Jump to content
Planeta.Ge

აუდიტის ანგარიში - დაბალი ქულის მქონე დევნილებისთვის ე.წ. ადმინისტრაციული დაპირების მექანიზმის გამოყენება ბინების არასამართლიანი განაწილების რისკს წარმოშობს - ფართების შესყიდვისას არაეკონომიური ხარჯვა გამოვლინდა


თბილისში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც გამოიწვია 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა.

ამის შესახებ დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელმაც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდი მოიცვა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მოქმედ კანონმდებლობასთან, დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული შესყიდვების და განაწილების პროცედურების შესაბამისობა შეისწავლა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

„თბილისში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, მენაშენის მოთხოვნით, სამშენებლო რესურსებზე ფასების ზრდის საფუძვლით, გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება. ფასების ზრდის პერიოდისთვის, სააგენტოს მიერ 100%-ით იყო გადახდილი ავანსი, რომელიც სრულად ფარავდა მშენებლობის თვითღირებულებას. ამასთანავე, არ მომხდარა გარემოებათა სხვა არსებითი ცვლილება, რომელიც შესაძლებელი იყო ხელშეკრულების ღირებულების გაზრდაზე შეთანხმების საფუძველი გამხდარიყო. შედეგად, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც გამოიწვია 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ანგარიში თანახმად, გორში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, კომპანიას დაუსაბუთებელი მიზეზებით (მიწოდების ვადის შეზღუდვის და მშენებლობის ნებართვის ვადის ამოწურვის გამო), უარი ეთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე. შედეგად, დაიკარგა 120.0 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

„როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არსებობდა შეძენის აუცილებლობა და დაფინანსების წყარო, ამასთანავე, არ არსებობდა მიწოდების ვადის შეზღუდვის აუცილებლობა, ხოლო კომპანია თანახმა იყო მიემართა შესაბამისი უწყებისთვის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე. შედეგად, დაიკარგა 120.0 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიღების შესაძლებლობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების განაწილებას, დაბალი ქულის მქონე დევნილი ოჯახების მიმართ, წარმოებდა ე.წ. ადმინისტრაციული დაპირების მექანიზმის გამოყენება, რაც ადეკვატური კონტროლის არარსებობის პირობებში, წარმოშობს დევნილ ოჯახებს შორის საცხოვრებელი ბინების არასამართლიანი განაწილების რისკს.

„რიგ შემთხვევებში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების საჭიროების სრულყოფილი შესწავლისა და ასევე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ, კრიტერიუმის გამოყენების გარეშე მიღებული არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების შედეგად, საცხოვრებლით დაკმაყოფილება წარმოებდა შეფასების ჯამური ქულის გაუთვალისწინებლად.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ საცხოვრებელი ბინების განაწილების პროცესში, დაბალი ქულის მქონე დევნილი ოჯახების მიმართ, წარმოებდა ე.წ. ადმინისტრაციული დაპირების მექანიზმის გამოყენება, რაც ადეკვატური კონტროლის არარსებობის პირობებში, წარმოშობს დევნილ ოჯახებს შორის საცხოვრებელი ბინების არასამართლიანი განაწილების რისკს.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებების შედეგად, საცხოვრებლით დაკმაყოფილებული არიან ოჯახები, რომლებიც საკითხის განხილვის მომენტისთვის არ საჭიროებდნენ გრძელვადიან განსახლებას. კერძოდ, რიგი დევნილი ოჯახებისა, ბინების განაწილების წინა პერიოდებში, მესამე პირებთან დებდნენ გარიგებებს, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების ჩუქების, თუ ნასყიდობის ფორმით, რამაც შექმნა საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელი სტატუსის კრიტერიუმის შეუსაბამოდ მიღების წინაპირობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიშის შესაბამისად დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ კონკრეტული რეკომენდაციები გასცა.

„საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით, დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც მიმწოდებლის მხრიდან სახელშეკრულებო ღირებულების ზრდის ინიცირების პირობებში, უზრუნველყოფს შეცვლილი გარემოებების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებას.

საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით, დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც დევნილთა ოჯახების საჭიროების და დაფინანსების არსებული რესურსის გათვალისწინებით, საცხოვრებელი ბინების სახით არსებული აქტივების შექმნის პროცესში, უზრუნველყოფს კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებას.

დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების სამართლიანი და ობიექტური განაწილების მიზნით, დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს:

საცხოვრებელი ბინების კრიტერიუმის (ჯამური ქულის) მიხედვით განაწილებას;

ადმინისტრაციული დაპირების მექანიზმის გამოყენებას: კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში კრიტერიუმის გარეშე საცხოვრებლის განაწილების დროს; დასაბუთებული ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით საცხოვრებელი ბინების განაწილებას;

ისეთი დევნილი ოჯახების იდენტიფიცირებას, რომლებიც საკითხის განხილვის ეტაპისათვის არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას“, - ნათქვამია ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში.
ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...