Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.608

მიხიულიუსის კალენდარი, საპოვნელა ოქტომბერში და „ძალადობა“ კოჰაბიტაციის სახელით!


katya

2.140 views

blog-0598532001373392850.jpgონორეზე არ ვგიჟდები, მაგრამ რომ თქვა – იქ სადაც ყველა კუზიანია, კარგი აღნაგობა სიმახინჯედ ითვლებაო, ძალიანაც მართალი იყო.

სამაგიეროდ, მიყვარს გაბრიელი და მისი „პატრიარქის შემოდგომა“...

და ისე ველი წლევანდელ შემოდგომას, როგორც არასდროს ...

პარადოქსია, მაგრამ რეალური პარადოქსი – ძალიან ცოტას თუ ჭირდება დღეს მოაზროვნე ადამიანი, მითუმეტეს მართალი. სამაგიეროდ, უაზრო შემსრულებელსა და „საქმის მკეთებელზე“ ტაციაობაა.

კიდევ ის, რომ ჯერ კიდევ უმადურობის ჟამი ჟამობს და უკიდეგანო ცნობისმოყვარეობისა. ნუ ხართ სულსწრაფებიო! ასე ადვილად და სწრაფად არაფერი კეთდებაო! მომთმენები და დამჯერები რომ ვიყავით 9 წელი და იმის წინ კიდევ რამდენი, რა ჯილდო მივიღეთ სამაგიეროდ? ცოცხლები რომ გადავრჩით?

ოქტომბერში! ოქტომბერშიო! ყველაფერი ოქტომბერს შეაწერეს. მოვა ეგ ოქტომბერიც და ვნახოთ კაცო! – რა საპოვნელას ვიპოვით „ჩვენს მხარეში“... ძველი სიმღერაა ერთი, დები იშხნელები მღეროდნენ, ბებიაჩემს უყვარდა – „ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს ჩაგივლია...“ სიმღერა კარგია, მაგრამ, ამ ტკბილხმოვანებაში მხარი არ გვეცვალოს მთავარია. მერე ჭირს ხოლმე უღრანებიდან გამოღწევა. მონადირეების და ტყის მცველების იმედად კიდევ ჩვენი მტერი იქნა. ტყეში კი არა საწყალი და შეურაცხყოფილი თემიდა ვერ გამოვღლიტეთ ხელიდან კუბლაშვილს აგერ ქალაქშის ცენტრში.

ვუაიერებო! წინ!

ოხ, როგორ გვიყვარს გასაღების ჭუჭრუტანაში ჭვრეტა. სხვის საძინებლებშიც. ბავშვობიდან გამოყოლილი ჩვევაა – გასახდელში ჭვრიტინი და იმპულსების გადამოწმება?!. ეგაა, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ.. მერე ზოგი თავს ვერ აგნებს, ზოგი ტანს და ზოგიც სიტყვებს, რომ აღშფოთება გამოხატოს.

რა მნიშვნელობა აქვს კამერის წინ დგახარ თუ კამერის უკან? ფაქტია, ყველანი მაგ ორბიტაზე ვტრიალებთ. ახლა ზოგიერთებს კამერაში მოხვედრაც „უტყდებათ“ და კადრშიც, მაგრამ, ადამიანი იმისთვისაა გაჩენილი, რომ იცოდეს, ყველაფერს აქვს დასასრული. და რა ჩვენი ბრალია, თუ ზოგიერთები ამას შიშით აღიარებენ და ზოგიერთები იმედით ელიან?!

იცოდით, რომ სადისტებისთვის ციხის ალტერნატივა მონასტერი ყოფილა? დემოკრატიის დემო–ვერსიაში მსგავსი რამებიც მოსულა. არც მე ვიცოდი, გასულ კვირას გავიგე, როგორ წავიდა ერთ–ერთი ზონდერი „უბიწო მამათა“ სავანეში. ესეც ახალი ტენდენცია ქართულ სამართალში.

ხოლო ახალი სიტყვა ქართულ სალიტერატურო პრაქტიკაში –„მიჯირყვნაა“, რომელმაც ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, მამა–შვილი გაბაშვილებიდან უფროსს ისიც კი გაახსენდა, რომ ძირითადი პროფესიით ენათმეცნიერია. მეცნიერებაში დაბრუნებას აპირებს, ალბათ თორემ პრემირებულ ,,ჩა’‘ წინდებულს ასე არ ჩააცივდებოდა. როგორც მეცნიერადჩაფიქრებულმა და დიპლომატ–პოლიტიკოსად რეალიზებულმა უფროსმა გაბაშვილმა განგვიმარტა, ივანიშვილისეული აკვიატება ფსიქოლოგიურად ზევიდან ქვევით ჩასვლა, ჩავარდნა, რაღაც ხიფათის მოლოდინიაო. არის მეორე ვერსიაც – როცა გინდა, ვიღაც ჩაფლა, ჩამარხო, ჩაიტანო. აკვიატებული შინაგანი იდეები მერე გრამატიკაშიც გამოიხატება ხოლმეო და, თუ ეგრეა, ენათმეცნიერს კი უნდა ახსოვდეს, ვინ თქვა პირველად „ჩა–რეცხილი“?..

