Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'აფხაზეთი საქართველოა'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 6 results

  1. ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი აფხაზეთიდან სოხუმი სასტუმრო ,,რიწა" სოხუმის კოლონადა ყოფილი ლენინის, ამჟამად ლეონის ქუჩა სასტუმრო ,,აფხაზეთი" მოწყალების მთხოვნელი ქუჩის მუსიკოსი (მის უკან სარკეში მეც ვჩანვარ) პორტი ხედი კელასურისკენ და მეთევზის ანკესი ესეც - მეთევზე ცნობილი რესტორანი ,,ნართა" ღია კაფე-რესტორანი, მდებარეობს რესტორან ,,ამრას" წინ რესტორნების მენიუს არაფერი დაეწუნება აქ მდინარე ბესლეთი ერთვის ზღვას შესართავიდან მარჯვნივ ასე ჯვარედინად კვეთს ტალღები ერთმანეთს უკან ზღვაა, წინ - პარკი პარკს რომ გადაივლი, ადგილობრივი ხელისუფლების რეზიდენციას მიადგები ესეც იქვე, პარლამენტის შენობისკენ რომ მოუხვევ ეშბას ქუჩა, სოხუმის ცენტრალური სადგურის წინა მხარე ცენტრალური ბიბლიოთეკა ლაკობას ქუჩაზე გზა ბაზრისკენ, მარცხნივ ,,სოხუმპრიბორის" შენობაა, მარჯვნივ - ავტობუსების გაჩერება ყოფილი თარხნიშვილის ქუჩაზე სოხუმის ბაზრის ფერადობები აფხაზური შავი ლეღვი ნაირ-ნაირი ჩაი და ბალახეულობა ესეც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება მარჯვნივ ლაკობას ქუჩაა, პირდაპირ - ყოფილი თარხნიშვილის, ამჟამად - იმამ შამილის, რომელიც პლიაჟიდან ბაზრის მიმართულებით მიდის. წინ გზაჯვარედინია, თარხნიშვილის ქუჩა და მშვიდობის პროსპექტი (ამჟამად აიააირას ქუჩა) ჭრის ერთმანეთს. გზაჯვარედინთან დგას ,,სოხუმპრიბორის" შენობა, რომელშიც ომამდე ჯავახიშვილის სახელობის უნივერისტეტის სოხუმის ფილიალი მდებარეობდა ზედა ფოტოზე ნახსენები ლაკობას ქუჩიდან ასიოდე ნაბიჯს გაივლი და აქ ჩამოხვალ ეს თევზსაჭერი გემი სულ აქ დაგხვდება ეს რუსი ამ ნაკადულს მიმართულებას უცვლიდა, ცივი წყალი შემოაქვს ზღვაშიო სოხუმის შუქურას რაიონში, ამ გაველურებული ქუჩის ბოლოს, სანაპიროზე ვიღაცა სასტუმროს აშენებს ესეც შუქურას რაიონი, ,,მაიაკი" ყოფილი კინოთეატრი ,,მაიაკში" ცენტრალური ქუჩიდან გადავუხვიე და რომელიღაც ორღობიდან პირდაპირ აქ მოვხვდი შუქურას რაიონის სანაპირო ფოტოს შუა ნაწილში, ოდნავ მარცხნისკენ პირამიდის ფორმის მთა რომ მოჩანს, ახალი ათონია, იმ მთაზე მდებარეობს ანაკოფიის ციხე, მის ქვემოთ კი სიმონ კანანელის მონასტრის გუმბათი ბრჭყვიალებს. ახალი ათონი ფაცხა-რესტორანი ახალ ათონში სახელიც შესაბამისი ჰქვია მდინარე ფსირცხა რკინიგზის სადგური ,,ფსირცხა" სადგურის ჭერი ახალი ათონის კულტურის სახლი VID_20220925_174813.mp4 ჯვარედინი ტალღები სოხუმში, მდინარე ბესლეთის შესართავთან VID_20220926_114422.mp4 სამგზავრო გემი ტურისტული მარშრუტით video-31723a54-52dc-4b17-bdc8-aff494b35c56-1664132776.mp4 video-b64f1e72-405a-44bb-8796-2f7f0fc5202a-1663957893.mp4 video-d855e49c-96ad-4505-9935-adaeb49b84bc-1664137576.mp4
  2. დასკვნა ოღონდ, ნუ იქნება ომი! 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, დაგეგმილი მქონდა, დილით, ადრიანად გავსულიყავი მინისტრთა საბჭოს შენობასთან, საიდანაც 29 წლის წინანდელ, იმ ავბედით 27 სექტემბერს ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და მათი გარემოცვის წევრები ტყვედ აიყვანეს, ყვავილები მიმეტანა და ეროვნული გმირების ხსოვნისთვის ამით მიმეგო პატივი. მერე კი, შუადღისთვის რიწისკენ უნდა ამეღო გეზი და დაღამებამდე გაგრისა და ბიჭვინთის მონახულებაც უნდა მომესწრო... ისე მოხდა, რომ პირადული მიზეზით, მოულოდნელად და სასწრაფოდ, სწორედ 27 სექტემბერს მომიწია სოხუმის დატოვება და იმავე საღამოს თბილისში ვიყავი. აგერ, უკვე თვეზე მეტიც გავიდა იმ დღიდან და ისევ აფხაზეთში გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოებს ვათვალიერებ, ვერ ვეშვები. ყოველი კადრი იქაურობას მახსენებს და მგონია, ისევ იქ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ფოტო და ვიდეო მასალა დამიგროვდა, უკმაყოფილების გრძნობა მაინც არ მტოვებს. კიდევ რამდენი რამ დამრჩა გადასაღები, რამდენი აღუბეჭდავი კადრი დავტოვე, უამინდობის გამო თუ შემდეგი ჯერის იმედით. ამდენ დატვირთვას ტელეფონის ელემენტი ვერ უძლებდა და ჯდებოდა, მე კი არ ვჩქარობდი, რადგან შემდეგი ათი დღე, თან სულ მზიანი ამინდები წინ მქონდა... აფხაზეთში მოგზაურობისას ჩემი მთავარი ამოცანა ის იყო, რომ ქუჩაში გავიდოდი, სხვადასხვა ადგილს მოვინახულებდი, ფოტოებს გადავიღებდი თუ ადამიანებს დაველაპარაკებოდი, არაფერი მეთქვა და მომემოქმედებინა ისეთი, რაც ჩემ მასპინძლებს უსიამოვნებას მოუტანდა. ბუნებრივია, იქ მე ფეხდაფეხ არავინ დამყვებოდა, არც ფოტო და ვიდეოგადაღებას მიშლიდა ვინმე, მაგრამ მაინც ვცდილობდი, რომ სიფრთხილე გამომეჩინა. ვითვალისწინებდი ჩემი ნათესავების ინტერესებს, რათა ჩემი აქტიურობის გამო მათთვის საყვედური არავის ეთქვა. ეს ფაქტორი რომ არა, ნებისმიერ დროს შემეძლო მივდგომოდი იქაური მთავრობის რეზიდენციასაც კი, თამამად მეთხოვა რომელიმე მაღალჩინოსანთან შეხვედრა და მეთქვა, აი, მე, ქართველი ჩამოვედი თბილისიდან თქვენთან, როგორც სტუმარი, როგორც მშვიდობის მსურველი და მეგობარი.. შემხვდებოდნენ თუ არა, ეს სხვა საქმეა, მაგრამ როგორ გაოცებას გამოიწვევდა ჩემი მცდელობა, ძნელი მისახვედრი არ არის. დიდი იყო ცდუნება, მაგრამ სწორედ იმ მიზეზის გამო, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე, ეს ნაბიჯი არ გადავდგი. მშვიდობა ვახსენე და მასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, საკმაოდ ხშირად მიკავშირდებოდნენ აფხაზები და მეკითხებოდნენ, რა ხდებოდა ჩვენთან, ვემზადებოდით თუ არა ომისთვის, რაზეც მუდამ ვპასუხობდი, რომ ეს საკითხი არ განიხილებოდა. ისინი დაჟინებით იმეორებდნენ, რომ მათთან გამუდმებით საწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდებოდა და ქართული მხარის თავდასხმის სერიოზულად ეშინოდათ. თავიდან მეგონა, ეს, უბრალოდ, მათი აკვიატება იყო და ზედმეტი შიშისგან ფაქტებს აბუქებდნენ. მერე რამდენიმე ვიდეოც გადმომიგზავნეს, რომელიც აშკარა დეზინფორმაციულ შინაარს ატარებდა. მაგალითად, ერთ ვიდეოში გავრცელებული იყო 26 მაისის აღლუმისთვის მზადების კადრები, სადაც ჩანდა, სამხედრო ბაზიდან რუსთაველისკენ როგორ მიემართებოდა ,,დელტას“ საბრძოლო მანქანები და ამ კადრებს წამძღვარებული ჰქონდა ტექსტი, რომ ქართული მხარე საომრად საბრძოლო ტექნიკის და ხალხის მობილიზებას იწყებდა. შემდეგ მოდიოდა მიმდინარე წლის 20 ივნისს, ასევე, რუსთაველზე გამართული აქციის ,,შინ ევროპისკენ“ კადრები, სადაც ასი ათასამდე ადამიანი გამოვიდა. ამ კადრებსაც თან ერთვოდა წარწერა, რომ თბილისში მოსახლეობაც ემხრობოდა ომის დაწყებას და ეს ხალხი, სწორედ, ეგრეთწოდებული მეორე ფრონტის გახსნის იდეით შეიკრიბა. რა თქმა უნდა, ამ ორივე კადრის თაობაზე ჩემს ნათესავებს სრული ინფორმაცია მივაწოდე და მეტი დამაჯერებლობისთვის, ისეთი ფოტოებიც გავუგზავნე, რაც 20 ივნისის აქციის მთავარ მიზანს და იდეას კარგად გამოხატავდა. ამდენად, მე რომ მეგონა, ჩემი მცდელობით მათი შფოთი და შიში გავაქარწ####, სოხუმში ჩასულს, უარესი ამბები დამახვედრეს. აქვე აღვნიშნავ ერთ ფაქტსაც. როგორც ვნახე, აფხაზეთის მოსახლეობა ტელეარხების და განსაკუთრებით, საინფორმაციო გადაცემების ყურებას დიდ დროს არ უთმობს. ძირითადად, ფილმებს ან სერიალებს თუ ნახულობენ და იმასაც უმეტესად იუთუბის არხზე. