Jump to content
Planeta.Ge

გია ყარყარაშვილის სკანდალური დასკვნა აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით


Recommended Posts

გია ყარყარაშვილის სკანდალური დასკვნა აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით

 

http://s56.radikal.ru/i151/0902/e4/ae956b7505d5.gif

 

პროფესიონალის თვალით დანახული რუსეთ-საქართველოს ომის უხილავი დეტალები

 

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გია ყარყარაშვილმა დაპირება შეასრულა და აგვისტოს მოვლენების სამთვიანი შესწავლის შემდეგ საკუთარი დასკვნაც წარმოგვიდგინა. ექსთავდაცვის მინისტრის თქმით, - თითოეული სიტყვის უკან საკმაოდ ვრცელი მასალაა, რაც ასობით მოწმისა თუ სამხედრო მოსამსახურის გამოკითხვის, ასევე, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის შედეგად დაგროვდა. მან აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალებიც სრულად შეისწავლა. იგი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას დასკვნაში მოცემულ თითოეულ სიტყვასა თუ მოსაზრებაზე და აცხადებს: "ამ რუტინული შრომის ერთადერთი მიზანია, საქართველომ აღარასოდეს დაუშვას ის შეცდომები, რაც უკვე არაერთხელ დაუშვა". ყარყარაშვილმა აღნიშნული დასკვნის პირველად გამოქვეყნების საშუალება "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად მისცა, რომელიც საკმაოდ ვრცელია და გაზეთის ერთი ნომერი ვერ დაიტევს. მაშ ასე, როგორ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი; რა ფარული მოლაპარაკება მიმდინარეობდა რუს სამშვიდობოებთან ქართული მხარის მიერ; ვინ იყო ის ლიდერშიპი, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ საუბრობდა ეროსი კიწმარიშვილი; ვინ იყო წინააღმდეგი საქართველოს ხელისუფლებაში, რომ ცხინვალზე დარტყმა განხორციელებულიყო და ვისი უპასუხისმგებლობით ვერ მოხერხდა ომის თავიდან არიდება... ამ ყველაფერთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებას გია ყარყარაშვილი დასკვნის პირველსავე ნაწილში იძლევა, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ (სტილი დაცულია).

 

6 აგვისტოს, გვიან ღამით, თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული თათბირის მუშაობაში სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, ქალაქ თბილისის მერი და სხვები მონაწილეობდნენ. სავარაუდოდ, უნდა განსაზღვრულიყო მოვლენების უკიდურესად მწვავედ განვითარების შემთხვევაში რუსული აგრესიის მოგერიებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გაშლის საშუალებები, ტერიტორიის მომზადება საბრძოლო მოქმედებებისათვის აუცილებლობის შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებული საკითხები, აგრესიის პირობებში მოწინააღმდეგის მოქმედებათა სავარაუდო ხასიათი, სამხედრო-სტრატეგიული ოპერაციის დაგეგმარება, შემდგომში მისი მართვა-ხელმძღვანელობა და სხვ. ხელისუფლებას რომ გაეცნობიერებინა მოსალოდნელი აგრესიის მასშტაბები, აღნიშნულ თათბირზე სწორედ ეს საკითხები უნდა განხილულიყო. სამწუხაროდ, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მსგავსი სტრატეგიული საკითხები ამ თათბირზე არ განხილულა და არც შესაბამისი გეგმები შემუშავებულა.

 

უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში იყო მოყვანილი, განისაზღვრა მისი სავარაუდო შემადგენლობა, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა მოსალოდნელ საბრძოლო მოქმედებებში (სრული ნუსხა მოცემულია დასკვნაში. საბრძოლო მოქმედებებისთვის არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ყველა ბრიგადა თუ ბატალიონი, არამედ შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი რაზმები თუ ქვედანაყოფებიც იყო მობილიზებული).

 

თათბირზევე განისაზღვრა საბრძოლო ამოცანათა შინაარსი, შეტევის სავარაუდო მიმართულებები და ამ მიზნით შეიქმნა დაჯგუფებები. თათბირზე განისაზღვრა ასევე ბრძანების მიღების შემთხვევაში საბრძოლო დანაყოფების თავშეყრის რაიონები და სარეზერვო ბატალიონების სამობილიზაციო გეგმები.

 

გამოსარიცხი არც ხელისუფლების ოფიციალური ვერსიაა, რომელიც მოსალოდნელი რუსული აგრესიის შესაკავებლად ემზადებოდა, თუმცა საკითხავია, რამდენად პასუხობდა გაერთიანებული შტაბის მიერ დაგეგმილი ოპერაცია ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანის გადაჭრას.

 

არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თავდაპირველად სახმელეთო ჯარების სარდლის, ვიცე-პოლკოვნიკ ბალახაძის მიერ წარმოდგენილი ოპერაციის გეგმა შესაძლო ომის გაჩაღების შემთხვევაში ცხინვალზე მთავარი დარტყმის განხორციელებას არ ითვალისწინებდა. გეგმის ჩანაფიქრი იყო სიღრმისეული ოპერაციის - ცხინვალის მარცხნივ, ავნევი-ხეთაგუროვის და მარჯვნივ, ჩრდილო-დასავლეთით ერედვი-თლიაყანის მიმართულებით მთავარი დარტყმის განხორციელება.

 

...მაგრამ პოლიტიკური პირები სამხედროებს არ დაეთანხმნენ. მათ ცხინვალისათვის გვერდის ავლის აზრი უარყვეს და რეგიონის მთავარი ქალაქის მიმართულებით შეტევის დაგეგმარება მოითხოვეს.

 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ერთადერთმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამოხატა აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აუცილებელი იყო ცხინვალის მიმართულებაზე დარტყმის შესრულება.

 

გადამწყვეტი მაინც პოლიტიკოსთა შეხედულებები გამოდგა. ისედაც ცხადია, ცხინვალთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა სამხედროების აზრი.

 

ცხინვალის დაჯგუფება ძირითადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცნაწილებისგან შედგებოდა და თავდაცვის სამინისტრო გაერთიანებული შტაბის სპეცდანიშნულების ბრიგადითა და ბათუმის საზღვაო ქვეითთა ბატალიონით იყო წარმოდგენილი. ამასთანავე, ცხინვალის რეგიონში რეალურად არსებულ ვითარებაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ქართული მხარე უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებდა.

 

ძნელი ასახსნელია, რამდენად აცნობიერებდა საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეტევისა თუ აგრესიის შემთხვევაში მოვლენათა განვითარებას, მით უმეტეს, რომ ომის ხასიათის გამოსაცნობი ყველა მინიშნება მისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილი იყო.

 

კონფლიქტის ზონაში საომარ მოქმედებათა განახლების შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან უცილობელი ჩარევისა და სამხედრო ძალის გამოყენების თაობაზე ჩრდილოელი მეზობლის უმაღლესმა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არაერთგზის გააკეთა ღია და დაუფარავი განცხადება.

 

ამ აგრესიულ განცხადებათა ფონზე მოსკოვმა ისეთი მიზანმიმართული სამხედრო ნაბიჯებიც გადადგა, რომელიც შესაძლო საომარ მოქმედებათა ხასიათსა და ფორმებზე ღიად მიანიშნებდა.

 

2008 წლის 11 ივლისს, ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი მაკაროვმა აღიარა, რომ აფხაზეთში ან ცხინვალში საომარ მოქმედებათა დაწყების შემთხვევაში რუსეთის არმია საქართველოში შეიჭრებოდა.

 

შესაბამისი ამოცანების დამუშავება ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში სხვადასხვა სახის სწავლებაზე რამდენიმე წელია რეგულარულად მიმდინარეობდა. ბოლო ასეთი სწავლება "კავკასია-2008" 16 ივლისს დაიწყო და საქართველოზე განხორციელებულ აგრესიამდე რამდენიმე დღით ადრე დასრულდა. სწავლებაში 8000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და საბრძოლო ტექნიკის 700 ერთეული იქნა გამოყენებული.

 

საველე სწავლებებზე მიმდინარეობდა ისეთი ამოცანების დამუშავება, როგორიც არის სამშვიდობო კონტინგენტისთვის დახმარების გაწევა, მშვიდობიან მოქალაქეთა ევაკუაცია, სამხედრო მართვის ორგანოთა ურთიერთმოქმედება, კოლონებით მთაში მრავალკილომეტრიანი მარშის შესრულება და სხვ.

 

ცალკე გამოსაყოფია ავიაციის მიერ დამუშავებული ამოცანები: ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დესანტირება, დაზვერვის წარმოება, საჰაერო-სახმელეთო სამიზნეების განადგურება, მთიან-ტყიან ადგილებზე საჰაერო დარტყმების განხორციელება და სხვ.

 

დასკვნა: ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის მიმდინარე სწავლებები კონფლიქტის შემთხვევაში რუსული სამხედრო ძალების რაოდენობაზე, შეიარაღებასა და მოქმედების ხასიათზე განსაზღვრულ წარმოდგენას უკვე ქმნიდა.

 

2008 წლის 9 ივლისს, კონფლიქტის ზონაში 4 ბომბდამშენი СУ-24 შემოფრინდა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუფარავად განაცხადა, რომ ეს საქართველოს ახალგაზრდა ხელისუფლების ცხელი ტვინების გასაგრილებლად მოხდა.

 

ასეთი მინიშნება საკმარისი იყო იმისათვის, რომ ჩვენს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას განესაზღვრა მოსალოდნელი ომის ხასიათი, მოწინააღმდეგის მხრიდან ავიაციის დომინანტური როლი და ბატონობა ჰაერში.

 

გაუგებარია, ქართული მხარე რატომ იყო დაიმედებული, რომ რუსეთი ასე აშკარად კონფლიქტში ჩართვას ვერ გაბედავდა?! ვინ არის ის ლიდერშიპი, რომლის შესახებაც ეროსი კიწმარიშვილი საუბრობდა? სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არწმუნებდა, რომ რუსეთი საქართველოში შემოჭრას ვერ გაბედავდა. კულუარული ინფორმაციით, ხელისუფლება სწორედ მას ადანაშაულებს შეცდომაში შეყვანაში.

 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში განლაგებულ შერეულ სამშვიდობო ძალების სარდალთან, გენერალ-მაიორ მარატ კულახმეტოვთან საეჭვო გარიგებები და საუბრები მიმდინარეობდა, რომლის მიზანი იყო მოვლენათა ესკალაციის შემთხვევაში რუს სამშვიდობოთა მხრიდან ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება და ჩაურევლობის პოლიტიკა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას ამის მიამიტურად სჯეროდა.

 

თათბირზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა და რეზერვისტთა ნაწილობრივი მობილიზაცია დაიწყო.

 

ომისათვის მზადება დაწყებულია

 

უშუალოდ საბრძოლო მოქმედებათა დაწყების წინ კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართული, ოსური და რუსული სამშვიდობო ქვედანაყოფების განლაგება და რაოდენობა ასეთნაირად გამოიყურებოდა. მთლიანობაში ქართული სამშვიდობო ბატალიონი 500-600 სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა და გააჩნდა ჯავშატექნიკის 25-მდე ერთეული, 15 ერთეული БРДМ და 5-6 МТ-ЛБ (გია ყარყარაშვილი დეტალურად აღწერს, რომელ სოფელს რამდენი სამხედრო მოსამსახურე, პოლიციური ძალა იცავდა და რა ტიპის შეიარაღება სად ჰქონდათ განთავსებული).

 

ქართული სამშვიდობო ძალების მოვალეობაში შედიოდა საგუშაგოებიდან ქართული სოფლების: ნიქოზის, ერედვის, ავნევისა და წვერიახოს, აგრეთვე დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობა და სხვ.

 

ქართველ მშვიდობისმყოფელთა განთავსების ადგილები იყო: სოფელი ზემო ნიქოზი, ავნევი, ერედვი, აჩაბეთი, დიდი ლიახვის ხეობა.

 

რუსული სამშვიდობო ბატალიონი დაახლოებით 500-მდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა და მისი პირადი შემადგენლობა რუსეთის არმიის საბრძოლო დანიშნულების ქვედანაყოფებით იყო გაძლიერებული. მათ შორის იყო 42-ე მოტომსროლელი დივიზიის ჩეჩნური ბატალიონ "ვოსტოკის" ერთი ასეული, 80-მდე ქვეითი, 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-2 და МТ-ЛБ ტიპის 3 გამწე და რუსეთის გენერალური შტაბის მე-10 სპეცდანიშნულების ბრიგადის დაახლოებით 70 მებრძოლი.

 

მათ პოსტები ჰქონდათ სოფლებში: მეღვრიკისი, ერედვი, ფრისი, ვანათი, წვერიახო, კვერნეთი, არცევი, თამარაშენი და კეხვი.

 

სარაბუკის სიმაღლის ირგვლივ პოზიციები ჩეჩნური ბატალიონის "ვოსტოკის" ასეულს ეკავა.

 

რუს მშვიდობისმყოფელთა მოვალეობა-დანიშნულება ცეცხლის შეწყვეტის გაკონტროლება და საბრძოლო მოქმედებათა განახლების დაუშვებლობა, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევათა შემთხვევების დაფიქსირება იყო. თუმცა, უკვე ნათელი იყო, რომ სამშვიდობო კონტინგენტს ორმხრივი ცეცხლის შეჩერება აღარ ძალუძდა. ცეცხლის ინტენსივობის ყოველდღიურად მატებისა და ჩრდილოეთიდან როკის გვირაბის გავლით, კოკოითის ხელისუფლებისათვის შეიარაღების შეუფერხებლად მოდინების პირობებში, რუსეთის სამშვიდობო ძალებმა თავიანთი ფუნქციები დაკარგა და ნეიტრალურ ძალას აღარ წარმოადგენდა.

 

ოსური სამშვიდობო ბატალიონი "ალანია" კონფლიქტის წინ დაახლოებით 600-მდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა. ბატალიონის განკარგულებაში 20 ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80 და 22 ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-2 იმყოფებოდა. პირადი შემადგენლობის დიდ ნაწილს ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები წარმოადგენდნენ და კონფლიქტის განახლების შემთხვევაში ბატალიონი კოკოითის შეიარაღებული ფორმირებების დაქვემდებარებაში გადადიოდა.

 

"ალანიას" პოზიციები ეკავა ოსურ სოფლებთან: წინაგარი, გუგუთი, ოსფრისი, მონასტერი, ფრონე და წნელისი. გარდა ამისა, საცეცხლე პოზიციები მოწყობილი ჰქონდათ სოფლების: კოხათის, თელიანის, დიდმუხის, დიდი გუფთის, უბიათთან, ოსფრისთან, წითელ მიწებთან, ღრომთან, დმენისთან და სათიხართან მდებარე სიმაღლეებზე. ამ სიმაღლეებიდან ქართველ მშვიდობისმყოფელთა პოზიციების მიმართულებით ცეცხლი რეგულარულად იხსნებოდა.

 

ოსური სამშვიდობო ბატალიონი საცეცხლე წერტილების მოსაწყობად ოსური სოფლების ტერიტორიებს იყენებდა და უკანონოდ შექმნილი პოზიციების შენიღბვას ამით ცდილობდა. მის საცეცხლე ზემოქმედების ზონაში იყო სოფელ ხეთაგუროვიდან - ავნევი-ნურის საგუშაგოების მიმართულება; სოფელ ტბეთიდან - ზემო ნიქოზის მიმართულება; სოფელ ფრისიდან - ერედვისა და ქართული ფრისის მიმართულება; სოფელ მონასტრიდან - თამარაშენის მიმართულება; სოფელ სარაბუკიდან - სარაბუკის მიმდებარე ქართული პოსტები და ერედვის მიმართულება; სოფელ გუჯაბაურიდან - ქვემო ნიქოზის მიმართულება, დაპალეთი, ხელჩუა და თლიაყანა.

 

დასახელებული ადგილებიდან, 1-ელი ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ორმხრივმა ცეცხლმა ყველაზე მეტი ინტენსივობა მიიღო. 20 ივლისიდან მოწინააღმდეგე 82 მმ-იანი და 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნებით ქართველ მშვიდობისმყოფელთა პოსტების სისტემატურ დაბომბვაზე გადავიდა.

 

ქართული სოფლებისკენ გახსნილ მიზანმიმართულ ცეცხლს შედარებით ნაკლები ინტენსივობა ჰქონდა, თუმცა ამის გამო მშვიდობიანი მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ სულაც არ გრძნობდა.

 

ცხინვალში მუშაოდნენ ეუთოს დამკვირვებლები, რომლებმაც ქალაქი 6 აგვისტოს საღამოს დატოვეს და მეორე დღესვე ქართული სამხედრო კოლონების გადაადგილებას აფიქსირებდნენ.

 

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ქვედანაყოფები თავდაცვის საგანგებო სიტუაციებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა (დასკვნაში დეტალურადაა აღწერილი საომარ მოქმედებათა დაწყების შემთხვევაში კოკოითს რომელი ქვედანაყოფები ჰყავდა მობილიზებული).

 

კონფლიქტის ზონაში დაპირისპირებულ მხარეთა შორის შემაწუხებელი სროლებისა და წვრილ-წვრილ შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა რთული პოლიტიკური პროცესები, სადაც აშკარად ჩანდა კონფლიქტის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაზრდით დაინტერესება.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ 7 აგვისტოს 00 საათიდან სარაბუკის მიმართულებაზე მსხვილკალიბრიანი ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც საპასუხო საარტილერიო ცეცხლი მოჰყვა. ორმხრივი სროლა ხანმოკლე პაუზებით დილის 6 საათამდე გაგრძელდა.

 

7 აგვისტოს გამთენიისას ფრონეს ხეობაში, ნულის მიმართულებით ცეცხლი ისევ გაიხსნა და ორმხრივი სროლა თითქმის 2 საათს გაგრძელდა. იმავდროულად, ძარი-ცხინვალის გზაზე ცხინვალისა და ხეთაგუროვის, ხეთაგუროვი-ტბეთი-ცხინვალის მიმართულებით სატვირთო ავტომობილებისა და ჯავშანტექნიკის მცირე კოლონების გადაადგილება შეიმჩნეოდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით: "7 აგვისტოს 11 საათისათვის სეპარატისტებმა ხეთაგუროვიდან სოფლების - ნული-ავნევის მიმართულებით შეტევა განაახლეს. დაიჭრა ქართული სამშვიდობო ბატალიონის 3 სამხედრო მოსამსახურე. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს".

 

საფუძველი არ არის, ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ ქართული სოფლები ნული, ავნევი, ასევე სამშვიდობო პოსტები სარაბუკში ნამდვილად იბომბებოდა, მაგრამ ნათელია ის, რომ ცეცხლის ინტენსივობის ზრდის პირობებში რატომღაც არავინ ფიქრობდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე.

 

ჩვენ გვახსოვს, 3 აგვისტოს ოსური და რუსული მხარის მიერ მოხდა ცხინვალის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა ვლადიკავკაზში. მაშინ ამ ნაბიჯს ქართულმა მხარემ პროპაგანდისტული უწოდა. 4 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომ არ არსებობდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა ცხინვალის რეგიონიდან. კიდევ კარგი, რომ 8 აგვისტოს დილით ეს ხალხი ცხინვალიდან უკვე გამოყვანილი იყო. ამავდროულად, უპასუხისმგებლობად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამოკიდებულება, რომ მათ გააჩნდათ ინფორმაცია რუსული აგრესიის შესახებ და ამის მიუხედავად, არ მოხდა ქართველი მოსახლეობის ევაკუაცია.

 

რთული მდგომარეობის მიუხედავად, მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ომის თავიდან აცილება, პოლიტიკოსებს საამისოდ საღი გონება და კეთილი ნება რომ გამოეჩინათ.

 

7 აგვისტოს, დილით, ესკალაციის შესაჩერებლად საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი, რომელსაც შეხვდა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი.

 

ბუნებრივია, ასეთ დროს ნებისმიერი მცდელობა ცეცხლის შესაჩერებლად, ნებისმიერ ფორმატში შეხვედრა და მოლაპარაკება ქართულ-რუსულ-ოსურ მხარეთა შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იაკობაშვილი უარს აცხადებს შსკ (შერეული საკონტროლო კომისია) ფორმატში შეხვედრასა და ასევე, სამმხრივ მოლაპარაკებაზე. იგი ითხოვდა მხოლოდ ორმხრივ, ქართულ-ოსურ ფორმატში მოლაპარაკებას.

 

12:30 საათზე სამმხრივი ქართულ-ოსურ-რუსული კონსულტაციები მაინც დაიწყო. მოლაპარაკებათა პროცესში სააგენტოების მიერ გავრცელებული განცხადებებიდან ჩანდა, რომ ცეცხლის გახსნაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა.

 

პერიოდულად იცვლებოდა ოსური მხარის პოზიცია შეხვედრასთან დაკავშირებით. 13:11 საათზე სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა იური პოპოვს აცნობა, რომ შექმნილი საფრთხის გამო ცხინვალში არ ჩამოსულიყო. ამასთანავე, საქართველოსთან ყველა სახის ურთიერთობათა შეწყვეტის განცხადებით გამოვიდა.

 

იმავდროულად, სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა შერეული საკონტროლო კომისიის საინფორმაციო განყოფილების უფროსის ინალ პლიევის განცხადება: "ჩვენ მზად ვართ, საქართველოს მხარეს ყოველგვარ ფორმატში შევხვდეთ და ამ შეხვედრისთვის თანხმობას ველოდებით".

 

აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ცხინვალი სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის მოთხოვნას დათანხმდა, რასაც მისი მხრიდან 14 საათისათვის გაკეთებული კომენტარებიც ადასტურებენ: "ქართულ-ოსური შეხვედრა შედგება და რუსეთს მხოლოდ სადამკვირვებლო მისია დარჩება".

 

დაახლოებით იმავე შინაარსის განცხადება გაკეთდა იური პოპოვის მიერ და ამის შემდეგ რუსი დიპლომატი ცხინვალში აღარ წასულა. მიზეზი კი მეტად ბანალური - ავტომანქანის გაუმართაობა აღმოჩნდა.

 

13:09 საათზე სააგენტო "ინტერპრესნიუსით" გავრცელდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება: "დარწმუნებული ვარ, კონფლიქტის გაღვივება რუსეთის ინტერესებში არ შედის". სჯეროდა თუ არა სააკაშვილს საკუთარი სიტყვებისა, ძნელი სათქმელია მაშინ, როცა ომის მოსალოდნელი მაჯისცემა იმ დროისათვის უკვე მთელ საქართველოში ისინჯებოდა.

 

ამ განცხადებიდან სულ რაღაც 40 წუთში, 13:49 საათზე სააკაშვილის მომდევნო განცხადება გავრცელდა: "ცხინვალის სიგიჟე უნდა შევაჩეროთ".

 

პოლიტიკურ ლიდერებს თითქოს დავიწყებოდათ უახლესი ისტორიის მწარე გაკვეთილები, აფხაზეთის ომის შემდგომ ჭკუა ვერ ესწავლათ და ვერ ხვდებოდნენ, რომ მათი განცხადებები საომარ ყიჟინას უფრო წააგავდა, ვიდრე ომის თავიდან აცილების მცდელობას.

 

მოვლენები საბედისწერო სისწრაფით ვითარდებოდა. 7 აგვისტოს, 14 საათზე ავნევში ქართველი სამშვიდობოების საგუშაგოს წინ გალავანი და სოფელ ნიქოზში სამშვიდობო ძალების ბაზა ცხინვალის ფორმირებების ყუმბარმტყორცნების, 82 და 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნების, 122 მმ-იანი ჰაუბიცების ცეცხლქვეშ მოექცა. ისროდნენ ავნევის მახლობლად არსებული სიმაღლეებიდან და სოფელ ტბეთიდან.

