მედიისთვის ისეთი ტიპის პროპაგანდისტული გადაცემის ტირაჟირება, როგორიც დღეს საღამოს მაყურებელს ტელეკომპანია “იმედმა” შესთავაზა, სარისკოა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ 20.00-საათიანი “ქრონიკის” “მოდელირებული გამოშვების” კომენტირებისას განუცხადა. საყვარელიძის თქმით, ასეთი გამოშვება რომელიმე განვითარებული ქვეყნის ტელეარხის საშუალებით რომ გადაცემულიყო, იმ ტელეკომპანიას აუცილებლად უჩივლებდნენ. “ეს იდეა შესაძლებელია, უინტერესო არ იყოს, მაგრამ უნდა გაკეთებულიყო ისე, ადამიანები, რომლებმაც გვიან გადართეს “იმედზე”, მიმხვდარიყვნენ, რომ ეს ხაზგასმით იმიტაციაა და არა - სინამდვილე. ქვეყანა ლამის პანიკამ მოიცვა, პანიკა კი ძალიან საშიშია და სულ არ აქვს მნიშვნელობა, ის სიცრუით არის გამოწვეული, თუ - სინამდვილით”, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. ტელეკომპანია “იმედის” ეთერით დღეს “ქრონიკის” “მოდელირებული გამოშვება” გავიდა, სადაც 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ. ტელეკომპანია “იმედის” ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1