Jump to content
Planeta.Ge

erekle2

პლანეტელი
  • პოსტები

    8
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

erekle2'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ერეკლე მეორის საზოგადოების განცხადება ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები თავიდანვე აპროტესტებდნენ არა მხოლოდ მხედრული დიდების მემორიალის დანგრევას ქუთაისში, არამედ თვით პარლამენტის გარკვეული ფუნქციური დატვირთვის გადატანასაც. ამ უკანასკნელით ნამდვილად არ გაუმჯობესდება ქუთაისის ინფრასტრუქტურა, ხოლო სამუშაო ადგილების გაზრდა იქნება ხელოვნური და იგი მძიმე ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს. ამავდროულად, არსებობს საშიშროება, რომ რუსთაველის გამზირის ყიდვა-გაყიდვით აღფრთოვანებული ხელისუფლება ერთ მშვენიერ დღეს პარლამენტის შენობასაც თავისუფლად მიაყიდის, რადგან სანაცვლო ქუთაისში უკვე მომზადებული ექნება. ყოველივე ზემოთქმული მჭიდრო კავშირშია იმ ახირებასთან, რომელმაც დედა-შვილი შეიწირა გასულ შაბათს, 19 დეკემბერს, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ითქვა, ბევრიც დაიწერა და კიდევ ბევრი დაიწერება. ფაქტია, რომ ტრიალ მინდორში მემორიალის დანგრევის არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა და ეს არის უპატივცემულობის გამოხატვა როგორც მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი მეომრების მიმართ, ასევე მემორიალის ავტორისაც, სასიქადულო ქართველი მოქანდაკის, ბატონ მერაბ ბერძენიშვილის და ყველა იმ ადამიანის, ვინც თუნდაც ერთი აგური დადო მის მშენებლობაზე. მისასალმებელია რუსეთის პრემიერ მინისტრის, ბატონ ვლადიმერ პუტინის ინიციატივა ამ ძეგლის მოსკოვში აღდგენასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ, ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებს მიგვაჩნია, რომ ამ ძეგლის აღდგენა უპირველეს ყოვლისა ქართველი ერის ღირსების საკითხია და იგი სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა აღადგინოს, და უნდა აღადგინოს იგი საქართველოში, იმ ცოდვილი ადგილიდან მოშორებით, სადაც ალბათ ჩვენ თუ არა ჩვენი შთამომავლები მაინც სულ სხვა ძეგლს დადგამენ. აღნიშნული მემორიალის მოსკოვში აღდგენასთან დაკავშირებით ერეკლე მეორის საზოგადოება კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ქართველი და რუსი ხალხის სულიერი ერთობისა, ჩვენი საერთო ისტორიისა, ერთად გამოვლილი ისტორიული ქარტეხილებისა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ორ ერს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას და წარსულის მწარე შეცდომების გამოსწორებას. http://erekle-2.ge/?p=894
  2. ზეწოლა ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებზე ერეკლე მეორის საზოგადოება აღშფოთებას გამოხატავს იმ ზეწოლის გამო, რომელსაც ხელისუფლების ორგანოები ახორციელებენ ორგანიზაციის წევრებზე და მათ ახლობლებზე. უკვე რამდენიმე თვეა ორგანიზაციას მხარდაჭერა გამოუცხადეს და მის ღონისძიებებში მონაწილეობას ღებულობენ მცხეთელი მოქალაქეები. 