 

საბრძოლო პოზიციაზე გასვლისთანავე მოწინააღმდეგემ ქართული ქვეითთა საბრძოლო მანქანა Бмп-2 დააზიანა. ეკიპაჟმა კონტუზია და დამწვრობა მიიღო. დაიჭრა 5 ჯარისკაცი, მათ შორის 2 მძიმედ. მოგვიანებით, ევაკუაციის დროს ორივე მათგანი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას 14:00 საათზევე იღებს სააკაშვილი.

 

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან დავითაიას კომისიის სხდომაზე: "თავდაცვის მინისტრი ლამის მუხლებში ჩამივარდა და საპასუხოდ საარტილერიო ცეცხლის გახსნა მთხოვა, როცა 2 ჯარისკაცი დამეღუპა, 5 დამეჭრა".

 

იმავდროულად, ხელისუფლების ვერსიით, დაზვერვის დეპარტამენტიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ 7 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქი, რომელმაც საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრისკენ გადაადგილების ბრძანება მიიღო.

 

საპასუხოდ, როგორც ხელისუფლება აცხადებს, უმაღლესი მთავარსარდლისაგან საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ბანდფორმირებების შემოტევისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტერვენციის შეკავების ბრძანება მიიღეს.

 

განცვიფრებას იწვევს მიღებული გადაწყვეტილების ოპერატიულობა. 14 საათზე დაიღუპა ავნევში 2 სამშვიდობო სამხედრო მოსამსახურე. 14 საათზევე პრეზიდენტმა გოგავას მისცა ბრძანება კონფლიქტის ზონაში შესვლის შესახებ; 14:30 საათზე მიიღო ინფორმაცია, რომ უკვე როკის გვირაბთან რუსული ტანკების კოლონა იყო მომდგარი.

 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გორში ყოფნისას უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად, არ შეკრიბა უშიშროების საბჭო და არ დაელოდა მის გადაწყვეტილებას. მან ჯიუტად გაიმეორა წინამორბედის მიერ 1992 წელს დაშვებული შეცდომები. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება მიიღო რისხვითა და ბრაზით. სამწუხაროდ, ომისა და მშვიდობის საკითხებს საღი გონება და პასუხისმგებლობის გრძნობა კი არ წყვეტდა, არამედ მისთვის დამახასიათებელი სიფიცხე და გახევება.

 

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სახელმწიფოში არ აღმოჩნდა არც ერთი ინსტიტუტი, არც პარლამენტი, არც მთავრობა, რომელიც შეეწინააღმდეგებოდა ასეთ შლეგურ გადაწყვეტილებას. არც ერთ მინისტრს, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანს გამბედაობა და ვაჟკაცობა არ ეყო პრეზიდენტს წინ აღდგომოდა.

 

ქვეყნისათვის ასეთ საპასუხისმგებლო დროს არ სრულდებოდა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ქმედებათა თანამიმდევრობა, არ ჩატარებულა უშიშროების საბჭოს სხდომა.

 

დაახლოებით, 17 საათზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი უცხო ქვეყნების ელჩებს შეხვდა, მაგრამ საქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსეთის არმიის თავმოყრასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ჩააყენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელჩები კომენტარებში ამ საკითხს აუცილებლად შეეხებოდნენ.

 

შექმნილ კრიტიკულ სიტუაციაში გაურკვევლობა გამოიწვია იმ შესაძლებლობათა იგნორირებამ, რომელიც ომის თავიდან აცილების თუნდაც მცირე შანსს იძლეოდა.

 

რატომ არ მოხდა პოლიტიკური და დიპლომატიური არხებით ინფორმაციის გადამოწმება? მეტიც, რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი თბილისში იმყოფებოდა და საღამოს 19 საათამდე მასთან ამ თემაზე კონსულტაციები არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს არ გაუმართავს.

 

დანაშაულად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ ამგვარი სამხედრო მუქარის არსებობის შემთხვევაში არ მოხდა ტერიტორიის მომზადება მოსალოდნელ საბრძოლო მოქმედებათა დაწყებამდე, მოწინააღმდეგის სვლის ტემპების შესაჩერებლად და მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად.

 

მოვლენები ყოველწუთიერად მწვავდებოდა, იბომბებოდა ქართული სოფლები, მსხვერპლი იყო მოსახლეობაში.

 

პოლიტიკური მიზნებისა და სამხედრო ნაბიჯების ურთიერთკავშირი და შეუთანხმებლობა

 

მაშ ასე, 7 აგვისტოს, 14:30 საათზე მთავარსარდალი გასცემს ბრძანებას რუსული აგრესიის შეკავებაზე.

 

შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები თავშეყრის ადგილებისკენ გადასვლის სამზადისს შეუდგნენ. შეიარაღებულ ძალებს განესაზღვრათ თავშეყრის რაიონები, სადაც დასაბანაკებლად გადაადგილებას იწყებენ შემდგომი ამოცანით - საწყის პოზიციებზე გასასვლელად. მათ მოძრაობაზე დაკვირვებით ნათელი ხდება სამხედრო ხელმძღვანელობის ჩანაფიქრი, სავარაუდო საბრძოლო მიმართულებები, დაჯგუფებათა შემადგენლობები და ამოცანები.

 

მეოთხე ბრიგადის ბატალიონები თავს იყრიან ქარელის რაიონში შოთაწყაროსთან, დასახლებულ პუნქტ აგარასთან; მესამე ბრიგადა - გორი-ცხინვალის ტრასის დასაწყისში, დასახლებულ პუნქტ კარალეთთან; მეხუთე ბრიგადის ერთი ბატალიონი - დასახლებულ პუნქტ კარალეთთან; მეორე ბრიგადის ნაწილები - დასახლებულ პუნქტ იგოეთთან; ბათუმის საზღვაო ქვეითთა ბატალიონი - დასახლებულ პუნქტ საქაშეთთან; შსს-ს ნაწილები გორისა და კარალეთის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ბაზებზე; გორის ცალკეული სატანკო ბატალიონი - დასახლებულ პუნქტ ავნევის ასასვლელთან; შსს-ს კუდ-ის 500-კაციანი დაჯგუფება ონის მისადგომებთან; საჩხერის სამთო ბატალიონი სოფელ პერევის მისადგომებთან; არტილერია 16-იდან 17 საათამდე საბრძოლო პოზიციებს იკავებს დასახლებულ პუნქტ ტირძნისთან.

 

ასევე, განისაზღვრა რეზერვისტთა მობილიზაციის გეგმა, რომელთაც წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული თავშეყრის რაიონები ბაზების მიხედვით: 1) დასახლებულ პუნქტ ვაზიანის აეროდრომის ტერიტორია; 2) სენაკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორია; 3) ქუთაისის მესამე ბრიგადის ტერიტორია; 4) გორის ბრიგადის ტერიტორია; 5) ვაზიანის ბრიგადის ტერიტორია.

 

სულ იგეგმებოდა რეზერვისტთა 60-მდე ბატალიონის მობილიზაცია, სავარაუდოდ, 30 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით (თუმცა, მობილიზაციის ბრძანება 8 აგვისტოს, ღამის 3 საათამდე არ გაცემულა).

 

აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ 7 აგვისტოს, ცხინვალის მხრიდან თავგასული მოქმედებების აღკვეთის თუ აგრესიის შესაკავებლად მზადება დაწყებულია. ავტომატურად, 14:30 საათზე ქართველმა ოფიცრებმა შერეული სამშვიდობო ძალების გაერთიანებული შტაბი დატოვეს და ცხინვალიდან გამოვიდნენ.

 

15 საათზე რუსებმა, ქართველების მსგავსად, სოფელ კეხვიდან თავიანთი სამშვიდობო ძალების საგუშაგოს პირადი შემადგენლობა მოხსნეს და ჯავის მიმართულებით გადაიყვანეს. მიუხედავად ამისა, ხეობაში მყოფი პოლიციელები და ქართული სამშვიდობო ბატალიონის ასეული, თავდაცვითი ამოცანების შესრულებას აგრძელებდნენ. ამ დროისათვის დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებს მოწინააღმდეგე დროდადრო ცეცხლს უხსნიდა, მცირე ინტენსივობით ისროდა თამარაშენი-კეხვის მიმართულებით.

 

რა ხდებოდა ამ დროს პოლიტიკური მიმართულებით? პოლიტიკურ ფრონტზე პრეზიდენტის ბრძანებულებით, რეინტეგრაციის მინისტრ დავით იაკობაშვილს დაევალა ცხინვალში "სიგიჟის შეჩერება". ამ მიზნით იაკობაშვილი ჩოჩიევს უნდა შეხვედროდა ცხინვალში. ასევე მოლაპარაკება გაემართა თბილისში ჩამოსულ საგანგებო დავალებათა ელჩთან იური პოპოვთან.

 

ცალკე შესწავლასა და გამოკვლევას მოითხოვს იაკობაშვილი-პოპოვი-ჩოჩიევის არშემდგარი მოლაპარაკების მიზეზები.

 

ქართული მხარე მოლაპარაკებათა ორმხრივ, ქართულ-ოსურ ფორმატში ჩატარებას მოითხოვდა, ხოლო მოსკოვსა და ცხინვალს დაგომისის 1992 წლის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი ოთხმხრივი ფორმატის (საქართველო, სამხრეთ ოსეთი, ჩრდილოეთ ოსეთი და რუსეთი) შენარჩუნება სურდა. შერეული საკონტროლო კომისიის უეფექტო მუშაობის გამო ნათელი გახდა, რომ თბილისი ძველი ფორმატით მოლაპარაკებათა წინააღმდეგი იქნებოდა (როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ამ დროისთვის, როცა ოსურ და ქართულ მხარეებს მცირე ინტენსივობით ორმხრივი ცეცხლი ჰქონდათ გახსნილი, საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურად უკეთესი მდგომარეობისათვის მიღწევის იმედი ჰქონდა).

 

გვახსოვს, თემურ იაკობაშვილის ცნობილი განცხადება, რომ შერეული საკონტროლო კომისია (შსკ) გარდაიცვალა. რაც შეეხება ცხინვალს, იგი პოზიციებს პერიოდულად იცვლიდა, ქართულ მხარეს ხან პირდაპირ დიალოგსა და შეხვედრაზე თანხმდებოდა, ხან უარს ამბობდა. უცნობია, რა იყო ცხინვალის წარმომადგენელთა მერყევი პოზიციის რეალური მიზეზები.

 

7 აგვისტოს, 14:42 საათზე საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსით" გავრცელდა ინფორმაცია, რომ თემურ იაკობაშვილის შეხვედრა კოკოითი-ჩოჩიევთან აღარ შედგებოდა.

 

15 საათზე "ინტერპრესნიუსმა" რეინტეგრაციის მინისტრის კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დაგეგმილი შეხვედრა ცხინვალმა ჩაშალა.

 

16:20 საათზე, იმავე სააგენტოს ინფორმაციით, თემურ იაკობაშვილი ცხინვალში მაინც ჩავიდა.

 

16:30 საათზე "ინტერპრესნიუსმა" თემურ იაკობაშვილისა და გენერალ-მაიორ მარატ კულახმეტოვის შეხვედრის ინფორმაცია გაავრცელა. შეხვედრას რუსეთის წარმომადგენელი იური პოპოვი იმ მიზეზით არ დაესწრო, რომ გზაში ავტომანქანა გაუფუჭდა და ცხინვალში ჩასვლა ვერ მოახერხა (ნათელი იყო, მიზეზი ყურით მოთრეული გახლდათ).

 

18:39 საათზე იაკობაშვილმა ცხინვალი ისე დატოვა, ოსურ მხარესთან შეხვედრა ვერ მოახერხა და თბილისისაკენ წამოვიდა.

 

რეინტეგრაციის მინისტრისა და კოკოითის ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებათა პარალელურად, რუსული სააგენტოები საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი ინტერვენციის თაობაზე ინფორმაციებს ავრცელებდნენ. სამაგიეროდ, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთიდან შესაძლო აგრესიის შესახებ და გაუგებარია, რატომ უმალავდა საკუთარ მოსახლეობასა და საერთაშორისო თანამეგობრობას. არც ერთ ქართულ სააგენტოს მსგავსი ინფორმაცია არ გადაუცია.

 

ვითარება კონფლიქტის ზონაში სულ უფრო იძაბებოდა და მოვლენების ესკალაციისაკენ მიემართებოდა.

 

იმ დროს, როდესაც იაკობაშვილი ცხინვალისკენ მიდიოდა, ქართული მხარის ინფორმაციით, 14 საათიდან დასახლებულ პუნქტ ხეთაგუროვოდან მასობრივად იბომბებოდა სოფლები ნული და ავნევი. 7 აგვისტოს, 15:17 საათზე, მოწინააღმდეგის შემაწუხებელი ცეცხლის შესაჩერებლად არტილერიის ამოქმედება გადაწყდა. საპასუხოდ, 15:45 საათიდან 16:15 საათამდე, ქართული საჯარისო შენაერთები არტილერიისა და ტანკების მეშვეობით ცეცხლს უხსნიან ხეთაგუროვოს და ცხინვალის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებას. ოსური მხარიდან დაბომბვები მიმდინარეობს 16:30 საათიდან 17:30 საათამდე ავნევის მიმართულებით. ავნევში იღუპება ორი ქართველი სამშვიდობო სამხედრო მოსამსახურე. ქართული ინფორმაციით, საპასუხო ცეცხლი სოფელ ხეთაგუროვოს მიმართულებით გაიხსნა, რასაც მოწინააღმდეგის ცეცხლის თანდათან შესუსტება და შემდეგ სრული ჩახშობა მოჰყვა.

 

ძნელია ახსნა, რეალურად რა ხდებოდა იმდროისათვის კონფლიქტის ზონაში. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციებს საპარლამენტო კომისიის წინაშე ოფიციალური პირების მიერ მიცემული ჩვენებებიდან, რომლის თანახმად, ოსური მხარე გამუდმებით ისროდა ქართული მხარის მიმართულებით. თითქოს დავიწყებოდათ 1992 წლის ომისა და დაღვრილი სისხლის ფასი... ისე იყვნენ გაბოროტებული, რომ თითქოს ქართველებისგან კარგი აღარაფერი ახსოვდათ.

 

ანალიზისთვის ისიც შეიძლება განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტის მიერ გაცხადებული ინფორმაცია, თიითქოს კეზერაშვილმა 14:00 სთ-ზე საპასუხო ცეცხლის გახსნა სთხოვა და მან უარი უთხრა (საპარლამენტო კომისიის სხდომიდან) ან სიმართლეს არ შეეფერება, ან მან ძალიან სწრაფად, მაქსიმუმ 1:17 წუთში შეცვალა გადაწყვეტილება და კეზერაშვილს საპასუხო ცეცხლის გახსნის ნება დართო. საპარლამენტო კომისიის მასალებით ირკვევა, რომ დაახლოებით 15:17 საათიდან, ქართული არტილერია უკვე საბრძოლო მოქმედებათა ზონაში იმყოფებოდა და საარტილერიო მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. კონფლიქტის ზონაში ქართული არტილერიის შესვლას და ცეცხლის გახსნას ადასტურებენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც. 16-დან 17 საათამდე პერიოდში, დე ფაქტო ლიდერის, ედუარდ კოკოითის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ გორიდან ტირძნისი-ტყვიავის რაიონში 27 ერთეული "გრადის" დანადგარი შევიდა.

 

გაუგებარია, რას ემსახურებოდა იაკობაშვილის მცდელობა ცხინვალში ჩოჩიევთან უშედეგო შეხვედრისას, - სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მიღწევას თუ დაძაბულობის განეიტრალებას და ორმხრივი ცეცხლის შეჩერებას (სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მიღწევაში იგულისხმება მკაცრი სამხედრო-პოლიტიკური კურსის უკომპრომისოდ გაგრძელება, რათა აიძულო ოსური მხარე დათმობებზე წამოვიდეს და წინააღმდეგობა შეწყვიტოს. ხოლო დაძაბულობის განეიტრალებასა და ცეცხლის შეწყვეტაში იგულისხმება მზადყოფნა უკიდურესი ნებისმიერი დათმობებისთვისაც, რათა თავიდან აიცილო მოსალოდნელი საომარი მოქმედებები). ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მერყეობისა და შეხვედრის ჩაშლის მიზეზი შესაძლოა ის გახლდათ, რომ ოსური მხარე მზად იყო ნებისმიერი "მსხვერპლშეწირვისთვის" რუსული აგრესიის გასამართლებლად, ოღონდაც საქართველო ომში ჩაეთრია. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, შეხვედრის ჩაშლა და ცხინვალიდან სახელმწიფო მინისტრის უშედეგოდ წამოსვლა ქართული არტილერიის მხრიდან მოწინააღმდეგის საცეცხლე პოზიციების მიმართულებით გახსნილმა ძლიერმა საარტილერიო ცეცხლმა გამოიწვია... ამ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური მიზნები და სამხედრო ნაბიჯები ერთმანეთს არ დაემთხვა.

 

პარალელურად, ჩოჩიევთან ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, კულახმეტოვსა და იაკობაშვილს შორის შედგა შეხვედრა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს თითქოს დავიწყებოდათ როკის გვირაბთან მომდგარი რუსული სამხედრო კოლონები და მოსალოდნელ აგრესიაზე კი არ ელაპარაკებოდნენ კულახმეტოვს, არამედ მეგობრულად საეჭვო გარიგებებს აწარმოებდნენ მასთან.

 

"სიგიჟის შესაჩერებლად" საქართველოს პრეზიდენტმა უკანასკნელი ნაბიჯი გადადგა. "მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 19 საათზე გენერალ კულახმეტოვს ესაუბრა ტელეფონით და ამ უკანასკნელმა ქართული მხარიდან ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, რათა ამის შემდეგ ზემოქმედება უკვე ცხინვალის მხარეზე მოეხდინა ცეცხლის შესაჩერებლად" (ციტირება საპარლამენტო კომისიის მასალებიდან).

 

ამის შემდეგ, 7 აგვისტოს, 19 საათისათვის ქართული მხარიდან ცეცხლი შეწყვეტილია და "ინტერპრესნიუსით" თემურ იაკობაშვილის განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო მინისტრი შეხვედრისათვის მზადყოფნას ისევ გამოხატავდა, მაგრამ ცხინვალში ჩოჩიევის ტელეფონი არ პასუხობდა.

 

19:33 საათზე გავრცელდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერად გაცემული ბრძანება: "ქართული მხარიდან არც ერთი გასროლა არ მოხდეს, სრული მორატორიუმი!"

 

19:36 საათზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა: "ჩვენ ქართველებსა და ოსებს შორის ომი არ უნდა დავუშვათ. მოვუწოდებ ოსურ მხარეს, ცეცხლი შეწყვიტოს, ნუ გვაიძულებს საპასუხო ცეცხლის გახსნას. ხვალ ცხინვალში იაკობაშვილისა და ჩოჩიევის მოლაპარაკება არის დანიშნული".

 

პრეზიდენტის მიმართვის ტექსტი მშვიდობისმოყვარე, გულისამაყუჩებელი სულისკვეთებით გახლდათ გამსჭვალული, მაშინ როცა როკის საზღვარზე მომდგარი იყო ასეულობით ერთეული სამხედრო ტრანსპორტი და საბრძოლო ტექნიკა და კონფლიქტის ზონისკენ მიემართებოდა.

 

საინტერესოა, პრეზიდენტის მიმართვას ოსურ მხარეზე შთაბეჭდილება რომ მოეხდინა და ამის შემდეგ ცეცხლი აღარ გაეხსნა, რუსული აგრესია მაინც განხორციელდებოდა თუ არა.

 

ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო მიმართვამ ოსი და ქართველი ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ და ცეცხლის შეწყვეტის ცალმხრივმა გადაწყვეტილებამ შედეგი მხოლოდ ერთი საათით გამოიღო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20:30 საათზე სეპარატისტთა ფორმირებებმა ნაღმტყორცნებით სოფლები ნული და ავნევი დაბომბეს, ხოლო 22:30 საათზე თლიაყანის მთიდან სოფელ თამარაშენსა და ფრისს ცეცხლი გაუხსნეს.

 

არც ის ვერსია შეიძლება გამოირიცხოს, რომ ოსური მხარე მიზანდასახულად აგრძელებდა საქართველოს ხელისუფლების მოწოდების იგნორირებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და აგრძელებდა დაბომბვებს, რადგანაც კარგად იცოდა საქართველოს ხელისუფლების მეთაურთა ფიცხი ხასიათი და გამუდმებული პროვოკაციებით ცდილობდა შეექმნა საფუძველი რუსული აგრესიის განსახორციელებლად. არც მეორე ვერსია უნდა გამოირიცხოს, რომ ცხინვალის საინფორმაციო საშუალებები სააკაშვილის გამოსვლიდან ერთ საათში, ე.ი. 20:30 საათზე უკვე აცხადებდნენ, რომ თბილისი-გორის მიმართულებიდან ცხინვალისკენ დაახლოებით 600 ერთეული საბრძოლო ტექნიკისა და ავტომობილისგან შემდგარი რამდენიმე კოლონა მოემართებოდა. ამის შემდეგ უკვე აზრს კარგავს ხელისუფლების თუ მოწინააღმდეგის ინფორმაციების აღწერა. შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილების უკანასკნელი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს და ომი გარდაუვალი გახდა. ყოველ შემთხვევაში, ქართული ხელისუფლების მოთმინების ფიალა ამოიწურა. "სიგიჟე გადამდები აღმოჩნდა". ძნელია ალბათ, გაუძლო ამდენ პროვოკაციას, თავხედურ გამოხდომას... ალბათ, დიდია ცდუნება, როდესაც ეჭვი არ გეპარება საკუთარ წარმატებაში და იმავდროულად გარწმუნებენ, რომ რუსეთი ვერ ჩაერევა თავხედური გამოხდომებისა და პროვოკაციების აღკვეთაში... ყოველ შემთხვევაში, 7 აგვისტოს 18 საათიდან 23 საათამდე, ქართული შენაერთები კონფლიქტის ზონაში, თავშეყრის რაიონში დაბანაკდნენ და მზად იყვნენ საბრძოლო ამოცანის მისაღებად და საწყის პოზიციებზე გასავლელად. ამის შემდეგ ომის დაწყება უკვე მხოლოდ საათებისა და წუთების საქმე გახლდათ.

 

და მაინც, რატომ შეცვალა ომმა რიტორიკა...

 

ის, რომ ომი გარდაუვალი იყო, მის დაწყებამდეც უკვე იცოდა დაპირისპირებაში უშუალოდ ჩართულმა და არჩართულმა ყველა მხარემ, იცოდა საერთაშორისო თანამეგობრობამაც. 6 აგვისტოს, საღამოს, კრწანისის სასწავლო ცენტრი დატოვეს ამერიკელმა ოფიცრებმა, რომლებიც ქართულ შენაერთებს წვრთნიდნენ. აშშ-ის საელჩოს მიერ იმავე საღამოს მოხდა მათი საქართველოდან თვითმფრინავით ევაკუირება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დატოვეს ასევე აქ მოვლინებულმა სამხედრო მრჩევლებმა და ინსტრუქტორებმა. ეს ყველაფერი კი ალბათ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამაც იცოდა. 7 აგვისტოს, მიუხედავად მანამდე არაერთგზის დეკლარირებული პოზიციისა, რომ კონფლიქტის რეგულირება მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მომხდარიყო, საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო ხმა არც მოსალოდნელი აგრესიის შეკავებისა და არც კონფლიქტის განახლების წინააღმდეგ არ დაფიქსირებულა.

