რუსი მაღალჩინოსნები მსხვილი კომპანიების მართვას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ სპეციალური განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გასცა. მედვედევის გეგმის მიხედვით, პოლიტიკოსები კომპანიების მმართველობას 2011 წლის ბოლომდე შეწყვეტენ. პირველ რიგში, ეს მინისტრებს და ვიცე–პრემიერებს ეხება, რომლებიც ეკონომიკის განვითარებაზე არიან პასუხისმგებელნი. პრეზიდენტ მედვედევის თქმით, თანამდებობის პირების კონკურენტულ კომპანიებში მუშაობა ინტერესთა კონფლიქტს იწვევს, კორუფციის დონეს ზრდის და ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის. მედვედევის განცხადება ექსპერტებმა და მედიამ უკვე შეაფასა, როგორც პირდაპირი დარტყმა პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინზე. ქვეყნის პრემიერის უახლოესი მოკავშირე იგორ სეჩინი, რომელიც მაღალ თანამდებობას იკავებს, პარალელურად ქვეყანაში ნავთობსა და გაზს აკონტროლებს და კომპანია "როსნეფტს" ხელმძღვანელობს. ექსპერტები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება და ამას მედვედევის უკანასკნელი ინიციატივაც ადასტურებს.