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, ფეისბუკზე მეტად ინსტაგრამის და ტიკ-ტოკის მომხმარებლები არიან. აღმოჩნდა, რომ არსებობენ პროვოკატორთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ამონტაჟებენ ისეთ ვიდეოებს, ზემოთ რომ ვახსენე, თხზავენ დეზინფორამციას, წერენ აგრესიის და მუქარის შემცველ მიმართვებს, გაფრთხილებებს, მაგალითად: აი, ვემზადებით და ამა და ამ დღეს დედას გიტირებთ, მიწასთან გაგასწორებთ, თქვენი დღეები დათვლილია!.. შემდეგ ამ და მსგავსი შინაარსის გზავნილებს, სწორედ, ინსტაგრამსა და ტიკ-ტოკზე ავრცელებენ. უმეტესად, ყველა ასეთი ვიდეო თუ ტექსტი დაფინანსებულია და მიმართულია დაინტერესებული აუდიტორიისკენ. იმ ათი დღის განმავლობაში, რაც ახლა აფხაზეთში დავყავი, ყოველდღიურ რეჟიმში მიწევდა იმის მტკიცება, რომ ის ადამიანები, ვინც ამ საქმით არიან დაკავებულნი, არაფერს წყვეტენ. უფრო მეტიც, მათ ჩვენთან არავინ იცნობს, შესაბამისად, მათ ნააზრევსაც საზოგადოების ის მცირე ნაწილი თუ გაიზიარებს, ვინც მათი არსებობის და საქმიანობის შესახებ იციან და ვინც, ზოგადად, ომის მომხრეა. ვუმტკიცებდი, რომ კი, დიახ, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც კონფლიქტის ომით მოგვარების გზას ემხრობიან, მაგრამ საბედნიეროდ ისინი უმცირესობაში არიან და ისევე, როგორც თქვენ, აფხაზებს, ჩვენ, ქართველ ხალხსაც არ გვინდა ომი; უფრო მეტიც, ბოლო ათი წელია, კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა სამშვიდობო ხაზით ვითარდება, ჩვენი სახელმწიფოს მეთაურები შინ თუ გარეთ, საერთაშორისო არენაზე თუ საშინაო გამოსვლებში მაღალი ტრიბუნიდან გამუდმებით აჟღერებენ მშვიდობიან გზავნილებს, მათ მიმართვებში ყოველთვის მოიაზრებით მოძმე ერად, ვისაც მეგობრობის ხელს უწვდიან. ამ ათი წლის განმავლობაში, არსად არასდროს, არც ერთ შეხვედრაზე არავის მიმართ ჩვენგან აგრესიის შემცველი განცხადება არ გაკეთებულა. პირიქით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ჩემი სახელმწიფო ყიდულობდა თქვენთვის ელექტროენერგიას, რათა დენი შეუფერხებლად გქონოდათ; ამერიკული პეპლიდან დაწყებული თუ რამე მავნებელი იყო, ყველას გაქრობაში ჩვენი სამინისტროები დაგეხმარნენ; ჩვენ გამარაგებთ მედიკამენტებით და ვაქცინებით; თქვენი გაწყვეტა რომ გვდომოდა, ხელს ხომ არ გაგიმართავდით, ხომ არ დაგეხმარებოდით; თუნდაც კოვიდ-პანდემიის დროს, რატომ ვიზრუნებდით თქვენს გადარჩენაზე, თქვენს ონკოლოგიურ პაციენტებზე, თქვენს ოპერაციებსა და მკურნალობაზე რატომ დავხარჯავდით ამდენ რესურსს; იმისთვის, რომ მერე, ერთ დღესაც, მოვიდეთ და დაგხოცოთ?! იმდენჯერ მომიწია ამ ტექსტის თქმამ, რომ ალილუიასავით მქონდა დაზეპირებული და როგორც კი ვინმე ომზე ჩამომიგდებდა საუბარს, დაუყოვნებლივ ვპასუხობდი. მიუხედავად ჩემი ასეთი ტირადისა, ზოგს მაინც არ სჯეროდა, იმდენად ჰქონდათ ის მუქარები ტვინში ჩაბეჭდილი და როცა ვამბობდი, რომ დღეს ჩვენთან ომის საკითხი არ განიხილება, მოკლედ მპასუხობდნენ, ეს შენ ფიქრობ ასეო... ერთხელაც, ერთ მოსაუბრეს აღშფოთებულმა რომ მივმართე, თქვენ ხომ არ გგონიათ, ახლა ისეთი დროა და ისეთი განუკითხაობა, რომ შეიძლება ვინმე ექსტრემისტულად განწყობილი პირი ტანკზე ამხედრდეს და უკონტროლოდ გაჯლიგინდეს, სადაც უნდა-მეთქი, მის მიერ მობრუნებულმა კითხვამ მცირე შოკი მომგვარა... გულწრფელად გაიკვირვა და მკითხა, დარწმუნებული ვიყავი თუ არა, რომ მსგავსი რამ შეუძლებელი იყო და მართლა ვერავინ გაბედავდა და მოიმოქმედებს დღეს ასეთ რამეს?!. მაინც არ ვიცი, მათ დამიჯერეს თუ არა, ჩემთვის კი დიდად სავალალო ამბავია, რომ მაშინ, როცა მთელი სახელმწიფო, მისი ცალკეული უწყებები თუ საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილი ვცდილობთ ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითი დღე ერთმანეთთან მისასვლელი გზები აღვადგინოთ, ხიდები ვაშენოთ, ნდობა დავიბრუნოთ, ვიღაც პროვოკატორთა ჯგუფი ამ გზებს გამიზნულად ანგრევს და ჩვენს ყველა მცდელობას წყალში ჰყრის, რაც მარტივად რომ ვთქვათ, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მავნებლობა. ფაქტია, რომ ეს ადამიანები საიდანღაც მსუყედ ფინანსდებიან და თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, საკუთარი ქმედებით ვის წისქვილზეც ასხამენ წყალს, ძნელი მისახვედრი არ არის, საიადანაც. ვიცი, იმ ადამიანების ჯგუფს, ვისაც ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთ გზად ომი მიაჩნია, ჩემი პოზიცია არ მოეწონება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენს ეპოქაში არსებობს კონფლიქტების მოგვარების უკეთესი და უფრო ჰუმანური გზები და შესაძლებობები, ვიდრე ომი და სისხლისღვრაა. პირველი მოგზაურობის შემდეგ, 2001 წელს, დევნილები, მეომრები თუ ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც იგებდნენ, რომ აფხაზეთი მოვინახულე, მიკავშირდებოდნენ და შეხვედრას მთხოვდნენ. სურდათ, შთაბეჭდილებები გამეზიარებინა და მათთვის საინტერესო ამბები მომეყოლა. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, სადაც 50-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, მკითხეს, ომის დასრულების შემდეგ, თქვენ ალბათ პირველი ხართ, ვინც ამდენი ხანი დაჰყავით აფხაზეთში და საშუალება გქონდათ, ბევრ რამეში გარკვეულიყავით. როგორ ფიქრობთ, ჩვენი ტერიტორიის დასაბრუნებლად რომელი გზა არის მისაღები, ომი თუ დიპლომატიაო. მე დაუფიქრებლად ვუპასუხე, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებებით და პირდაპირი შეხვედრებით იყო შესაძლებელი კონფლიქტის მოგვარება და რომ სხვა მიზანი არც შეიძლებოდა გვქონოდა. მახსოვს, ჩემმა პასუხმა იმდენად განარისხა იქ მყოფთა უმეტესობა, რომ აფხაზების ჯაშუში და ქვეყნის მოღალატეც კი მიწოდეს და დარბაზი დამატოვებინეს… ვინც ჩემი რეპორტაჟები წაიკითხა, ნახავდა, რომ პოლიტიკურ თემებს აქამდე გვერდი ავუარე და რადგან ვიცი, ბევრს აინტერესებს, რეალურად რა ხდება, შევეცდები, მოკლედ ვთქვა. პოლიტიკური საკითხები, რაზედაც აფხაზებთან ვსაუბრობ ხოლმე, ეხება ზოგად ვითარებას, როგორც აქ, ჩვენთან, ისე იქ, მათთან. განვიხილავთ ჩვენი აქაური ყოფილი თუ ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებებს, იმათ ყოფილებს თუ ახლანდელებს, ვმსჯელობთ იმაზე, რაც მოგვწონს, რაც არ მოგვწონს, რაც გვინდა და გვჭირდება მათგან. სხვა მტკივნეულ თემას არ ვეხებით. მათ იციან ჩემი აზრი და შეხედულებები, მე ვიცი - მათი და ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ. მთავარი კი ისაა, რომ ერთმანეთს ვენდობით. მათ იციან, რომ ქვეყნის მავნებელი ჯგუფების მიერ გავრცელებული აგრესიის მიუხედავად, თუ რამე დასჭირდათ, ჩემი მხარე მუდამ მზად არის, დახმარება გაუწიოს, ხელი გაუწოდოს, მე კი ის ვიცი, რომ იქ ყოველთვის სიხარულით მიმელიან. ჩვენი შემდეგი თაობებიც, ჩემი აფხაზი ნათესავების შვილები სიყვარულით კისერზე მეხვევიან, პატივისცემით მხვდებიან, როგორც შინაურს, ისე მიღებენ. ჩემი მიზანი და მისიაც ეს არის, აღვადგინო, რაც აღსადგენია, შევინარჩუნო, რაც შესანარჩუნებელია - ნდობა, სიყვარული და პატივისცემა. და ეს არა მარტო ჩემი, ჩვენი ყველას ვალია, ქართველების და აფხაზების, სხვანაირად მომავალი არ გვექნება. ამისთვის კი საჭიროა, საქართველო იყოს ძლიერი სახელმწიფო, სადაც თითოეული მოქალაქე დაცულად იგრძნობს თავს; გვქონდეს ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა და უკეთესი ცხოვრების საძებნელად ევროპასა თუ ამერიკაში კი არ გავრბოდეთ, ჩვენვე გავხდეთ ევროპის განვითარებული ნაწილი. აქვე ერთი ლირიკული გადახვევაც უნდა გავაკეთო. როცა ქართული მხარისგან მოსალოდნელი ომის შესახებ შიშს ვუქარწ####ბდი, ერთმა აფხაზმა ხუმრობით მითხრა. ამასწინათ მე და ჩემი ქმარი თხილნარს და ფეიხოას ბაღს ვაწესრიგებდით. უცებ ჩემს ქმარს ვუთხარი, იქნებ, სულ ტყუილად ვშრომობთ, ვაიდა, მოვიდნენ ქართველები, აქედან გაგვყარონ და ეს ჩვენი ნაშრომი დაგვატოვებინონო. იმან კი მიპასუხა, მოვიდნენ, ნახავენ მოვლილ ბაღს და თხილნარს და იტყვიან, აი, ყოჩაღ, რა კარგ მშრომელ აფხაზს უცხოვრია ამ ოჯახში, როგორი დაუზარელი ყიფილაო. ჰო, ომს ყველაფერი ურჩევნიათ, ამიტომ ჩვენს ურთიერთობებზე საუბარს ყოველთვის ამ სიტყვებით ასრულებენ: ოღონდ, ნუ იქნება ომი! ირმა ბერიშვილი