7 ნოემბერს, ერეკლე მეორის დაბადების დღეს, საზოგადოებამ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, მცხეთაში საფეხბურთო ტურნირი მოაწყო. ღონისძიების დროს დარიგდა ორგანიზაციის გაზეთი “ერეკლეს გზა”, რამაც, როგორც ჩანს, გააღიზიანა ხელისუფლება, რომლისთვისაც მიუღებელია ნებისმიერი მოწოდება რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისკენ. მატჩის შემდეგ ტურნირში მონაწილე ბავშვთა ზოგიერთი მშობელი გააფრთხილეს აღარ გაეშვათ შვილები ერეკლე მეორის ორგანიზაციის მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე. გუშინ, 27 ნოემბერს, ერეკლე მეორის ორგანიზაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების მიერ გამართულ ღონისძიებაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ორგანიზაციის აქტივისტმა, მცხეთელმა თემურ თვალიაშვილმა, დამსწრეებს დაურიგა ორგანიზაციის გაზეთის ბოლო ნომერი. 27 ნოემებერს, ღამით, უცნობმა პირებმა რუსეთის დროშის ფერებში გადაღებეს ბატონ თემურ თვალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც იდგა მის საცხოვრებელ კორპუსთან, მცხეთაში, აღმაშენებლის 101-ში. ამავე დღეს მიზეზის ახსნის გარეშე სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს ორგანიზაციის კიდევ ერთი მხარდამჭერი. რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციის რამდენიმე წევრის ოჯახებში ერთდროულად მივიდნენ უბნის რწმუნებულები, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობს განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს თითქოსდა უმნიშვნელო სახის ზემოქმედების მცდელობები კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ერეკლე მეორის ორგანიზაციამ სანქცირებული მიტინგი მოაწყო სატელევიზიო კომპანია “იმედის” შენობასთან, სადაც მისმა წევრებმა პროტესტი გამოხატეს ამ კომპანიის მიერ გადაღებული ფილმის წინააღმდეგ, რომელშიც აუგად იყო მოხსენიებული რუსეთის პატრიარქი კირილი. მიტინგის მსვლელობისას გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ დაუშვებელია სხვა ერების სასულიერო ლიდერების ლანძღვა, მიუხედავად იმისა მართლმადიდებელი პატრიარქი იქნება იგი, ებრაელი რაბინი თუ მუსულმანი მუფტი ან აიათოლა. განსხვავებული აზრის პატივისცემა, იქნება იგი დაკავშირებული პოლიტიკურ, რელიგიურ, სოციალურ, გენდერულ თუ სხვა საკითხებთან, დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე გაეროს პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, რომელთა დაცვაც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა. ერეკლე მეორის საზოგადოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იგი არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაცია, არ ემსახურება არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ, და რომ მის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს რუსეთსა და საქართველოს შორის ჩატეხილი ხიდის აღდენის ხელშეწყობა სახალხო დიპლომატიის გზებით. ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ორშაბათს, 30 ნოემბერს, 14:00 საათზე, ერეკლე მეორის საზოგადოების ოფისში (უზნაძის ქ. 15, ტელ: 950364) გაიმართება პრესკონფერენცია. 2009 წლის 28 ნოემბერი თბილისი http://erekle-2.ge/?p=797
  3. თურქეთის პირისპირ ევროპის იმედით პირველი მსოფლიო ომის დასასრული რუსეთის იმპერიის დაშლით აღინიშნა. საქართველო კვლავ თავისი ისტორიული დამპყრობლის - თურქეთის პირისპირ აღმოჩნდა. ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება კი მისი აღსასრულის დასაწყისს წარმოადგენდა. გერმანელების მიერ დასუსტებულ და სამოქალაქო ომის ცეცხლში გახვეული რუსეთისთვის კაბალური ხელშეკრულების თავსმოხვევა ძნელი საქმე ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ბრესტ-ლიტოვსკში აშკარად გამოჩნდა თურქეთის ინტერესიც - მიეტაცებინა საქართველო და ამიერკავკასიის ნაწილი. მართლაც, 1918 წლის 8-9 აპრილს თურქები საქართველოში შემოიჭრნენ. 