ჰოდა, მაგაშია საქმე!

მიჯირყვნის განმარტების უამრავი ვერსია გაჟღერდა, ყველაზე მკაცრ და უსიამოვნო ვარიანტს მოვაგებინებდი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატს – ნაცპატივცემულ ჯაფარიძეს. მადლია, აბა პრაიმერს მაინც ვერ იგებს და... გორული პრაიმერის ისტორიული გამოსვლით ის აუცილებლად შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც „ცრუ მოწმე“. როგორ იკადრა – საქართველო აგრარული ქვეყანა არ არის, ის აგრარულ ქვეყნად რუსეთის იმპერიამ აქციაო?!.

რა ჩაიფიქრა ნეტავ, მერე რა, რომ ნაცმომ ტერიტორიები დაკარგა, მიწა ჩვენ არ გვჭირდებაო? პრინციპში, „გეორგიას“ მიწასთან რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს? არც რა... თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯაფარიძის ჯიშის ქინძის მოყვანა ვერტიკალურ განზომილებაშიც შესაძლებელია?

აი ამას ქვია ზოგიერთების პოლიტიკაში ყოფნის „მიზანშეწინულობა", -როგორც ქუთაისის მერი – დიმიტრი კოპალიანს უყვარს თქმა.

მიშას მეზარბაზნეები აღარ ყავს და ქვეყანა გაევსო მტრებით..

ოხ, გიაურო ღარიბაშვილო! რატომ გაუხსენი საზღვარი ოკუპანტს?! ისე, მაგ „მტრებზე“ პერსონა ნონ გრატა რომ გამოგეწერათ თავის დროზე, ხომ ვერ იძალადებდა ღარიბაშვილი საზღვარზე? თუმცა, სად გქონდა შენ მაშინ მაგის თავი და დრო? არც თქვენს „ჯილა“ ბაქრაძეს ეცალა, დანა–ჩანგალს იბარებდა ბითუმად .

რას გაუგებ კაცის ბუნებას?! აგერ ამდენი ხანია, ერთ ბედკრულ ბედუკაძეს ვერ მოუხერხეს ვერაფერი... ხან გმირია, ხან მანიაკი და ხან საეჭვოდგანთავისუფლებული.

ოხ ეს ეჭვი!.. ხან შეგეპარება, ხან გამოგეპარება... ჩაპარვა არ იცის მაგან...

რახან თვით გია ხუხაშვილმა თქვა - ბუნებაში მუდმივი არაფერია, ესე იგი, ბუნებრივია, რაღაცას უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში კბილაშვილის თავს.

რა ვერ გაიგეს ამ ჟურნალისტებმა, რა თემები ეხება ხუხაშვილს? ყველაფრის ცოდნას ამ კაცს რომ „ავალებენ“? ცოდოა ბოლოს და ბოლოს...

კბილაშვილის საქმე როგორ იქნება? – ეგ უკვე რიტორიკული კითხვაა, იქ, სადაც ხუხაშვილი თავისი „ბუნების კანონებით“ ჩაერია. უკვე გამოჟონა ინფორმაციამ, კბილაშვილს ნაცვლიშვილით ჩა –ა– ნაცვლებენო! აბა სხვა უკეთესი ალტერნატივა ვინ შეიძლება იყოს? ნაცვლიშვილია ბოლო–ბოლო, გვარი უწყობს ხელს –ნაცვალია მაგის ფუძე.

ამ ჩვენს ჰუმანისტ კბილაშვილსაც ასე თუ ქონდა გადასული ხასიათში ადვოკატობა, ეთქვა კაცო, გაგებით მოვეკიდებოდით, ანდა „სისხლის სამართალი“ ესწავლა.

ჩვენში დარჩეს და , ეს ციტატა, თავისი შინაარსით: „... კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის“, – პროკურატურაზე ზეწოლის ირიბი და მსუბუქი გამოვლინებაც არაა? მერე იტყვიან, ბიძინა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებსო! აბა ახლა ასეთ რამეს რომელი მისი მრჩეველი ურჩევდა? ასეთი ბრალდებისთვის ვერცერთს გავიმეტებ და სულ რამდენი მრჩეველი ყავს პემიერს?

თეა წულუკიანს ძალიან უნდა, ძალიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სათავეში მოქცევა და ამიტომ ბიძინას დუდუკზე ჰარმონიული მოძრაობები კარგად გამოსდის. ჰოდა, ისიც ზუსტად ახლა დაეჭვდა კბილაშვილის გადაწყვეტილებაში. არადა, სასამართლო რეფორმის ჩაფლავებასაც კბილაშვილს რომ ვერ დააბრალებს, ფაქტია.