 

ომის გარდაუვალად დაწყების შესახებ იცოდა ოსურმა მხარემაც, რომელიც ხედავდა ქართული სამხედრო კოლონების ანთებულ ფარებს, თუ როგორ შედიოდნენ კონფლიქტის ზონაში. მიზანი მიღწეული იყო - ქართული მხარე მზად გახლდათ მოსალოდნელ ომში ჩასართველად და ცხინვალის ზღვარგადასული ქმედებების აღსაკვეთად.

 

რაღა თქმა უნდა, კონფლიქტის განახლების შესახებ რუსულმა მხარემაც იცოდა. ერთი მხრივ, რუსული საინფორმაციო საშუალებები 7 აგვისტოს ავრცელებდნენ ინფორმაციას ქართველთა მხრიდან ცხინვალში მოსალოდნელი აგრესიის შესახებ და იმავდროულად, ემზადებოდნენ კონფლიქტში ჩასართველად და ცხინვალის მხარდასაჭერად. 7 აგვისტოს ვლადიკავკაზის სამხედრო გარნიზონი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მოწინააღმდეგემ მიზანს მიაღწია, საქართველოს ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა.

 

7 აგვისტოს საღამოს უკვე კონფლიქტის ზონის მოსახლეობამაც და სანაკოევის ადმინისტრაციამაც იცოდა ომის გარდაუვალი დაწყების შესახებ, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსები კონფლიქტში ვერ ჩაერეოდნენ. 7 აგვისტოს, საღამოს 19 საათზე კონფლიქტის ზონაში თავად გავემგზავრე, ვიმყოფებოდი ნიქოზში, ერედვში, ერგნეთში, თამარაშენის შემოვლით გზასთან, სადაც სამხედროებს და ადგილობრივ მოსახლეობას გავესაუბრე. მაინტერესებდა, რუსეთის 58-ე არმიის შესაძლო შემოჭრასა და კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია ჰქონდათ ერედვში მყოფ ოფიცრებს, ნიქოზის მოსახლეობას და დიმიტრი სანაკოევის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ყველას ჰქონდა ერთი და იგივე პასუხი, რომელიც ცხინვალიდან გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ამ ინფორმაციით, პუტინს კოკოითისთვის შემოუთვლია, 400 კაცი მაინც უნდა დაიღუპოს, რათა რუსეთის არმიას საქართველოში შემოჭრის საბაბი ჰქონდესო.

 

გაუგებარია, საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რატომ სჯეროდა გულუბრყვილოდ და რატომ იყო დარწმუნებული, რომ რუსეთი კონფლიქტში ჩარევას ვერ გაბედავდა.

 

საქართველოს საპარლამენტო დროებითი კომისიის 28 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის შეკითხვას, - გვქონდა თუ არა ინფორმაცია შესაძლო ინტერვენციის შესახებ, - გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ზაზა გოგავამ უპასუხა: "მინდა გითხრათ, როგორც გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ჩვენთან სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტიდან და ასევე, საგარეო დაზვერვის დეპარტამენტიდან შემოსული იყო ინფორმაცია... აგრეთვე იცით, რომ არსებობს კონტრდაზვერვის სამსახური, საიდანაც ჩვენ ინფორმაციებს ვიღებთ. მე, როგორც გაერთიანებული შტაბის უფროსმა, მინდა გითხრათ, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან ამ დონის აგრესიაზე არც ერთი ქმედება არ მიუთითებდა. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ჩრდილოეთ საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების წვრთნებმა ბოლო დროს ინტენსიური ხასიათი მიიღო. მაგრამ, წვრთნები ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობდა და აგრესიის შესაძლებლობის მინიშნებას არ გვაძლევდა" (ციტირება კომისიის სხდომის მასალებიდან).

 

ჩანს, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით დეზინფორმირებული იყო. მას ჩვენთვის "უხილავი მხარე" ან ზედმეტად აიმედებდა, ან თავად რაღაც საეჭვო გარიგებების იმედად იმყოფებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაურკვეველია, სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას იმაზე მეტი რაღა მინიშნებები უნდა ჰქონოდა მოსალოდნელი აგრესიისა და ომის სავარაუდო ხასიათის შესახებ, ვიდრე ჰქონდა.

 

ჯერ ერთი, უმაღლესი მთავარსარდლის ამოცანა აგრესიის შეკავება იყო, რუსული ავიაცია საქართველოს საჰაერო სივრცეს ლამის ყოველდღე არღვევდა, ხოლო ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის წვრთნების დროს დასახული ამოცანები და რუსი პოლიტიკოსების მიერ აგრესიული განცხადებები საკმარისზე მეტი მინიშნების საფუძველს იძლეოდა.

 

საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის 28 ოქტომბრის სხდომაზე ლევან ვეფხვაძის შეკითხვას - ელოდით თუ არა ამ მასშტაბით ინტერვენციას, გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ზაზა გოგავამ უპასუხა: "ჩვენ არ ველოდით იმას, რაც 9 აგვისტოს მოხდა, რაც 7-ში დაიწყო. ამგვარი ქმედებები სეპარატისტების მხრიდან რუსეთის ე.წ. სამშვიდობოების დახმარებით ხშირად ხორციელდებოდა, მაგრამ 7-ში დაწყებული მოვლენები უკვე 9-ში იმ ზომის ინტერვენციაში გადაიზარდა, რომელიც დედაქალაქის აღებას ითვალისწინებდა".

 

აშკარაა, სამხედრო ხელმძღვანელობას ვერ წარმოედგინა და ვერ გაეცნობიერებინა, მოსალოდნელ კონფლიქტში ვინ იქნებოდა მათი მოწინააღმდეგე და ამგვარი ოპერატიულ-სტრატეგიული ვითარებიდან უსახავდა საბრძოლო ამოცანებს სამხედრო შენაერთებსა და დაჯგუფებებს. საერთოდ, სამხედრო გეგმებისა და ბრძანებების გაცემისას უმთავრესია მეთაურის მომზადება მომავალი ოპერაციისათვის, რომელიც ამოცანის შესრულებას თან სდევს; სადაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, თუ ვინ არის მოწინააღმდეგე, ვის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული სამხედრო ოპერაცია. ჩვენს შემთხვევაში პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სამხედრო ხელმძღვანელობას, ხოლო სამხედრო ხელმძღვანელობამ საკუთარი ბრიგადებისა და შენაერთების მეთაურებს, მოწინააღმდეგედ კონფლიქტის ზონაში მყოფი ბანდფორმირებები და ჩრდილო კავკასიიდან შემოსული მოხალისეთა ჯგუფები განუსაზღვრა, ხოლო რუსული სამშვიდობო კონტინგენტის მიმართ მკაცრი მითითება გასცა, რომ მათ წინააღმდეგ ცეცხლი არ გაეხსნათ.

 

რა ინფორმაცია ჰქონდა ქართულ მხარეს მოწინააღმდეგის შესახებ

 

საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობას ცხინვალში არსებული რუსული და ოსური სამხედრო შენაერთების განლაგებისა და რაოდენობის შესახებ შემდეგი ინფორმაცია ჰქონდა: 7 აგვისტოს, საღამოს 22 საათისთვის, მდინარე ლიახვის მარცხენა სანაპიროს ფრისის სიმაღლეები ერთ ქვეით ბატალიონს ჯავშანტექნიკის გარეშე ეკავა, ხოლო ბლოკპოსტებზე რუსი სამშვიდობოები იმყოფებოდნენ. ცხინვალის სამხრეთით პოზიციებზე, ჩრდილო ოსეთის სამშვიდობო ბატალიონის 200-მდე სამხედრო მოსამსახურე ჯავშანტექნიკის 11 ერთეულით იყო განთავსებული.

 

ცხინვალში, ე.წ. "ზემო ქალაქში" რუსული სამშვიდობო ძალების 135-ე მოტომსროლელი პოლკის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის 220-მდე სამხედრო მოსამსახურე იყო განთავსებული. ჯავშანტექნიკიდან მათ განკარგულებაში ორი ვგ-1 და ერთი HLV-2 იყო. ბატალიონის დანარჩენი 250 კაცი სამსახურს სხვადასხვა პოსტზე გადიოდა.

 

ცხინვალის დასავლეთით ტბეთი-კვერნეთის მიმართულება ჯავშანტექნიკით, თვითმავალი საარტილერიო დანადგარებითა და 82 მმ-იანი ნაღმსატყორცნებით გაძლიერებულ ბატალიონს ეკავა. ქალაქის ცენტრში, ვაგზლისპირა და გმირების ქუჩების გადაკვეთის სიახლოვეს, ერთობლივი სამშვიდობო ძალების შტაბი მდებარეობდა. შტაბის ტერიტორიაზე განთავსებული იყო საშტაბო ავტომობილები, ჯავშანტექნიკის რამდენიმე ერთეული და კავშირგაბმულობის კვანძი. იქვე იყო დისლოცირებული ჩრდილო ოსეთის სამშვიდობო ბატალიონის ორი მოტომსროლელი და ერთი საინჟინრო ასეული.

 

ბოლო ერთი წლის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია ჯავაში დახურული რუსული სამხედრო ქალაქის მშენებლობის თაობაზე, რომელიც ახალი დასრულებული იყო. ფაქტობრივად, სამხედრო ბაზას წარმოადგენდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გააჩნდა. ჯავაში დასაწყობებული იყო ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მასალებისა და საწვავის განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც რუსეთის არმიას საბრძოლო მოქმედებათა დაწყების შემთხვევაში აუცილებლად დასჭირდებოდა, მით უფრო მოქმედებების ზამთარში დაწყების შემთხვევაში, როცა ტრანსკავკასიური მაგისტრალი ზვავების გამო იკეტება ხოლმე.

 

მოგვიანებით, როგორც ინტერნეტსაიტებით გახდა ნათელი, ჯავაში რა თქმა უნდა, რუსული გაძლიერებული სამხედრო კონტინგენტი წინასწარ შეიყვანეს. საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდა: ა) 135-ე მოტომსროლელი პოლკის ერთი მოტომსროლელი ბატალიონი; ბ) დაზვერვის ოცეული; გ) დაუზუსტებელი რაოდენობის სატანკო მექანიზებული შენაერთი, ასევე სადაზვერვო ნაწილი.

 

როგორც მოგვიანებით, ინტერნეტსაიტებიდან გახდა ცნობილი, ცხინვალში ასევე წინასწარ შეიყვანეს რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების მე-10 და 22-ე ბრიგადების ქვედანაყოფები. UHE-ს ჯგუფების ცხინვალში არსებობა მიუთითებს, თუ საიდან იღებს პროვოკაციები სათავეს.

 

რაც შეეხება როკის გვირაბთან მომდგარ კოლონას, მის წინააღმდეგ 14:30 საათზე მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე, მთავარსარდლის გადაწყვეტილებით აგრესიის შესაკავებლად სამხედრო შენაერთები შეიყვანეს კონფლიქტის ზონაში, შსს-ს ინფორმაციით, 23:30 საათზე 150 ერთეული ჯავშანტექნიკისა და ავტომანქანისგან შემდგარი კოლონა კვლავ როკის გვირაბს უახლოვდებოდა, ე.ი. სიტუაცია ზემოთ აღნიშნული დროისთვის არ იყო შეცვლილი. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით კი რუსული კოლონის შემადგენლობა ტექნიკის 100 ერთეულს ითვლიდა.

 

7 აგვისტოს, 23:35 საათზე გაერთიანებული შტაბის უფროსმა დახურულ სპეცკავშირზე უმაღლესი მთავარსარდლისგან მიიღო ბრძანება:

 

1) საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩეროს საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსეთის შეიარაღებული ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა.

 

2) უზრუნველყოს მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობა, საიდანაც 6-7 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში განთავსებულ სამშვიდობო ჯარების პოსტებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს გამუდმებით ესროდნენ.

 

3) დაცული იქნას მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესები და მისი უსაფრთხოება.

 

საერთოდ, ერთსა და იმავე სამხედრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თანაბრად შეიძლება დაერქვას სახელი - აგრესიის შეკავებაზე, მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების განადგურებაზე, შეტევასა და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე. რომელი იყო ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება და რა სახელი უნდა დაერქვას მას, ეს შესაძლოა შეფასდეს იმ შესრულებულ ამოცანათა შინაარსით, რომელსაც შემდგომში მოქმედებათა ანალიზი გვაჩვენებს.

 

ომი დაიწყო...

 

7 აგვისტოს, 23:40 საათზე საქართველოს ხელისუფლება საარტილერიო ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანებას გასცემს.

 

საბედისწერო შეცდომა იყო ცხინვალის მიმართულებით 50-მდე რეაქტიული ჭურვის გაშვება.

 

საბრძოლო მოქმედების დაწყებისთანავე შეინიშნება რუსული არმიის ქმედებები.

 

00:45 საათზე "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები საარტილერიო იერიშს ახორციელებდნენ იმ გზაზე, რომლითაც როკის გვირაბიდან გამოსული რუსეთის არმიის სამხედრო კოლონა მოძრაობდა.

 

შეფასებისას ნებისმიერი სამხედრო ქმედება უნდა აიხსნებოდეს, მორალურად გასაგები და გამართლებული უნდა იყოს საკუთარი მოსახლეობის, მოწინააღმდეგის და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე პრეზიდენტმა საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა: "მე ვუბრძანე საარტილერიო ცეცხლის გახსნა ცხინვალზე". პრეზიდენტის ეს ბრძანება საბედისწერო აღმოჩნდა, ვინაიდან ცხინვალში კვლავ რჩებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი (თუმცა, მოსახლეობის უმეტესობა გაყვანილი იყო).

 

პრეზიდენტის ბრძანება საბედისწერო აღმოჩნდა იმიტომაც, რომ სწორედ პირველად ქართული მხარის მიერ მასირებული საარტილერიო ცეცხლის გახსნა დაგმო და გაამტყუნა საერთაშორისო საზოგადოებრიობამ. რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების ერთ-ერთ საბაბად კონფლიქტში ჩართვის შესახებ სწორედ მშვიდობიანი ქალაქის დაბომბვა გვევლინება. არც ქართველმა საზოგადოებამ გაამართლა ქართული მხარის მიერ დაწყებული იერიში. რაც შეეხება ცხინვალის მრავალსართულიანი კაპიტალური სამთავრობო შენობების მიმართულებით გაშვებულ 50-მდე რეაქტიულ ჭურვს, სამხედრო თვალსაზრისით მას არანაირი ეფექტი არ ჰქონია.

 

პირველი გაზვიადებული სამხედრო წარმატება

 

საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველივე წუთებიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები ერთდროულად ავითარებენ შეტევას ყოფილი სამხრეთ ოსეთის დასავლეთ და აღმოსავლეთ ფრონტზე. დასავლეთის მიმართულებით პირველ საბრძოლო მოქმედებებში ერთვება მეოთხე ბრიგადა. სავარაუდოდ, თავდაპირველი გეგმა ითვალისწინებდა: ზნაური-ხეთაგუროვის მიმართულებით მოწინააღმდეგის საცეცხლე პოზიციებისა და წერტილების განადგურებას. ბატალიონების შეტევას - ერთი მხრივ მარცხნივ და დასახლებული პუნქტის ზნაურის დაკავებას, მეორე მხრივ კი მარჯვნივ - სოფელ ხეთაგუროვის დაკავების შემდეგ, სტრატეგიული მნიშვნელობის ძარის გზაზე გასვლასა და გუფთის ხიდის მიმართულებით შეტევის განვითარებას. იმასთან დაკავშირებით, თუ რა როგორ განვითარდა, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები არსებობს.

 

საპარლამენტო კომისიის სხდომიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით: მე-4 ბრიგადის მიერ სოფელ ხეთაგუროვისკენ, მასირებული საარტილერიო ცეცხლი 00:40 საათზე გაიხსნა და 22 წუთს გაგრძელდა. ამით მოხერხდა მოწინააღმდეგის საბრძოლო პოზიციებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება და ნაწილობრივ განადგურება. 01:00-დან 02:00 საათისთვის კი ცხინვალიდან 7-9 კმ-ის დაშორებით შეტევა იწყება მუგუთი-ხეთაგუროვის მიმართულებით. მასირებული საარტილერიო დარტყმის შემდეგ, 01:30 საათზე მე-4 ბრიგადის ნაწილებმა სოფელი მუგუთი დაიკავეს და შეტევა ავნევი-ხეთაგუროვის მიმართულებით განავითარეს.

 

ხანმოკლე ბრძოლების შემდეგ მე-4 ბრიგადის 41-ე და 42-ე ბატალიონებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და გამთენიისას სოფელი ხეთაგუროვი დაიკავეს. მოწინააღმდეგის ფორმირებებმა ხეთაგუროვი-ძარი-ჯავას და ხეთაგუროვი-ტბეთი-ცხინვალის მიმართულებით უკან დაიხიეს.

 

ასევე, წარმატებულად განვითარდა შეტევა ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღმოსავლეთ ფრონტზე. 8 აგვისტოს, 02:00 საათიდან ქართული ქვედანაყოფები სოფლების: წინაგარას, დიდმუხას, მუგუთის და ღრომის მიმართულებებით შეტევით ოპერაციებს წარმატებით ავითარებენ.

 

თუმცა, გვახსოვს 8 აგვისტოს დილით ხელისუფლების განცხადებები მიღწეულ წარმატებაზე: "ქართულმა მხარემ ზნაურის რაიონი დაიკავა. გამთენიისას საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი მოიპოვეს სხვადასხვა მიმართულებით მდებარე ოსურ სოფლებზე: ორჭოსანი, წინაგარა, დიდმუხა, ღრომი, არცევი და დმენისი. დილით ქართული არმიის კონტროლის ქვეშ გადმოვიდა დაბა ზნაური, სოფლები: ატოცი, ქვემო ოქონა, დმენისი".

 

05:14 საათზე საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს თემურ იაკობაშვილის განცხადებას, რომ ქართული მხარე 6 ოსურ სოფელს სრულად აკონტროლებს.

 

ანალიზი: პირველივე წუთებიდან შეინიშნება სამხედრო ქმედებების და პოლიტიკური განცხადებების ურთიერთშეუთავსებლობა. ამავდროულად, საწყისი წუთებიდანვე ჩანს, რომ სამხედრო ნაწილებს სავარაუდო მოწინააღმდეგედ ოსური შეიარაღებული ფორმირებები განესაზღვრათ და მათ ქმედებებს აღნიშნული სოფლების დაკავებისას არაფერი საერთო არ ჰქონდა აგრესიის მოგერიებასთან. ქართული მხარე ორჭოსანის და წინაგარას დაკავებაზე აკეთებდა განცხადებებს, მაშინ როცა აღნიშნული სოფლები იგოეთი-გორის ტრასის გზის პირიდან მე-12 კმ-ზე მდებარეობს, ხოლო რაც შეეხება დმენისს და ზნაურს, ჩვენი ინფორმაციით, იგი საერთოდ დაკავებული არ ყოფილა მაშინ, როცა ამის შესახებ ხელისუფლების მხრიდან განცხადებები კეთდებოდა. განცვიფრებას იწვევს, რა ჰქონდა საერთო აგრესიის მოგერიებასთან იგოეთი-გორის ტრასასთან ახლომდებარე სოფლების დაკავებას და რატომ მიიჩნევდა ამას წარმატებად ქართული მხარე!

 

შემდეგ ეტაპზეც სამხედრო ქმედებების და პოლიტიკური განცხადებების შეუთავსებლობა შეინიშნება უშუალოდ ცხინვალის მიმართულებაზეც.

 

საპარლამენტო კომისიიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ცხინვალში შესვლა არ იგეგმებოდა. არადა, 8 აგვისტოს დილით, როდესაც ცხინვალთან ქართული დაჯგუფებები ჯერ კიდევ შეყვანილი არ იყო, 01:46 საათზე სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თემურ იაკობაშვილი ცხინვალში ბრძოლების მიმდინარეობას ადასტურებდა.

 

02:22 საათზე იმავე სააგენტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კოკოითის რაზმები კონფლიქტში რუსეთის ჩათრევის მიზნით, რუსი სამშვიდობოების დაბომბვას აპირებდნენ. ამ ინფორმაციებით, საერთოდ არ ჩანს, ქართული შენაერთები აგრესიის შესაკავებლად მოქმედებდნენ თუ რუსული სამშვიდობოების თანამოაზრენი იყვნენ კოკოითის რაზმების აგრესიულ ქმედებათა აღკვეთაში. არ მაქვს ინფორმაცია, 14.00-დან 23:30 საათამდე ნამდვილად იყო თუ არა როკის გვირაბთან რუსული კოლონა მომდგარი (ან ვინ ითვლიდა, რომ 150 ერთეული ჯავშანტექნიკა იყო მომდგარი), მაგრამ როგორც რუსული ინტერნეტსაიტებიდან გახდა ცნობილი, ვლადიკავკაზის დივიზია 8 აგვისტოს 02:00 საათზე განგაშზე გამოიყვანეს და კონფლიქტის ზონისკენ გამოუშვეს. ამასვე ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 03:00 საათზე განთავსებული სეპარატისტთა იმ სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთის არმიის კოლონები როკის გვირაბიდან გამოდიან და ჯავისკენ მოემართებიან. ე.ი. ამ დროისთვის უკვე დადასტურებული ინფორმაცია გააჩნდა საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ რუსეთი ნამდვილად ერეოდა სამხედრო კონფლიქტში და არამც და არამც არ დაუშვებდა საქართველოს პოლიტიკური მიზნების რეალიზაციას. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ომის სავარაუდო ხასიათის გამოსაცნობად წესით გონება უნდა გახსნოდა და სამხედრო ნაწილებისთვის მომავალი სამოქმედო გეგმა დაესახა სწორედ აგრესიის შესაკავებლად. მაგრამ ჩანს, საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობას ორჭოსანის, წინაგარას და ზნაურის რაიონის სოფლების დაკავებით გამოწვეულმა სიხარულმა გონება დაუხშო... ცხინვალზე შეტევის დაგეგმვა არაფრით პასუხობდა აგრესიის შეკავების ამოცანას. ვერ გეტყვით, როდის და ვის მიერაა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ფაქტია, იმ დროს, როდესაც უკვე ცნობილია როკის გვირაბიდან რუსული კოლონების შემოსვლის შესახებ, 8 აგვისტოს 03:00 საათიდან ნიქოზის მიმართულებით იწყება საწყის პოზიციებზე შსს-ს გასამხედროებული ძალებისა და გაერთიანებული შტაბის სპეცრაზმის და ბათუმის საზღვაო ქვეითი ბატალიონის ე.წ. ნიქოზის დაჯგუფების შემოყვანა.

 

ნიქოზის დაჯგუფების სავარაუდო ამოცანა იყო: სოფელ ზემო ნიქოზის მხრიდან შეტევის განვითარება, რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ გმირთა ქუჩაზე გასვლა, ცხინვალის სამთავრობო შენობების დაკავება (საიდანაც მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები ისროდნენ) და ქალაქზე სრული კონტროლის დამყარება. შედიოდა თუ არა მის ამოცანაში, რუს სამშვიდობოთა სამხედრო ქალაქის, ე.წ. სამხრეთ ქალაქის ბლოკირება, უცნობია. ცნობილია, რომ პირადი შემადგენლობა გაფრთხილებული იყო, რუსებთან კონფლიქტში არ შესულიყვნენ. მათ მკაცრად მიეთითათ, რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ ცეცხლი არ გაეხსნათ.