21 აპრილს კი მათ დაიკავეს ბათუმი, ოზურგეთი და მთელი მესხეთი. ასეთ ვითარებაში ქართულ პოლიტიკურ წრეებში მომწიფდა აზრი, რომ შეკრებილიყო ამიერკავკასიის სეიმი, რათა ”გამოცხადებულიყო ამიერკავკასიის დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა”. მაგრამ ამიერკავკასიის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის დღიდან გადაუჭრელ პრობლემად იქცა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია. გერმანოფილური საქართველოს, ანგლოფილური სომხეთისა და თურქოფილური აზერბაიჯანის ერთ სამოკავშირეო სახელმწიფოში არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რაც იმთავითვე ცხადი გახდა. გარდა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციისა, ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს სიმტკიცეს დიდად ვნებდა ტერიტორიის გამიჯვნის საკითხი - ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს მწვავე სასაზღვრო დავა ჰქონდათ. ქართველ დიპლომატებს იმედი ჰქონდათ, რომ გერმანელები პრინციპულად დადგებოდნენ ქართული ინტერესების დასაცავად, მაგრამ როდესაც ამიერკავკასიაში გამარჯვებულმა ინგლისმა შემოდგა ფეხი, აშკარა გახდა, რომ ამ სახელმწიფოს მთავარ სამიზნეს ბაქოს ნავთობი უფრო წარმოადგენდა, ვიდრე დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა. ინგლისის მოქმედების ზონად (ფაქტობრივად, საოკუპაციო ზონად) გამოცხადებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო საქართველო. იმთავითვე ცხადი გახდა, რომ ბათუმითა და საერთოდ, მთელი აჭარით ინგლისელები განსაკუთრებით იყვნენ დაინტერესებულნი. აღსანიშნავია ისიც, რომ 1918 წლის დეკემბერში მიმდინარე საქართველო-სომხეთის ომში, სომხეთის არმიის სერიოზული მარცხის შემდეგ, საქართველოს მთავრობას შეეძლო, შემოეერთებინა ისტორიული ქართული ტერიტორია - ლორეს რაიონი. ინგლისელი დიპლომატები და სამხედროები კი ანგლოფილური სომხეთის მხარეს დადგნენ და ეს შესაძლებლობა გამოუყენებელი დარჩა. ფრანგებმა და ინგლისელებმა აიძულეს საქართველოს მთავრობა, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა საომარი მოქმედებანი სომხეთის წინააღმდეგ. საქართველო-სომხეთის ურთიერთობის მოგვარებაში ინგლისის ანტიქართული პოლიტიკის წყალობით განპირობებულმა შედეგებმა დიდი პრობლემები შეუქმნა ქართველ დიპლომატებს პარიზის კონფერენციაზე ერთა ლიგასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში. ვფიქრობ, ეს ერთი ეპიზოდიც სამარისია, რათა ნათლად წარმოვიდგინოთ ქართული დიპლომატიის ”დამოუკიდებელი” მოქმედების მიმართულება, რომელიც აშკარად გარედან თავსმოხვეულ ინტერესთა სამსახურში მდგომარეობდა და საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მისწრაფებათა საბედისწერო იგნორირების ხარჯზე ვითარდებოდა. (ამონარიდები ”ქართული დიპლომატიის ისტორიიდან”) ... თურქეთი მაშინვე შეუდგა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით მინიჭებული უფლებების რეალიზებას - მოითხოვა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქების დაცლა. 1918 წლის 10 მარტს თურქეთმა მოთხოვნა კვლავ გაიმეორა. 11 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა ეს მოთხოვნა უარყო. ამიერკავკასიის კომისარიატსა და სეიმს კარგად ესმოდათ, რომ ომი თურქეთთან ადვილი არ იყო, ამიტომ დიპლომატიური გზით სცადეს კონფლიქტის მოგვარება. 