფიკაციის თემაზეც გამოგვეხმაურა და სხვა საინტერესო საკითხებზეც გვესაუბრა, თუმცა თავისი ვინაობის საქვეყნოდ გამჟღავნება არ ისურვა და ობიექტური მიზეზების გამო, ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია.

- ასე ჩამოდიან რუსეთიდან დელეგაციები, ხან რა საკითხს განიხილავენ და ხან - რას. ეკონომიკის აყვავებას გვპირდებიან, სოციალურ განვითარებას გვპირდებიან და ბოლოს მაინც ხელცარიელნი ვრჩებით.

 

გაზიფიკაციაზე წამოწყებული საუბარი კი არა, ჯერ კიდევ 2014 წლის მიწურულს რომ პუტინმა და ხაჯიმბამ ხელშეკრულება დადეს, უამრავი პუნქტი იყო, რომელიც ჯანდაცვის, თავდაცვის, განათლების, ეკონომიკის, საგარეო მიმართულებების თუ უამრავი სხვა კუთხით აფხაზეთის განვითარებას და კეთილდღეობას ითვალისწინებდა. მაგრამ რა?..

 

ის კი არადა, ხელშეკრულების ამოქმედებისთანავე პასპორტიზაციის გამარტივებულ პროცესს და რუსული პასპორტების დარიგებას დაგვპირდნენ. თავპირის მტვრევით ვეწერებოდით საპასპორტო განყოფილებებში; იმხელა რიგებში ვიდექით, განცხადებები რომ შეგვეტანა. მას შემდეგ, ერთეულებმა შეძლეს მარტო რუსეთის მოქალაქის პასპორტის აღება. მაგას ვინ ჩივის, წლების განმავლობაში აფხაზური პასპორტის აღებაც კი პრობლემა იყო.

 

274054296-4724960170956164-7520343033941760219-n.jpg

 

- რუსეთის მოქალაქის პასპორტის აღება ასე რატომ გაინტერესებთ?

- რუსეთის მოქალაქის პასპორტის აღება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აფხაზეთიდან გაღწევაში გვიწყობს ხელს. ჩვენი პასპორტით, ხომ რუსეთის გარდა ვერსად მივდივართ და არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს?

მხოლოდ იმ ქვეყნებში შეგვიძლია წასვლა, რომლებმაც გვაღიარეს და ნიკარაგუასა და ნაურუში რა დაგვკარგვია?

ასევე, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, ისინი ორმაგ პენსიას იღებენ. აქაურსაც და რუსეთისას, რაც ერთობლიობაში, რაღაცას წარმოადგენს...

- ის, ხელშეკრულება, პუტინსა და ხაჯიმბას შორის 2014 წლის ნოემბრის ბოლოს რომ დაიდო, მეც კარგად მახსოვს. ,,მოკავშირეობასა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება“ ერქვა და მართლაც მრავალ პუნქტს ითვალისწინებდა. მათ შორის, რუსეთის მხრიდან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თქვენი კეთილდღეობისთვის 5 მილიარდი რუბლის გაღებასაც.

 

ამდენი წლის შემდეგ მაინც თუ იგრძენით რუსეთთან ,,პარტნიორობით“ მიღწეული შედეგი ან კეთილდღეობა?

- ეგ ხელშეკრულება, მგონი, ერთეულებს გვახსოვს მარტო, რადგან მაგ ქაღალდით არც არავის უხელმძღვანელია და არც არავის უსარგებლია.

მასში გაწერილი კონკრეტული გეგმების მიხედვით, ჩვენთვის აქ არანაირი პროექტი არ განხორციელებულა.

ერთადერთი, რაც რუსეთმა აფხაზეთში გააკეთა, ესაა, მნიშვნელოვან სტრატეგიულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების მოწყობა. რამდენიმე ადგილას იმხელა სამხედრო ,,გარადოკი“ ააშენეს, ცალკე დასახლება გეგონება, სადაც რუსი სამხედროები ოჯახებით ცხოვრობენ და სადაც მათთვის ყველანაირი ინფრასტრუქტურა არსებობს.

 

ჩვენი მოსახლეობისთვის სასარგებლო ის იყო, რომ ბაზების სამშენებლო საქმიანობაში ძირითადად ადგილობრივები მონაწილეობდნენ. მხოლოდ ინჟინრები და ინსტრუქტორები ჩამოიყვანეს რუსეთიდან, დანარჩენ საქმეებში ჩვენები ჩართეს და კარგადაც უხდიდნენ. მხოლოდ ეს სიკეთე ვნახეთ.

კიდევ ერთი, რაც იმ ხელშეკრულებით იყო გათვალსწინებული და სრულდება, ესაა რუსეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში აფხაზი აბიტურიენტებისთვის ლიმიტის გამოყოფა და ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილი, ვის ოჯახებსაც მათი იქ რჩენის თავი აქვს, უმაღლესი განათლებას რუსეთში იღებს.