  3. ნაწილი 4 დრანდა, ოჩამჩირე, ილორი სოხუმში, ცენტრალურ ქუჩებსა თუ სანაპიროზე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხვდებოდა საექსკურსიო ბიუროების სტენდები და თავიანთ პროგრამას ხან ერთი ბიუროს თანამშრომელი მაჩეჩებდა ხელში და ხან მეორე. მეც არავის ვწყვეტდი გულს, დიდი მადლობებით ვართმევდი და ფორმატზე ამობეჭდილი ნაირ-ნაირი პროგრამით ვბრუნდებოდი სახლში. მერე ვათვალიერებდი ამ ქაღალდებს და ისეთი შემოთავაზებები და მარშრუტები მხვდებოდა, უარს ვერც ერთზე ვიტყოდი. რომელი გინდოდა: რიწა თავისი ულამაზესი ტბებით, ჩანჩქერებით თუ კანიონებით; ტყვარჩელი თავისი დიდებული ბუნებით, ახალი ათონი, რომელზეც წინა ნაწილში უკვე ბევრი ვილაპარაკე, ბიჭვინთა და გაგრა, კინდღი და ტამიში, დრანდა და ილორი... ვაპირებდი კიდეც რამდენიმე მიმართულებით გამგზავრებას, მაგრამ ერთკვირიანმა გადაუღებელმა წვიმებმა შემაფერხა. სექტემბრის ბოლოსთვის ისევ კარგი ამინდები იყო ნავარაუდევი და ნათესავები შემპირდნენ, რომ რიწა-გაგრა-ბიჭვინთასაც მომატარებდნენ, ჩემს საყვარელ კინდღშიც წამიყვანდნენ, სადაც ბავშვობის საუკეთესო დღეები მქონდა გატარებული და ტამიშშიც, მათი მშობლების საფლავზეც გავივლიდით. მანამდე კი გადავწყვიტე, ერთ-ერთი საექსკურსიო ბიუროს მომსახურებით მესარგებლა და აფხაზეთში მდებარე სალოცავები მომენახულებინა. მართლაც, 24 სექტემბრის წვიმიან დღეს, აგუძერას, დრანდისა და ილორის ტაძრების დათვალიერების მსურველ 15 რუს ტურისტთან ერთად, მიკროავტობუსით დავადექი გზას. საექსკურსიო მარშრუტის მიხედვით, პირველი გაჩერება აგუძერას ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია იყო, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში საკუთარი სახსრებით რუს მეწარმეს და მეცენატს, ნიკოლოზ სლუცკოის აუშენებია. მასვე უკავშირდება სოხუმის დენდროლოგიური პარკისა და გულირიფშის ტუბერკულოზის ცენტრის დაარსებაც და მშენებლობაც. როგორც ექსკურსიამძღოლმა აგვიხსნა, ეკლესია თავდაპირველად წმინდა გიორგის სახელს ატარებდა. საბჭოთა პერიოდში ამ განსხვავებული სტილის აგურის ნაგებობაში კომუნისტებს ბიბლიოთეკა მოუწყვიათ, ხოლო 1992-93 წლების შემდეგ, კვლავ ეკლესიად გადაკეთებულა, ოღონდ ამჯერად ილია წინასწარმეტყველის სახელი დაუნათლავთ. აგუძერადან დრანდისკენ გავემართეთ, დიდი დრო არ დაგვჭირვებია, რადგან აგუძერა სოხუმიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზეა, აგუძერადან დრანამდე მანძილიც თითქმის იგივე დროში გავიარეთ და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს მივადექით. ამ ჯვარგუმბათოვანი, აგურითა და რიყის ქვით ნაგები უძველესი ტაძრის ფასადი ომამდეც ბევრჯერ რესტავრირდა, მაგრამ მისი ისტორიული იერ-სახე მეტ-ნაკლებად მაინც ნარჩუნდებოდა, ომის შემდეგ კი მისი კედლებიც თეთრად შეულესავთ, გუმბათი კი ოქროსფრად გაუფერადებიათ. ფასადზე მხოლოდ ალაგ-ალაგ არის დატოვებული ტაძრის ძველი კედლის ფრაგმენტები, ხოლო ტაძრის შიდა კედლები. პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული. მიუხედავად იმისა, რომ შუადღე კარგად გადასული იყო, ტაძარში წირვა მიმდინარეობდა და იქაურობა ხალხით სავსე დაგვხვდა. როგორც ჩვენმა ექსკურსიამძღოლმა აღნიშნა, აფხაზეთში დღეს ღვთისმსახურება სულ 16 ეკლესიაში სრულდება. დრანდის ტაძრის ეზოში, შესასვლელიდან მარცხენა მხარეს დრანდის ციხე მდებარეობს, მარჯვნივ კი ძველი სკოლის და მისი დამხმარე ნაგებობების ნანგრევები დგას. დრანდიდან ოჩამჩირისკენ გავეშურეთ. ისე წვიმდა, რომ მიკროავტობუსის მინები ორთქლისგან მთლიანად იბურებოდა, ამიტომ მანქანიდან გადაღებული ფოტოებიდან ვერც ერთმა ვერ აღბეჭდა ის კადრები, რაც ვნახე. თუმცა, იქნებ კარგიც იყოს, რადგან ოჩამჩირის მთავარ ტრასაზე ნანახი სურათით ვერაფრით გაგახარებდით... ეს იყო გაუბედურებული, დანგრეული, ველური ხე-მცენარეებით დაბურული სახლებით სავსე ქუჩა, რომლის მეპატრონეებზეც გიდი ჰყვებოდა, რომ მათ უღალატეს იმ მიწას, სადაც ცხოვრობდნენ, მტერს იარაღით შეუერთდნენ და ამიტომაც მოუხდათ ამ სახლების დატოვება. ყველაზე მძიმე კი ის იყო, რომ ვინაიდან მასთან ახლოს ვიჯექი და თან ამჩნევდა, ძალიან ყურადღებით ვიყურებოდი აქეთ-იქით, ცდილობდა, ჩემთვის მოეყოლა ეს ყოველივე... აქვე იმასაც ვიტყვი, რომ გალიდან სოხუმისკენ არსებობს შემოვლითი გზა და ჭუბურხინჯიდან სოხუმამდე ოჩამჩირეში შეუსვლელად ჩადიხარ, ამიტომაც ოჩამჩირის ცენტრალურ გზაზე ომის შემდეგ არც გამივლია. ოჩამჩირის ცენტრალურ ქუჩებზე მხოლოდ 2002 წელს მოვხვდი, როცა ავტობუსით სოხუმიდან ტყვარჩელში, იქაური ნათესავების სანახავად მივდიოდი და იმაზე უარეს დღეში ჩავვარდი, ვიდრე წინა წელს, ნაომარი სოხუმის ნახვამ ჩამაგდო. ეს იყო სრულიად ცარიელი, განადგურებული ქალაქი და მიკვირდა, საიდან მოდიოდა ან სად მიდიოდა ის თითო-ოროლა ადამიანი, ვისაც აქა-იქ ვხედავდი. ასეთივე ცარიელი და მრუმე იყო ის გზაც, რომელიც ილორამდე გავიარეთ. ერთ დროს ხალხმრავალი და კეთილმოწყობილი ოჩამჩირის პლიაჟიც სრულიად უკაცრიელი და გაველურებული ჩანდა, რაც თავად ექსკურსიამძღოლმაც აღნიშნა და თქვა, რომ ომის შემდეგ ქალაქის პლიაჟები ასეთი უმოქმედოა. გზად ის სასაფლაოც გავიარეთ, სადაც ჩვენი ცნობილი და ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელი, ვიტალი დარასელია არის დაკრძალული. მისი საფლავი ზედ გზისპირზეა და რომ მივუახლოვდით, კისერი წავიგრძელე და თვალი შევავლე. გასუფთავებული და მოვლილი იყო. გიდს ჩემი გაფაციცება არ გამოჰპარვია, მაგრამ რატომღაც ვიტალი დარასელიაზე არაფერი თქვა. მე კი ჩემი მეგობარი ინგა ჩახვაშვილის თხოვნა მიტრიალებდა გონებაში, თუ ვიტალის საფლავთან მოხვდები, მიდი, ჩემს მაგივრადაც მოეფერე და უთხარი, როგორ ძალიან გვიყვარსო. გადავწყვიტე, უკანა გზაზე მანქანა დარასელიას საფლავთან გამეჩერებინა და ინგას თხოვნა შემესრულებინა, მაგრამ მობრუნებულზე საფლავთან თავსხმა წვიმისგან ისეთი მდინარე ჩამოდიოდა, მუხლებამდე წყალში გატოპვა მომიწევდა და თავი შევიკავე. ოჩამჩირეში ნანახით გულდამძიმებული მივადექი ილორის წმინდა გიორგის ეკლესიას, რომელშიც 38 წლის წინ მოვინათლე და მას შემდეგ არც ვყოფილვარ. მხოლოდ ცენტრალურ ტრასაზე გავლისას თუ შევავლებდი თვალს მისი სამრეკლოს შევერცხლილ სახურავს და ყურში მუდამ ბებიაჩემის სიტყვები ჩამესმოდა: ფეხშიშველი ჩავალ ილორის წმინდა გიორგიმდეო. ასე ამბობდა ყოველთვის, როცა ვინმესთვის რამის დამტკიცება უნდოდა ან ვინმეს ემუქრებოდა. მისთვის ისეთი მნიშვნელოვანი და საკრალური იყო ილორის წმინდა გიორგის სახელი, რომ თუ მას დაიფიცებდა, წყალსაც არ დალევდა. წყევლიდა ვინმეს თუ ლოცავდა, აუცილებლად, მტერიც და მოყვარეც ილორის წმინდა გიორგისთვის უნდა ჩაებარებინა. ეს უძველესი ქართული ტაძარი, მართლაც ერთ-ერთ უძლიერეს სალოცავად ითვლება დღემდე. 