 

დაჯგუფების ძირითად ძალას შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და რეგიონების სპეცდანიშნულების რაზმები ქმნიდნენ: შავნაბადას სპეცდანიშნულების ელიტარული რაზმი; "ანტიტერორისტული" სპეცრაზმი; ნავთობის მილსადენების დაცვის სამმართველო (შსს-ს ეკუთვნის); განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს პირველი და მესამე სამმართველოს ქვედანაყოფები; იმავე მთავარი სამმართველოს კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, გორისა და სხვა რეგიონების განყოფილებათა დანაყოფები; ბათუმის საზღვაო ქვეითი ბატალიონი; თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სპეცდანიშნულების ბრიგადა და სხვ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ჯანაშვილი.

 

პოლიტიკური შტრიხები

 

ამ დაჯგუფების ძირითადმა ბირთვმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს მორჩილად შეასრულა უმაღლესი ხელისუფლების დავალება და მონაწილეობა მიიღო მიტინგის დარბევაში. ამ შემადგენლობას მაშინაც სჯეროდა ხელისუფლებისა და ეგონა, რომ სამშობლოს საკეთილდღეოდ მოქმედებდა... მას 2008 წლის 7 აგვისტოსაც სჯეროდა სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის. იმედოვნებდა, რომ ეს სულისკვეთება და ბრძოლის ჟინი სამშობლოს დასაცავად სწორად იქნებოდა გამოყენებული. მათი სჯეროდა სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც და ამიტომაც დაევალა სწორედ ამ შემადგენლობას ცხინვალზე იერიშის განხორციელება, რასაც მათი განცხადებითვე "პოლიტიკური მნიშვნელობა" ჰქონდა. ერთ-ერთი, ცხინვალის დაჯგუფებაში შემავალი, გაერთიანებულ შტაბს დაქვემდებარებული სპეცრაზმი იყო. 7 ნოემბერს, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, სწორედ ეს შენაერთი (სრული საბრძოლო შეიარაღებითა და საბრძოლო ვაზნებით) გამოიყვანეს.

 

მომიტინგეთა დარბევის შემდეგ, 1.000-1.000-ლარიანი ფულადი პრემიებით დაასაჩუქრეს რიგითი სამხედრო მოსამსახურეებიცა და პოლიციელებიც, მეთაურებმა კი ბევრად მაღალი ფულადი ჯილდოები მიიღეს. ალბათ ამიტომ, ზოგიერთი მათგანი ამგვარად ხუმრობდა: - ნეტავ კიდევ იყოს ასეთი ბრძანება, დარბევაზე სიამოვნებით წავალთ, თუ პრემიებს ისევ დაგვირიგებენო. თუმცა, ალბათ იყვნენ ისეთებიც, რომელთაც თავიანთი ხალხის ცემა-ტყეპაში აღებული ფულის ოჯახში მიტანისა რცხვენოდათ. ყოველ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც ოდესღაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხელის აწევა მოუხდათ, 8 აგვისტოს 04:00 საათისთვის საწყის პოზიციაზე გულანთებულები მზად იყვნენ იმავე ქართველი ხალხის დასაცავად ჩართულიყვნენ სისხლისმღვრელ ბრძოლაში. იმ წუთისათვის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა სამხედრო ნაწილებისა და პირადი შემადგენლობისა, იმდენად მტკიცე იყო, როგორსაც ნებისმიერი მხედართმთავარი ინატრებდა. მთავარი იყო მხოლოდ ამოცანის ზუსტად განსაზღვრა და დარტყმის მიმართულებების სწორად შერჩევა.

 

ცხინვალზე შეტევის გამართლების "ბრძნული" ვერსია...

 

სამწუხაროდ, არაორგანიზებულობა სათავეს იღებს 8 აგვისტოს, 04:00-05:00 საათიდან, როდესაც ცხინვალის დაჯგუფება ზემო ნიქოზის ქართული სამშვიდობოების ბლოკპოსტთან იკავებს საწყის პოზიციებს. დაუშვებელი იყო მთელი ძალების კონცენტრაცია ზემო ნიქოზიდან შეტევის ერთ ვიწრო მიმართულებაზე. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ასეთი შეცდომა საბრძოლო ოპერაციის დაგეგმარებისას იმ სამხედრო ხელმძღვანელებმა დაუშვეს, რომელთაც სამხედრო განათლება აშშ-ის საუკეთესო სამხედრო სასწავლებლებში აქვთ მიღებული. ვინ შეარჩია მთავარი დარტყმის ერთადერთ მიმართულებად მარშრუტი, რომლის მიხედვითაც ქართულ დაჯგუფებას ორ რუსულ სამხედრო ბაზას შორის უნდა გაევლო? ვის მოუვიდა ასეთი "ბრძნული" აზრი თავში, როდესაც ამოცანა აგრესიის შეკავება იყო?!

 

საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გაერთიანებული შტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ განაცხადა: "ამ ოპერაციის დასაწყისში თავიდან ცხინვალზე პირდაპირი შეტევა არ იგეგმებოდა. ეს იყო თავდაცვითი ოპერაცია და ყველაფერი უკვე შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მოხდა. ასე პირდაპირი ბრძანება, რომ ცხინვალზე განხორციელებულიყო შეტევა, არ ყოფილა".

 

ამ ინფორმაციის საწინააღმდეგოდ მეტყველებენ ფაქტები. ყოველ შემთხვევაში, 8 აგვისტოს 03:00-დან 04:00 საათამდე, ჩემთვის გაუგებარი გარემოების გამო მრავალრიცხოვან საბრძოლო დაჯგუფებათა თავმოყრა უკვე ხდებოდა ზემო ნიქოზის მისადგომებთან, რაც სავარაუდოდ იმას მოასწავებდა, რომ ცხინვალი მაინც განიხილებოდა მთავარი დარტყმის მიმართულებად და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გივი თარგამაძემ დასვა შემდეგი შინაარსის შეკითხვა: - რამ განაპირობა ჯარების ცხინვალში შესვლა და ვინ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტის ბრძანების შეცვლასთან დაკავშირებით?

 

მაღალჩინოსანთა პასუხებიდან კი გაირკვა, თითქოს პრეზიდენტის ბრძანება ცხინვალში შესვლა არ იყო, მაგრამ გაერთიანებულმა შტაბმა თვითნებურად შეცვალა ბრძანება და ოპერაციის მთავარი დარტყმის მიმართულებად ცხინვალი დასახა.

 

ანალიზი: მთელი გულითა და სულით მინდა ვირწმუნო, საპარლამენტო კომისიაზე სხვადასხვა თანამდებობის პირების მიერ მიცემული ჩვენებების გულწრფელობა, მაგრამ ჩნდება ეჭვი, რომ ამ კომისიის მუშაობა სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის არასწორი ნაბიჯების გამართლებას უფრო ემსახურება, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას. ამის ნათელი მაგალითია გივი თარგამაძის მიერ შეკითხვის ასეთი ფორმულირება: "ვინ შეცვალა პრეზიდენტის ბრძანება ცხინვალში შესვლასთან დაკავშირებით?" მინდა მივმართო საპარლამენტო კომისიას: - როგორ გგონიათ, გაერთიანებული შტაბის უფროსი გოგავა ან ოპერატიული შტაბის სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი ბალახაძე გაბედავდა დამოუკიდებლად ცხინვალზე შეტევის გადაწყვეტილების მიღებას?!

 

ძნელად დასაჯერებელია, რომ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანების შეცვლა და ასეთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილება სამხედრო პირებს დამოუკიდებლად მიეღოთ.

 

საპარლამენტო კომისიის ინფორმაციით, ცხინვალში შესვლა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობის ევაკუაციისათვის უსაფრთხო დერეფნის შექმნა იყო საჭირო. საინტერესო ვერსიაა. ეტყობა, ომის დასრულების შემდეგ რაღაც პოლიტიკური ჯგუფი იჯდა და მსჯელობდა საბრძოლო მოქმედებების გასამართლებელი არგუმენტების შექმნაზე და ეს შეთანხმებული "ბრძნული" ვერსია მოიფიქრეს. ოპერატიულ-ტაქტიკური თვალსაზრისით სრულ უგუნურობად უნდა ჩაითვალოს ის, რომ თითქოს დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობამ განაპირობა ცხინვალზე შეტევა. თუნდაც იმიტომ, რომ ერგნეთიდან თამარაშენამდე ბევრად უფრო მოკლე გზა იყო უსაფრთხო დერეფნის გასაკეთებლად. როგორც რეალობამ გვაჩვენა, დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობა ბედის ანაბარა იყო მიტოვებული და იძულებული გახდა, 8 აგვისტოს 16:00 საათიდან იმავე შემოვლითი გზით დაეტოვებინა ხეობა, რომლითაც იგი მუდმივად გადაადგილდებოდა. საპარლამენტო კომისიაზე აღარ დასახელებულა რომელიმე სხვა გარემოება, რომელმაც თითქოს ცხინვალზე შეტევა განაპირობა.

 

სამხედრო თვალსაზრისით დაშვებული შეცდომები

 

მაშ ასე, გამთენიისას ყველა დაჯგუფება, შეტევის თუ აგრესიის შესაკავებლად, მზადაა ამოცანის შესასრულებლად ყველა მიმართულებაზე.

 

დასახლებულ პუნქტ კვაისა-როკის გვირაბის მიმართულებით კუდ-ის სპეცრაზმი (დაახლოებით 500-მდე სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით) მოქმედებდა. სავარაუდოდ, რაზმის ამოცანა იყო კვაისაში განთავსებულ ფორმირებათა ნეიტრალიზება, შემდგომში როკის გვირაბისკენ გასვლა და ჩრდილოეთიდან დაქირავებულ ბოევიკთა შემოსვლის აღკვეთა. შესაძლებელია მათ სხვა დამატებითი ამოცანებიც ჰქონდათ.

 

გამთენიისას, სოფელ პერევთან მზად იყო საწყის პოზიციაზე ამოცანის შესასრულებლად საჩხერის სამთო მსროლელი ბატალიონი და პოლიციის საბრძოლო ქვედანაყოფი. სავარაუდოდ, მათი ამოცანა ჯავის მიმართულებაზე გასვლა და ასევე უკანონო ფორმირებების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოება იყო. ამავდროულად (არაოფიციალური ინფორმაციით), სანაკოევის ადმინისტრაცია გადმობირების პოლიტიკას აწარმოებდა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, იმედი ჰქონდა, რომ ჯავის შეიარაღებული ფორმირებიდან 30-მდე ოსი ეროვნების პირი გადმოვიდოდა და საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებს შეუერთდებოდა.

 

შეგნებულად არ ვწერ, რომ ზემოთ ხსენებული დაჯგუფებების ამოცანა აგრესიის შეკავება იყო, რადგანაც არც ერთი ინფორმაცია არ მოიპოვება იმის დასადასტურებლად, რომ ამ შენაერთებმა რაიმე სამხედრო ქმედითი ოპერაცია განახორციელეს აგრესიის შესაკავებლად.

 

მესამე ბრიგადა, ასევე გამთენიისას, 06:00 საათისთვის საწყის პოზიციებზე გადის დასახლებულ პუნქტ ერედვის გასასვლელთან. მისი ძირითადი ამოცანა სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო კოხათი-სარაბუკი-დმენისის დაკავება, შემდგომში თლიაყანის სიმაღლეების ხელში ჩაგდება და შეტევის განვითარებით სოფელ დიდ გუფთასთან გადასვლა და მე-4 ბრიგადასთან შეერთება.

 

06:00 საათისთვის საწყის პოზიციაზე არ ჩანს არც ერთი დაჯგუფება მდინარე ლიახვის აღმოსავლეთით, არგვიცი-ფრისი-ოფრისის მიმართულებაზე. ე.ი. უმთავრეს მიმართულებაზე, რომელიც სტრატეგიულად ყველაზე ახლოსაა დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობასთან, არც ერთი დაჯგუფება არ შეუყვანიათ, რაც განცვიფრებას იწვევს. ეს თუნდაც ერედვის ან დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობის დასაცავად აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების ვერსიის სრულ უსაფუძვლობას, თითქოს დიდი ლიახვის ხეობის ან ერედვის მოსახლეობის დასაცავად დაიგეგმა ცხინვალზე შეტევა. შესაძლებელია, მესამე ბრიგადის ამოცანაში ფრისის მიმართულებაც შედიოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ერედვის მარცხნივ არც ერთი დაჯგუფება 12:00 საათამდე არ შესულა. მაშასადამე, სოფელ ქვემო ნიქოზიდან მდინარე ლიახვის გასწვრივ (ცხინვალის აღმოსავლეთით 10-12 კმ-ის ფრონტზე) თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულმა შტაბმა "მოახერხა" ის, რომ ფრისის პოზიციების დაკავების ამოცანა არც ერთი ქვედანაყოფისთვის არ განსაზღვრა. 8 აგვისტოს, 03:00 საათიდან ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად რეზერვისტთა მობილიზაცია გადაწყდა. რეზერვისტების თავშეყრა დაიწყო ვაზიანის, გორის, ქუთაისისა და სენაკის ბრიგადების ტერიტორიებზე. გაერთიანებული შტაბიდან მიღებული ბრძანებების შესაბამისად, ეროვნული გვარდიის მოვალეობაში შევიდა დაახლოებით 60-მდე ბატალიონის მობილიზება, აღჭურვა და კონფლიქტის ზონაში გადასროლა. მიუხედავად ამისა, 07:38 საათზე სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოფიციალური სტრუქტურები რეზერვისტთა გამოძახებას უარყოფენ. თუმცა პირველი რეზერვისტები სოფელ მუგუთში უკვე 8 აგვისტოს დილის 05:30 საათზე შევიდნენ, ხოლო 08:00 საათიდან ვაზიანიდან გორში რეზერვისტების ეტაპობრივი ჩამოყვანა დაიწყო.

 

მაშასადამე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სავარაუდო რაოდენობა, რომელიც მთავარსარდლის განკარგულებაში იყო, შეადგენდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებაზე: თავდაცვის სამინისტროს 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს, შსს-ს 5 ათასამდე პირადი შემადგენლობის მოსამსახურეს და 30 ათასამდე რეზერვისტს. ამავდროულად, კოდორს იცავდა შსს-ს 500-მდე და თავდაცვის სამინისტროს 2500-მდე სამხედრო მოსამსახურე.

 

შეტევა, ქაოსი, მსხვერპლი...

 

უნდა ვივარაუდოთ, რომ 8 აგვისტოს 04:00 საათზე გადაწყდა ცხინვალზე შეტევის დაწყება. ამისათვის განხორციელდა წინასწარი შეტევისთვის საარტილერიო მომზადება.

 

04:15 საათზე "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ცხინვალის მიმართულებით განხორციელებული საარტილერიო ცეცხლის შედეგად იწვის საოლქო კომიტეტის, სავაჭრო ცენტრის შენობები ცხინვალში. ქართული არტილერიის მასირებული ცეცხლის ქვეშ მოექცა მოწინააღმდეგის საბრძოლო პოზიციები, სამთავრობო შენობები, კოკოითის ადმინისტრაცია, პარლამენტის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შენობები, ცხინვალის სამხრეთით, ფრისის სიმაღლეზე განლაგებული სეპარატისტთა ბატალიონის საბრძოლო ტექნიკა, ყაზარმა, ბოქსები და სხვ. სამშვიდობო ძალების გაერთიანებული შტაბის შენობა და ე.წ. ზემო ქალაქში განთავსებული სამშვიდობოების ობიექტი არ დაბომბილა.

 

რუსული ინტერნეტსაიტებით ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის განაპირას (ყოფილი რუსული საინჟინრო პოლკის ტერიტორიაზე) განთავსებული ჩრდილო ოსეთის ბატალიონის ჯავშანტექნიკა წინასწარ ტყეში გაიყვანეს.

 

04:00-დან 04:30 საათამდე ზემო ნიქოზის სასაფლაოსთან, ყოფილ შვეულმფრენთა პოლკის აეროდრომის ტერიტორიაზე, საწყისი პოზიციები ნიქოზის დაჯგუფებაში შემავალმა ძალებმა დაიკავეს. 06:00 საათისთვის საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დასავლეთით ხეთაგუროვისკენ შეტევა წამოიწყეს, შეტევაზე გადავიდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთით, სარაბუკი-დმენისის მიმართულებითაც (ფრისზეც რომ ყოფილიყო რაიმე დაჯგუფება შეყვანილი იმ დროისათვის და მასაც შეტევა წამოეწყო, შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედებაზე იმის თქმა, რომ ჩანაფიქრი ცხინვალის სამი მხრიდან ალყაში მოქცევა იყო).

 

8 აგვისტოს, 04:00 საათიდანვე დაგეგმარებისას დაშვებულმა შეცდომებმა იჩინა თავი. არ მაქვს ინფორმაცია, როდის ან სად მოხდა ამოცანების განსაზღვრა, ოპერატიული შტაბის მიერ სამხედრო მეთაურების რეკოგნოსცირება (შესწავლა, დაზვერვა პირადად მეთაურის ან შტაბის ოფიცრის მიერ საბრძოლო მოქმედების დაწყების წინ), ხოლო ამ უკანასკნელთა მიერ პირადი შემადგენლობისთვის ამოცანების დასმა. დაბნეულობა უკვე 8 აგვისტოს 04:00 საათიდან შეინიშნება. ნიქოზი მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა, უზარმაზარი დაჯგუფება პირადი შემადგენლობითა და სამხედრო ტექნიკით, მისთვის წინასწარ უცნობ პლაცდარმზე, სიბნელეში ორი საათის განმავლობაში დაბომბვის ქვეშ ელოდებოდა მეთაურების ბრძანებას შემდგომ მოქმედებასთან დაკავშირებით. 8 აგვისტოს 06:00 საათზე ზემო ნიქოზთან მოქმედი ცენტრალური დაჯგუფება მარცხენა ფრთიდან შეტევას ცხინვალის სამხრეთ გარეუბან "შანჰაის" მიმართულებით შეეცადა. მანძილი ნიქოზის სასაფლაოდან რკინიგზის ლიანდაგებამდე დაახლოებით 700-800 მეტრია. ვიწრო ფრონტზე არაორგანიზებულად, ქაოსურად თავმოყრილ ქართულ ქვედანაყოფებს მოწინააღმდეგემ ნაღმმტყორცნებით გადამღობი ცეცხლი გაუხსნა. სასაფლაოებისა და გზის მიმდებარე ბაღებიდან ძლიერი ცეცხლი მოდიოდა და ქართულ ქვედანაყოფებს წინსვლის საშუალებას არ აძლევდა. სასაფლაოებთან იყო მსხვერპლიც. 8 აგვისტოს, ცხინვალზე იერიშის დაწყების ბრძანების მიღებისთანავე, დილის 06:00 საათიდან, დაიკარგა ურთიერთკოორდინირება ჯერ ბატალიონებსა და ასეულებს, ხოლო შემდეგ შეტევის მიმართულებაზე მოქმედ სხვა შენაერთებს შორის. ორი სამინისტროს ძალებისაგან შექმნილ დაჯგუფებაში, ქვედანაყოფებს შორის უმართაობა და სუსტი ურთიერთკავშირი იყო. სხვადასხვა ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობაც ერთმანეთში აირია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთმა დანაყოფმა (რომელსაც ანტიტერორისტული ცენტრის და ელიტარული სპეცრაზმები შეადგენდა) წინააღმდეგობა დასძლია და ცხინვალის სამხრეთ ნაწილი დაიკავა. გაუჭირდათ განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოების დანაყოფებს, რომლებმაც მოწინააღმდეგის ძლიერი საპასუხო ცეცხლის გამო ცხინვალის დასავლეთით (ბაღების მხრიდან) წინააღმდეგობის ხაზის გადალახვა ვერ შეძლეს. მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოაქცია ზემო ნიქოზი. სავარაუდოდ, ცეცხლს კორექტირება რუსული სამშვიდობოების ბაზიდან უკეთდებოდა.

 

მოგვიანებით, ისიც ცნობილი გახდა, რომ 7-იდან 8 აგვისტოს ჩათვლით, ცხინვალის სამხრეთით მდებარე რუსული სამშვიდობო ბატალიონის ლეიტენანტი გალავანოვი საბრძოლო დავალებას ასრულებდა ნიქოზიდან მომდგარი ქართული დაჯგუფების საცეცხლე მიზნების გამოსავლენად და აწარმოებდა საარტილერიო ცეცხლის კორექტირებას. ამ დავალების შესრულებისათვის გალავანოვი სიკვდილის შემდეგ "რუსეთის გმირის" წოდებაზე წარადგინეს.

 

გვყავდა დაჭრილები და დაღუპულები. უნდა ვივარაუდოთ, რომ 08:00-დან 08:30 საათამდე შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, - საწყისი პოზიციებისკენ იძულებითი უკან დახევის დაწყებასთან დაკავშირებით, რათა საავიაციო და საარტილერიო მომზადება და დარტყმა განეხორციელებინათ. ამ ბრძანებამ კიდევ უფრო დიდი ქაოსი და არეულობა გამოიწვია სამხედრო პირად შემადგენლობაში. შეტევისათვის ასეთ ვიწრო ფრონტზე თავმოყრილი 4 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და ტექნიკის დაახლოებით 600-მდე ერთეული (ტანკები, ჯავშანავტომობილები, "კობრა", "პიკაპის" ტიპის "ტოიტა ჰაილუქსები" და სხვ.) ქაოსის მიზეზი გახდა. ორი საათის განმავლობაში ცხინვალის შესასვლელში საცობი შეიქმნა, რადგანაც ზოგიერთი ქალაქში შესვლას, ზოგიც კი - იქიდან გამოსვლას ცდილობდა. ამას თვითმხილველი ნიქოზის მცხოვრებლები ლაპარაკობენ. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ რომელიღაც ქართველმა "ბრძენმა" სტრატეგმა გადაწყვიტა ცხინვალის სამხრეთ მისადგომებთან ვიწრო პლაცდარმზე - 300 მეტრი სიგანისა და 700 მეტრი სიგრძის ფრონტზე ამ რაოდენობის ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის კონცენტრირება. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პირთა გეგმა არ ყოფილა...

 

რუსული "სამშვიდობო" ბაზების პირისპირ...

 

8 აგვისტოს, 09:00-დან 10:00 საათამდე ქართულმა არტილერიამ მოწინააღმდეგის მიმართულებით საცეცხლე წერტილების ჩასახშობად ცეცხლი გახსნა. დაბომბვაში რუსული ბაზაც მოყვა, რომელსაც სეპარატისტთა ფორმირებები თავიანთი მიზნებისათვის იყენებდნენ.

 

გარდა ამისა, ხეთაგუროვოს ტბის მხრიდან ქართული ტანკები, რომლებიც უკვე ავნევიდან სოფელ ხეთაგუროვოს დაკავების შემდეგ გავიდნენ ტბეთის მისადგომებთან, პირდაპირი დამიზნებით ესროდნენ ძარის მიმართულებით მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილებს. სავარაუდოდ, იქ იმყოფებოდა მათი თვითმავალი საარტილერიო საშუალებები. სწორედ 8 აგვისტოს, დილის 08:00 საათზე ცხინვალის ფრონტზე პირველად უკვე ჩანს რუსული სამხედრო ქვედანაყოფების აქტიური მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში. ოთხსაათიანი ბრძოლის შემდეგ რუსული ქვედანაყოფები იძულებული გახდნენ სიმაღლე დაეთმოთ და დიდი დანაკარგების გამო უკან დაეხიათ.

