Jump to content
Planeta.Ge

თეთრი სახლი: კანონის საბოლოოდ მიღება გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები


თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პირმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უარყოფითად შეაფასა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღება.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, თუ ეს კანონი ძალაში შევა, აშშ იძულებული იქნება, გადააფასოს ურთიერთობები საქართველოსთან. 

„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ კრემლის სტილის, უცხოეთის აგენტების შესახებ კანონით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მოველით, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს. 

ჩვენ არ ვიცით, პარლამენტი შეეცდება თუ არა პოტენციური ვეტოს დაძლევას, თუმცა ჩვენ ხმამაღლა განვაცხადეთ ჩვენს წუხილებზე ამ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და რომელიც საქართველოს აშორებს ევრო-ატლანტიკურ ღირებულებებს. 

ქართველმა ხალხმა ამ კანონის შესახებ საკუთარი აზრი ქუჩაში გაპროტესტებით გამოხატა. გასული კვირის ბოლოს ჩვენ ვიხილეთ ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელიც ათეულათასობით მშვიდობიანმა ადამიანმა გამართა, ისინი ვერ შეაჩერა დაშინებამ. მათ უთხრეს ხელისუფლებას, რომ ეწინააღმდეგებიან ამ კანონპროექტს, რადგან მათ სურთ ევრო-ატლანტიკური მომავალი. 

ჩვენ დაველოდებით, რას მოიმოქმედებს პარლამენტი და თუ ამ კანონს საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან,“ — განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა. 

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს.

 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...