12 წლისა მოვინათლე ამ ტაძარში და კარგად მახსოვს, ეზოს კუთხეში მდგარი დიდი ხის გარშემო რკინის მძიმე ჯაჭვი რომ იყო შემოვლებული და ზედ უშველებელი ბოქლომი ეკიდა. ხეზე რამდენიმე ლურსმანიც იყო მიჭედებეული და უკუღმა მიმაგრებული სანთლების ნამწვავებიც შერჩენოდა. ნანახის შესახებ ბებიაჩემს რომ მოვუყევი, შეიცხადა, ოჰ, რა მწარედ გადაუციათ ვიღაცა ხატზე, ვინ იცის, ვინ როგორ გაამწარეს, ასეთი ნაბიჯი რომ გადადგაო. მაშინ ბევრს ვერაფერს მივხვდი, მოგვიანებით გავიაზრე, რაც მითხრა და დიდად დამაფიქრა ამ ამბავმა. ეს ისე მკაფიოდ ჩამრჩა გონებაში, რომ ამ ჯერზე სპეციალურად დავათვალიერე ილორის ეკლესიის ეზოში მდგარი იმ დიდი ხის ტანი, მაგრამ საბედნიეროდ ზედ ვერც წყევლის და ვერც ხატზე გადაცემის ვერანაირი ნიშანი ვერ ვიპოვე. როგორც გავიგე, ამ ეკლესიის წინამძღვარი მამა სერგი (ჯონუა) არც დაუშვებს, ვინმემ მსგავსი საქციელი გაბედოს. ამბობენ, თავად ეგზორცისტია და ეშმების და დემონების განდევნა ეხერხება, ამიტომ გამოსალოცად მასთან ხშირად დადიანო. მამა სერგის ტურისტებისთვისაც მკაცრი წესები აქვს და ტაძრის შიგნით ფოტო და ვიდეოგადაღება სასტიკად იკრძალება. ამის შესახებ ექსკურსიამძღოლმა მანქანიდან გადმოსვლამდე გაგვაფრთხილა. ჩუმად მაინც ვცადე ფოტოების გადაღება და მაშინათვე თავზე ერთი ახალგაზრდა კაცი დამადგა, რომელმაც კატეგორიულად მომთხოვა, ტელეფონი შემენახა. მის დასანახად ტელეფონი მართლაც ჩავიდე ჩანთაში, მაგრამ როგორც კი გატრიალდა, ისევ მოვიმარჯვე და რამდენიმე კადრის დაფიქისრება მოვასწარი. როგორც ჩანს, ესეც შეამჩნიეს და ამის შემდეგ ის ბიჭი უკვე ოფიციალურ მეურვედ დამყვებოდა, რათა ფოტოების გადაღება აღარ მეცადა. ის იყო, წმინდა გიორგის მთავარი ხატის წინ სანთლები დავანთე, რომ ტელეფონზე დამირეკეს და ტაძრის შიგნით, რუსების გარემოცვაში, ჩემი ზარის მელოდია, ჰიტადქცეული უკრაინული სიმღერა ,,ჩერვონა კალინა,“ ხმამაღლა გაისმა. უცებ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და ყველა მე მომაჩერდა. ერთადერთი ის გავიფიქრე, ახლა საკურთხევლიდან მამა სერგი არ გამომივარდეს და აქედან არ მიმაბრძანოს-მეთქი (ვიცოდი, რომ იქ იყო), სხვები აინუშშიც არ ჩამიგდია, მშვიდად ვუპასუხე ტელეფონს და მალევე გავთიშე... ვიდრე ექსკურსიის დრო ამოიწურებოდა, ლოცვების წაკითხვა უნდა მომესწრო. ვინაიდან თბილისიდან ლოცვების წიგნის წაღება დამავიწყდა, ინტერნეტში მოვიძიე, რომელიც მინდოდა, მოვიმარჯვე ტელეფონი და წმინდა გიორგის ხატთან ტროპარების კითხვა დავიწყე. რაღაც მომენტში მივხვდი, ჩემს გვერდით მდგომი მეურვე ბიჭი ჩემი ტელეფონისკენ თვალს აპარებდა და ისე დავიკავე, კარგად რომ დაენახა, რა ენაზე დაწერილს ვკითხულობდი. მერე მეც გავხედე და მისი გაოცებული მზერის დანახვაზე, სიცილისგან თავი ძლივს შევიკავე... ჩვენი ილორში ყოფნის დროს წვიმამ უფრო იმატა და ისე კოკისპირულად ასხამდა, ფოტოების გადაღება ეზოშიც ძალიან გამიჭირდა, ამიტომ სასურველი რაკურსით ვერაფერი მოვიხელთე. ილორის წმინდა გიორგის საერთო ხედი კი ავსახე კადრში, რომლის ფასადიც ისევე, როგორც ახალი ათონის მამათა მონასტერი და დრანდის ტაძარი, მთლიანად თეთრად არის გადაღებილი. ომის შემდეგ გარეგნულად მასაც არაერთი ,,რესტავრაცია“ ჩაუტარეს. უფრო მეტიც, უგუმბათო ეკლესიას მინიატურული გუმბათიც კი დააშენეს და მისი უძველესი იერ-სახის კვალი სრულად წაშალეს. სარკმლების გარშემო ახლა ტაძარს ოქროსფერი არშიები აქვს შემოვლებული. ადრე ეს არშიები წითლად შეუღებავთ, მაგრამ იმდენად უსახური გამოვიდა, ეტყობა, თავადაც არ მოეწონათ და შემდეგი ,,რესტავრაციისას“ ოქროსფრად გადაღებეს. ტაძრის ფასადს ამახინჯებს, ასევე, კონდიციონერები, რომელიც ორივე მხარეს არის მიმაგრებული, კედლები კი ელექტროსადენებითაა გადაქსელილი. ტაძრის იატაკიც თანამედროვე ფილებით არის მოპირკეთებული, ჭერიც შელესილია. ილორში დასრულდა ჩვენი საექსკურსიო მარშრუტი, თუმცა კი პროგრამაშიც ეწერა და ექსკურსიამძღოლმაც შემოგვთავაზა, რომ სურვილის შემთხვევაში, დამატებითი თანხის საზღაურად, შეგვეძლო მოქვის მეათე საუკუნის ტაძარი მოგვენახულებინა. მეტი ინტერესისთვის ისიც დაამატა, რომ ის ერთ-ერთი სალოცავია აფხაზეთში, რომელიც უცვლელი სახით დგას და ჯერ ,,რესტავრაცია“ არ ჩაჰტარებია. მიუხედავად თავსხმა წვიმისა, დიდი სურვილი მქონდა მოქვის ტაძარიც მენახა, მაგრამ ჩემს გარდა სხვა მსურველი არ აღმოჩნდა. ის კი არადა, რუსები ამ მოგზაურობით აშკარად უკმაყოფილოები დარჩნენ და ერთმანეთს ებუზღუნებოდნენ, რა ტყუილად გადავიხადეთ 1000 რუბლი (45 ლარი), მნიშვნელოვანი და საინტერესო ვერც ვერაფერი ვნახეთ და ვერც ვერაფერი გავიგეთო... ასე, რომ მოქვის უძველესი ტაძარი გვერდზე დაგვრჩა და სოხუმიდან, თბილისის დროით (იქ მოსკოვის დრო მოქმედებს და მე ჩვენი დროით დავდიოდი) დღის 3 საათზე გასულები საღამოს 7 საათისთვის ისევ სოხუმში ვიყავით. ირმა ბერიშვილი
  4. ნაწილი 2 პირველ ნაწილში აღვნიშნე, რომ აფხაზების შემოსავლის ძირითად წყაროს ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ბიზნესი წარმოადგენს, რომელიც არც თუ ცუდად არის განვითარებული. როგორც ტურისტულ, ისე ვაჭრობის და სამეურნეო სფეროში აქტიურად არიან ჩართული სომეხი და თურქი ეროვნების ბიზნესმენები. სოხუმში არსებობს საკვები პროდუქტების, სამშენებლო მასალების თუ საოჯახო ტექნიკის თურქული მაღაზიები. ასევე, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში თურქებს ეკუთვნით დიდი სასათბურე მეურნეობა, სადაც კიტრი და პომიდორი მოჰყავთ. მათი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება და რუსეთის ტერიტორიაზე საექსპორტოდაც გააქვთ. სომხები ფლობენ, როგორც სავაჭრო და სასტუმრო ბიზნესს, ისე კვების ობიექტებს. ბოლო წლების განმავლობაში, აფხაზეთში გამოჩნდნენ ტაჯიკეთის მოქალაქეები, რომლებიც, როგორც ყველგან ისე აფხაზეთშიც იაფ მუშახელად მიიჩნევა და ძირითადად, შავ სამუშაოს ასრულებენ. სოხუმის ქუჩებში შეხვდებით შორეული უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ ბედის მაძიებლებსაც, რომლებიც ძირითადად ქუჩაში მოწყალების თხოვნით ირჩენენ თავს, თუმცა უსაქმურად არც ისინი არიან და პუბლიკას მუსიკით ართობენ. ერთ-ერთი ასეთი ეგზოტიკური პიროვნება სოხუმის ბაზრის მისადგომებთან, ,,სოხუმპრიბორის“ შენობის მიმდებარედ, გაჩერებაზე შემხვდა. იქვე ედგა ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა და გამვლელ-გამომვლელს ხან რუსულ ,,კალინკას“ ასმენიებდა, ხან ,,ბონი ემის“ მელოდიებს აყოლებდა თავადც ხმას. საღამოხანს იგივე ჰანგებით უკვე ზღვის სანაპიროზე შეკრებილი ხალხის ყურადღებას იბყრობდა. ერთხელაც, დავაპირე, მისი სადაურობა გამომეკითხა და გამეგო, რომელმა ქარმა გადმოაგდო ამ მხარეში, მაგრამ რომ მივედი, იქვე მდებარე საშაურმეში აფხაზებს ისე გამოეთროთ, ფეხზე ძლივს იდგა და დრანდის და კელასურისკენ მიმავალი მიკროავტობუსების მძღოლები ცივი წყლით ასულიერებდნენ. მეორედ რომ მივაკითხე, ისევ იმ საშაურმეში იჯდა და თანამეინაახეებთან ერთად აფხაზურ ჭაჭას მიირთმევდა, თან დამტვრეული რუსულით სადღეგრძელოსაც ამბობდა. რა თქმა უნდა, კითხვებით აღარ შემიწუხებია. მეორე უცხოელი, სავარაუდოდ რომელიღაც კონტინენტის აბორიგენთა შთამომავალი, სოხუმის ცენტრალურ ნაწილში, კოლონადის მოპირდაპირედ, ყოფილი ლენინისა და ამჟამად ლეონის ქუჩის კუთხეში აღმოვაჩინე. ის თავად უკრავდა ტუჩის ჰარმონიკაზე და მიდამოს სასიამოვნო მუსიკით ატკბობდა. სხვათაშორის, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის ქალაქებში მოწყალების მთხოვნელ ადამიანებს იშვიათად ნახავთ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ფაქტი მათი დალხენილი ცხოვრების გამოა, უფრო, ალბათ სხვა გარემოებებით შეიძლება აიხსნას. თუ ვინმე ასეთი მაინც გამოჩნდა, რუსი ან სხვა ეროვნების უცხოელი შეიძლება იყოს, ისევე, როგორც ზემოთნახსენები პირები. ბიზნესსა და სხვა საქმიანობაზე ვილაპარაკე და იმ ადამიანებზეც უნდა ვთქვა, ვინც აფხაზეთის საჯარო სამსახურებსა და საბიუჯეტო ანაზღაურებაზეა. უპირველესად პენსიონრებზე უნდა მოგახსენოთ. მათი ყოველთვიური დახმარება 500 რუბლს არ აღემატება, რაც 25 ლარის ექვივალენტიც არ არის. ბუნებრივია, ოჯახში სხვა შემოსავლის გარეშე ამ თანხით ვერ იარსებებენ. რუსეთის მოქალაქეობის მიღების სურვილიც იმიტომ აქვთ, რომ პენსიის სახით მეტი დანამატები ჰქონდეთ. სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული პირების ხელფასებიც საკმაოდ მცირეა, ამიტომ იქაური მაღალჩინოსნებიც კი, ყველა ამა თუ იმ, მცირე თუ დიდი ბიზნესის მფლობელია. ორიოდე სიტყვა