 

რუსეთის მხრიდან სხვა დანარჩენი დაპირება დაპირებად დარჩა.

საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთის მოქალაქეებს რუსეთში სამედიცინო დახმარებაც უფასოდ და უპრობლემოდ უნდა მიეღოთ, თუმცა, სამკურნალოდ რუსეთში წასული ჩვენი მოქალაქეებიდან, კმაყოფილი არავინ ჩამოსულა.

ბევრი ამბობს, რომ მათ საავადმყოფოების მედპერსონალი უხეშად ექცეოდა და უმეტესად, თავიდან იშორებდა. რუსი ექიმები არც იმის თქმას ერიდებოდნენ, აქ რაღას ჩამოდიხართ, იქ ექიმები ხომ გყავთ და იმათ გიმკურნალონო.

არადა, კვალიფიციური ექიმების პრობლემა მართლაც გვაქვს და არც კლინიკებშია სახარბიელოდ საქმე. ძირითადად, ყველგან მოძველებული და ამორტიზებული აპარატურა დგას, რომელსაც არაკვალიფიცირებული პერსონალი განაგებს.

თანამედროვე სამედიცინო აპარატურა რომც გვქონდეს, ექიმებმა მისი გამოყენება ხომ უნდა იცოდნენ? თუ არ გადაამზადე, ტრენინგები თუ არ ჩაუტარე, რანაირად ისწავლიან, რაც არ იციან?

 

274079054-1092882218215755-1417296983662407520-n.jpg

 

აფხაზები ამიტომაც ცდილობენ, თბილისს მიაშურონ და იქაურ ექიმებს ანდონ თავიანთი სიცოცხლე.

ადრე, 15-20 წლის წინ, ამას ვერ ბედავდნენ, რადგან აქ ხმები ვრცელდებოდა, ენგურზე როგორც კი გადახვალთ, დაგიჭერენ, დაგსჯიან, ციხეში ჩაგსვამენო.

მერე, ერთეულებმა, ნათესავების დახმარებით ხან სავაჭროდ მოახერხეს გადასვლა, ხან - სხვა საჭიროებისათვის და აღმოჩნდა, რომ მათ არც არავინ დევნის და არც არავინ იჭერს. შემდეგში, ბევრმა აფხაზმა, საერთოდაც, იქით გადასვლა-გადმოსვლის საშუალებით ააწყო თავისი ბიზნესი.

სამედიცინო დახმარებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. რომ არა თქვენი მხარე, ამ პანდემიას ვერ გადავურჩებოდით და სხვა დაავადებების სამკურნალოდ რამდენი მოდის, ოპერაციებსაც მანდ იკეთებენ და ქიმიოთერაპიებსაც. თანაც ისე, რომ არც მოვლას აკლებს ვინმე, არც ყურადღებას, არც აბუჩად იგდებენ ან რამეს აყვედრიან და რაც ყველაზე მთავარია, ყველანირ დახმარებას უფასოდ იღებენ.

უკან დაბრუნებულები იქაური კლინიკების დონესა და მომსახურების პირობებზე ისეთებს ჰყვებიან, რომ აქაურობის შემხედვარეებს დაჯერება გვიჭირს.

 

- ერთი პერიოდი, თქვენი ხელისუფლება ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდა და აფხაზებს სამკურნალოდ ჩვენსკენ გადმოსვლას უშლიდა. ამ მხრივ რამე შეიცვალა?

 

- კი, ბევრჯერ სცადეს, ხალხისთვის სამკურნალოდ თბილისში ან ქუთაისში წასვლა აეკრძალათ, მაგრამ რას გააწყობდნენ, როცა თავად ვერაფრის გარანტიას ვერ გვაძლევდნენ, საქმე კი დამიანების სიცოცხლის გადარჩენას ეხებოდა?

 

იმდენი შემთხვევა იყო, როცა აფხაზი ექიმებისგან უიმედოდ მიჩნეული და მათგან ხელჩაქნეული ადამიანი ქართველ ექიმებს გადაურჩენიათ. იმდენი შემთხვევა იყო, როცა პაციენტი სოხუმიდან კრასნოდარში გააგზავნეს, იქაურმა მედიკოსებმა კი ხელი არ მოკიდეს, მერე განწირულმა თბილისში მოახერხა ჩასვლა და იქიდან საღსალამათი დაბრუნდა.

 

ამას ჩვენი ხელისუფლებაც ხომ ხედავს და რა ნამუსით უნდა დაუშალოს ვინმეს თქვენსკენ წამოსვლა?

განა თავადაც იგივეს არ აკეთებენ?

 

აფხაზური ხელისუფლების წარმომადგენელთაგან რამდენი წასულა თბილისში მალულად და რამდენს უმკურნალია იქ ისე, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულა?

 

ხალხში მაინც არაფერი იმალება, ყველაფერი ვიცით.

