Jump to content
Planeta.Ge

ზურაბიშვილი: ვეტოს დადებით არ შევალ ყალბ, ხელოვნურ, მოლაპარაკებებში — არა და არასოდეს!


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მათ რუსული კანონი, მისი საწინააღმდეგო პროტესტი და საქართველოს ევროპული გზის პერსპექტივა განიხილეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს აუხსნა, რომ „ვეტოს დადებით არ შევა ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში”.

„არა და არასოდეს. მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია და სჭირდება, გზა გაეხსნას”. – თქვა პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, რუსული კანონის მიღება არის საქართველოს წარსულში დაბრუნების მცდელობა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლელ მეგობრებთან ისაუბრა იმ ევროპულ პლატფორმაზე, „რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა, მუშაობს”.

„დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი. ამისთვის მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ. რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას. ყველამ იცის, რომ ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს არჩევნებამდე მობილიზებულად მიიყვანს. რომელიც ამ არჩევნებით თავის გზაზე დააბრუნებს საქართველოს. ჩვენი უახლოესი მომავალია მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ, იმისთვის, რომ სამშობლო სამშვიდობოსა და ევროპულ გზაზე გავიყვანოთ”. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა კიდევ ერთხელ გაიმეორა დასავლური ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომ რუსული კანონი საქართველოს დააშორებს NATO-სა და ევროკავშირს.

2024 წლის 14 მაისს პარლამენტმა III მოსმენით დაამტკიცა რუსული კანონი. პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს, თუმცა, მოტივირებული შენიშვნების გარეშე. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...