აფხაზურ ტრადიციულ თავშეყრებზე, ქორწილებსა თუ სხვა სარიტუალო ღონისძიებებზეც უნდა მოგახსენოთ. ჩვენთვის რომ 200-300 კაციანი ქორწილები ხალხმრავალ თავყრილობად ითვლება, ამდენი ადამიანი მათთან გარდაცვლილის ორმოცზე ან წლისთავზე იკრიბება. აფხაზები მეტად გრანდიოზულ, 1000-1500 კაციან ქორწილებსა და ქელეხებს იხდიან. მაგალითად, როგორც შევიტყვე, ყველაზე ხალხმრავალ ქორწილს, რომელიც აფხაზეთში გადაიხადეს, 2000 სტუმარი ესწრებოდა; ყველაზე მინიმალურად, 700-800 კაციანი სუფრა ითვლება. რაც შეეხება, ეგრეთწოდებულ გადასახურ თანხას, რომელიც ჭირსა თუ ლხინში ერთმანეთთან მიაქვთ, 5000 რუბლიდან (225 ლარი) იწყება. ეს თანხა შეიძლება რიგით მეზობელს ან შორეულ ნათესავს მიუტანონ, უფრო ახლობლებთან კი 10000 რუბლს (450 ლარი) და უფრო მეტს წერენ. ახლა ცოტა რამ სწავლა-განათლებაზეც უნდა ვთქვა. როგორც ვიცით, აფხაზეთში მოქმედ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სასწავლო თუ ლაპარაკო ენა რუსულია. აფხაზური ენა, როგორც მშობლიური ენა, ცალკე საგნად ისწავლება. ოჯახებშიც, მეტწილად, რუსულად ლაპარაკობენ და აფხაზურს შიგადაშიგ გამოურევენ. ქუჩაშიც, ვინაიდან უმეტესობა რუსი მოქალაქე გხვდება, უფრო მეტად რუსული ენა ისმის, თუმცა სხვადასხვა დაწესებულებაში, ბაზარსა თუ ტრანსპორტში, აფხაზურ საუბრებსაც ხშირად გაიგონებთ. მოქმედებს ერთი უმაღლესი სასწავლებელი, ესაა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერისტეტი, თუმცა აფხაზი ახალგაზრდები, ვისაც სრულფასოვანი განათლების მიღება და ამა თუ იმ პროფესიის დაუფლება უნდა, უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთში მიდიან და იქ აბარებენ გამოცდებს. ზოგი, რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი ლიმიტით, სხვადასხვა ქალაქებში უგამოცდოდაც ირიცხება. თუმცა, ვისაც თავისი სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით სურს არჩევანის გაკეთება, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის სასწავლებლებს ირჩევს. წინა ნაწილში აღდგენილი ქუჩების ნაწილზე ვისაუბრე და ამჯერად, უმოქმედო თუ აღდგენილ შენობებზეც უნდა მოგახსენოთ. 2001 წლიდან ბოლო ვიზიტამდე, სოხუმის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობა, რომელიც ლაკობას ქუჩის ბოლოში, ზღვის სანაპიროდან ასიოდე მეტრში მდებარეობს, ომისდროინდელ მდგომარეობაში მხვდებოდა. მართალია, დანგრეული არ იყო, მაგრამ არც სიცოცხლის პირი უჩანდა. ამ ჩასვლაზე კი სრულიად აღდგენილი, გარემონტებული და ამოქმედებული დამხვდა. უფრო მეტიც, შენობისთვის ფასადის ნაწილიც მიუმატებიათ და გვერდითა მხრიდან, ყოფილი თარხნიშვილის ქუჩიდან დღეს აღნიშნულ შენობაში, ბიბლიოთეკასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოც მოქმედებს. ცენტრალური ბიბლიოთეკის გვერდით დგას სასტუმრო ,,სოხუმიც“, რომელიც ომის დროს დაიწვა და წლების განმავლობაში მისი ჩონჩხი გულსაკლავად გამოიყურებოდა. 10-12 წლის წინ ეს სასტუმროც გარემონტდა და ჩამოსულებს დღეს ,,ინტერ-სოხუმის“ სახელით მასპინძლობს. იგივეს ვერ ვიტყვით, სოხუმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმრო ,,აფხაზეთზე,“ რომელიც ცენტრში მდებარეობს. ის, ჯერ კიდევ ომამდე, ხანძრის გაჩენის შედეგად დაიწვა და მას შემდეგ უმოქმედოდ დგას. ამ რამდენიმე ხნის წინ, ვიღაცას მისი პირველი სართულის ტერიტორია შეუსყიდია და იქ ღია კაფე მოუწყვია. 2000-ანი წლების დასაწყისში რუსულმა ფირმამ შეისყიდა ,,აფხაზეთის“ გვერდით მდგარი სასტუმრო ,,რიწა,“ რომლის ფასადიც კი შელამაზდა და გარედან კეთილმოეწყო, თუმცა სასტუმროს სრული რეაბილიტაცია და ამოქმედება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მიტოვებული და უფუნქციოდ დარჩენილი, ჩამონგრევის პირასაა სოხუმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანი ,,ამრა." სოხუმის მთავარი გემბანის ტერიტორიაზე მდებარე ღია კაფე ,,აფრა" კი მინის კედლებით შემოუსაზღვრავთ. იქ დღესაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი ყავა ან ნაყინი. სოხუმის კოლონადასთან დღემდე მოქმედებს ასევე ღია კაფე, რომელსაც ,,ბრეხალოვკას" ეძახიან და რომელიც იქაურების თავშეყრის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ომამდე აქ, ძირითადად, შუა ასაკის ქართველები და აფხაზები იკრიბებოდნენ, თამაშობდნენ ნარდს, დომინოს, ჭადრაკს, ამ მთისას და იმ ბარისას ჰყვებოდნენ, კამათობდნენ კიდეც სხვადასხვა თემებზე და ზღვისგან მონაბერ ჰაერს ცხელ ყავას აყოლებდნენ. ახლა ყველა ასაკის ადამიანს შეხვდებით ამ ადგილას. არავისთვის იქნება უცხო ის ამბავიც, თუ ვიტყვი, რომ სოხუმის ქუჩებს და ადგილებს ქართული სახელები დიდი ხანია შეუცვალეს. მშვიდობის პროსპექტსაც კი არ დაუტოვეს თავისი სახელი და მას ახლა აიააირას (გამარჯვების) ქუჩა ჰქვია. თავდაპირველად აიააირა ყოფილი კიროვის ქუჩას დაარქვეს, თუმცა მერე ისევ შეცვალეს და კიროვის ქუჩა დღეს არძინბას სახელს ატარებს, აიააირას ქუჩად კი მშვიდობის პროსპექტი გადააკეთეს. რუსთაველის სანაპიროსაც შეუცვალეს სახელი და მას მოჰაჯირების სანაპირო დაარქვეს. თბილისის შოსე კოდორის შოსედ მონათლეს, ჭავჭავაძის ქუჩა - გულიას ქუჩად, ხოლო გულია - შოტლანდიის ქუჩად, ჩოჩუას ქუჩა - ძიძარიას ქუჩად, ყოფილი ძიძარია კი - ადიღეის ქუჩად, ბაგრატიონი ქუჩა - ბიგვავას ქუჩად, ჯგუბურიას ქუჩა - ჯონუას ქუჩად, ქუთაისის ქუჩა - უნივერისტეტის ქუჩად, ყაზბეგის ქუჩა - ჩერკასკის ქუჩად, ფშაველა - ვაინახის ქუჩად და ასე შემდეგ... ირმა ბერიშვილი
  5. ნაწილი 1 აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სოხუმში პირველად 2001 წელს ჩავედი და ათი დღე დავრჩი. ეს იყო საკმაოდ მძიმე, შერეული ემოციებით და განცდებით სავსე მოგზაურობა, დაწყებული ენგურის ხიდზე ფეხის შედგმიდან ახალი ათონის მამათა მონასტრამდე და უკან. ყოველ ნაბიჯზე, ყველაფერს ეტყობოდა ომის სასტიკი კვალი და აქეთ-იქით გახედვა მიჭირდა, თუმცა კი ბევრი ადგილი გადარჩენილი იყო და პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა. გავივლიდი ქუჩებში, სადაც ჩვეულებრივად მიმოდიოდა ხალხი, თითქოს ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ომამდე და უცებ შემეფეთებოდა ჭურვისგან ნახევრადდანგრეული სახლი, რომლის შიგნითაც ველური ხე-მცენარეები ამოსულიყო და ქოლგასავით გადაჰფარებოდა უპატრონოდ დარჩენილ ნასახლარს. განსაკუთრებით მემძიმებოდა იმ ცარიელი ეზო-კარის დანახვა, რომელიც საღ-სალამათი გადაჰრჩენოდა ომს და რომ არა ეზოში აბიბინებული ანწლი და ამბროზია, ვერც იფიქრებდი, რომ მიტოვებული იყო, მის ალაყაფზე კი მხვდებოდა რუსული წარწერა: занято (დაკავებულია). ვიდექი, ხოლმე, ასეთი სახლის ჭიშკართან და წარმოვიდგენდი, ომამდე იქ როგორი ჟრიამული იდგა, როგორი ბედნიერები იყვნენ მისი ბინადარნი, როგორ უხაროდათ ყოველი დღის გათენება და დღეს ღმერთმა იცის, სად არიან, რა განსაცდელი გამოიარეს, ვის შეაფარეს თავი, იქნებ, საერთოდაც გადაიხვეწნენ საქართველოდან?.. მათ ნაშენებ და ნალოლიავებ სახლში კი მალე ვიღაცა უცხო უნდა შესახლდეს, ვითომც არაფერი, ისე უნდა დაეპატრონოს!.. ამაზე ფიქრი მკლავდა და მანადგურებდა. ცრემლებამდე მწარე აღმოჩნდა ჩემთვის, სოხუმის ბოტანიკური ბაღში სეირნობისას ბამბუკების ხეივანში მოხვედრაც, სადაც ქართულად ამოფხაჭნილი სახელები აღმოვაჩინე: ნიკა, ნანა, თეა, მაკა, ზური... ეტყობოდა, ნორჩ ბამბუკებს ქართველი ახალგაზრდები სადაც სწვდებოდნენ, იქ აწერდნენ თავიანთ სახელებს. ის ბამბუკები უკვე გაზრდილიყო და გადიდებული ქართული ასოებიც მაღლიდან დამყურებდნენ. მეც ხმამაღლა ვკითხულობდი ამ სახელებს და ტკივილისგან გული მეკუმშებოდა. ვფიქრობდი, რამდენ წყვილს უსეირნია, ალბათ, აქ, რამდენი მოსულა პაემანზე, რამდენი თბილი შეხვედრის მომსწრეა აქაურობა და