1918 წლის 14 მარტს ტრაპიზონში დაიწყო ამიერკავკასია-თურქეთის საზავო მოლაპარაკება. ამიერკავკასიის დელეგაციას აკაკი ჩხენკელი მეთაურობდა, მის ცდებს, ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები მთლიანად შეენარჩუნებინათ, შედეგი არ მოჰყოლია - თურქეთის დელეგაცია კატეგორიულად მოითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების შესრულებას. თურქეთის არმიამ საომარი მოქმედებები დაიწყო: 1918 წლის 8-9 აპრილს მტერი ამიერკავკასიის საზღვრებში შემოიჭრა. შეიქმნა კრიზისული სიტუაცია. 12 აპრილს აკაკი ჩხენკელმა ევგენი გეგეჭკორს სთხოვა თურქეთის წინააღმდეგ საომარი ოპერაციების შეჩერება. 13 აპრილს ამიერკავკასიის კომისარიატისა და ამიერკავკასიის სეიმის ფრაქციათა გაერთიანებულმა სხდომამ ერთხმად მიიღო ირაკლი წერეთლის რეზოლუცია ტრაპიზონიდან ამიერკავკასიის დელეგაციის გამოწვევის შესახებ. ეს იმას ნიშნავდა, რომ თურქეთთან ომი გრძელდებოდა. 9 აპრილს გამოუცხადებლად დაწყებული ომი 13 აპრილს ოფიციალური გახდა. თურქეთის არმიის შემაჩერებელი ძალა საქართველოს არ გააჩნდა. 15-21 აპრილს თურქეთის ჯარებმა დაიკავეს ბათუმი, ოზურგეთი, მთელი მესხეთი თითქმის ბორჯომამდე. თურქეთის შეჩერება ქართულმა ჯარმა მხოლოდ მდინარე ჩოლოქზე შეძლო. ასეთ მძიმე სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში 1918 წლის 22 აპრილს შეიკრიბა ამიერკავკასიის სეიმი. სხდომა გახსნა კარლო ჩხეიძემ, ამიერკავკასიის კომისარიატსა და სეიმში უკვე მომწიფებული იყო აზრი ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ. ხანგრძლივი კამათის შემდეგ ამიერკავკასიის სეიმმა მიიღო დადგენილება: ”გამოცხადდეს ამიერკავკასია დამოუკიდებელ დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკად”. ამიერკავკასიის სეიმმა ამავე სხდომაზე მოისმინა ტრაპიზონის საზავო მოლაპარაკებებზე მივლინებული დელეგაციის მოხსენება და მიიღო დადგენილება მოლაპარაკების გაგრძელების შესახებ. სეიმის დადგენილებით, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შექმნა დაევალა აკაკი ჩხენკელს. 1918 წლის 26 აპრილს მან სეიმს დასამტკიცებლად წარუდგინა მთავრობის შემადგენლობა. სეიმმა უცვლელად დაამტკიცა აკაკი ჩხენკელის მიერ წარმოდგენილი პროექტი. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა ასეთი შემადგენლობით შეუდგა მუშაობას: ა. ჩხენკელი - მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქნეთა მინისტრი; ნ. რამიშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრი; ა. ხატისოვი - ფინანსთა მინისტრი; ხ-ბ. მელიქ-ასლანოვი - გზათა მინისტრი; ფ-ხ. ხოისკი - იუსტიციის მინისტრი; გრ. გიორგაძე - სამხედრო მინისტრი; ნ. ხომერიკი - მიწათმოქმედების მინისტრი; ნ.-ბ. უსუბეკოვი - სახალხო განათლების მინისტრი; მ. გაჯინსკი - ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი; ა. სააკიანი - სასურსათო საქმეთა მინისტრი; რ. კაჩაზნუნი - სახელმწიფო უზრუნველყოფის მინისტრი; ა. ერზინკიანი - შრომის მინისტრი; ი-ბ. ჰაიდაროვი - სახელმწიფო კონტროლიორი. ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას შექმნის დღიდან გადაუჭრელ პრობლემად ექცა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია. გერმანოფილური საქართველოს, ანგლოფილური სომხეთისა და თურქოფილური აზერბაიჯანის ერთ სამოკავშირეო სახელმწიფოში არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რაც იმთავითვე ცხადი გახდა. გარდა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციისა, ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს სიმტკიცეს დიდად ვნებდა ტერიტორიის გამიჯვნის საკითხი - ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს ერთმანეთთან მწვავე სასაზღვრო დავა ჰქონდათ. სამხედრო-პოლიტიკური ვითარება სულ უფრო კატასტროფული ხდებოდა. 