 

10:00 საათისთვის, მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების დამუშავების შემდეგ, შეტევა ხელმეორედ განხორციელდა. ძნელი დასადგენია, ითვალისწინებდა თუ არა მე-4 ბრიგადის ამოცანა ხეთაგუროვოს დაკავების შემდეგ ცხინვალის მიმართულებაზე შეტევის განვითარებასაც. ალბათ, ცხინვალის მისადგომებთან შექმნილმა წინააღმდეგობამ გამოიწვია, რომ 42-ე ბატალიონს და მე-4 ბრიგადის ცალკეულ ასეულს ამოცანა მოულოდნელად შეუცვალეს და ხეთაგუროვო-ტბეთიდან ცხინვალის დასავლეთ მისადგომებთან შემოიყვანეს. რამდენად არსებობდა ცხინვალისკენ დამატებითი ძალების გადასროლის აუცილებლობა, როცა ქალაქს არანაკლებ 4-ათასიანი დაჯგუფება უტევდა? ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ძარის მიმართულებით ბატალიონების სწრაფი გაშლა იყო, რადგანაც უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება სწორედ რუსული აგრესიის შეკავებას მოითხოვდა.

 

მას შემდეგ, რაც მე-4 ბრიგადის ნაწილები მიადგნენ ცხინვალის დასავლეთ მისადგომებს, შესაძლებელი გახდა ცხინვალში ხელმეორედ შესვლა და სარდლობამ კვლავ გასცა ბრძანება ცხინვალში შესვლაზე. შეტევის ბრძანება ასეთი იყო: "ყველანი შედით წინ ამ ქუჩებით" (იგულისხმება "პერეეზდიდან" გმირთა ქუჩის მიმართულება). 10:00 საათზე ცხინვალის შტურმი ორი მიმართულებიდან დაიწყო.

 

პირველი მიმართულებით, ქართული საბრძოლო დანაყოფები "პერეეზდით", ზემო ნიქოზიდან რკინიგზის ლიანდაგების გასწვრივ, გმირთა ქუჩაზე გავიდნენ, ასევე მიმდებარე პარალელური ოქტომბრის ქუჩაც დაიკავეს. განსაკუთრებულ დავალებათა მესამე ოპერატიული სამმართველოს მოიერიშე ჯგუფები ისააკის ქუჩით გავიდნენ სტალინის ქუჩამდე. ელიტარული სპეცრაზმის ჯგუფებმა ცხინვალის სასტუმროს წინა ტერიტორია დაიკავეს, თუმცა ძირითადი შემადგენლობა მაინც გმირთა ქუჩაზე განთავსდა. მეორე მიმართულებით, გორის ჯავშანსატანკო ბატალიონი ტბეთის გზის გავლით, დასავლეთიდან ცხინვალში შევიდა, საბრძოლო წყობა დაიკავა მოსკოვისა და ვაგზლისპირა ქუჩების გადაკვეთაზე. ხოლო მეორე კოლონამ ტბეთის გადმოსახვევიდან გმირთა და ისააკის ქუჩების გადაკვეთაზე დაიკავა პოზიცია. 42-ე ბატალიონი ტბეთის გზით, ცხინვალის დასავლეთ მისადგომებთან (ნიქოზი-ტბეთის გზის გადაკვეთაზე), ნაძვნართან განთავსდა.

 

რუს სამხედროებთან დაკავშირებული პირველი ინციდენტი ე.წ. ზემო ქალაქთან მოხდა, როცა რუსი სამშვიდობოების მხრიდან ცეცხლის გახსნას, გორის ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მიერ ბლოკირებულ ე.წ. ზემო ქალაქთან, მსხვერპლი მოჰყვა.

 

რუსული ინტერნეტსაიტების თანახმად, 8 აგვისტოს ცხინვალში დაახლოებით 10:00 საათზე ქართული ქვედანაყოფები რუსული სამშვიდობო ძალების შტაბს, ე.წ. "ვერხნი გოროდოკს" მიადგნენ. ტანკები ცეცხლის გამოყენებით ცდილობდნენ სამხედრო ბაზაზე შეღწევას. თვითმხილველთაგან ნაწილი ჰყვება, რომ რუსმა სამშვიდობოებმა ე.წ. ზემო ქალაქის ტერიტორიიდან მასირებული ცეცხლი გახსნეს ქართული ქვედანაყოფების მიმართულებით და საპასუხო დარტყმა მიიღეს, თუმცა ნაწილი ამ ფაქტს უბრალოდ, გაუგებრობას მიაწერს. არის ასეთი ვერსიაც, რომ ტანკის ეკიპაჟები, რომელთაც რეკოგნოსცირება არ ჩატარებიათ, მიადგნენ ე.წ. ზემო ქალაქის რუსული სამშვიდობო ბაზის კარიბჭეს, სადაც ეზოში საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი რუსული ჯავშანტექნიკა შეამჩნიეს. რუსული ვერსიით, ქართულმა ტანკმა, როცა წამოსული საბრძოლო მანქანა შეამჩნია, მისი მიმართულებით გაისროლა და ააფეთქა. ხოლო, საპასუხოდ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნით ქართული ტანკიც ააფეთქეს. ქართული ვერსიით, რუსული სამშვიდობო ბაზიდან ინტენსიური ცეცხლი იყო გახსნილი ქართული ქვედანაყოფების მიმართულებით და ამის საპასუხოდ მოხდა ცეცხლის გახსნა. ჩემი ინფორმაციით და ვარაუდით, რუსული სამშვიდობო შტაბიდან შესაძლებელია, უშუალოდ ცეცხლი არ გახსნილა და ამ ბაზიდან ტყვიები ქართული ქვედანაყოფების მიმართულებით არ იყო გამოსროლილი, მაგრამ უკვე ქართული მხარისთვის დადასტურებული იყო ის ფაქტი, რომ საარტილერიო ცეცხლის კორექტირება რუსული სამშვიდობო ბაზიდან ხორციელდებოდა. ალბათ რუსული ვერსია უფრო პროპაგანდისტულია და სინამდვილეში ქართული სარდლობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ტანკებისა და არტილერიის მეშვეობით საპასუხო ცეცხლის გახსნის შესახებ, შექმნილი გარემოებიდან გამომდინარეობდა. საერთოდ, სამშვიდობოებთან დამოკიდებულება და ქმედება სხვადასხვა მიმართულებაზე სხვადასხვაგვარად ვითარდებოდა. იმ დროს, როდესაც ერთი რუსული ბაზის წინააღმდეგ ტანკებისა და არტილერიის მეშვეობით ცეცხლი იყო გახნილი, ქალაქის ცენტრში მშვიდობისმყოფელთა შტაბის ოფიცრები თეთრი სამკლავურებით ცხინვალში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. პარადოქსია, მაგრამ ერედვი-დმენისის მიმართულებაზე, ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტ ვანათისა და დმენისის გადასასვლელ ხიდებზე, რუსულ სამშვიდობოთა ასეული ბლოკპოსტებზე იდგა და მოვალეობის შესრულებას განაგრძობდა... ამავდროულად, დმენისისა და სარაბუკის მიმართულებით შეუფერხებლად ატარებდა შეტევაზე გადასულ მესამე ბრიგადის ქვედანაყოფებს, ხოლო წვერიახოს სიმაღლეზე ჩეჩნურ ბატალიონ "ვოსტოკის" სამშვიდობო ასეული ასევე განაგრძობდა მოვალეობის შესრულებას. არც ქართული ქვედანაყოფები ხსნიდნენ მათ წინააღმდეგ ცეცხლს და არც ბლოკირებას ახდენდნენ...

 

ქართული შენაერთები ცხინვალში

 

ძირითადმა შემტევმა დაჯგუფებამ ცხინვალის შესასვლელთან (იგულისხმება გადასასვლელი ლიანდაგებთან, ე.წ. "პერეეზდი") წინააღმდეგობა დასძლია და 12:00 საათისთვის გმირთა, ოქტომბრის და ისააკის ქუჩები დაიკავა, რითაც ფაქტობრივად, ქალაქის სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის გაკონტროლება მოახერხა. ცხინვალში სატანკო ბატალიონი ქარხნის ქუჩით შევიდა და სამ-სამი ტანკი ვაგზლისა და მოსკოვის ქუჩების, ასევე, გმირთა და ისააკის ქუჩების გადაკვეთებზე განლაგდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთმა სპეცრაზმმა სტალინის ქუჩამდე ისააკის ქუჩის გავლით მიაღწია. ქალაქის დასავლეთ მისადგომებს 42-ე ბატალიონი აკონტროლებდა. გმირთა ქუჩა გავსებული იყო ქართული ქვედანაყოფებით. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, 12:00 საათისათვის, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცხინვალის ტერიტორიის დაახლოებით 30-40%-ზე იყვნენ განლაგებული, ხოლო მათი ცეცხლის კონტროლის არეალი ცხინვალის ტერიტორიის 70%-ს მოიცავდა.

 

ჩვენ ვწერთ, რომ ქართულმა შენაერთებმა შეტევა განავითარეს ცხინვალზე, მაგრამ რეალურად ეს არა შეტევა, არამედ ქალაქში ქაოსური შესვლა იყო. ტელეკომპანია "ალანიამ" აჩვენა კადრები, სადაც ასახულია, თუ როგორ შედის უზარმაზარი დაჯგუფება გმირთა ქუჩაზე. წინააღმდეგობა უმნიშვნელო გახლდათ, სახლების ფანჯრებიდან კანტიკუნტად ისროდნენ სნაიპერები, ქართველ სამხედროებს შიში საერთოდ არ ემჩნეოდათ...

 

შესვლისთანავე, ურთიერთკავშირი და შეკავშირებული მოქმედება სადღაც დაიკარგა. უბრალოდ, ნაწილებმა ვერ გაარკვიეს, თუ რა ამოცანა ჰქონდათ დაკისრებული და რა უნდა გაეკეთებინათ. ქვედანაყოფებში დაიწყო უმართაობა, შეინიშნებოდა ქაოსი და არაორგანიზებულობა. ქვედანაყოფები ერთმანეთში ისე იყო არეული, რომ ვერც ვითარებაში გარკვევას ახერხებდნენ და ვერც იმას, თუ ვინ იყო ხელმძღვანელი და ვის ბრძანებას უნდა დალოდებოდნენ.

 

შსს-ს შავნაბადას ანტიტერორისტულ და მესამე ოპერატიული სამმართველოს სპეცრაზმებში უფრო მეტი ორგანიზებულობა და მიზანდასახულობა შეინიშნებოდა. მათ მოქმედებებში ჩანდა, რომ ამოცანები ჰქონდათ დასახული, იცოდნენ რომელ ქუჩაზე რომელი შენობა უნდა დაეკავებინათ. სპეცრაზმებს ე.წ. პოლიციური "ჩისტკის" ჩასატარებლად სახლებში შესვლა აეკრძალათ. ქართული არმია, რომელიც კარგად იყო მომზადებული და მაღალი დისციპლინით გამოირჩეოდა, მაქსიმალურად ცდილობდა მშვიდობიან მოსახლეობაში რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, არსად მოიპოვება ოსი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი რაიმე სისასტიკის მაჩვენებელი ფაქტი. ცნობილია მხოლოდ ერთადერთი უბედური შემთხვევის შესახებ, როცა ცხინვალში, მოსკოვის ქუჩაზე ცეცხლის ქვეშ მოყვა მსუბუქი ავტომობილი, რის შედეგადაც ოსი ეროვნების ოჯახი დაიღუპა.

 

არასწორი "პიარი"

 

აღნიშნული პრობლემების მიუხედავად, ცხინვალის დაკავების ოპერაცია გარეგნულად მაინც წარმატებით დასრულდა. ამავდროულად, დილით 07:00 და 10:30 საათებზე ქართულმა ავიაციამ ორი საბრძოლო გაფრენა განახორციელა.

 

ყველა მიმართულებაზე მოპოვებული წარმატებების შემდეგ სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რეზერვისტთა მობილიზაციის ტელეარხებით პიარის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

 

8 აგვისტოს გორის მედიაცენტრში რეზერვისტთა მობილიზაციის ეფექტიანი პიარის მეთოდებზე მსჯელობდნენ (უგულავა, გაბაშვილი, ინწკირველი). ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე, სადაც რეზერვისტთა თავშეყრა და მობილიზაცია მიმდინარეობდა, პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძეც მივიდა, რაც ტელევიზიით გადაიცა. ალბათ, ამგვარი ხერხები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს საქართველოს მოსახლეობაზეც და მის მოწინააღმდეგეზეც, მაგრამ რეალურ ომში საბედისწეროც შესაძლოა აღმოჩნდეს.

 

ფაქტია, ხელისუფლების წარმომადგენელთა სატელევიზიო ინტერვიუების გასვლას ნახევარ საათში რუსული ავიაციის მიერ რეზერვისტთა მობილიზაციის რაიონების - ვაზიანისა და გორის დაბომბვა მოჰყვა. მიუხედავად ამისა, 12:30 საათზე "ინტერპრესნიუსით" გავრცელდა შს მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის განცხადება: "ჩვენ მიზანმიმართულად და გაცნობიერებულად ვიცავთ რუსი სამშვიდობოების უსაფრთხოებას". "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო საშუალებებით გადიოდა კადრები, რომ ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროები არ ერეოდნენ საბრძოლო მოქმედებებში. არადა, იმ წუთებისთვის უკვე ნათელი იყო, რომ სრულმასშტაბიანი რუსული აგრესია ხორციელდებოდა. ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანის მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეალურად დაწყებული იყო რუსული ავიაციის საჰაერო ოპერაცია. 09:30 საათიდან რუსეთმა დაბომბა ვაზიანის, მარნეულის, კოპიტნარის სამხედრო აეროდრომები, ასაფრენი ბილიკები...

 

რუსული სამხედრო მოქმედების ანალიზი

 

რუსულ მხარეს დიდი ხნით ადრე ჰქონდა დაგეგმილი და შესწავლილი მოვლენათა განვითარების სავარაუდო ხასიათი. მათი სურვილი იყო ქართული მხარის პროვოკაციაზე წამოგება და აგრესორად მისი წარმოჩენა. სწორედ ამის გამო შექმნეს შთაბეჭდილება, თითქოს ისინი საბრძოლო მოქმედებათა საწყის ეტაპზე არ ერეოდნენ კონფლიქტში, რაც როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ მიამიტურად დაიჯერა. ამის ნათელი დასტურია ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარები, რომელიც სხვადასხვა სააგენტომ გაავრცელა. რუსეთს თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად კიდეც სჭირდებოდა ქართული მხარის შემდეგი მოქმედებები: ცხინვალზე ღამით საარტილერიო და რეაქტიული ჭურვებით ცეცხლის გახსნა; რუს მშვიდობისმყოფელთაგან 12 სამხედროს დაღუპვის ფაქტი; ცხინვალზე შეტევა, რასაც თითქოსდა მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი მოჰყვა (რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ცხინვალში მსხვერპლის შესახებ გაზვიადებულ მონაცემებს აცხადებდნენ).

 

ასეა თუ ისე, საბაბის მოპოვების შემდეგ რუსული არმიის სწრაფმა რეაქციამ არ დააყოვნა. მათი ავიაცია დილიდანვე ამოქმედდა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა, არ დაეშვა საბრძოლო მოქმედების რაიონებში ქართული რეზერვის შეყვანა (ამას სამხედრო ენაზე ჰქვია ბრძოლის ველის იზოლაცია რეზერვის შეყვანისაგან). ამ წუთისათვის უკვე ნათელი იყო რუსული სამხედრო ხელმძღვანელობის ჩანაფიქრი, რომელიც ითვალისწინებდა: აეროდრომებისა და ასაფრენი ბილიკების მწყობრიდან გამოყვანას (რათა ქართული ავიაციის ჰაერში მოქმედება გამოერიცხათ), რუსული ავიაციის მიერ სრული ბატონობის მოპოვებას, საკუთარი ოპერატიული დაჯგუფებების შემოყვანისთვის მომზადებას.

 

"სიღრმისეული ოპერაციების" ეს რუსული თეორია 30-იან წლებში არის შემუშავებული და ითვალისწინებს საჰაეროსთან ერთად სამხედრო ოპერაციის განხორციელებასაც (გია ყარყარაშვილი დასკვნაში უფრო დაწვრილებით აღწერს, თუ რას გულისხმობს ზემოთ ხსენებული თეორია და განცვიფრებას გამოხატავს თავდაცვის გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადების გამო: "ჩვენ არ ველოდით იმას, რომ მოვლენები 9-ში ასე განვითარდებოდა").

 

ოსური მხარის მოქმედების ტაქტიკა

 

ოსურმა მხარემ კარგად იცოდა, რომ თავისი სამხედრო პოტენციალიდან გამომდინარე, დიდხანს ვერ გაუძლებდა კარგად გაწვრთნილი და დისციპლინებული ქართული ნაწილების იერიშებს, ამისთვის საკმარისი არც ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ძალები იქნებოდა. მაგრამ მათ კარგად იცოდნენ მოვლენათა განვითარების სავარაუდო ხასიათი...

 

ამიტომაც კოკოითის ფორმირებებმა საწყის ეტაპზე ქართულ ქვედანაყოფებს ცხინვალის ცენტრამდე შეღწევის საშუალებაც მისცეს და ძირითადი ყურადღება ქალაქის ცენტრალური საკვანძო შენობების დაცვაზე გადაიტანეს.

 

ცხინვალის თავდაცვის ორგანიზაცია იმდენად ჭკვიანურად იყო განსაზღვრული, რომ აშკარა გახდა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა რუსეთის სპეცსამსახურების გენერლების დანიშვნა სხვადასხვა თანამდებობაზე კოკოითის ადმინისტრაციაში.

 

წინასწარ იყო შერჩეული ყველა შენობა-ნაგებობა, რომელშიც წინააღმდეგობის პოზიცია იყო მომზადებული (გია ყარყარაშვილი დასკვნაში დეტალურად აღწერს, თუ სად, რომელ ქუჩაზე ჰქონდა ადგილი ჩასაფრებებს და რომელი შენობა-ნაგებობა ეკავათ სნაიპერებს. ძირითადად, წინააღმდეგობის კერები ცხინვალის ცენტრალურ რაიონებში იყო მომზადებული). გარდა ამისა, ოსურ მხარეს წინააღმდეგობის კერები მომზადებული ჰქონდა ქართული ნაწილების მიერ კონტროლირებად სამოძრაო გზაზე (ნიქოზიდან ტბეთისკენ და ცხინვალის შესასვლელის გადაკვეთაზე).

 

ანალიზი კეთდება თვითმხილველთა ინფორმაციის საფუძველზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ საყრდენი პუნქტები ჰქონდათ უჰე-ს იმ ჯგუფებსაც, რომლებიც ცხინვალში მოქმედებდნენ.

 

ცხინვალის თავდაცვის ანალიზს თუ გავაკეთებთ, დავინახავთ, რომ ქალაქის თავდაცვის გეგმა რუსული სახმელეთო ჯარების საბრძოლო წესდების თანახმად იყო მომზადებული. არ მინდა მკითხველს დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს ცხინვალი აუღებელი ციტადელი იყო.

 

მათი ამოცანა მხოლოდ განსაზღვრული დროის განმავლობაში ცენტრალური რაიონის შენარჩუნება გახლდათ მანამ, ვიდრე გარკვეულ საბაბთა საფუძველზე რუსეთი კონფლიქტში ჩაერთვებოდა.

 

ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს თუ დავაკვირდებით, ჩანს, რომ იგი პირველივე წუთებიდან რუსული ტაქტიკური სცენარით მიმდინარეობს. როგორც უკვე ვთქვით, საწყის ეტაპზე მოწინააღმდეგე (რუსული და ოსური მხარე) ქართულ შენაერთებს მცირე წინააღმდეგობით ქალაქში შესვლისა და ცენტრალური მაგისტრალის დაკავების საშუალებას აძლევს. შემდეგ კი, ტელევიზიებით გადაიცემა კოკოითის მიმართვა ოსი მოსახლეობისადმი: "რუსებმა მიგვატოვეს, დაიცავით საყვარელი პრეზიდენტი", რაც პრიმიტიული ეშმაკობა გახლდათ და მოწინააღმდეგის მოტყუებას, შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. გაურკვეველია, რატომ შედიოდა საქართველოს შსს-ს ინტერესებში ამ კადრის ტელევიზიით ჩვენება? ეს ან მოსახლეობაზე შთაბეჭდილების მოსახდენად სჭირდებოდათ, ან მართლაც სჯეროდათ, რომ კოკოითი რუსეთმა მიატოვა.

 

ცხინვალში მოვლენები რეალურადაც ისე განვითარდა, როგორც ეს თავდაცვის ექსმინისტრმა დავით კეზერაშვილმა საპარლამენტო კომისიაზე წარმოაჩინა. "ცხინვალი 50 წუთში დავიკავეთ" - განაცხადა მან. ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი არასრულად, მაგრამ მართლაც 50 წუთში დაიკავეს.

 

პირველი წინააღმდეგობა და საჰაერო თავდასხმები

 

გმირთა ქუჩაზე წინააღმდეგობა პრაქტიკულად არ ყოფილა, მაგრამ უკვე ქალაქის ცენტრში ქართულ შენაერთებს მოწინააღმდეგემ ადგილობრივ ადმინისტრაციულ შენობასთან განლაგებული პოზიციებიდან ინტენსიური ცეცხლი გაუხსნა.

 

8 აგვისტოს, 12:00 საათისთვის ქართული ქვედანაყოფების წინსვლა ცხინვალის ცენტრში მოწინააღმდეგემ შეაჩერა. საპასუხოდ საცეცხლე წერტილების ჩასახშობად გამოიყენეს 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა "დანა".

 

ცხინვალში, გმირთა ქუჩიდან ისააკის ქუჩამდე განლაგებული 3-4-ათასიანი ქართული დაჯგუფება მრავალრიცხოვნობის გამო სწრაფი სვლით ვერ გადაადგილდებოდა. თანაც არასწორი სამხედრო ხელმძღვანელობისა და მართვის გამო ამ მრავალრიცხოვანმა დაჯგუფებამ დემორალიზაცია განიცადა.

 

გამოკითხულ მოსამსახურეთაგან არც ერთმა დღესაც არ იცის იმ ქუჩების სახელები, სადაც იმყოფებოდა ან ამოცანას ასრულებდა.

 

ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ უამოცანოდ დარჩენილი ქვედანაყოფები სნაიპერებისა და ყუმბარმტყორცნების იოლ სამიზნედ გადაიქცეოდა. ცხინვალზე არასწორად, ამავდროულად მხოლოდ ერთი მიმართულების განსაზღვრისა და შერჩევის გამო ვერ მოხერხდა მოწინააღმდეგის ძალების გახლეჩა-გათიშვა სტალინის ქუჩიდან მშვიდობისმყოფელთა ქუჩამდე.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართულმა ავიაციამ 10:30 საათზე ცხინვალის თავზე საბრძოლო გაფრენა განახორციელა და მოწინააღმდეგის სამიზნეებზე იერიში მიიტანა. ეს იყო სავარაუდოდ, ქართული ავიაციის უკანასკნელი გაფრენა ცხინვალის ცაზე. უკვე დილის 11:00 საათიდან ამ ქალაქის თავზე რუსული მოიერიშე თვითმფრინავები გამოჩნდნენ. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც საბრძოლო პოზიციებზე იყვნენ, Су-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები ქართული ავიაციის კუთვნილებად ჩათვალეს. ერთ-ერთმა ამგვარმა Су-25-მა ე.წ. "დუბოვაია როშჩას" გადაუფრინა თავზე და დაზვერა ადგილი, სადაც მეთაურის მიერ 42-ე ბატალიონი იყო მოწყობილი 11:00-იდან 11:30 საათამდე. ქართველ სამხედროებს თვითმფრინავი ასი მეტრის სიმაღლიდან დასტრიალებდა თავს და აკვირდებოდა. ბატალიონის პირადი შემადგენლობა კი ხელის აწევით ესალმებოდა ქართველად მიჩნეულ მფრინავს. მხოლოდ ქართული მხარე არ შემცდარა თვითმფრინავის ამოცნობაში. შემდეგი შემოფრენისას რუსული მოიერიშე თვითმფრინავი სავარაუდოდ 12:00-იდან 13:00 საათამდე ოსურმა მხარემ ჩამოაგდო. მათაც Су-25 ქართული არმიის კუთვნილებად მიიჩნიეს. ეს ოსური მხარის უკანასკნელი შეცდომა და გაუგებრობა იყო. უკვე 12:00 საათიდან რუსულმა ავიაციამ დარტყმათა განხორციელება დაიწყო ცხინვალსა და გორის მიმდებარე რაიონებსა და სოფლებში.

