Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    86
  • comments
    5
  • views
    172.402

ოკუპირებული აფხაზეთი - რუსეთის მოქალაქეების უკანონო მაინინგის ოაზისი


blog-0541241001640866014.gif

აფხაზები ახალ წელს შესაძლოა უშუქოდ შეხვდნენ

 

ოკუპირებულ აფხაზეთში, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარების გამო, არსებული ელექტროსადგურები დატვირთვას ვერ უძლებს და მწყობრიდან ხშირად გამოდის, რაც შესაბამისად, მოსახლეობის უშუქოდ დარჩენას იწვევს.

ქვესადგურების განსატვირთად და ადგილზე შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროსისტემაში, ჯერ კიდევ ორი თვის წინ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უმჯობესი იქნებოდა, სოხუმისთვის ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებინათ.

ამიტომაც, გასულ ოქტომბერ-ნოემბერში სოხუმში ელექტროენერგიის მოძრავი გრაფიკი მოქმედებდა და დღე-ღამის განმავლობაში, სხვადასხვა უბანს სხვადასხვა თანმიმდევრობით 4 საათით დენი უწყდებოდა, რასაც მოქალაქეები კი აპროტესტებდნენ, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან სხვა გამოსავალს ვერც თავად ხედავდნენ.

დეკემბრის შუა რიცხვებიდან, აფხაზეთში ელექტროენერგიაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა, როგორც იქაურები ამბობენ, გრაფიკი სანატრელი გაუხდათ.

,,მაშინ ვიცოდით მაინც, რა დროს გაითიშებოდათ ელექტროენერგია და წინასწარ ვემზადებოდით. ახლა კი არავინ იცის, დღე-ღამის რომელ მონაკვეთში და რამდენი ხნით დავრჩებით უშუქოდ. ამბობენ, რომ ავარიული გათიშვებია, ზოგან ტრანსფორმატორი იწვის, ზოგან სადენები დნება.“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში სოხუმის მკვიდრმა ხიმრა გერხელიამ.

მისი თქმით, ეს მდგომარეობა ელექტროენერგიის დაუზოგავმა და ხშირ შემთხვევაში, სრულიად უკანონო მოხმარებამ გამოიწვია.

იმ ფაქტმა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების საფასური ძალიან დაბალია, რუსეთიდან კრიპტოვალუტის უკანონო მწარმოებლები მიიზიდა და მათი რიცხვი იქ დღითიდღე იზრდება.

,,თითქოს ადგილობრივები არ კმაროდნენ, რომლებიც წლებია ამ უკანონო საქმიანობას ეწევიან, ახლა რუსეთიდანაც მოგვაწყდნენ. ჩამოდიან, ბინებს ქირაობენ და დღე და ღამე ჩრთული აქვთ დანადგარები, რომელიც ელექტროენერგიას მძლავრად მოიხმარს. ეს კი ჩვენს ელექტროსადგურებს დიდ ტვირთად აწვება.

აქაურმა ხელისუფლებამ სხვა რომ ვერაფერი გააწყო, გრაფიკი დააწესა და დღე-ღამის განმავლობაში, დილით და საღამოს, 2-2 საათით თიშავდნენ დენს. თვეზე მეტ ხანს გასტანა ასე.

ახლა გრაფიკი მოგვიხსნეს, მაგრამ რად გინდა. ხან რომელ ქვესადგურზე წაეკიდა ცეცხლი ტრანსფორმატორს და ხან რომელი გაითიშა ავარიულად. წავა შუქი და არც ვიცით, როდის მოვა.

ახლა ის გვაქვს სანატრელი, ახალ წელს სიბნელეში, უშუქოდ არ შევხვდეთ.“ - გვეუბნება ხიმრა.

მისი თქმით, ელექტროსისტემის წარმომადგენლებს სხვა არაფერი შეუძლიათ, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის კეთილი ნების იმედად იყვნენ. ამიტომ გუშინ ,,ჩერნომორენერგოს“ მთავარი ინჟინერი თემურ კაცია და სოხუმის ელექტროსადგურის დირექტორი თემურ ჯინჯოლია აფხაზ ჟურნალისტებს შეხვდნენ და მათი საშუალებით მოქალაქეებს მიმართეს, ამ დღეებში ელექტროენერგია ეკონომიურად მოიხმარონ, რათა ახალი წლის ღამეს უშუქოდ არ დარჩნენ.

რაც შეეხება კრიპტოვალუტის მწარმოებლებს, ხიმრა გერხელია ამბობს, რომ ვინც ეგრეთწოდებულ მაინინგს ეწევა, თითო დანადგარს არ სჯერდება და სახლში 2-3 აპარატი მაინც აქვს.

იყო შემთხვევები, როცა ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ერთი ადამიანის ბინიდან 25-მდე დანადგარი ამოიღეს.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ანალოგიური მდგომარეობაა ოკუპირებული აფხაზეთის სხვა რაიონებში, მათ შორის გალშიც, სადაც ელექტროენერგიის არასტაბილური მიწოდების გამო მოქალაქეებს საოჯახო ტექნიკა უზიანდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გაუმართავი ელექტროქვესადგურების და მოძველებული სადენების გამო, დენის მიწოდებაში ხარვეზები ადრეც ჰქონიათ, მაგრამ მსგავსი პრობლემები, რასაც, ამ მხრივ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აწყდებიან, არ ახსოვთ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...