1918 წლის 11 მაისს ბათუმში განახლდა ამიერკავკასია-თურქეთის საზავო კონფერენცია. ამიერკავკასიის დელეგაციას აკაკი ჩხენკელი მეთაურობდა. პირველსავე შეხვედრაზე გაირკვა, რომ თურქეთი პოზიციას არ ცვლიდა, პირიქით, უფრო მეტს მოითხოვდა. 1918 წლის 12 მაისს ბათუმიდან გამოგზავნილ საიდუმლო წერილში აკაკი ჩხენკელი საქართველოს ეროვნულ საბჭოს აცნობებდა: 1) თურქეთი ითხოვს ახალციხეს, ახალქალაქს და ერევნის გუბერნიის თითქმის ყველა მაზრას; 2) თურქეთი თავის თავზე იღებს წესრიგის დაცვას ამიერკავკასიაში; 3) თურქეთი, ომის შემთხვევაში, ითხოვს ამიერკავკასიის რკინიგზით სარგებლობის უფლებას. ამავე წერილში აკაკი ჩხენკელი იმედს გამოთქვამდა, რომ გერმანია მხარს დაუჭერდა ამიერკავკასიის დელეგაციას, თუმცა გამორიცხული არ იყო საწინააღმდეგოც. წერილში ვკითხულობთ: ”ვთქვათ, ეს გეგმა არ გავიდა, გერმანელებმა არ დაგვიჭირეს ისე ძლიერ მხარი, რა ვქნათ? თათრებმა გასწირეს სომხები, აზერბაიჯანი ცალკე წავა, შეიძლება ოსმალეთზე გადავიდეს. ეს მოხდება მაშინვე, როგორც კი ომი გამოცხადდება ამიერკავკასიის სახელით. რა უნდა ქნას ქართველმა ერმა? ერთადერთი გზაა: ომში არ გაერიო. ომი ყელს გამოჭრის ერს, მოსპობას უქადის”. იმავე დღეს, 12 მაისს, აკაკი ჩხენკელი მეორე საიდუმლო წერილს გზავნის ბათუმიდან, რომელშიც მთელი კატეგორიულობით აფრთხილებს საქართველოს ეროვნულ საბჭოს: ”ყოველ შემთხვევაში, თუ გინდ ვერაფერსაც ვერ მივაღწიოთ, რაც მოასწავებს გერმანელებისაგან ჩვენს გაწირვას, ჩვენ არასგზით არ უნდა ვაწარმოოთ ომი. მხოლოდ და მარტო ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიხსნათ ჩვენი ხალხი დაღუპვისაგან. გაერთიანებული ამიერკავკასია, სულერთია, ვერ იარსებებს, თუ სომხების ტერიტორია ჩამოგლიჯეს მას”. აკაკი ჩხენკელის ორი წერილი საქართველოს ეროვნულ საბჭოს, ფაქტობრივად, სთავაზობდა გერმანოფილურ საგარეო-პოლიტიკურ კურსს, როგორც ერთადერთ რეალურ გამოსავალს შექმნილი კატასტროფული სიტუაციიდან. ამავე დროს, ისიც ცნობილი იყო, რომ თურქოფილური აზერბაიჯანი და ანგლოფილური სომხეთი გერმანიაზე ორიენტირებულ საგარეო-პოლიტიკურ კურსზე უარს იტყოდნენ. ბათუმიდან აკაკი ჩხენკელის ორი წერილის მიღების შემდეგ, 1918 წლის 14 მაისს, საღამოს, შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა გერმანიის ფაქტორზე დაფუძნებული საგარეო-პოლიტიკური კურსი. აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ ბათუმში აკაკი ჩხენკელისათვის სახელმძღვანელოდ გაეგზავნათ შემდეგი მითითებები: ”1. ეცნობოს გერმანიის საზავო დელეგაციის თავმჯდომარეს, გენერალ ფონ ლოსოვს, რომ საქართველოს ეროვნული სანჭოს სურვილი და თხოვნაა, ყოველნაირად ხელი შეუწყოს გერმანია-საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი საკითხების რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადაწყვეტას; 2. ეთხოვოს გენერალ ლოსოვს, მიიღოს სათანადო ღონისძიება, რომ გერმანიის ჯარმა განაგრძოს სვლა ჩრდილო კავკასიაში, რათა იმდენად დაუახლოვდეს საქართველოს საზღვრებს, რომ შესაძლებელი იყოს მასთან კონტაქტის დაჭერა და საქართველო უზრუნველყოფილი იქნას გარედან მოსალოდნელი რაიმე საფრთხისაგან; 3. ეთხოვოს გენერალ ლოსოვს, ხელი შეუწყოს გერმანიაში მყოფი ქართველი სამხედრო ტყვეების, სამშობლოში რაც შეიძლება მალე სამხედრო წესით დარაზმულად დაბრუნებას; 4. ეთხოვოს გენერალ ლოსოვს, ვიდრე ეს საქმე მოხერხდებოდეს, დატოვოს საქართველოში მყოფი გერმანელი ტყვეები და მიანდოს გერმანიის ოფიცერთ მათი სამხედრო ორგანიზაცია, რათა საქართველოს მთავრობამ შეძლოს, საჭირო შემთხვევაში შემოიყვანოს ეს ჯარი შინაური წესრიგის დასაცავად და ანარქიასთან საბრძოლველად”. აკაკი ჩხენკელი გერმანიის დახმარებით ”საქართველოს ხსნის გეგმის” რეალიზებას შეუდგა. 