სად არიან ახლა ის ბავშვები, ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ ადგილას ხვდებოდნენ ერთმანეთს, აქ უყვარდათ სეირნობა, სად მიმოფანტა ომის მსახვრალმა ხელმა? ბოტანიკური ბაღიდან გამოსული გავხედავდი ბარათაშვილის სადგურის თეთრ, ულამაზეს ნაგებობას და აქ კიდევ სხვა სურათი წარმომიდგებოდა: როგორ ჩამოიშლებოდნენ, ხოლმე, დილაობით თბილისი-სოხუმის მატარებლიდან ამ ბაქანზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ქართველები და გაეშურებოდნენ ზოგი თავ-თავიანთი სახლებისკენ, ზოგი - ნათესავებისკენ. ცალკე სევდას ეს უფუნქციო სადგური მგვრიდა, რომელიც დღემდე ასევე უფუნქციოდ დგას და თანდათან კარგავს იერ-სახეს. უარეს მდგომარეობაშია კელასურის სადგური, რომლის ამჟამინდელი მდგომარეობა მოყვარესაც გულს დასწვავს და ვერც მტერს გაახარებს. ერთადერთი სადგური, რომელიც დღეს სოხუმში თავის მოვალეობას ნაწილობრივ ასრულებს, ცენტრალური სადგურია, რომელიც ომის შემდეგ არ გარემონტებულა და მის ტერიტორიაზე არც რამე სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარებულა. ეს ფაქტი თავად რიგით აფხაზებსაც ძალიან აწუხებთ და მიიჩნევენ, რომ ამდენი წლის განმავლობაში აუცილებელი იყო მისთვის სრულყოფილი რემონტის ჩატარება, რათა თანამედროვე სტანდარტების ვაგზალს დაჰმსაგვსებოდა. ვაგზლის გარდა დღეს სოხუმში და ზოგადად აფხაზეთში ბევრი რამეა ისეთი, რაც თანამედროვე სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, თუმცა ბევრი რამ მაინც ისევ იმდენად დიდებული და უნიკალურია, არც არის საჭირო, ადამიანმა ხელი ახლოს. ამბავი არეულ დარეულად რომ არ გამომივიდეს, ვეცდები, თანმიმდევრულად მივყვე და მოგიყვეთ, რაც ამ ჯერზე ვნახე და განვიცადე. თავში მოგახსენეთ, რომ 1992-93 წლების ომის შემდეგ, პირველად 2001 წელს ვეწვიე აფხაზეთს, მას მერეც რამდენჯერმე მქონდა ბედნიერება, ჩავსულიყავი. ჩემი ბოლო მოგზაურობიდან 10 წლის თავზე, კიდევ ერთხელ მოვახერხე ამ ზღაპრულ მხარეში სტუმრობა. ეს მოხდა ჩემი აფხაზი ნათესავების ძალისმხევით, რომელთაც სპეციალური მოწვევა გამიკეთეს და 17 სექტემბერს სრულიად მშვიდად გადავედი ენგურს გაღმა. პროცედურები მარტივია, ენგურის ხიდის ბოლოში ჯერ რუსების საგუშაგოზე გიმოწმებენ საბუთებს, შემდეგ უკვე ჭუბურხინჯის ტერიტორიაზე - აფხაზების საგუშაგოზე და მიდიხარ საითაც გინდა და რითიც გინდა, კერძო თუ სამარშრუტო ტაქსით. მე ნათესავები ადგილზე დამხვდნენ, ჯერ გალში შევიარეთ, მოგვიანებით სოხუმისკენ გავემართეთ და დღის 3 საათზე, უკვე, იქ ვიყავი. ამინდის ტემპერატურა 32 გრადუსი დამხვდა, ამიტომ დროის დაკარგვა არც მიფიქრია და ეგრევე ზღვისკენ გავეშურე, რომელიც ჩვენგან სულ ორასიოდე მეტრში იყო. უჩვეულო არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ნაპირზე ძირითადად რუსები დამხვდნენ, კაცები, ქალები, ბავშვები. მართალია, ახალგაზრდებიც ბლომად იყვნენ, მაგრამ დამსვენებელთა შორის, ადრიან შემოდგომაზე მაინც უფრო ასაკოვნები სჭარბობდნენ. ცოტა უცნაურად მომეჩვენა, რომ ზღვაში ჩასულს, რამდენიმე რუსი მომიახლოვდა და ბანალურ თემებზე, ამინდზე, ზღვაზე, იქაურ გარემოზე გამიბეს საუბარი. გამიკვირდა, მაინც და მაინც ჩემთან რომ მოუნდათ აღფრთოვანების გაზიარება, რადგან ამაზე ერთმანეთთანაც შეეძლოთ ელაპარაკათ. ჩემით დაინტერესების მიზეზს მაშინ მივხვდი, როცა მათი მზერა ჩემს გულზე დაკიდებულ კულონზე დავიჭირე. ვერცხლის ჯაჭვზე საქართველოს რუკის ფორმის ვერცხლისავე კულონი მეკეთა და ადვილი წარმოსადგენია, სოხუმის ზღვაში მოჭყუმპალავე ქალის გულ-მკერდზე მოელვარე საქართველოს რუკის დანახვა რუსების სახეებზე როგორ გაოცებასაც გამოიწვევდა. რაც შეეხება თავად სოხუმის პლიაჟს და ზოგადად, მთლიანად აფხაზეთის საზღვაო კურორტების სანაპიროს ინფრასტრუქტურას, დასაძრახი არ იქნება, თუ აღვნიშნავ, რომ წინა წლებთან შედარებით ბევრად გამართული და მოწესრიგებულია. ყველგან არის გასახდელები, ქოლგების და შეზლონგები გაქირავება, სერფერებისთვის საჭირო ატრიბუტები, მოქმედებს ბუნგალოები, ღია კაფეები, სანაპიროც და ბულვარებიც მუდმივად სუფთავდება. ჩემდა გასაკვირად, სადაც კი ფეხი დავდგი, პარკებში, სკვერებში, ღისშესანიშნავ ადგილებში, ქალაქის ცენტრსა თუ შემოგარენში, თვალს ეამა საოცარი სისუფთავე; დანაგვიანებულ ადგილს ვერსად ნახავდით. დილით ადრიანად გავდიოდი ქალაქში და გვიან საღამოსაც ვსეირნობდი, მაგრამ ვერასდროს შევესწარი დასუფთავების პროცესს, ამიტომ გამოცანად დამრჩა, რა დროს ახერხებდნენ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოგროვებას ან გატანას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან არის დანგრეული ქუჩები და ასფალტაყრილი ტროტუარები, მიტოვებული და მოუვლელი შენობები, ყველგან, სადაც კი გავივლიდი, მუდმივად მხვდებოდა, სპეციალურ შავ პარკებში უკვე მოგროვებული და სადმე კუთხეში ერთად მიწყობილი ნაგავი, რომელიც, ალბათ, დღის განმავლობაში გაჰქონდათ. მოვლილი პარკებისა და სკვერებისგან განსხვავებით, რასაც ადამიანის ხელი არ ეტყობა, სოხუმის დენდროლოგიური პარკია, სადაც მრავალი ათეული უნიკალური ჯიშის ხე ხარობს. თავის დროზე ეს პარკიც ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლებოდა, თუმცა დღეს, როგორც ჩანს, მისი მონახულების სურვილით არავინ იწვის და გარედან რომ შეხედავ, უსიერი ტყე გეგონება. დანგრეული გზები და სახლები ვახსენე და ეს თემა აუცილებლად უნდა განვავრცო. ის სახლები და ეზოები, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ და ომის-ქარცეცხლმა შეიწირა, შემდგომ უკვე, როგორც ,,ბეზხოზნოე ჟილიო“ (უპატრონო სახლი), ეგრეთწოდებულ სახელმწიფო ბალანსზე გადავიდა. მოგვიანებით ასეთი ტერიტორიების ნაწილი ადგილობრივმა თუ უცხოელმა (რუსმა) ბიზნესმენებმა შეისყიდეს და იქ სავაჭრო ცენტრები, საოჯახო ტიპის თუ სამ-ოთხსართულიანი სასტუმროები ააშენეს. დანარჩენი ჯერ ისევ სახელწმიფო საკუთრებაში რჩება. მიტოვებული, დანგრეული სახლების კედლები, რომლებიც ზოგან მთლიანად ჩამოშლილია და სრულიად გატყიურებული, ეს ცარიელი ეზოები და ნასახლარები იმდენად გულსაკლავი სანახავია, რომ ფოტოების გადაღებაც კი გამიჭირდა. სოხუმის ქუჩებიდან ბევრია რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი, ბევრი ისევ ისე დანგრეული დამხვდა, როგორიც წლების წინ იყო. ასევე არის სოფლის გზებიც, ზოგან მოასფალტებული, ზოგან - მოუვლელი და მოუწესრიგებელი. ამ თემაზე თავად აფხაზებიც ხუმრობენ და ამბობენ, რომ რომელი პრეზიდენტიც აირჩიეს, ყველამ თავ-თავიანთი სოფლებისკენ გაიყვანეს გზა. მაგალითად, ბაღაფში ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდადან იყო და ჯგერდაში დააგებინა გზა, ხაჯიმბა იყო და -ტყვარჩელში, ახლა ბჟანიაა და ტამიშში დააგო ასფალტი. სხვათაშორის, ტამიშში არამარტო ასფალტი, მის სახელს უკავშირდება ტამიშის სანაპიროზე აშენებული სასტუმრო კომპექსი ,,ტამიშ ვილაჯი,“ რომელსაც ზაფხულის სეზონზე დამსვენებელი არ აკლია. რაც შეეხება საქალაქთაშორისო გზებს, აუგს ვერ ვიტყვი, მოასფალტებული და მოწესრიგებულია ცენტრალური გზა, როგორც გალიდან სოხუმის მიმართულებით, ასევე სოხუმიდან გაგრისკენ. მგზავრთა გადაყვანას ყველა მიმართულებით კერძო მიკროავტობუსები და ტაქსები უზრუნველყოფენ, სოხუმის ცენტრალურ ვაგზალზე ძველებური წითელი ,,იკარუსის“ ნახვაც არის შესაძლებელი, რომელსაც მგზავრები ფსოუმდე გადაჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ფასები აქაურთან შედარებით ბევრად იაფია, ბენზინიც და დიზელიც თითქმის იმის ნახევარი ღირს, ვიდრე ჩვენთან (ბენზინის ფასი 50-52 რუბლი, დიზელი - 60-62), საქალაქთაშორისო მგზავრობა ძვირია. მაგალითად, ჭუბურხინჯიდან ანუ ენგურის ხიდის იქითა თავიდან გალამდე სულ რაღაც 15-20 წუთის გზაა, თუმცა მისი