 

მიუხედავად იმისა, რომ დღის პირველივე ნახევარში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საჯარისო ნაწილებმა ეფექტიანად ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე სამი თვითმფრინავი, მორალურ-ფსიქოლოგიურად საქართველოს შეიარაღებული ძალები მაინც არ აღმოჩნდნენ მზად საჰაერო თავდასხმებისათვის. ხოლო პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვერ მიხვდა, რომ მოწინააღმდეგის მიერ ჰაერში ბატონობას ბრძოლის ბედის გადაწყვეტა შეეძლო და სამხედრო შენაერთების პირადი შემადგენლობა უთანასწორო ბრძოლაში იყო შეყვანილი. იმხანად ხელისუფლება სხვადასხვა სააგენტოთი ავრცელებდა განცხადებებს მოწინააღმდეგის ჩამოგდებული თვითმფრინავების შესახებ და ამით თავს იწონებდა, ხშირ შემთხვევაში კი მოყვანილი ციფრი გაზვიადებული იყო.

 

ცხადია, საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობამ ვერ აუღო ალღო ომის ხასიათს, რამაც მოვლენების საბედისწერო განვითარებამდე მიგვიყვანა.

 

ტრაგედია "დუბოვაია როშჩასთან"

 

სრული სურათის წარმოდგენისათვის აუცილებელია 42-ე ბატალიონის მოქმედების განხილვა შეტევაში. მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგის Су-25-ის ტიპის თვითმფრინავმა ე.წ. "დობოვაია როშჩას" გადაუფრინა, სიცხისაგან გათანგული ბატალიონის წევრები წყალს დაეძებდნენ (8 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსამდე აღწევდა, მილი კი, რომლითაც ცხინვალს წყალი მიეწოდებოდა, დაზიანებული იყო).

 

არის ინფორმაცია, თითქოს პირადმა შემადგენლობამ ზურგჩანთები, რომლებშიც წყლის მათარები ინახებოდა, თავშეყრის რაიონში დატოვა. ცხინვალის შესასვლელთან ლიანდაგების მარცხნივ ორი კორპუსი დგას, საიდანაც მოწინააღმდეგის შეიარაღებულმა ჯგუფმა ბატალიონის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. 42-ე ბატალიონის მეთაურს კორპუსში წმენდის განხორციელების მცდელობა ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. დაიღუპა 2 ქართველი სამხედრო მოსამსახურე. დაღლილობის, 2 ღამის უძილობის, უწყლობის, წინა ღამის განმავლობაში მუგუთი-ხეთაგუროვოს მიმართულებაზე შეტევაში მონაწილეობის გამო ზემოთ ხსენებული ბატალიონის მეთაურმა მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო შემადგენლობას "დუბოვაია როშჩასთან" დაესვენა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ბატალიონს მოულოდნელად შეუცვალეს ამოცანა და ხეთაგუროვო-ძარის მიმართულების ნაცვლად ცხინვალისკენ შემოიყვანეს, თუმცა მას ამის შემდეგ ამოცანა არ მიუღია. საერთოდ, გაუგებარია რა საჭირო იყო ცხინვალისკენ კიდევ დამატებითი ძალების შეყვანა, მაშინ როდესაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ძარის მიმართულებაზე შეტევის განვითარება.

 

ასეა თუ ისე, სავარაუდოდ, 12:30-იდან 14:00 საათამდე ბატალიონი "დუბოვაია როშჩაში" ისვენებდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ხეთაგუროვოზე წარმატებული შეტევის შემდეგ მეოთხე ბრიგადის ხელმძღვანელობა ისე იყო დარწმუნებული იოლ წარმატებაში, რომ ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები თავშეყრის რაიონში დატოვეს, ე.ი. ბატალიონს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები არ გააჩნდა.

 

13:30-იდან 14:00 საათამდე კვლავ გამოჩნდნენ რუსული მოიერიშე თვითმფრინავები. სავარაუდოდ, სამხედრო მიზნების კორექტირებას "დუბოვაია როშჩას" პირდაპირ მდგომი კორპუსიდან რუსული H-ს ჯგუფები ახდენდნენ. დაზვერვის შემდეგ სწორედ ამ მოიერეშე თვითმფრინავებმა დაბომბეს 42-ე ბატალიონის შემადგენლობა, რომელიც ძლიერი სიცხის გამო ნაძვნარს ეფარებოდა და ასევე, გორის ცალკეული სატანკო ბატალიონის ტანკები და ეკიპაჟები ტბეთის გზისა და ცხინვალის შესასვლელის გადაკვეთაზე.

 

ქვეითი ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის ერთმა ნაწილმა თავშესაფრის ძებნა შენობებში დაიწყო, ხოლო მეორე ნაწილი ე.წ. "პერეეზდიდან" ნიქოზისკენ გამოიქცა. დიდი იყო მსხვერპლი მეოთხე და პირველი ბრიგადის სატანკო ბატალიონებში. აქა-იქ დაჭრილების გამოყვანა მოხერხდა, მაგრამ ყველასი არა. ე.წ. "დუბოვაია როშჩასთან" დაღუპული დაახლოებით 22 სამხედრო პირი ადგილზე დატოვეს, ისევე როგორც დაჭრილები.

 

მომხდარმა სრული ქაოსი და არეულობა გამოიწვია. 42-ე ბატალიონის გადარჩენილი შემადგენლობა მეთაურთან ერთად მინდვრებითა და სავალი გზებით კვლავ ავნევის მიმართულებით ცდილობდა თავის დაღწევას, სატანკო ბატალიონი ნიქოზში განლაგებულ ქართულ სამშვიდობოთა ბაზისაკენ დაიძრა. საბედისწეროდ ვითარდებოდა მოვლენები ცხინვალის ცენტრალურ რაიონებშიც.

 

შუაგულ ცხინვალში განცდილი წარუმატებლობა

 

რამდენიმე ფაქტი და მოვლენა ერთმანეთს დროში ემთხვევა:

 

1. 14:00 საათზე დაიბომბა "დუბოვაია როშჩა" და ცხინვალის დასავლეთ მისადგომებიდან ქართულმა ნაწილებმა უკან დაიხიეს.

 

2. ცხინვალში ვაგზლისპირა და გმირთა ქუჩის მისადგომებთან ქვეითები ტანკების გარეშე დარჩნენ. როგორც უკვე აღვწერეთ.

 

3. 14:18 საათზე გიგი უგულავა აცხადებს: "15:00-დან 18:00 საათამდე ხელისუფლების მხრიდან სრული მორატორიუმი გამოცხადდა, რათა მშვიდობიან მოსახლეობას კონფლიქტის ზონიდან გამოსვლის საშუალება ჰქონოდა".

 

4. 14:00-იდან 15:00 საათამდე შს და თავდაცვის სამინისტროების სპეცრაზმებმა სრულად დატოვეს ცხინვალი და ნიქოზის თავშეყრის რაიონში გავიდნენ.

 

ამ ფაქტების ანალიზისას ძნელი გასარკვევია, რა გახდა ცხინვალიდან ჯარის გამოყვანის რეალური მიზეზი. არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხინვალის დაჯგუფებამ წინააღმდეგობის გამო დატოვა ცხინვალი. ყოველ შემთხვევაში, ცხინვალში 14:00-დან 15:00 საათამდე მოწინააღმდეგემ შეძლო მოსკოვისა და ვაგზლისპირა ქუჩების გადაკვეთაზე ქვეით ფეხოსანთა მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი 3 ქართული ტანკის განადგურება. ასევე, დამწვარია გმირთა და ისააკის ქუჩების გადაკვეთაზე 2 ტანკი და 1 ჯავშანმანქანა. ერთი ჯავშანავტომობილი "კობრა" ოქტომბრის ქუჩაზე და ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა ისააკისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზეა განადგურებული. ასევე ტბეთიდან ცხინვალის შემოსასვლელთან 1 ტანკი და 1 ჯავშანმაქანა განადგურდა, 1 ტანკი ცხინვალის მისადგომებთან მიატოვეს და კიდევ 1 ტანკი N406 ქარხნის ქუჩიდან თამარაშენის მიმართულებით განადგურდა.

 

შესაძლოა, სწორედ ამ დანაკარგებმა განაპირობა გიგი უგულავას განცხადება მორატორიუმის შესახებ და ეს ტაქტიკური ნაბიჯი იყო.

 

ყოველ შემთხვევაში, სამხედრო ხელმძღვანელობამ ცხინვალის სასწრაფოდ დატოვების ბრძანება გასცა და 15:00 საათისთვის ცხინვალიდან თითქმის სრულად იყო გამოყვანილი სამხედრო ნაწილები. აღსანიშნავია, რომ ცხინვალის დაჯგუფებაში შემავალ შენაერთებში ძალზე ბევრ სამხედრო მოსამსახურეს არც კი გაუგია 14:00 საათისთვის "დუბოვაია როშჩას" დაბომბვის ინციდენტი. რიგითებმა ისიც ვერ გაარკვიეს, რა ამოცანით იყვნენ შეყვანილები ცხინვალში ან უკან რატომ გამოიყვანეს.

 

სავარაუდოდ, "შანხაის" დასახლებაში შსს-ს ზოგიერთი სპეცრაზმი დატოვეს.

 

პარალელურად, რუსული ავიაცია საქაშეთიდან ნიქოზამდე ტერიტორიას უკვე ინტენსიურად ბომბავდა. იბომბებოდა გორიც.

 

ცხინვალის დატოვების ბრძანებას ყველა ქვედანაყოფამდე არ მიუღწევია, ხოლო ზოგიერთს კი მოწინააღმდეგის მხრიდან მოწყობილი ჩასაფრებები ბრძანების შესრულების საშუალებას არ აძლევდა. მოწინააღმდეგის მხრიდან ისააკისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთასთან, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს მესამე ოპერატიული სამმართველოს კუთვნილი ე.წ. "კობრა" ააფეთქეს, 6-მა თუ 9 სამხედრო მოსამსახურემ თავი სტალინის ქუჩის 60-ში მცხოვრებ ოსი ეროვნების ოჯახს შეაფარა. ისინი საღამოს 15:00-დან 19:00 საათამდე რადიოსადგურით ითხოვდნენ შველას, ალყიდან გამოყვანას. ხოლო ხელმძღვანელობამ ქვედანაყოფის მეთაურს დახმარების გაწევისთვის შესაბამისი ბრძანება არ მისცა.

 

ზემო ნიქოზიდან "დუბოვაია როშჩისაკენ" 1-ელი ბრიგადის სატანკო ბატალიონის ჯარისკაცები დაჭრილ-დაღუპულების გამოსაყვანად შესვლას ცდილობდნენ 15:00-იდან 16:00 საათამდე და ისინი სეპარატისტთა ფორმირებებმა ტყვედ აიყვანეს. მიუხედავად ამ ურთულესი მდგომარეობისა, რომელიც 8 აგვისტოს 15:00 საათისთვის შეიქმნა, ქართული საინფორმაციო საშუალებებით კვლავ გადიოდა კადრები, სადაც სეპარატისტთა ლიდერი კოკოითი საკუთარ მოსახლეობას მიმართავდა შემდეგი სიტყვებით: "რუსებმა და აფხაზებმა გვიღალატეს და დაიცავით საყვარელი პრეზიდენტი". ასევე, განცვიფრებას იწვევდა პარლამენტის წევრის ლაშა ჟვანიას მიერ 15:40 საათზე გაკეთებული განცხადება: "ეს ომი კი არ არის, არამედ ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ". რა თქმა უნდა, საინფორმაციო საშუალებებით ქართული შენაერთების მიერ ცხინვალის დატოვების შესახებ ინფორმაცია არ გადაცემულა.

 

ასევე, მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ რუსული სამხედრო ბაზიდან 15:00-17:00 საათამდე რუსებმა დაჯავშნილი "ურალით" დაახლოებით 27 დაჭრილი გაიყვანეს. მათი დანაკარგი იყო 12 მოკლული, განადგურდა ერთი ვგ-1 და ერთი ვგ-2.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 32
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

კვაისიდან უკან გამობრუნებული კუდ-ი

 

8 აგვისტოს გამთენიისას, კუდ-ის სპეცრაზმი შეტევაზე გადავიდა და კვაისამდე არმისული დღის პირველივე ნახევარში მოწინააღმდეგის საყრდენ პოზიციას (სავარაუდოდ, 30-მდე შეიარაღებულ პირს) გადააწყდა. ორმხრივი ცეცხლის შედეგად რამდენიმე ქართველი სპეცრაზმელი (სავარაუდოდ, 4) დაიჭრა, რასაც შსს-ს ხელმძღვანელობის ბრძანებით კუდ-ის სპეცრაზმის უკან გაყვანა მოჰყვა. უცნობია, რა გახდა ამის რეალური მიზეზი. არ არის გამორიცხული, ეს დანაკარგმა განაპირობა. ძნელად დასაჯერებელია, რომ ერთ-ერთმა საუკეთესოდ მიჩნეულმა სპეცრაზმმა ვერ შეძლო მოწინააღმდეგის მცირერიცხოვანი საყრდენი პოზიციის გარღვევა. თუმცა შესაძლებელია, უკანდახევა რუსული ავიაციის ფაქტორმაც განაპირობა.

 

საერთოდ გაუგებარია, "საბრძოლო მოქმედებებისათვის ამ უმნიშვნელოვანეს თეატრზე" რატომ აღმოჩნდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის არის მომზადებული... მით უფრო, რომ ხელისუფლების ამოცანა რუსეთის აგრესიის შეკავებას მოითხოვდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამოღმით პერევის დაჯგუფება, გაღმით კი...

 

როგორც უკვე ვიცით, ამ დაჯგუფებას თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო პოლიციის ქვედანაყოფი წარმოადგენდა. 8 აგვისტოს, დილის 08:00 საათისთვის საჩხერის დაჯგუფებამ საწყისი პოზიციიდან დაიწყო მოქმედება და ჯავის მიმართულებით სავარაუდოდ, 30 ერთეული მობილური სატრანსპორტო საშუალებით დაიძრა. მას სოფელ სინაგურაში ოსურ თავდაცვით პოსტთან მოუხდა მცირე შეტაკება. 14:00 საათისათვის, ეს მცირე წინააღმდეგობა იოლად დასძლიეს. ცნობილია ასევე, რომ მჟავე წ####ბთან (აბანოებთან) მოწინააღმდეგემ ააფეთქა მდინარეზე გადასასვლელი ხიდი, რის შედეგადაც ქართული დაჯგუფების წინსვლა შეჩერდა. ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო პოლიციის ქვედანაყოფი მხოლოდ ვიზუალურ კონტაქტში იმყოფებოდა მოწინააღმდეგესთან, აგრესიის შესაკავებლად არავითარი ბრძოლა აღარ განუხორციელებია და ბუნებრივია, არც მსხვერპლი ყოფილა. დაჯგუფებამ ღამე იქვე, მჟავე წ####ბთან გაათენა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მავნე ზნე და ვითომ "დაკავებული" ზნაური

 

8 აგვისტოს, დილის 05:40 საათზე ქართული შენაერთების მიერ ზნაურის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა რეალობა სხვაგვარი იყო... 43-ე ბატალიონმა ჯერ კიდევ 7 აგვისტოს, 23:00 საათიდან დაიწყო სოფელ ფცადან მდინარე შუა ფრონეს მარჯვენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სოფლების ე.წ. წმენდა. იგი მთელი ღამე ფეხით სიარულის შემდეგ (ბატალიონი ქვეითთა რიგში იყო გაშლილი ასეულებად), დაახლოებით 11:00-12:00 საათისთვის თავდაცვით ზღუდეს წააწყდა. არადა, ზნაურამდე ჯერ კიდევ 2 კმ-ის სავალი გზა მაინც იყო დარჩენილი.

 

შეგნებულად მინდა აღვწერო ამ ლოკალური ბრძოლის მიმდინარეობა, რათა ნათელი გახდეს, რა ტაქტიკით მოქმედებდნენ შეტევისას (მოწინააღმდეგესთან უშუალო საცეცხლე შეხების დროს) ერაყში პატრულირებისთვის მომზადებული ქართული ბატალიონები. სავარაუდოდ, სოფელ სუნისთან ოსურმა ფორმირებებმა ათეულის საყრდენი პოზიციიდან გაუხსნეს ცეცხლი ქართულ დაჯგუფებას. დაიჭრა 43-ე ბატალიონის 3 ან 5 სამხედრო მოსამსახურე. ამის შემდეგ (ბრძანების შესაბამისად) ასეულები თავ-თავიანთი შეტევის რიგებიდან მოიხსნა და მათი ერთად თავმოყრა მოხდა მოწინააღმდეგის საყრდენი პოზიციის გასანადგურებლად. შეტევის დაწყებამდე, 43-ე ბატალიონის მეთაურმა ითხოვა ბრიგადის არტილერიის ცეცხლის მხარდაჭერა, ასევე სამი ტანკით გაძლიერდა... ამგვარად აღჭურვილი ქართული დაჯგუფება მოწინააღმდეგის საყრდენი პოზიციის ცეცხლით დამუშავებას შეუდგა რამდენიმე საათის განმავლობაში, რის შემდეგაც დაახლოებით 16:00 საათისთვის ქვეითებმა შტურმით აიღეს აღნიშნული "სიმაღლე", სადაც მოწინააღმდეგეები არც უნახავთ. ბუნებრივია, არ ყოფილა მსხვერპლიც. 16:00-იდან 17:00 საათამდე 43-ე ბატალიონმა გზა ზნაურის მიმართულებით გააგრძელა, მას ევალებოდა სოფლებში ე.წ. წმენდის განხორციელებაც, თუმცა რეალურად მოწინააღმდეგე არსად იყო. 18:00 საათისთვის 43-ე ბატალიონი სრული შემადგენლობით ზნაურის შესასვლელ ხიდთან მივიდა, თუმცა იგი ზნაურში არ შესულა. მთელი ღამისა და დღის საპატრულო-წმენდითი ოპერაციებით, ასევე, ორი ღამის უძილობითა და ზაფხულის სიცხით გადაღლილი ბატალიონის შემადგენლობა აუცილებლად დასვენებას საჭიროებდა. მეთაურმა ბატალიონის მოწინააღმდეგის ყოფილი საყრდენი პოზიციისკენ უკან დაბრუნება, იქ დაბანაკება და ღამის გათენება გადაწყვიტა. ჩვენ აღვწერეთ მოქმედებები, რომელიც 8 აგვისტოს დილიდან 19:00 საათამდე განხორციელდა. არადა, ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა 8 აგვისტოს 05:40 საათიდან უკვე საზეიმოდ ამცნობდა საქართველოს მოსახლეობას (ტელევიზიებისა და საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით), რომ ქართულმა მხარემ ზნაური დაიკავა. რეალურად კი, დღის ბოლომდე ქართველები ზნაურში ჯერ კიდევ არ იყვნენ შესულები. ეტყობა, ძველი ქართული გამოთქმა "ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო", ჩვენი მავნე ზნის მაჩვენებელია, წარმატების გაზვიადებაც ისეთ ომში, როგორიც რუსეთ-საქართველოს ომი იყო, სრულიად უსარგებლო რამ აღმოჩნდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წარუმატებლობის ანალიზი

 

43-ე ბატალიონის მოქმედება დეტალურად აღვწერე, რათა მეჩვენებინა, ქართული ბატალიონები შეტევისას რა ტაქტიკით მოქმედებდნენ. ასე იყვნენ ისინი მომზადებულები და გაწვრთნილები. მათ მოქმედებაში ვერ ვნახულობთ შეტევისთვის დამახასიათებელ მოთხოვნებს, ისეთს, როგორიც არის შეუჩერებლად, დღისა და ღამის განმავლობაში სწრაფი ტემპით სვლა, ძალების სრული დაძაბვით გადამწყვეტი დარტყმების განხორციელება, მანევრირება, მოწინააღმდეგის თავდაცვითი პოზიციების გარღვევა და სიღრმეში გასვლა. თანაც გაურკვეველია, სამხედრო ფორმირებებისგან ოსური სოფლების გაწმენდა რატომ ჰქონდა ამოცანად 43-ე ბატალიონს მაშინ, როცა 16:00 საათზე რუსეთმა უკვე გააკეთა განცხადება საქართველოში სამხედრო ინტერვენციის დაწყების შესახებ.

 

ბუნდოვანი საბრძოლო ამოცანიდან გამომდინარე, 43-ე ბატალიონმა (რომელსაც შეტევის მიმართულებაზე პრაქტიკულად მოწინააღმდეგე არ ჰყოლია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ერთ-ორ ადგილას კანტიკუნტად ისმოდა მოწინააღმდეგის მიერ გამოსროლილი ტყვიის ხმა) ერთ მცირე საყრდენ პოზიციას მთელი საბრძოლო შემართება შეალია და ფიზიკური სამხედრო ძალა სოფლებში უაზროდ სიარულს მოახმარა. რაც შეეხება ქართველ ჯარისკაცთა მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, გულანთებული სულისკვეთება ძალზე მალე სრულ დაბნეულობაში გადაიზარდა. 7 აგვისტოს ღამით მათ მოწინააღმდეგედ განესაზღვრათ ოსური შეიარაღებული ფორმირებები, 8 აგვისტოს კი შუადღემდე არ ჰქონდათ არავითარი ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა ცხინვალსა და გორში. როცა ისინი ტყეში დაბორიალებდნენ, ხედავდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რატომ დასტრიალებდნენ და ბომბავდნენ ცხინვალსა და გორს მოიერიშე თვითმფრინავები (რომლებიც თავიდან მათაც ქართულ ავიაციად მიიჩნიეს). 43-ე ბატალიონის ჯარისკაცები ნაშუადღევს უკვე ტელეფონებით იღებენ ინფორმაციას ცხინვალთან მეოთხე ბრიგადაში მსხვერპლის შესახებ.

 

მათ არ იცოდნენ, იმ დროს სად იყო 41-ე და 42-ე ბატალიონი.

 

42-ე ბატალიონს რაც შეეხება, ის ცხინვალის დასავლეთი მისადგომებიდან ავნევისაკენ ტბეთის გზით ცდილობდა თავის დაღწევას. მეთაურები მანქანებით ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. მათ თან გაიყვანეს ის ჯარისკაცები, რომლებმაც მანქანაში ჩასხდომა მოახერხეს, ხოლო ტრანსპორტის გარეშე დარჩენილები საკუთარი თვალით ხედავდნენ, თუ როგორ მიატოვეს ისინი. ფსიქოლოგიურად და მორალურად ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი ჯარისკაცები ცდილობდნენ ფეხით გადაეჭრათ ავნევისა და ნიქოზის მიმართულებით მინდვრები და ისე გასულიყვნენ სამშვიდობოს... როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიტოვებული აღმოჩნდნენ დაჭრილები და დაღუპულები.