1918 წლის 15 მაისს ბათუმიდან გამოგზავნილ საიდუმლო წერილში იგი არწმუნებდა საქართველოს ეროვნულ საბჭოს, რომ ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს გადარჩენა შეუძლებელი იყო. აკაკი ჩხენკელი იმასაც იტყობინებოდა, რომ ინგლისის დახმარებით თურქეთის შეჩერება არარეალური იქნებოდა. 15 მაისის წერილში აკაკი ჩხენკელმა კატასტროფიდან თავის დაღწევის ერთადერთ გზად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება დასახა: ”საქართველოს დამოუკიდებლობა - აი, პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, როცა აქაური (ბათუმის) მოლაპარაკება შეწყდება. შეწყდება იმიტომ, რომ თურქების პროექტი მიუღებელია. ეს მათ მშვენივრად იციან, მაგრამ მიზნად ხომ ჩვენი მთლიანობის დამხობა აქვთ”. საქართველო-გერმანიის დაახლოებას რეალური საფუძველი ჰქონდა. გერმანიისათვის კი საქართველო მისი აღმოსავლური პოლიტიკის ფორ-პოსტი იქნებოდა. საქართველოს მნიშვნელობას გერმანიისათვის ისიც ზრდიდა, რომ ინგლისზე ორიენტირებული სომხეთი და თურქეთზე ორიენტირებული აზერბაიჯანი ეწინააღმდეგებოდნენ გერმანიის დამკვიდრებას ამიერკავკასიაში. გერმანიას სუსტი პოზიციები ჰქონდა აღმოსავლეთში და ამ რეგიონში წარმატების მოპოვება გარკვეულწილად გაუადვილებდა საქართველოში მტკიცე პოზიციების შექმნას. მოამზადა თემურ ქორიძემ არასამთავრობო ორგანიზაცია ”ისტორიული მემკვიდრეობის” საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე http://erekle-2.ge/
  4. ეძღვნება ერეკლე მეორის დაბადების დღეს 7 ნოემბერი ერეკლე მეორის დაბადების დღეა. ეს დღე საბჭოთა ეპოქაში ოქტომბრის რევოლუციის დღედ აღინიშნებოდა, ხოლო 2007 წლის შემდეგ საქართველოში ხელისუფლების ხალხზე ძალადობის სიმბოლოდ იქცა. დღეს, როდესაც ქართული საზოგადოების ნაწილს უწევს ბრძოლა იმისთვის, რომ ერში არ დამკვიდრდეს ჩვენი რწმენისა და ტრადიციებისათვის უცხო დღესასწაულები, როგორიცაა, მაგალითად, ჰალოუვინი, ვალენტინობა თუ სხვა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობას შევახსენოთ ასეთი დღეების შესახებ და ჩავუნერგოთ მათ ჩვენი სახელოვანი წინაპრებისადმი პატივისცემა. 7 ნოემბერს ოპოზიცია საპროტესტო დემონსტრაციისათვის ემზადება, ხოლო ხელისუფლება – მის საწინააღმდეგოდ ირაზმება. საქართველოს უახლესი ისტორია გვიჩვენებს თუ რა მოუტანა ქვეყანას ურთიერთდაპირისპირებამ, „პიარზე“ გამიზნულმა იაფფასიანმა ღონისძიებებმა, უშედეგო დემონსტრაციებმა და გაუაზრებელმა სამხედრო დაპირისპირებებმა, რომლებმაც ასობით ქართველი და არაქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა. ერეკლე მეორის საზოგადოებისთვის მიუღებელია ნებისმიერი აქცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს არეულობა და ერის გახლეჩა. სამწუხაროდ, ერის გაერთიანება სწრაფად მხოლოდ ტრაგიკულ მოვლენებს მოჰყვება, სხვა შემთხვევაში კი მას ხანგრძლივი და დაუღალავი შრომა სჭირდება. ერის გამთლიანებისთვის კი უპირველეს ყოვლისა აუცილებელია თაობათა შორის დარღვეული კავშირის