Jump to content
Planeta.Ge

სტუდენტურ პროტესტს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებიც უერთდებიან


თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ, როემლშიც ნათქვამია, რომ ისინი საერთო სტუდენტების პროტესტს უერთდებიან.

„თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ვეწინააღმდეგებით სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ კანონს, რომელიც უგულებელყოფს ქართველი ხალხის გაცხადებულ ნებას, ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების, ჩვენი თანატოლებისა და თანამებრძოლების იდეას, უარი ვთქვათ სასწავლო პროცესის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებაზე, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ საქართველო იმყოფება ისტორიულ გზაჯვარედინზე, სადაც გადაწყდება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა თუ რუსული მმართველობის ქვეშ მისი მოქცევის ბედი.

მმართველი პარტია უპირისპირდება საქართველოს უმაღლეს კანონს – კონსტიტუციას, და უმძიმესი მეთოდებით არბევს მომიტინგეებს, რომლებსაც ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის მიღწევა უპირველეს მიზნად აქვთ დასახული. სწორედ ამიტომ, ჩვენი, როგორც თითოეული მოქალაქის ვალია, დავიცვათ საქართველოს ისტორიული არჩევანი და არ მივცეთ რუსულ ხელისუფლებას უფლება წაგვართვას უმთავრესი, რასაც თავისუფლება ჰქვია.

შევხვდებით იქ, სადაც ჩვენი ყოფნა გადამწყვეტია! ცოდნით, შრომით და თავისუფლებით – ევროპისკენ“,- ნათქვამია განცხადებაში.

გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...