ამიტომ ეს პრობლემა უკვე დღის წესრიგში აღარ დგას, ,,უფროსობას“ არავის უთანხმებს, სამედიცინო დახმარებისთვის და თუნდაც სავაჭროდ, სად წავა.

 

მაშინ თავად უნდა შემოგვთავაზონ ის, რისთვისაც სხვაგან მივდივართ, ამას კი წლებია, ვერ მიაღწიეს და უახლოეს პერიოდშიც, ვერ შეძლებენ, რადგან ვინც ხელისუფლებაში მოდის, ყველას ყველაფერი სათავისოდ უნდა. არანაირი კანონი ჩვენთან არ მოქმედებს,

კლანურობა, კორუფცია და კრიმინალი ისეთ ზღვარზეა ასული, იმის ზევით რომ ვეღარ აიწევს.

მარტის თვეში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. დეპუტატობის კანდიდატები მრავლად გვყავს, მაგრამ იმედი არც ერთის გვაქვს.

ეგ გაზიფიკაციის საკითხიც ამ საარჩევნოდ შემოგდებული სატყუარა უფრო მგონია, იმ იმედით, არიქა, გაზი უნდა შემოგვიყვანონო, მმართველ პარტიას რომ დაუჭიროს ისევ ხალხმა მხარი.

 

- ისევ წეღანდელ საუბარს რომ მივუბრუნდეთ, კი ამბობთ, რომ სამკურნალოდ თუ სავაჭროდ აქეთ გადმოსვლას აფხაზებს ვერავინ დაუშლის, მაგრამ ენგურის ხიდის ეგრეთწოდებულ საბაჟოზე გადმოსვლა ახლა ხომ ისე არ ხდება, როგორც ადრე იყო?

 

- ეგ მართალია, ახლა ყველაფერი მეტად გართულებულია. ადრე, ხიდზე გადასვლა-გადმოსვლის ამბავს, ისევ ჩვენიანთან, აფხაზ მესაზღვრესთან იქვე აგვარებდნენ. ზოგი ნათესავი იყო ან ნაცნობი და თავისუფლად, ზოგი კი გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ გაგატარებდა. რაც საზღვრების საკითხი რუსებმა გადაიბარეს, არამარტო აქაური ქართველებისთვის, აფხაზებისთვისაც პრობლემური გახდა პეციალური საშვის აღება და საზღვარზე გადასვლა.

ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს ექიმები აძლევენ მიმართვას, მერე ესეც უშიშროებასთან და სხვადასხვა განყოფილებაში უნდა შეათანხმონ და ისე აიღონ საშვი. სხვა მიზნებით გადასვლის მსურველებს კიდევ მეტი ბიუროკრატიული პროცედურის გავლა უწევთ, ვიდრე საბუთს მოიპოვებენ.

 

ადრე, მახსოვს, ნათესავების გასვენება ან ქორწილი რომ იყო, აქეთაც ბევრი ხალხი შემოდიოდა. ვეპატიჟებოდით, ხიდთან ვხვდებოდით, ჩვენს მესაზღვრეებს ვუთანხმდებდით და ზოგი სულაც ისე, ზოგი მცირე პატივისცემის სანაცვლოდ, უპრობლემოდ ატარებდა ჩვენს სტუმრებს.

უკვე 10 წელზე მეტია, ესეც მოიშალა, რაც ძალიან არ მოგვწონს, მაგრამ ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება.

 

- თუნდაც ამ, ერთი შეხედვით, მცირე მაგალითიდანაც ხომ ჩანს, რომ აფხაზები თქვენს მხარეში რუსების ჩაურევლად ვერაფერს წყვეტთ. ეს ფაქტი რამდენად აკმაყოფილებს თქვენს ამბიციას, იყოთ დამოუკიდებლები?

 

- ეს ის თემაა, რომელზე საუბარიც არ მსურს. ამ საკითხზე თქვენ თქვენი ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ და ჩვენ - ჩვენი. უბრალოდ, ერთი რამ ცალსახაა, აფხაზი ხალხი ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდით. არ გვინდოდა ქართველებზე ვყოფილიყავით მიბმული და დამოკიდებული, ამისთვის სისხლი დავღვარეთ და ახლა რუსეთზე დამოკიდებული გავხდით.

 

- განსხვავებას მაინც ხომ ხედავთ, რას აკეთებს რუსეთი თქვენთვის და რას ვაკეთებთ ჩვენ?

- კი, განსხვავებას ვხედავთ.

- მერე, თქვენი მომავალი განვიარებისთვის, გამოსავალს ან პერსპექტივას სად ხედავთ?

- ჩემთვის ძნელი სათქმელია. დღესდღეობით პერსპექტივა არ ჩანს. წინ ვერ მივდივართ, უფრო, ერთ ადგილს ვტკეპნით, მაგრამ მე პოლიტიკოსი არ ვარ, არც - ანალიტიკოსი, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...