აღდგენა, ქართული ტრადიციებისა და კულტურის პროპაგანდა, სახელოვანი ქართველი წინაპრების ღვაწლის დაფასება და წარსულსა და მომავალს შორის მკვიდრი ხიდის გადება. შაბათს, 7 ნოემბერს, ყველა ქართველისთვის სათაყვანო მეფე ერეკლე მეორის დაბადების დღეს, ერეკლე მეორის საზოგადოების თაოსნობით გაიმართება ბავშვთა სფეხბურთო გუნდების შეჯიბრი საზოგადოების მიერ დაწესებულ თასზე. შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ 1999-2001 წწ დაბადებული საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ბავშვები, მათ შორის აფხაზებიცა და ოსებიც. ერეკლე მეორე გამორჩეული იყო თავისი ტოლერანტობითა და სხვა აღმსარებლობათა მიმართ პატივისცემით. ერეკლე მეორის საზოგადოება მადლობას უხდის მცხეთის მუნიციპალიტეტს ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისათვის. დილის 11 საათზე ტურნირის მონაწილენი ყვავილებით შეამკობენ ერეკლე მეფის საფლავს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში. ტურნირი დაიწყება 12 საათზე, მცხეთის 13 მაისის სახელობის მინი-ფეხბურთის მოედანზე (მცხეთა, აღმაშენებლის ქ. #93). ერეკლე მეორის საზოგადოება თბილისი, უზნაძის ქ. 15 ტელ: 950364; www.erekle-2.ge
  5. ერეკლე მეორის საზოგადოება ჰელოუვინის დღესასწაულის წინააღმდეგ ერეკლე მეორის საზოგადოება ეხმაურება მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ღვთისნიერ ინიციატივას ჰელოუვინის წარმართული, სატანისტური დღესასწაულის დაგმობის შესახებ და მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს, მხარი დაუჭირონ საქართველოს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ინიციატივას და არანაირი ფორმით არ მიიღონ მონაწილეობა უმსგავსო, ანტიქრისტიანულ ორგიებში, რომლის ჩატარებასაც გეგმავენ ამა წლის 31 ოქტომბრიდან –1 ნოემბრამდე სატანისტური ორგანიზაციები. ერეკლე მეორის საზოგადოება ასევე მიმართავს საქართველოს მოსახლეობას სიფრთხილით მოეკიდოს და არ მიიღოს მონაწილეობა ახალდამკვიდრებულ ისეთი ტიპის დღესასწაულებში, როგორიცაა ჰელოუვინი, ვალენტინობა და სხვა, მართლმადიდებლობისათვის უცხო დღესასწაულები. ღვთის მადლით, უფალმა იესო ქრისტემ და მოციქულებმა მრავალი ჭეშმარიტი დღესასწაული დაგვიწესეს, რომლებსაც ჩვენდა სამწუხაროდ სათანადოდ ვერ აღვნიშნავთ. ფორუმზე აკრძალულია ინტერნეტ რესურსების რეკლამირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად. ბმული წაიშალა. თემის ავტორს ზეპირი გაფრთხილება.
  6. ვისი წარსულია ბნელი და ვისი ნათელი: დასავლეთის თუ აღმოსავლეთის? თემურ მირიანაშვილის წიგნში, ფრაგმენტს რომლიდანაც ვთავაზობთ მკითხველს, მოთხრობილია ისტორია რეპრესიებისა, სახელმწიფო ძალადობისა ადამიანზე, ერთი მხრივ, მართლმადიდებლურ და, მეორე მხრივ, კათოლიკურ-პროტესტანტულ სამყაროებში. ავტორის მტკიცებით, საყოველთაოდ გაბატონებული აზრის საწინააღმდეგოდ, მართლმადიდებლურმა ცივილიზაციამ ისტორიულად მიაღწია? უმანურობის, შემწყნარებლობის, ტოლერანტობის გაცილებით უფრო მაღალ დონეს, ვიდრე კათოლიკურ-პროტესტანტულმა (ანუ დასავლურმა ცივილიზაციამ). თ. მირიანაშვილის წიგნში გატარებულია აზრი, რომ ამ ცივილიზაციათა მკვეთრად განსხვავებული ბუნებისა და დასავლეთის ექსპანსიონისტური ზრახვების გამო აღმოსავლეთის მიმართ, არსებობს საქრისტიანოს ორი ნაწილის შეჯახების საფრთხე. თუმცა შეჯახება, ავტორის აზრით, არსებითად, უკვე დაწყებულია. ,,მართლმადიდებლურ და კათოლიკურ-პროტესტანტულ ცივილიზაციათა შეტაკება” წარმოადგენს