 

ეს ყველაფერი მოხდა იმ უგუნური გადაწყვეტილების გამო, რომ 42-ე ბატალიონს მოულოდნელად შეუცვალეს ამოცანა და ძარის მიმართულების ნაცვლად, შემოატრიალეს ცხინვალის მიმართულებაზე მაშინ, როცა ამის არავითარი საჭიროება არ იყო. ჩემი ინფორმაციით, დღეს ვერც ერთი სამხედრო პირი ვერ გეტყვით, ვინ და რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

 

იმ დროს, როდესაც 42-ე ბატალიონის ჯარისკაცები გამორბოდნენ, 41-ე ბატალიონს ავნევის ჩრდილოეთით, სიმაღლეზე თავდაცვის რაიონი ეკავა და ხეთაგუროვო-ძარის გზას აკონტროლებდა, პერიოდულად კი მოწინააღმდეგის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ ექცეოდა. მათ დაინახეს თუ როგორი დასისხლიანებულები მორბოდნენ 42-ე ბატალიონის ჯარისკაცები და მათი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა გადაედოთ. ათასგვარი ჭორი გავრცელდა დაღუპულთა რიცხვის შესახებ, ბრიგადა ისტერიამ და ქაოსმა მოიცვა, პირადი შემადგენლობა დაითრგუნა და უმართავ მასად გადაიქცა, მოიშალა ბატალიონებს შორის კავშირის სისტემაც.

 

სავარაუდოდ, 16:00 საათისთვის, 42-ე ბატალიონის ნარჩენები ავნევში შეგროვდნენ, იქიდან კი სასწრაფოდ გაიყვანეს შოთაწყაროსა და აგარასთან თავშეყრის რაიონში, ხოლო მოგვიანებით მე-4 ბრიგადა მთლიანად გამოიყვანეს ავნევიდან და გორის რაიონის სოფელ საქაშეთში შეიყვანეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი ნაბიჯით წინ ერედვისაკენ, ორით - უკან...

 

8 აგვისტოს დილის 06:00 საათზე მე-3 ბრიგადის 31-ე, 32-ე და 33-ე ბატალიონებმა ერედვის გასასვლელიდან კოხათი-სარაბუკი-დმენისის მიმართულებით შეტევა დაიწყეს. მათი ამოცანა იყო თლიაყანის სიმაღლეების ხელში ჩაგდება, შეტევის განვითარება გერის გზაზე და სოფელ დიდ გუფთასთან მე-4 ბრიგადასთან შეერთება. შეტევის ტემპს აფერხებდა კოხათში განლაგებული ნაღმმტყორცნთა ბატარეა, დმენისის ხიდთან და სარაბუკთან განთავსებულ რუს სამშვიდობოთა გაძლიერებული პოსტი, ასევე წვერიახოზე განლაგებული ჩეჩნური ბატალიონის, "ვოსტოკის" საყრდენი პოზიცია. შეტევის საწყის ეტაპზევე ქართველმა შენაერთებმა მშვიდად ჩაუარეს კოხათისა და დმენისის ხიდებთან განლაგებულ რუს სამშვიდობოთა ბლოკ-პოსტებს, რომლებიც სამსახურს ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდნენ და ქართული ქვედანაყოფები შეუფერხებლად გაატარეს. უფრო მეტიც, ისინი ერთმანეთს ხელის აწევით მიესალმნენ. ქართულმა დაჯგუფებამ მალევე მოახერხა კოხათის სიმაღლეების ხელში ჩაგდება. საარტილერიო დამუშავების შედეგად სეპარატისტთა პოზიციები მიატოვა პირადმა შემადგენლობამ და ქართველებმა 10:00 საათისთვის კოხათის სიმაღლეები დაიკავეს. მოწინააღმდეგემ პოზიციებზე 3 ნაღმმტყორცნი და ერთი დაზგის ყუმბარმტყორცნი დატოვა. ამავდროულად, შეტევის მარჯვენა ფლანგზე ქართულმა დანაყოფებმა სოფელ ერედვის პოლიციასთან ერთად (დაახლოებით 11:00 საათისთვის) დმენისის დასავლეთი მისადგომები დაიკავა. სეპარატისტთა ადგილობრივი ფორმირებები ჩრდილოეთით გაიქცნენ და თავი ტყეებს შეაფარეს.

 

მოწინააღმდეგის საარტილერიო ცეცხლის გამო დმენისში შესვლა და სრულად კონტროლი მაინც ვერ მოხერხდა. ქართული მხარე დმენისისა და ვანათის მიმდებარე სოფლების წმენდას შეუდგა.

 

11:00 საათიდან რუსული ავიაცია და არტილერია ერედვისა და ფრისის მისადგომების მასობრივ დაბომბვაზე გადავიდა. ადგილობრივ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვების გარდა, სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსული ავიაციის "ფრთებქვეშ"...

 

ქართული შენაერთების მიერ სამშვიდობოთა ბლოკპოსტების გავლის შემდეგ მოწინააღმდეგემ საავიაციო და საარტილერიო დაბომბვები საბრძოლო მოქმედებების ყველა მიმართულებაზე დაიწყო. ცეცხლის კორექტირება რუს სამშვიდობოთა ბლოკპოსტებიდან ხდებოდა (ასეთი ვითარების მიუხედავად, 8 აგვისტოს საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მაინც შემდეგი შინაარსის ინფორმაცია ვრცელდებოდა: "ჩვენ ვიცავთ რუსი სამშვიდობოების უსაფრთხოებას").

 

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ არ მოხდა ქართული შენაერთების სწრაფი წინსვლა თლიაყანის მიმართულებით? სწორედ 11:00 საათისთვის აღმოჩნდა, რომ ოპერატიულ შტაბს გამორჩენოდა ნიქოზიდან ფრისამდე რომელიმე ქართული შენაერთის შეყვანა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ პრაქტიკულად ცხინვალის აღმოსავლეთი მხარე დაუცველი იყო. არადა, იმ დროს, მეღვრეკისში უამრავი ქართველი და უცხოელი ჟურნალისტი იმყოფებოდა, რომელთაც უსაფრთხოების არავითარი გარანტია არ ჰქონდათ.

 

აქედან გამომდინარე, 11:00-იდან 12:00 საათამდე, გაერთიანებული შტაბის უფროსმა ერედვი-ფრისის მიმართულების გასაძლიერებლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმი შეიყვანა. არის ვერსია, რომ სარაბუკიდან 31-ე ბატალიონის მოხსნა და ფრისის მიმართულებაზე გადმოყვანა, მის ნაცვლად კი სასჯელაღსრულების სპეცრაზმის შეყვანა გადაწყდა, თუმცა, რეალურად მსგავსი არაფერი მომხდარა. ერთადერთი, რაც მართლაც მოხერხდა, არის ის, რომ 11:00-იდან 11:30 საათამდე მეღვრეკისიდან ერგნეთის მიმართულებით სენაკის 21-ე ბრიგადის სატანკო ბატალიონის 5-6 ტანკი შეიყვანეს. ამ სატანკო კოლონამაც მშვიდად ჩაუარა მეღვრეკისის გასასვლელთან განლაგებულ რუს სამშვიდობოთა ბლოკპოსტს. ხოლო მოგვიანებით რეზერვში მყოფი უკანასკნელი 53-ე ბატალიონი შეიყვანეს ფრისის მიმართულებით.

 

12:00 საათიდან პრაქტიკულად ქართული ნაწილების შეტევის ყველა მიმართულება რუსული ავიაციისა და არტილერიის დარტყმების ქვეშ მოექცა. 14:00-იდან 15:00 საათამდე ერგნეთის მხრიდან ცხინვალის მისადგომებთან მისულმა ქართული დანაყოფების ტანკებმა ავიაციის დაბომბვებისგან თავის გადასარჩენად უკან დახევა დაიწყო. რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმს, იგი უამოცანოდ დარჩა... ერედვში მოწინააღმდეგის საარტილერიო დაბომბვებით დათრგუნვილი ქვედანაყოფები ერედვის სკოლას, პოლიციის შენობას, ზედაწყაროს და შემოვლითი გზის მისადგომებს აფარებდნენ თავს.

 

შეიძლება ითქვას, 13:00 საათიდან ერედვის თავდაცვისათვის არაფერი გაკეთებულა. ამ დროისათვის შენაერთები უკვე ცხინვალიდან ნიქოზში იყო გამოყვანილი, ხოლო 53-ე ბატალიონი ჯერ კიდევ არ გახლდათ ფრისზე შემოსული, როცა ერედვი სრულმა ქაოსმა და ისტერიამ მოიცვა. რაც შეეხება მესამე ბრიგადას, 31-ე ბატალიონი სარაბუკის მისადგომებთან ახორციელებდა წმენდას და რუს სამშვიდობოთა ბლოკირებას, 32-ე ბატალიონი კი, ზემო სარაბუკზე უშედეგო შეტევის შემდეგ, იძულებული გახდა, ტყეებით უკან დაეხია. იგი 17:00 საათისთვის ერედვის შესასვლელთან გამოვიდა. იქვე ახლოს, ქსუისთან პრაქტიკულად კვლავ საწყის პოზიციაზე იმყოფებოდა 33-ე ბატალიონი. მიზეზი მარტივი გახლდათ, - პირადი შემადგენლობის დაღლილობა, დაბნეულობა, გაურკვეველი ბრძანებები და უაზრო გადაადგილებები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი ლიახვის ხეობის გასაჭირი...

 

ხელისუფლების ვერსიით, ცხინვალზე შეტევის განხორციელების აუცილებლობა თითქოს დიდი ლიახვის ხეობის დაცვამ განაპირობა... არადა, რეალურად, მოსახლეობის მხრიდან 8 აგვისტოს 16:00 საათიდან იწყება დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობის მოულოდნელი გასაჭირი. ისინი იძულებით ტოვებენ საცხოვრებელ ადგილებს, თვალცრემლიანი ეთხოვებიან იმ დაღუპულების საფლავებს, რომლებმაც სიცოცხლე თავიანთი მიწა-წყლის დაცვას შეალიეს (ზოგს ასეთი დედმაშვილი ჰყავდა, ზოგს მშობელი, მეგობარი ან მეზობელი). ყველამ ვიცით, დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობა 17 წლის განმავლობაში როგორ გმირულად იცავდა საკუთარ სახლ-კარს, მშვიდი ძილი და ცხოვრება არ ჰქონია. არც 8 აგვისტოს ეწადათ მათ ძირძველი ქართული სამაჩაბლოდან უბრძოლველად წასვლა. ახალგაზრდობის ჯგუფი დიდი ლიახვის ხეობის პოლიციის ხელმძღვანელობას სთხოვდა იარაღს, რათა თავისი საყვარელი კუთხის დასაცავად დარჩენილიყო, თუმცა პასუხად უარი მიიღო. ქალები და ბავშვები თვალცრემლიანები ტოვებდნენ თავიანთ საცხოვრებლებს...

 

რეალურად იმ დროს, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები (უგულავა, ლომაია, გაბაშვილი) აცხადებდნენ, რომ ცხინვალს საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ, ლიახვის ხეობის მოსახლეობა საკუთარი თვალით ხედავდა, რომ მეოთხე ბრიგადას ცხინვალის დასავლეთი მხარე მთლიანად ჰქონდა დატოვებული. 16:00 საათისთვის ცხინვალიდან ქართული ჯარი უკვე გამოყვანილი იყო, ერგნეთიდან ფრისამდეც არავინ იმყოფებოდა, ხოლო ტანკები უკან იყვნენ გასულები. რაც შეეხება ერედვს, ის მასობრივი დაბომბვების ქვეშ იმყოფებოდა და მოსახლეობისგან სტიქიურად იცლებოდა. დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობამ (ბევრმა საკუთარი თვალით ნახა) იცოდა, რომ 16:00-იდან 17:00 საათამდე ხეობა უბრძოლველად ერთ-ერთმა პირველმა დიმიტრი სანაკოევის სპეცრაზმმა მიატოვა, შემდეგ მას უკან მიჰყვნენ ქართულ სამშვიდობოთა ასეულები და პოლიციელები. საღამოს 19:00 საათისთვის ხეობა ქართველი შეიარაღებული პირებისგან მთლიანად დაიცალა. ოპერატიულ (ბალახაძის), ოპერატიულ-სტრატეგიულ (გოგავას) და სტრატეგიულ (უმაღლესი მთავარსარდლის) შტაბებს რატომღაც დაავიწყდათ, რომ მათი ძირითადი ამოცანა რუსული აგრესიის შეკავება და ასევე, დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობის დაცვა იყო. უფრო მეტიც, იმ დროს, როდესაც სრული სადაზვერვო სურათი სახეზე გახლდათ და როკის გვირაბიდან მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო კოლონები მოემართებოდნენ, სურვილი არავის გასჩენია, ხეობისკენ საინჟინრო ათეული ან ოცეული გადაესროლათ, რათა კეხვიდან თამარაშენამდე (მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის სვლის ტემპების შესაკავებლად) საინჟინრო წინაღობითი ზღუდეები შექმნილიყო. ბედის ანაბარად მიტოვებული დიდი ლიახვის ხეობის მცხოვრებლებს წვერიახოზე განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში შემავალი ჩეჩნური ასეულის მებრძოლები გამოსვლაში ეხმარებოდნენ და აფრთხილებდნენ, რომ იქაურობას დროზე გასცლოდნენ, რადგანაც ჩრდილო კავკასიიდან მოხალისეთა ჯგუფები მოემართებოდნენ (თვითმხილველთა ინფორმაცია). ისინი ასე, შეურაცხყოფის განცდით, უბრძოლველად ტოვებდნენ ხეობას. ამაზე დიდი გასაჭირი ლიახვის ხეობის მოსახლეობას მართლაც არასოდეს ჰქონია... არც მაშინ, როცა თავიანთ მიწა-წყალს გმირულად იცავდნენ... არც მაშინ, როცა სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპულებს მარხავდნენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კვლავ ცხინვალი...

 

ჩვენ განვიხილეთ 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრისთვის "მიღწეული წარმატებები" სხვა მიმართულებებზე. დავუბრუნდეთ ცხინვალის მიმართულებას. როგორც გახსოვთ, 14:00-იდან 15:00 საათამდე ცხინვალის დაჯგუფება ქალაქიდან ნიქოზისაკენ ჯერ კიდევ მაშინ გამოიყვანეს, როდესაც ცხინვალში პრაქტიკულად წინააღმდეგობა არ ყოფილა. რამ განაპირობა ეს?! მიზეზს ვერც ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი ვერ გეტყვით, რადგანაც თავადაც არ იციან, ვინ რატომ გასცა ცხინვალიდან ნაწილების გამოყვანის ბრძანება. ასევე ვერავინ გეტყვით, ვინ რა მიზნით შემოატრიალა მეოთხე ბრიგადა ძარის მიმართულებიდან ცხინვალისაკენ, რასაც გამოუსწორებელი შედეგი (მსხვერპლი) მოჰყვა. როგორც ჩანს, ცხინვალში "შესვლასაც" და "გამოსვლასაც" პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და ასეთ "ბრძნულ" გადაწყვეტილებებს ქვეყნის პირველი პირები იღებდნენ.

 

ალბათ, უმაღლეს ხელმძღვანელთა გაუგებარი მოქმედებებისა და მერყეობის მიზეზი რუსეთში მიმდინარე მოვლენები იყო.

 

8 აგვისტოს 14:00 საათზე (რუსული საინფორმაციო წყაროების ცნობით) რუსეთის უშიშროების საბჭომ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენების გამო საგანგებო სხდომა გამართა.

 

შეგახსენებთ, რომ 09:00 საათიდან რუსული ავიაცია საავიაციო დარტყმებს უკვე ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე, ვლადიკავკაზიდან ჯავის მიმართულებით კი რუსული ჯავშანტექნიკა 02:00 საათიდან შემოდიოდა. ეს ძალები ქართული ნაწილების წინსვლის შესაკავებლად საკმარისი იყო. მაშინ რაღას ემსახურებოდა რუსეთის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა? როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლების მიზანი არა მხოლოდ ქართული ნაწილების წინსვლის შეკავება, არამედ საქართველოს ხელისუფლების დასჯა გახლდათ.

 

16:05 საათზე რუსეთის ტელევიზიებმა უკვე გამოაცხადეს რუსეთის ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც საქართველოში შემოჭრას ეხებოდა. საბაბად მოიყვანეს ღამით ცხინვალის რეაქტიული ჭურვებით დაბომბვა, მშვიდობისმყოფელთა წინააღმდეგ ცეცხლის გახსნა და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. საინტერესოა, ცხინვალში შესვლა რომ არ მომხდარიყო, რუსეთს აგრესიის განხორციელებისთვის რა საბაბი ექნებოდა?

 

საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მწარე იმედგაცრუების წინაშე დადგა, მითი რუსეთის კონფლიქტში ჩაურევლობასთან დაკავშირებით ერთბაშად გაქარწყლდა. 16:00 საათზე საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ აღმოაჩინა, რომ ეს ბრძოლა "ტერორიზმის წინააღმდეგ" კი არ იყო, არამედ რუსეთ-საქართველოს ომი გახლდათ. მხოლოდ 18:00 საათზე გააკეთა პირველად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური განცხადება რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, ვრცელდებოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა არაადეკვატური და ომახიანი განცხადებები:

 

კახა ლომაია (16:40 საათი): "თუ საჭირო გახდება, ჯავასაც დავიკავებთ", გოკა გაბაშვილი (18:00 სააათი): "ცხინვალს სრულად ქართული შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ".

 

არადა, 18:00 საათისთვის სამხედრო ხელმძღვანელობა უკვე უშედეგოდ ცდილობდა ე.წ. შანხაის დასახლებაში შესვლას და გმირთა ქუჩის შესასვლელთან (რკინიგზის გადასასვლელის სიახლოვეს) ბლოკპოსტების მოწყობას... 18:00 საათისთვის კვლავ ითხოვდა შველას სტალინის ქუჩის 60 ნომერში ალყაში მოქცეული შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა მე-3 ოპერატიული სამმართველოს 6 სამხედრო მოსამსახურე... მოგვიანებით (18:00-იდან 19:00 საათამდე) მათთან კავშირი შეწყდა, ისინი დღესდღეობით უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. ცხინვალიდან პირველი უკან დახევისას (15:00 საათზე), შსს-ს სპეცრაზმი ქალაქის გარეუბანში მდებარე შენობებში გამაგრდა. არაორგანიზებულობის გამო, ნიქოზიდან ცხინვალში ხელმეორედ შესვლისას, ბათუმის საზღვაო ქვეითებმა შენობაში გამაგრებული შსს-ს სპეცრაზმი მოწინააღმდეგედ მიიჩნიეს და ცეცხლი გაუხსნეს. ამის შედეგად დაიღუპა შსს-ს 1 თუ 2 მოსამსახურე. ცხინვალში ხელმეორედ შესვლა უკვე აღარ აღმოჩნდა იოლი, პირველად თუ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია, მეორედ უკვე გმირთა ქუჩის შესასვლელშივე მოწინააღმდეგემ ისეთი ინტენსიური ცეცხლი გახსნა, რომ არათუ ლიანდაგებიდან გმირთა ქუჩაზე გადასვლა, არამედ "პერეეზდზე" ბლოკპოსტების მოწყობაც ვეღარ მოხერხდა. ამაზე წმინდა ფსიქოლოგიურმა განწყობამაც იქონია გავლენა. ოსურმა მხარემ უკვე იცოდა რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ კონფლიქტის ზონაში შემოსვლასთან დაკავშირებით და წინააღმდეგობის კერებს უკვე ცხინვალის შესასვლელშივე თამამად აწყობდა. მოწინააღმდეგის მიერ ნაღმმტყორცნებით იბომბებოდა "პერეეზდის" შესასვლელი. 20:00 საათისთვის დათრგუნვილი და დემორალიზებული შსს-სა და თავდაცვის ნაწილები იძულებული გახდნენ ნიქოზისკენ უკან დაეხიათ. მიზეზი აქაც იგივე გახლდათ - დაღლილობა, უწყლობა, გაუგებარი ბრძანებები და უაზრო გადაადგილებები (აღსანიშნავია, რომ 06:00-იდან 20:00 საათამდე შსს-ს სპეცრაზმები 5-ჯერ შეიყვანეს და გამოიყვანეს ცხინვალიდან).

 

ავიაციის დაბომბვები ყველაზე ნაკლებად შეეხო ცხინვალის დაჯგუფებას, ამიტომ მის დემორალიზაციაში ავიაციის ბატონობა გადამწყვეტი ვერ იქნებოდა. ამ დაჯგუფების წევრები ალბათ უფრო მართვის არარსებობამ და არაორგანიზებულობამ დათრგუნა.

 

პარალელურად, ნიქოზიდან გორამდე სოფლებს რუსული ავიაცია ბომბავდა. ამ დროისათვის ოპერატიული შტაბი დაბნეულია, მმართველობა ამგვარი ხასიათის ომისათვის მოუმზადებელი, ხოლო სამხედრო მოსამსახურეთა მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მოშლილი.

 

აი, ასე გამოიყენეს ყველაზე ერთგული ნაწილების ჯარისკაცთა გულანთებული საბრძოლო სულისკვეთება სამხედრო პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა, რის გამოც ჯარისკაცები პირად საუბრებში უკმაყოფილებას არ მალავდნენ. 22:00 საათისთვის მოწინააღმდეგემ ქალაქი სრული კონტროლის ქვეშ აიყვანა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეფექტიანი, ხანმოკლე წარმატება

 

8 აგვისტოს არა მარტო ქართული სამხედრო ნაწილები იყვნენ რუსული ავიაციის დაბომბვების შედეგად დათრგუნვილი და დემორალიზებული. მცირედი, მაგრამ ეფექტიანი ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლების შედეგად, ქართულმა მხარემ ბუდიონოვსკში განლაგებული საავიაციო პოლკის Су-25 ტიპის (რომელიც ჩართული იყო საწყის ეტაპზე საქართველოს ტერიტორიების დაბომბვაში) 4 თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შემდეგ პოლკის მფრინავებმა უარი განაცხადეს გაფრენების შესრულებაზე, რის გამოც საბრძოლო ოპერაციებში ჩაერთო კრასნოდარში განთავსებული Су-25-ების პოლკი.

 

რუსეთში ნამდვილ კატასტროფად მიიჩნიეს ქართული მხარის მიერ Ту-22 ბომბდამშენის ჩამოგდება (რაც მართლა წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს), რომელიც თეორიულად, სტრატეგიული გეგმებით ნატოს ქვეყნების ჰაერსაწინააღმდეგო სივრცის გასარღვევად იყო გათვლილი.

 

რუსულ ტაქტიკურ დაჯგუფებათა ქსელში...