იუსტიციის მინისტრის ბლოგერობა გვაკლდა, ლუკმა–პურისთვის გაფაციცებულ უჩინო ბლოგერებს. ესაა ახალი სამართლიანი შრომის კოდექსი და ჯანსაღი კონკურენცია?

რას იფიქრებდა კბილაშვილი მის მოქალაქეობრივ მორალს თუ ბედუკაძის საქმეს შესწირავდნენ მსხვერპლად?! მაგას ბედუკაძეც ვერ იფიქრებდა...

რა უთხრა მაინც ასეთი იმ ურეკში ბაქრაძემ უსუფაშვილს და ივანიშვილს, კომენტარიც კი მარტო თავად რომ „აკეთა“? ივაჭრებსა უხვად საპარლამენტო ბოიკოტის ბერკეტებით. სადაც სავაჭრო გაქვს, უნდა ივაჭრო, აბა რა!?

ფაქტია, რაღაც ისეთზე ილაპარაკეს, რომ პრემიერს პროკურატურის საქმიანობის გადახედვა მოუნდა და სულ შემთხვევით გადააწყდა ბედუკაძის განაჩენს.

მიმხვედრი მიხვდება, რომ პრემიერს დიდი გეგმები აქვს – სააკაშვილი მისმა ხელისუფლებამ უნდა დაიჭიროს. ეს ძალიან მაღალ და დასავლურ წრეებშიც გაჟღერებული „მუქარაა“ ჩვენთვის, ამომრჩევლისთვის კი ოცნება და დაპირება. სიტყვის კაცი ვარო სულ მაგას ამბობს, აქამდე უსიტყვოდ აკეთებდა საქმეს და ახლა რა ღმერთი გაუწყრება?!

მოკლედ, მიხეილ! გინდა ახტი–გინდა დახტი, გინდა ურკინიგზოდ დარჩენილ ავღანურ ტვირთებზე ივიშვიშე და გინდა სეკვესტრირებული ბიუჯეტით გატარებულ უფერულ ზაფხულზე, გინდა ხუთშაბათი კვირად მოგვალანდე და გინდა კეისარს გაეჯიბრე, შენი „საშველი“ არაა...

სისი უძახე შენ და ვერ გადმოაყუდა ერთი წლის თავზე ეგვიფტელმა გენერალმა თავისი ხიშამ კანდილი!? მუჰამედსაც მალე მოიშორებენ ლიბიაში და, ამასობაში ის შენი კალენდარულ–ფილოსოფიური შემოდგომაც მოვა...

ათენის მერი იორგოს კამინისი დემონსტრანტებმა სცემეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ის სპეციალური შეხვედრიდან გამოვიდა, სადაც საჯარო მოსამსახურეების შემცირების საკითხს განიხილავდნენ.

ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დაფარულიო! – აღმოხდა თბილისის მერს, მერიის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვეკითხები გიგი მაგას? რაიყო, სახურავი შენთანაც წვეთავს?

გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა – მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუ თბილისში.

თვით კრიშტიანუსიც არ მოერიდათ. მეგობრობა–მეგობრობად და მაინც ვერ გადაფარა მისმა ბრწყინვალებამ ოკუპანტების სიძულვილი. საყურებლად და სი–ენ–ენ–ის ნიუსისთვის მშვენიერი თემაა. ჩვენთვის ალბათ ტრაგედია.

პრემიერის ფავორიტს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა . ჯონდიმ თავისი ფსონი „მსოფლიო ბანზე“ დადო და ხმებში არ უნდა გაუჭირდეს თავისი კრეატიული ლოგიკით.

აი შალვა კი ისევ იმედგაცრუებულია. ინგაზე დიდ იმედებს ვამყარებდიო. ახლა ინგას კითხოს, რა იმედებს ამყარებდა მასზე?!

რა ჭირს ამ ეროვნულ შოუ–ბიზნესს? ბადურაშვილ–კუტალაძის საკითხი იდგა დღის და ფბ–წესრიგში და აგერ მელუამ სულზე მოგვისწრო თავისი განქორწინებით, თორემ ბევრი გადაყვებოდა ნერვიულობას.

სამაგიეროდ, ირინა შეიკმა ხინკალი დააგემოვნა და ალბათ „ საწნახელიც გვინახა“.

მიხიულიუსის კალენდრთ ჯერ საქართველოში გაგანია ივლისია, მწყობრიდან გამოსული ეროვნული გამოცდებით და თბილისში ჩარჩენილი უმრავლესობის უფინანსო შვებულებით.

დაველოდოთ ოქტომბერში ჩვენს მხარეში საპოვნელას.

 

კატო ჩულაშვილი

გაზეთი "ქრონიკა+" #12

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...