მოსამართლემ კვლავ გადადო ლაზარეს დასკვნითი სხდომა
ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს, 28 მარტს უნდა გამართულიყო, გადაიდო. მოსამართლემ ამის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ სხდომაზე არ იმყოფებოდა ლაზარე გრიგორიადისი, დისტანციურად პროცესზე ჩართვის უფლება კი მან ბრალდებულს არ მისცა.
როგორც მოსამართლე ზვიად შარაძემ განაცხადა, ლაზარე გრიგორიადისი პროცესს ვერ ესწრებოდა, მაგრამ ითხოვდა სხდომაზე დისტანციურად, ონლაინ ჩართვასა და განცხადების გაკეთებას, თუმცა ისე, რომ არ ჰქონდა წარდგენილი მიზეზი, რის გამო ვერ ახერხებდა სასამართლოში გამოცხადებას.
მოსამართლემ პროცესი 8 აპრილამდე გადადო.
ბრალდებულის დედამ, თამთა კალანდაძემ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შვილს სხდომაზე განცხადების გაკეთება სურს, თუმცა დარბაზში ყოფნისას იბნევა, როდესაც ბევრ ხალხს ხედავს, ამიტომ ურჩევნია დისტანციურად ჩართვა, რისი “უფლებაც მას აქვს”. კალანდაძის თქმით, სხდომის გადადებით ცდილობენ, რომ ლაზარე მაქსიმალურად დიდხანს გააჩერონ ციხეში.
გრიგორიადისის ადვოკატი, ლიკა ბითაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას “აბსოლუტურად უსაფუძვლოს” და “უარგუმენტოს” უწოდებს. მისი თქმით, საპროცესო კოდექსი არსად ამბობს, რომ აუცილებელია ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, როდესაც ბრალდებულს დისტანციურად სურს პროცესში მონაწილეობის მიღება.
დაცვის მხარე დიდი ხანია საუბრობს, რომ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. გრიგორიადისის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ სასამართლო დიდი ალბათობით მას გაამტყუნებს და აპირებენ, რომ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართონ, რომელსაც თავის მხრივ რამდენიმე თვეში ეწურება უფლებამოსილების ვადა.
დაცვის მხარემ იმისათვის, რომ სწრაფად დასრულდეს განხილვა, საკუთარი მოწმეები მოხსნა დასაკითხთა სიიდან, ამასთან ყველა დარჩენილი მტკიცებულება უდავოდ გაუხადა ბრალდებას, თუმცა უკვე თვეებია მოსამართლე არ ატარებს დასკვნით სხდომას, სადაც მხარეები სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით უნდა წარდგნენ, რის შემდეგაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს.
ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე მიიჩნევს, რომ პროცესის გაჭიანურების მიზეზი ლაზარეს დასჯა და იმ ნაბიჯების დროში გაჭიანურებაა, რაც დაცვის მხარემ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემთხვევაში უნდა გადადგას.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მამის დაჭრის საქმეზე.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.