ქართული პოლიტიკის „მეგავარსკვლავი“ გუბაზ სანიკიძე საზოგადოებას საპროტესტო მარშზე ეპატიჟება. „პოლიტიკოსს“, რომელიც არავინ იცის, როდის გარდაიქმნა ოპოზიციის ერთ–ერთ მძიმეწონოსან „ლიდერად“, თავი 21–ე საუკუნის რობესპიერი ჰგონია, ხოლო მისი დრომოჭმული, რეტროგრადული და უკვე მრავალგზის გაცვეთილი „იდეები“, ყველაზე ეფექტური სატყუარა ხალხის მისატყუებლად. გუბაზისთვის ხალხი, რომელიც ოპოზიციის ყველაზე მარგინალურ და გაკოტრებულ ფრთას „რევოლუციურ ფარად“ არ აეფარა, ხან ნახირია, ხანაც, როცა თავად მოეპრიანება, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ბრძენი ქართველი ერი, რომელსაც ქოთანივით როგორც თავად სურს, იმ მხარეს მიაბამს ყურს. ერთ–ერთი ყველაზე არარეიტინგული საოჯახო ტელევიზიის კაშკაშა ვარსკვლავს, პერიოდულად, პირდაპირ ეთერში შინაურულად, ჩუსტებით რომ მოირთხამს ხოლმე ფეხს და გლობალურ პოლიტიკას ილიკო და ილარიონოვით ლამის ნაცარში ქექვით განიხილავს, გრანდიოზული ამბიციები მოეძელა, რომელიც უკვე განდიდების მანიაში გადაეზარდა. 21–ე საუკუნის ქსენოფონტეს, საკუთარი თავი უკვე რომელიმე მსხვილ თანამდებობაზე ეზმანება, საამისოდ კი მის მიერვე ნახირად სახელდებულ, იმედგაცრუებულ და გაკოტრებული „ოპოზიციისგან“ თავმობეზრებულ საზოგადოებას ქუჩაში ეპატიჟება, „ღირსების დასაცავად“. ვინ არის გუბაზ სანიკიძე და როგორ მოხვდა ის ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე? მარგინალი სუბიექტების ნაკლებობას, ჩვენი პოლიტიკის ის ნიშა, რომელიც პოლიტიკოს–ისტორიკოსს აქვს ათვისებული, არ განიცდის. გამონაკლისი არც გუბაზია. ამ ნიშის ასათვისებლად სულაც არ არის საჭირო ჩამოყალიბებული იდეოლოგია, პოლიტიკური პლატფორმა, ანალიტიკური აზროვნება, ანდა სულაც მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ჭკუა. საკმარისია, გაიხსენო რამდენიმე, ფსევდოპატრიოტული სადღეგრძელო, ენა, მამული, სარწმუნოების შენეული, პრიმიტიული ინტერპრეტირება მოახდინო, ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსანი „დაადანაშაულო“ გარკვეული ეთნიკური წარმოშობისადმი კუთვნილებაში, დააბრალო ყველაფერი „მასონებს“ და დასავლეთს და მორჩა, ეს ნიშა ათვისებულია. მსგავსი მეთოდები გუბაზისთვის ნაცნობია და მშობლიური. თუმცა, „დიდ გუბაზს“ ერთი რამ დაავიწყდა: არც ისე ბნელა, როგორც მას ჰგონია. მაგიური სიტყვა ამერიკანიზაცია, რომელსაც ის უარყოფით კონტექსტში პერიოდულად ხმარობს, დაზეპირებული ურაპატრიოტული ფრაზები და მსგავსი პრიმიტიული მეთოდები საზოგადოებაზე კარგა ხანია აღარ მოქმედებს. ქართული საზოგადოება გუბაზისთვის ნახირია, თუმცა ამ საზოგადოებამ უკვე მრავალჯერ დაადასტურა, რომ ქართული პოლიტიკის „კოლექტიური გუბაზი“, თავისი ყველა ფრთით, მწარედ ცდება. ამაზე კი უკანასკნელ წლებში გამართული ის ხუთკაციანი „საპროტესტო აქციებიც“ მოწმობს, სადაც გუბაზი და ძმანი მისნი მსხვილ–მსხვილ, გაცვეთილ სადღეგრძელოებს საკუთარ მეგაფონს უკითხავენ.