 

20:00 საათიდან ჯავასა და გუფთიდან იწყება ცხინვალზე რუსული ნაწილების გადმოსროლა. სავარაუდოდ, ეს სწორედ ჯავაში კონფლიქტის დაწყებამდე მყოფი ტაქტიკური დაჯგუფება უნდა ყოფილიყო. ვინაიდან ძარისკენ მეოთხე ბრიგადა არ გასულა და ვერც პერევის დაჯგუფებამ შეძლო ჯავისკენ გასვლა, დიდი ლიახვის ხეობა კი უკვე დაცლილი იყო, პრაქტიკულად საქართველოს შეიარაღებული ძალების ვერც ერთი სახმელეთო ნაწილი ვერ აღუდგებოდა წინ რუსულ აგრესიას. მის შესაკავებლად ეფექტიანად მხოლოდ სახმელეთო ჯარების არტილერია მოქმედებდა. ცნობილია, რომ პირველმა რუსულმა კოლონამ ცხინვალის ზემო ნაწილში შესვლა ვერ მოახერხა. 22:00 საათისთვის 135-ე მოტომსროლელი პოლკის ერთი ბატალიონი, რომელიც ჯავიდან მოემართებოდა, ძარა-ტბეთის გზაზე (ცხინვალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 6 კმ-ზე) საარტილერიო და სატანკო ცეცხლის ქვეშ მოექცა. რუსული არმიის სათავო ასეულის ნაწილი განადგურდა, ხოლო დანარჩენი გაიფანტა (რუსული ინტერნეტსაიტების ინფორმაციის მიხედვით), მხოლოდ მცირე ჯგუფმა, სავარაუდოდ, ერთმა ოცეულმა შეძლო ცხინვალში დასავლეთიდან შესვლა. ვინაიდან ძარის გზა ქართული არტილერიის სამიზნეს წარმოადგენდა, ტანკებითა და სხვა საბრძოლო ტექნიკით მოწინააღმდეგის წინსვლის შეზღუდვას უწყობდა ხელს. ბრძოლები, სავარაუდოდ, 20:00 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ყველაზე დიდი დანაკარგები კოლონებით გადაადგილებისას, რუსულმა მხარემ სწორედ ძარისა და კვერნეთის გზაზე განიცადა.

 

პარალელურად, სამხრეთ ოსეთში შედიან მოწინააღმდეგის ახალ-ახალი ტაქტიკური დაჯგუფებები: 135-ე პოლკის მე-3 ტაქტიკური დაჯგუფება, 293-ე პოლკის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი. ვლადიკავკაზიდან ჯავაში შემოდის და ჯავიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 15 კმ-ში საცეცხლე პოზიციას იკავებს თვითმავალი საარტილერიო დივიზიონი. თუმცა, არის ასეთი ინფორმაციაც, რომ რეაქტიული არტილერიის დივიზიონი კონფლიქტის დაწყებამდეც იმყოფებოდა ჯავაში.

 

რეალურად, 8 აგვისტოს, დღის ბოლოსთვის საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა უკვე უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუმცა, შესაძლებელია იგი ამას ვერც ხვდებოდა და კვლავ ეიმედებოდა ის, რომ მე-3 ბრიგადა ცხინვალის ჩრდილო-აღმოსავლეთით - თლიაყანას "უტევდა", ხოლო ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, მე-4 ბრიგადის ნაცვლად მე-2 ბრიგადა იყო შეყვანილი, რომელსაც დიდი გუფთისკენ შეტევის განხორციელება ევალებოდა.

 

დღის ბოლოსთვის საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სტრატეგიული ინიციატივა უკვე სრულიად ჰქონდა დაკარგული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"არასერიოზული" პოლიტიკური დამოკიდებულება

 

8 აგვისტოს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, რომელიც ზემოთაა აღწერილი, კვლავ გრძელდებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის დეზინფორმაციის მიწოდება.

 

მიხეილ სააკაშვილი (21:46 საათი): "ცხინვალის გათავისუფლება ურთულესი ოპერაცია იყო, რომელიც ჩვენი სრული უპირატესობით დასრულდა".

 

კახა ლომაია (23:22 საათი): "ჩვენ ვინარჩუნებთ ცხინვალში ყველა სტრატეგიულ პოზიციას. ოსური მხარე მხოლოდ ერთ პოსტს ინარჩუნებს".

 

რეალურად კი, 8 აგვისტოს, საღამოსთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების წინა ხაზი და საბრძოლო წყობა ასე გამოიყურებოდა:

 

ცხინვალი სრულად დაიცალა, ნაწილი ქვედანაყოფებისა გადაიყვანეს გორსა და შოთაწყაროსთან, ნაწილი ზემო ნიქოზში განთავსდა. წინა საბრძოლო ხაზი გადიოდა ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთით (ზემო ნიქოზის ეკლესიიდან მარცხნივ) ერთკილომეტრიან ფრონტზე.

 

ხეთაგუროვო-ზნაურის მიმართულებიდან მე-4 ბრიგადა (43-ე ბატალიონის გარდა) მთლიანად გამოყვანილია ჯერ თავშეყრის რაიონში აგარასთან და შოთაწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოგვიანებით კი - გორის რაიონის დასახლებულ პუნქტ საქაშეთში. დატოვებული და დაცლილი გახლდათ ავნევიც, წინა ხაზი ფრონეს ხეობაში სოფელ მუგუთთან გადიოდა, რომლის დასაცავადაც რეზერვისტები შეიყვანეს.

 

43-ე ბატალიონი ზნაურამდე არმისული, 2 კილომეტრის დაცილებით იმყოფებოდა (ზნაური ამ დროისთვისაც კი არ იყო დაკავებული).

 

ერედვის გასასვლელთან მე-3 ბრიგადის 2 ბატალიონი კვლავ საწყის პოზიციაზე იმყოფებოდა.

 

ფრისთან პოზიციები მე-5 ბრიგადის მე-3 ბატალიონს ეკავა.

 

სამხედრო პოლიციის საბრძოლო ბატალიონი პერევი-სინაგურის მიმართულებაზე ჩრდილო-დასავლეთით, მჟავე წ####ბთან (აბანოებთან) იყო გაჩერებული.

 

დღის ბოლოსთვის დიდი ლიახვის ხეობა მოსახლეობისგან სრულიად გახლდათ დაცლილი და უბრძოლველად დატოვებული.

 

გვარდიის 80% დაშლილი იყო, ხოლო რეზერვისტებს სახლებში აბრუნებდნენ.

 

ამავდროულად, ნიქოზიდან კილომეტრ-ნახევარში, დუბოვაია როშჩასთან კვლავ რჩებოდა 22 ჯარისკაცის ცხედარი.

 

იმის მიუხედავად, რომ სამხედრო ქვედანაყოფები სრულიად დათრგუნვილები იყვნენ, ხოლო მართვა მთლიანად გახლდათ მოშლილი, მეორე დღისთვის პოლიტიკოსები სამხედროებისგან ცხინვალზე კონტრშეტევას მაინც ჯიუტად მოითხოვდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ ერთი საბედისწერო სამხედრო შეცდომა...

 

9 აგვისტოს, მთელი ღამის განმავლობაში სახმელეთო ჯარების არტილერია ბრძოლას აწარმოებდა. 8 აგვისტოს საღამოდან 9 აგვისტოს დილამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გადაჯგუფებები მიმდინარეობდა. ზემო ნიქოზის სამხრეთ-დასავლეთით, თავდაცვითი ზღუდიდან შსს-ს ძირითადი ძალები გაიყვანეს და მათ ნაცვლად 41-ე ბატალიონი შეიყვანეს. ასევე შეიყვანეს ფრისზე 53-ე ბატალიონი.

 

8 აგვისტოს, 18:00 საათისთვის კონფლიქტის ზონაში გამოჩნდა სენაკის მე-2 ბრიგადა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ერთადერთი საბრძოლო შენაერთი, რომელსაც არ შეეხო კონფლიქტის ზონაში შეყვანის შესახებ ბრძანება (7 აგვისტოს, 14:00 საათზე მთავარსარდლის მიერ გამოცემული). აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ თავდაპირველი გეგმის მიხედვით სენაკის ბრიგადის მონაწილეობა ცხინვალის მიმართულებით განსაზღვრული არ ყოფილა. შესაძლოა მათი ამოცანა სწორედ დასავლეთის მიმართულების კონტროლი იყო, რაც საჭიროების შემთხვევაში კოდორის უსაფრთხოებისთვის დახმარებას გულისხმობდა. ჩვენთვის უცნობია, ამ დროისთვის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა რამდენად აცნობიერებდა აფხაზეთის მხრიდან მეორე ფრონტის გახსნას. ყოველ შემთხვევაში, მისასალმებელია სამხედრო შტაბის სიფრთხილე და მისი პირვანდელი გადაწყვეტილება დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო შენაერთის დატოვების შესახებ. თუმცა, როგორც ყველა მიმართულებაზე, აქაც მოგვიანებით სტრატეგიასთან შეუთავსებელ მოქმედებას ვაწყდებით. 8 აგვისტოს ღამეს მე-2 ბრიგადა განგაშზე გამოიყვანეს და სიტყვიერი ბრძანებით განუსაზღვრეს ამოცანა კონფლიქტის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით.

 

დასავლეთ მიმართულების დაცვა კი შსს-ს სამეგრელოს ქვედანაყოფებს დაევალათ (შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამეგრელოს ოპერატიულ სამმართველოსა და სამეგრელოს პოლიციის სხვა სპეცდანიშნულების რაზმებს). არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, - ბრიგადის აქ ყოფნის საჭიროება არ არის, სამეგრელოს პოლიციის სამმართველოს ჰყავს სამი ათასამდე სპეცრაზმელი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დასავლეთის მიმართულებას დაიცავენო.

 

როგორც მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, ასე დაედო დასაბამი, შეიძლება ითქვას, კიდევ ერთ საბედისწერო სამხედრო შეცდომას. ამ შეცდომის შედეგად დასავლეთ საქართველო რუსული აგრესიისგან სრულიად დაუცველი აღმოჩნდა (თუმცა, სენაკის მე-2 ბრიგადამ მისთვის დასახული ამოცანების შესრულებისას თავი მართლაც გამოიჩინა). მას თავშეყრის რაიონად ქარელის რაიონი განესაზღვრა, სადაც დღის 14:00 საათისთვის უკვე ჩამოვიდა და ტახტისძირთან დაბანაკდა (მე-2 ბრიგადის რამდენიმე ტანკი და ერთი ასეული კი ცალკე დავალებით იმყოფებოდა).

 

მათი ამოცანა მეოთხე ბრიგადის ჩანაცვლება იყო, რომელიც ამ დროისათვის "დუბოვაია როშჩასთან" საბედისწერო მოვლენების შემდეგ ავნევიდან შოთაწყაროსა და აგარის მიმართულებით ქაოსურად მოდიოდა. ავნევს იმ დროისათვის ტოვებდა 41-ე ბატალიონიც. აქ კიდევ ერთ საინტერესო გადაწყვეტილებას ვაწყდებით, - მეთაური ტახტისძირიდან ავნევისაკენ გადაადგილებისას, სპეციალურად ცდილობდა ბრიგადა არ გაეჩერებინა, რათა მის შემადგენლობას გზად ავნევიდან აგარისკენ მომავალი დეზორგანიზებული ბატალიონები არ გადაჰყროდა და დაჭრილების დანახვაზე "პანიკა" არ გადასდებოდა.

 

8 აგვისტოს, 18:00 საათისთვის მე-2 ბრიგადა ავნევსა და მუგუთს შორის დაბანაკდა. მან ღამე ავნევის მისადგომებთან გაათენა და 06:00 საათისთვის ხეთაგუროვოს მიმართულებით შეტევა დაიწყო. 22-ე და 23-ე ბატალიონებმა სატანკო ბატალიონის მხარდაჭერით, საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით შეძლეს წინააღმდეგობის დაძლევა და სწრაფი სვლით, 12:00 საათისთვის დაიკავეს ხეთაგუროვო. ბრძოლებში 2 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მათ წინააღმდეგ რუსეთის 135-ე მოტომსროლელი პოლკის ასეული იბრძოდა, რომელმაც დანაკარგების გამო უკან დაიხია. ამის შემდეგ ხდება გადაჯგუფება და 22-ე და 23-ე ბატალიონისგან იქმნება ერთი გაძლიერებული ბატალიონი, რომელმაც შეტევა ტბეთის მიმართულებით გააგრძელა. ასევე, გადაჯგუფების შედეგად შეიქმნა გაძლიერებული ასეული და მას ხეთაგუროვოს დაცვა დაევალა. 21:00 საათისთვის, ბრიგადის გაძლიერებული ბატალიონი ტბეთთან თავდაცვის ზღუდეზე იმყოფებოდა. რაც შეეხება 21-ე ბატალიონს, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ავნევიდან ცხინვალის მიმართულებაზე გადმოისროლეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბრძოლა ხრულოვის კოლონასთან

 

რაც შეეხება ცხინვალის მიმართულებას, ქართული შენაერთების მიერ 8 აგვისტოს, 22:00 საათზე "პერეეზდის" (ცხინვალის შესასვლელის) დატოვების შემდეგ, წინა ხაზი უკვე ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთით, ზემო ნიქოზიდან ერთი კმ-ის დაშორებით ფრონტზე გადიოდა. თუმცა, საინფორმაციო საშუალებებით და სააგენტოებით მაინც გადაიცემოდა, რომ ცხინვალს საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ. ვერ გეტყვით, შემთხვევითობა იყო თუ უპასუხისმგებლო განცხადებების შედეგი ის, რომ 9 აგვისტოს დილით, ცხინვალის "ტეკთან" (ერგნეთის მხრიდან) ჩვენთვის უსიამოვნო ფაქტი მოხდა. 12-მდე სამოქალაქო პირი და ქართველი მოხალისე, ეტყობა იმით დაიმედებულები, რომ ცხინვალს ქართველები აკონტროლებდნენ, ოსურ ფორმირებებს ჩაუვარდნენ ტყვედ. ისინი მოგვიანებით, 15 აგვისტოს, საპატრიარქოს ძალისხმევით გათავისუფლდნენ, მოხდა ტყვეთა გაცვლა, თუმცა ორი მათგანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

 

ჩემთვის ცნობილია ტყვეობაში ნამყოფ მოხალისეთა და რეზერვისტთა ვინაობა.

 

9 აგვისტოს დილით, ქართული ნაწილები აღარ ცდილობდნენ ცხინვალის ცენტრში შეღწევას. თუმცა, მათ საკონტროლო ცეცხლის არეალში იყო მოქცეული ქალაქის სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი. ამის გამო კვლავ ბლოკირებული რჩებოდა რუს მშვიდობისმყოფელთა ე.წ. "სამხრეთ ქალაქი". ცხინვალს კი ძირითადად, ოსური ფორმირებები აკონტროლებდნენ.

 

9 აგვისტოს დილით, ქალაქში ჩეჩნური ბატალიონის, "ვოსტოკის" ერთი ასეული (6 ერთეული ჯავშანტექნიკის თანხლებით) შევიდა.

 

58-ე არმიის ნაწილები კი ჯავიდან კვერნეთისა და ძარის გზის გავლით ისევ ჯიუტად ცდილობდნენ ქალაქში შეღწევას. მათი უმთავრესი ამოცანა იყო "სამხრეთ ქალაქში", რუსული სამშვიდობო ბაზის ტერიტორიაზე შეღწევა.

 

ამ მიზნის მიღწევას კი როგორც უკვე მოგახსენეთ, ართულებდა ის, რომ ქართული არტილერია ძარის გზას წინაღობითი ცეცხლით ეფექტიანად აკონტროლებდა. სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დატოვეს, გენერალმა ხრულოვმა კვერნეთის გზით ცხინვალისკენ წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

 

ალბათ დარწმუნებული იყო, რომ ქართული ნაწილები ცხინვალის სამხრეთ მისადგომებთან აღარ იქნებოდნენ. ამგვარად, 135-ე პოლკის ტაქტიკური დაჯგუფება ძარისა და კვერნეთის გზით ორ კოლონად მოემართებოდა.

 

პირველი კოლონა (რომელშიც ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ) მაშინ, როცა ის კვერნეთის გზით ცხინვალის "სამხრეთ ქალაქისკენ" მიემართებოდა, მოულოდნელად გადააწყდა ქართულ სამხედრო მობილურ დაჯგუფებას. ეს იყო მე-2 ბრიგადის სადაზვერვო ასეული. რუსულმა მხარემ ალბათ არ იცოდა ზემოთ ხსენებული გადაჯგუფების შესახებ (შსს-ს ძალებისა და 42-ე ბატალიონის გაყვანის შემდეგ ხეთაგუროვო-ზემო ნიქოზის ფრონტზე სენაკის მე-2 ბრიგადის შენაერთები ღამით შეიყვანეს). სწორედ ამიტომ რუსი გენერლისათვის, რომელიც ავტომანქანა "უაზით" მშვიდად მიემართებოდა, მოულოდნელი აღმოჩნდა თურქული "ლენდროვერებით" ქართული სპეცნაწილების გამოჩენა.

 

მათ შორის ბრძოლა სავარაუდოდ 11:00 საათისთვის გაიმართა. ეს მოხდა "შანხაის" დასახლებაში, რუსული სამშვიდობო ბაზიდან ჩრდილოეთით, 300-500 მეტრის დაშორებით. ქართულმა სადაზვერვო ასეულმა ყუმბარმტყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გაუხსნა რუსულ სამხედრო კოლონას, რომელიც ორი ასეულისგან შედგებოდა. როგორც ტელეარხ "როსიას" კორესპონდენტი აღწერს: "ეს იყო კონტაქტი 5, შესაძლოა 10 ან 20 მეტრის სიახლოვეში. მიდიოდა ხელჩართული ბრძოლა, რომელიც სავარაუდოდ, საათ-ნახევარი გაგრძელდა. მანქანაშივე დაიჭრა თავად 58-ე არმიის სარდალი გენერალი ხრულოვი. ამ ბრძოლაში 22 რუსული სამხედრო მანქანიდან 5 დაიწვა (3 ბე-ტე-ერი და 2 ტანკი), დაიღუპა 6 რუსი სამხედრო მოსამსახურე, დიდი რაოდენობით იყვნენ დაჭრილებიც. მოულოდნელობისგან რუსი ჯარისკაცები გაქცევით ცდილობდნენ თავის დაღწევას. დანაკარგების გამო კოლონა იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო ზემო ქალაქისაკენ. დანაკარგი იყო ქართულ მხარესაც".

 

9 აგვისტოს, ხრულოვის მეორე კოლონიდანაც, რომელიც ძარის გზით მიემართებოდა ცხინვალისკენ, ქართველთა საარტილერიო ცეცხლით განადგურდა 135-ე პოლკის 4 ერთეული საბრძოლო ტექნიკა და ნაღმმტყორცნთა ბატარეის 2 "გაზ-66".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"აუღებელი" ცხინვალი...

 

14:00 საათისთვის მიღწეული წარმატების შემდეგ ქართულმა შენაერთებმა შეტევისთვის მზადება დაიწყეს. 14:00-იდან 15:00 საათამდე მიმდინარეობდა შეტევის საარტილერიო ცეცხლით მომზადება.

 

15:00 საათისთვის სამხედრო ნაწილებმა, 41-ე და 21-ე მსუბუქ ქვეითთა ბატალიონების და ბათუმის საზღვაო ქვეითი ბატალიონის შემადგენლობით (დასაზუსტებელია კიდევ რომელი ნაწილები მონაწილეობდნენ) კვლავ სცადეს ცხინვალის დაკავება. მათ ლიანდაგებიდან გმირთა ქუჩაზე გასვლა და "შანხაის" დასახლებაში მე-12 სკოლამდე შეღწევა მოახერხეს.

 

მოწინააღმდეგემ ნაღმმტყორცნებით საპასუხო ცეცხლი გახსნა. სავარაუდოდ, ამ ბრძოლებში დაიღუპა 41-ე ბატალიონის მეთაური.

 

17:00-იდან 19:00 საათამდე ქართველებმა დანაკარგების გამო ზემო ნიქოზის მიმართულებით უკან დახევა დაიწყეს.

 

მოწინააღმდეგე არტილერიის მეშვეობით კვლავ იყენებდა მეთოდურ ცეცხლს ქართული ნაწილების სულიერი მდგომარეობის დასაკნინებლად და დასათრგუნად.

 

ქართული ნაწილები კი მეთაურების დაღუპვის, არაორგანიზებულობის თუ უმართავობის გამო, ღელვამ მოიცვა.

 

სამხედრო მოსამსახურეები თავის გადასარჩენად მიმდებარე ბაღებითა და მინდვრებით სხვადასხვა მიმართულებით იფანტებოდნენ, ბრძოლის ველზე მეთაურების ცხედრებს ტოვებდნენ. ვრცელდებოდა ჭორები ბატალიონების სრული განადგურების შესახებაც. ცოცხლად დარჩენილ მეთაურებს კი აღარ შესწევდათ ძალა ჯარისკაცთა ასეთი მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოესწორებინათ (თუმცა, ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ არის გადამწყვეტი შიშის ფაქტორი). მე-4 ბრიგადის, საზღვაო-ქვეითთა ბატალიონის და სხვა შენაერთების დემორალიზება მართვის დაკარგვამ და კავშირის არქონამ გამოიწვია. ცხინვალის გარეუბანი მასობრივად იბომბებოდა, ხოლო სამხედრო მოსამსახურეები შენობებში არ შედიოდნენ თავდაცვითი საცეცხლე პოზიციის მოსაწყობად, რადგანაც ნაწილების უკან გასვლის შემთხვევაში შენობებში არ ჩარჩენილიყვნენ. მათ კარგად ახსოვდათ 8 აგვისტოს სტალინის ქუჩის 60 ნომერში ჩარჩენილი მებრძოლების მაგალითი. მაშ ასე, 19:00 საათიდან ცხინვალის შემტევი დაჯგუფება იძულებული გახდა უკან, ნიქოზისკენ გამოსულიყო. გაურკვევლობისა და დაბნეულობისგან სამხედრო მოსამსახურეები (ეკლესიიდან ზემო ნიქოზამდე) სარწყავი არხისთვის მომზადებულ თხრილებს აფარებდნენ თავს და პრაქტიკულად, უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საბრძოლო მოქმედებების "ნაციონალური" უზრუნველყოფა

 

ხელისუფლება არაადეკვატური რიხით კვლავ აგრძელებდა საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მოსახლეობის დეზინფორმირებას.

 

მაგალითად, 15:57 საათზე დავით ბაქრაძე აცხადებდა: "ქალაქ ცხინვალსა და ცხინვალის რეგიონში ყველა სტრატეგიულ პოზიციას ქართული საჯარისო ნაწილები ინარჩუნებენ და აკონტროლებენ, გარდა ამისა, აკონტროლებენ როკისა და ჯავის მიმართულებებს".

 

ძნელად ასახსნელია, ვის გულისხმობდა პარლამენტის თავმჯდომარე როკის გვირაბის "მაკონტროლებლებში" მაშინ, როცა კვაისის დაჯგუფება უკვე დიდი ხნის გამოსული იყო ონისა და ამბროლაურის რაიონში, ხოლო თავად ონი და მისი სოფლები რუსული ავიაციის დაბომბვების ქვეშ იმყოფებოდა. რაც შეეხება პერევის დაჯგუფებას, როგორც უკვე ვიცით, ის უღელტეხილზე მჟავე წ####ბთან ახლოს დაბანაკებულიყო. ერთადერთი, რაც ცნობილია, უღელტეხილზე განთავსებულ რუსულ საარტილერიო დივიზიონზე რამდენჯერმე განხორციელდა როგორც საარტილერიო, ასევე სნაიპერების მიერ ცეცხლის გახსნა. რა როლი მიუძღოდა ამაში პერევის დაჯგუფებას ან მის მიერ სხვა რა დამატებითი სამხედრო ქმედებები განხორციელდა რუსული აგრესიის შესაკავებლად, უცნობია.

 

9 აგვისტოს, 17:00 საათისთვის პერევის დაჯგუფებამ პერევისაკენ უკან დახევა დაიწყო. ამ მარშრუტზე სოფელ სინაგურასთან მოწინააღმდეგემ ჭურვები ჩამოყარა. ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოქმედებებისას, პერევის დაჯგუფებას მსხვერპლი არ ჰქონია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...