გავლა 100 რუბლი (4, 5 ლარი) ჯდება, გალიდან სოხუმამდე, დაახლოებით, 85 კილომეტრია, რომლის გავლასაც მინიმუმ 1 საათს ანდომებენ, მგზავრობა კი 350 რუბლი ღირს (15-16 ლარი). რა თანხაც სოხუმიდან ენგურის ხიდამდე მისვლისთვის დაგეხარჯებათ, ამდენივე დაგიჯდებათ სოხუმიდან გაგრამდე მგზავრობაც. ამ ფასებთან შედარებით იაფია ქალაქის შიგნით გადაადგილება. ტროლეიბუსი, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებს და სამი მიმართულებით ასრულებს რეისებს (ცენტრალური ბაზარი - ახალი რაიონი; ცენტრალური ბაზარი - ცენტრალური ვაგზალი; ცენტრალური ბაზარი - შუქურას რაიონი), სულ რაღაც 5 რუბლი (23 თეთრამდე) ღირს, ავტობუსი - 10 რუბლი (45 თეთრი), მიკროავტობუსი კელასურამდე - 30 რუბლი, ხოლო ვაგზლისკენ ან შუქურასკენ - მხოლოდ 20 რუბლი. ტროლეიბუსების რეისებს შორის ხანგრძლივობა 20-30 წუთამდეც მერყეობს, ,,ბოგდანის“ ტიპის ავტობუსები და სხვადასხვა მარკის მიკროავტობუსები კი გაცილებით ნაკლები შუალედით მოძრაობენ. ტროლეიბუსები მუშაობას საღამოს 6 საათისთვის წყვეტენ, ავტობუსები და მიკროავტობუსები კი ბოლო რეისებს საღამოს 19:30 -ზე ასრულებენ. აქვე, არ შეიძლება ორიოდე სიტყვა არ ვთქვათ ტრანსპორტზეც, ავტომანქანებზე, რომლის თითქმის ყველა ნაირსახეობას შეხვდებით აფხაზეთში, უძველესი მოდელის საბჭოური მარკებიდან დაწყებული, უახლესი ფირმის იაპონური მოდელებით დამთავრებული. ქუჩებში მოძრაობს როგორც მსუბუქი, ისე ნახევრად მსუბუქი, მაღალი გამავლობის და ყველგანმავალი ავტომობილებიც. ეს მანქანები აფხაზეთში, გემების საშუალებით, ძირითადად, იაპონიიდან ხვდება. ვინაიდან მათი განბაჟება დიდი თანხა არ ჯდება, ავტომობილების ფასებიც აქაურთან შედარებით იაფია, მაგრამ სამაგიეროდ, ორჯერ ძვირია მათი ნაწილები, ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, საშველს ისევ ენგურს გამოღმა პოულობენ. ბუნებრივია, გაგიჩნდებათ კითხვა, რა არის აფხაზეთში მცხოვრები ხალხის შემოსავლის წყარო, რითი არსებობენ? შემოსავლის მთავარ წყაროს აფხაზეთში წარმოადგენს ტურიზმი და ვაჭრობა. ტურიზმთან დაკავშირებით საკმაოდ განვითარებულია სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი. როგორც სასტუმროს, ისე საზოგადოებრივი კვების ობიექტების მფლობელები მომსახურე პერსონალს საკმაო კარგ ანაზღაურებას უხდიან. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რესტორნებსა და სასტუმროების სასადილოებშიც დიდი მოთხოვნაა მეგრელებზე, ამიტომ გალელი ქართველები, მათ შორის ახალგაზრდა გოგო-ბიჭებიც სეზონურად, თითქმის 6 თვე, სოხუმის, ახალი ათონის, რიწის, გაგრის სასტუმრო თუ კვების ობიექტებზე არიან დასაქმებულები. ამბობენ, რომ სოხუმსა და ახალ ათონზე გაცილებით მეტს უხდიან რიწასა და გაგრაში, რადგან იქ ტურისტების მეტი ნაკადი ჰყავთ და მომსახურებაც მეტი ღირს. პროდუქტებს რაც შეეხება, მაღაზიებში იყიდება რუსეთსა და სომხეთში წარმოებული რძის თუ ხორცპროდუქტები, ტკბილეული, ადგილობრივ ნაწარმს და ყველა სახის ნედლეულს შეხვდებით სოხუმის ცენტრალურ ბაზარში, რომელიც ისევ თავის ადგილას, თარხნიშვილისა და კიროვის (ამჟამად იმამ შამილისა და არძინბას სახელობის) ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. მის მიმდებარედ გახსნილია სხვადასხვა დიდი თუ მცირე მაღაზია, სადაც საოჯახო ტექნიკა, სამშენებლო მასალები, ავეჯი თუ სხვა საჭირო ნივთები იყიდება. ტერიტორია დილით, ადრიანადვე ივსება ხალხით, ისეთი მოძრაობაა, ხშირად საცობებიც იქმნება და არის გნიასი და აფხაზური გადაძახილ-გადმოძახილი. ბაზარი ნაშუადღევს, დღის 3-4 საათისთვის იკეტება, მაღაზიები კი უფრო გვიანობამდეც მუშაობს. სოხუმის ბულვარში და ზღვის სანაპიროზე შეღამებულზე, ღამის 8-9 საათზეც ნახავთ ხის მერხებზე ჩამომსხდარ ან მოსეირნე ადამიანებს, რომელთა შორის, უმეტესობა ტურისტია. ადგილობრივები, ასეთ დროს, თუ რამე აუცილებელი საქმე არ აქვთ, გარეთ იშვიათად გამოდიან. უკვე გვიან კი, სადღაც 11-12 საათზე სოხუმის ქუჩები წყნარდება და ძალიან იშვიათად რომ რომელიმე მანქანის ჩაქროლებამ დაარღვიოს მყუდროება. სხვათაშორის, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საძინებლის ფანჯარა პირდაპირ ყოფილი მშვიდობის პროსპექტზე (ამჟამად აიააირას ქუჩაზე) გადიოდა, მთელი 10 დღე-ღამის განმავლობაში, ერთხელ არ შევუწუხებივარ მანქანების ძრავების ისეთ ხმაურს, აქ ყოველ ღამე სპეციალურად რომ აგრუხუნებენ და ძილს მიფრთხობენ. ახლა გამახსენდა, რომ ჩემდა გასაკვირად, სოხუმში არ მინახავს მოტოციკლეტები და მასზე ამხედრებული ეგრეთწოდებული ბაიკერები, რომლებიც თბილისში დღისითაც და ღამითაც არე-მარეს ხმაურით იკლებენ. ეს აფხაზების კანონმორჩილებას და წესრიგის სიყვარულს რამდენად მივაწერო, არ ვიცი, ჩვენი არ იყოს, კანონმორჩილებით დიდად არც ისინი გამოირჩევიან. უფრო მეტიც, საჭესთან ნასვამებიც სხდებიან, გადაჭარბებული სიჩქარითაც მოძრაობენ, გზებზე უსაფრთხოების წესებს არად დაგიდევენ, ამიტომ ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება და მსხვერპლიც დიდია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ღამით სოხუმში ავტომანქანებისგან შექმნილი ხმაური ნამდვილად არ გამიგია. შეიძლება ეს იმის გამო იყო, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ,,ღამის ცხოვრების“ წესი იქ ნაკლებადაა მიღებული. რადგან ღამის ცხოვრებას შევეხე, ორიოდ სიტყვა კრიმინალზეც უნდა ვთქვა. წინა რამდენიმე ჩასვლაზე აფხაზეთში, სულ გულისყურით ვიყავი და ხელჩანთა მუდამ ჩაბღუჯული მქონდა, რადგან დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ტრანსპორტში, მაღაზიაში, გაჩერებაზე ან ქუჩაში ვინმე რამეს მოგპარავდა. თავადაც არაერთხელ ვყოფილვარ შემსწრე, როგორ აპარებდა ქურდი გვერდით მდგომი ადამიანის ჩანთისკენ ან ჯიბისკენ ხელს და იქაურობას გავცლივარ, რადგან იქ, იმ ვითარებაში ვერაფერს გავაწყობდი და პრობლემას კი გადავაწყდებოდი. ამ მხრივ ახლაც დიდ სიფრთხილეს ვიჩენდი; ვიდრე ქუჩაში გავიდოდი, ძირითად თანხას სახლში ვტოვებდი, მობილურ ტელეფონს გულდაგულ ვინახავდი, ჩანთას ისევ ჩაბღუჯულად დავატარებდი და მამრობითი სქესის ყველა უცხო პირს გაფაციცებით ვადევნებდი თვალყურს, თუმცა საეჭვო ვერსად ვერაფერი დავნახე. მერე უკვე მასპინძლებსაც ვკითხე, კრიმინალის მხრივ რა მდგომარეობა იყო და გაქურდვის უნდა შემშინებოდა თუ არა. მითხრეს, რომ საბედნიეროდ მსგავსი შემთხვევები გაიშვიათდა, ქუჩასა თუ ტრანსპორტში უკვე აღარვინ ქურდობს; რომ კარგა ხანია, არავის გაძარცვის შესახებ არაფერი გაუგიათ; რომ კრიმინალური საქმიანობის ფარგლებში, ძირითადად, კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებები ან საქმეების გარჩევა თუ ხდება, ხოლო დანარჩენი წვრილმანი ქურდბაცაცები სხვა ქვეყნებში გავიდნენ და იქ ცდიან ბედს. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ უფრო დანდობილად დავიწყე სოხუმის ქუჩებში სიარული. აქვე, ბოლოში უნდა ვთქვა ის, რაც სოხუმში ჩასვლის პირველივე დღეებში გავაკეთე. ყველა ჩვენგანს ჰყავს აფხაზეთიდან დევნილი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი... მეც მყავს უამრავი, ზოგმა ჭუბერი-საკენის ჯოჯოხეთი რომ გამოიარა, ზოგმა უკრაინული გემით რომ გამოაღწია ალმოდებულ სოხუმს, ზოგს რომ ტკბილი ბავშვობა დარჩა იქ და ზოგს - ახალგაზრდობა. ამ ადამიანებს შევეხმიანე, ვთხოვე, მოეწერათ თავიანთი მისამართები და შევპირდი, რომ წავიდოდი მათ ქუჩებზე და ფოტოებს გადავუღებდი მათ სახლებს. პასუხებმაც არ დაახანა. მეც ხან ერთ მისამართზე მივდიოდი, ხან - მეორეზე. სხვადასხვა რაკურსით ვიღებდი მათი სოხუმის სახლის ფოტოებსა და ვიდეობს, ვუგზავნიდი და ეს კიდევ ცალკე, დიდი სევდის საგანი იყო. თან მსიამოვნებდა, რომ მცირე სამსახურს ვუწევდი, მათი მშობლიური ეზო-კარის და გარემოს კადრებად ნახვის საშუალებას ვაძლევდი და თან თავს დამნაშავედ ვგრძობდი, რომ მე ვიყავი იქ, მათ სიზმრადქცეულ და მონატრებულ ადგილებს ვათვალიერებდი, თამამად დავაბიჯებდი იმ მიწაზე, სადაც ისინი დაიბადნენ, გაიზარდნენ, სადაც უყვარდათ, თავს ბედნიერად გრძნობდნენ და სადაც 30 წელია, თავად ფეხი არ ჩაუდგამთ. ირმა ბერიშვილი
  6. მას შემდეგ, რაც ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთის მფლობელობაში გადასვლის შესახებ გახდა ცნობილი, ოკუპირებულ აფხაზეთში ვნებათაღელვა არ წყდება. აფხაზების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სასტუმრო-კომპლექსი ,,ბიჭვინთა“ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს, ან თუ გაიყიდება, ადგილობრივმა პირმა იყიდოს. ისინი არავითარ შემთხვევაში არ ეთანხმებიან იმ აზრს, რომ სახელმწიფო აგარაკის სახელით ცნობილი სასტუმრო რუსეთს გადაეცემა, მით უმეტეს, უსასყიდლოდ. სწორედ ამიტომ, 20 ივლისს ოჩამჩირის რაიონის მკვიდრებთან გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულ პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას თავის მართლებამ და მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემამ მოუწია. თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ ოჩამჩირლებს შეახსენა, რომ ბიჭვინთის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო აგარაკი რუსეთის ფედერაციას უსასყიდლო სარგებლობაში ჯერ კიდევ 1995 წელს გადაეცა, მაშინ, როცა რუსეთს ბორის ელცინი მართავდა და აფხაზეთი სრულ იზოლაციაში იყო. ,,ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ვითარება შეიცვალა. 2000-იანი წლების დასაწყისში ბლოკადა მოიხსნა და აფხაზეთში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი დაიწყო. ვლადისლავ არძინბამ არაერთხელ თქვა, რატომ ხდება აფხაზეთის მოსახლეობის პასპორტიზაცია და რას გვაძლევს ეს. მას მიაჩნდა და მეც ვიზიარებ მის მოსაზრებას, რომ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის მეორე - რუსეთის მოქალაქეობის მიღება იმ დროს, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო აღიარებული, მისი დაცვის გარანტიას ნიშნავდა. სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, ამით რუსეთი ვალდებულებას იღებდა, თავისი მოქალაქეებისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა. ამის შემდეგ იყო 2008 წელი და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. თქვენ კარგად იცით, რა როლი ითამაშეს რუსეთის ფედერაციის ლიდერებმა და ყველას კარგად გახსოვთ ის საკითხები, რომლებიც მაშინ ოპერატიულად იქნა გადაწყვეტილი.“ - განუცხადა ოჩამჩირის მცხოვრებლებს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა ბჟანიამ. როგორც მისი სიტყვებიდან ირკვევა, 2010-დან 2020 წლამდე რუსეთის ფედერაციამ სასტუმრო-კომპლექს ,,ბიჭვინთას“ თაობაზე, ოკუპირებული აფხაზეთის მესვეურებს არაერთხელ მიმართა. ისინი ითხოვდნენ, რომ სახელმწიფო აგარაკი მისი მიმდებარე ტერიტორიით და შენობა-ნაგებობებით რუსეთს გადასცემოდა. ცნობილია, რომ ობიექტები, რომლებიც სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე აშენდა, დაახლოებით 60 წლისაა. კომპლექს ,,ბიჭვინთას“ მშენებლობა 1958 წელს დაიწყო და 1961 წელს დასრულდა. ამის შემდეგ იქ კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა. ბჟანიას თქმით, შარშანწინ პუტინთან შეხვედრამდე, მან ამ აგარაკზე, კორონა-ვირუსის გამო, ორი კვირა კარანტინში გაატარა და საკუთარი თვალით ნახა, რომ მისი დიდი ნაწილი დაზიანებულია. მისი მტკიცებით, სასტუმრო დღეს არასახარბიელო მდგომარეობაშია და ამიტომ იქ ყველაფერს კაპიტალური რემონტი სჭირდება ან შესაძლოა მისი დანგრევა და ახალი კომპლექსის აშენება. მიუხედავად იმისა, რომ 60 წლის განმავლობაში აგარაკზე არანაირი რემონტი და რეკონსტრუქცია არ ჩატარებულა, ბჟანიამ აქვე აღნიშნა, რომ კომპლექსი ,,ბიჭვინთა“ ის ადგილია, სადაც აფხაზეთში ჩასული პუტინი ჩერდება და ოფიციალურ შეხვედრებს აწყობს. ,,თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ აგარაკით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც მოისურვებს, ასე არ არის. 1995 წელს, როცა ეს ობიექტი რუსეთის ფედერაციას უსასყიდლოდ გადაეცა, მისი სტატუსი, როგორც დაცული ტერიტორიის, შენარჩუნდა და დღემდე შენარჩუნებულია. ეს ის ადგილია, სადაც ჩვენი უმთავრესი სტუმარი ჩამოდის. მან 2020 წლის ნოემბერში ჩვენი შეხვედრისას კიდევ ერთხელ დასვა ,,ბიჭვინთის“ საკითხი და ტაქტიანად მთხოვა, რომ სასტუმრო-კომპლექსი მთლიანი შენობა-ნაგებობებით მათთვის გადამეცა. რუსეთის პრეზიდენტმა მითხრა, რომ აპირებდა აგარაკის კაპიტალურ რემონტს, რათა ეს ობიექტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულფასოვანი რეზიდენცია გახდეს. ამ შეხვედრის შემდეგ, ორ-სამ დღეში შევკრიბე მაშინდელი პარლამენტის შემადგენლობა და ვაცნობე მისი წინადადების შესახებ და ვთქვი, რომ აფხაზური მხარე ყველაფერს გააკეთებს ამ საკითხის მოსაგვარებლად... ფაქტობრივად, ჩვენ რუსულ მხარეს გადავცემთ შენობებს და ნაგებობებს და არა მიწას, როგორც ზოგიერთი ოპონენტი ამბობს. ჩვენ ამ ობიექტს არ ვაბარებთ ბიზნეს სტრუქტურებს ან შემთხვევით ადამიანებს, ჩვენ მას გადავცემთ ლიდერს, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა აფხაზეთისთვის. სწორედ ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ შეიცვალა რუსეთის დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ. არავინ აპირებს ობიექტის საზღვრების შეცვლას.“- განაცხადა ასლან ბჟანიამ. მიუხედევად იმისა, რომ მან მრავალი ასეთი არგუმენტით სცადა საკუთარი მოსაზრების გამყარება, გადაწყვეტილების მართებულობაში შეკრებილების დარწმუნება მაინც ვერ შეძლო და ოჩამჩირის მოსახლეობასთან მისი ვიზიტი მუშტი-კრივით დასრულდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არც ბიჭვინთის მოსახლეობა შეჰხვედრია მშვიდად, უფრო მეტიც, ისინი აქტიურად აპროტესტებენ აგარაკის გასხვისების დოკუმენტზე ხელმოწერას, რომელიც 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში შედგა. ბიჭვინთელებმა ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატას სპეციალური წერილით მიმართეს, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავენ აფხაზეთის განსაკუთრებულად დაცულ ბუნებრივ ზონაში არსებული ტერიტორიის გასხვისების გამო. ისინი მიიჩნევენ, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ფარულად და საეჭვო ვითარებაში მოხდა და რომ ეს გადაწყვეტილება მათი უფლებების პირდაპირი დარღვევაა. ამ წერილის და მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე საზოგადოებრივმა პალატამ რეკომენდაციით მიმართა ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტს, რომ სახელმწიფო აგარაკის გასხვისების დოკუმენტზე რატიფიკაციის კენჭისყრამდე, საჭიროა ეს საკითხი სპციალისტებმა და ექსპერტებმა შეისწავლონ. თუმცა, როგორც ირკვევა, ეგრეთწოდებული აფხაზეთის პარლამენტი საზოგადოებრივი პალატის საბჭოს რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს და მომავალ სხდომაზე რუსეთთან შეთანხმების რატიფიცირებას, სავარაუდოდ, დაეთანხმება. აფხაზები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული შეთანხმების ირგვლივ დისკუსიები და აზრთა სხვადასხვაობა უფრო და უფრო აღრმავებს მათ უნდობლობას რუსეთის მიმართ და ეს ვითარება უარყოფითად იმოქმედებს აფხაზეთ-რუსეთს შორის მრავალმხრივ თანამშრომლობაზე. სოხუმში ასევე მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი ეგრეთწოდებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აუცილებლად მორიგ მწვავე დაპირისპირებაში გადაიზრდება.
×
×
  • შექმენი...