გაგრძელებას და შევსებას თ. მირიანაშვილის ადრე გამოცემული წიგნისა ,,ჩვენი ტრაგედიის ფესვები” (ამ წიგნის შესახებ ჩვენი გაზეთი წერდა 2004 წელს‘, რომელშიც განხილულია საბჭოთა კავშირში 20-70-იანი წლების მანძილზე განვითარებული პროცესები. ავტორი არც საბჭოური რეპრესიების შესახებ დამკვიდრებულ აზრს ეთანხმება და თვლის, რომ ფაქტები, აგრეთვე ამ ფაქტთა შემცველი უტყუარი დოკუმენტები ქმნიან სრულიად სხვაგვარ სურათს. ივანე ჯავახიშვილი ,,ქართული სამართლის ისტორიაში” წერს, საქართველოში ჯალათის პროფესია არ არსებობდაო, ანუ ისტორიულად ჩვენში არ ყოფილან ადამიანები, ვისაც ხელობად ექნებოდათ სიკვდილმისჯილთა მოკვდინება. გასაოცარი ფაქტია! და ეს ფაქტი, ივანეს აზრით, იმით აიხსნება, რომ ჩვენს სახელმწიფოში სასიკვდილო განაჩენი უაღრესი იშვიათობა იყო. ივანე ჯავახიშვილი სიკვდილით დასჯის მეთოდებსაც განიხილავს და წერს, რომ საქართველოში გავრცელებული იყო მხოლოდ ჩამოხრჩობა და თავის მოკვეთა, ანუ მოკვდინების ყველაზე მსუბუქი და ჰუმანური წესები: სიკვდილის წინ კაცის წამება, რაოდენ საშინელი დანაშაულიც არ უნდა ჰქონოდა მას ჩადენილი, ჩვენში არ ყოფილა მიღებული. დასავლეთის ქვეყნებში დღეს ურყევად დამკვიდრებულია აზრი, რომ ამა თუ იმ ხელისუფლების, ხალხის ჰუმანურობის და ცივილიზებულობის ერთი უმთავრესი საზომი არის ის, თუ რაოდენ ხშირად ან იშვიათად გამოაქვთ იმ ქვეყანაში სასიკვდილო განაჩენი და რამდენად უმოწყალო თუ ლმობიერი წესით აღასრულებენ. სიკვდილით დასჯის იშვიათობა მიანიშნებს არა მხოლოდ ხელისუფალთა ჰუმანურობაზე, არამედ მოქალაქეთა, მათი უდიდესი უმრალესობის ადამიანურ ღირსებებზეც; თუ ქვეყანაში ისტორიულად ნაკლები იყო სიკვდილით დასჯის შემთხვევები, ეს უტყუარი საბუთია იმისა, რომ ამ ქვეყანაში ნაკლებად არსებობდა დანაშაული. პირველყოვლისა, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი. ხოლო დანაშაულის იშვიათობა დასტურია ეკონომიკური კეთილდღეობის, სხვადასხვა საზოგადოებრივ ფენათა ურთიერთგამტანობის, შემწყნარებლობის, ცალკეულ ადამიანთაგან ერთმანეთისადმი ადამიანურად მოპყრობის. დასავლეთის ქვეყნებში ის აზრიც სრულიად უეჭველად არის დამკვიდრებული, რომ ჰუმანურობის ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია მათმა ცივილიზაციამ - დასავლურმა ცივილიზაციამ და რომ ეს მტკიცდება არა მხოლოდ თანამედროვე ვითარებით, არამედ ისტორიულადაც. დასავლეთ ევროპელები და ჩრდილოამერიკელები, რასაკვირველია, ვერ უარყოფენ, რომ მათ წარსულში უამრავი ჯოჯოხეთური ფაქტია, მაგრამ ისინი ამგვარად მსჯელობენ: ყველაფერი შედარებითია, აღმოსავლეთთან შედარებით დასავლეთი შემწყნარებლობის, სიკეთის, სიქველის, საერთოდ, ადამიანურობის ყოველგვარი გამოვლინების ეტალონად უნდა მიიჩნეს. საკითხავია, სად გადის საზღვარი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის? რომელი ტერიტორიები უნდა მიეკუთვნოს ერთს და რომელი მეორეს? ეს სამყაროები ხომ არავის არასოდეს გაუმიჯნავს სადემარკაციო ზოლით. ამ საკითხზე მხოლოდ ჩვენ, ევროპის აღმოსავლეთი ნაწილის მკვიდრნი ვმსჯელობთ და ვპაექრობთ. დასავლელთათვის ყველაფერი ნათელია, ერთხელ და სამუდამოდ დადგენილია: აღმოსავლეთი არის ევროპის ის ქვეყნები, სადაც მართლმადიდებელი ერები ცხოვრობენ, ხოლო დასავლეთი - ქვეყნები დასახლებული კათოლიკეებითა და პროტესტანტებით. ვერავინ ვერაფრით შეძლებს, ეჭვი შეატანინოს დასავლელებს ორი სამყაროს ამგვარად გამიჯვნის საფუძვლიანობაში, ისევე როგორც ვერავინ აფიქრებინებს, წუთითაც კი ვერ დააშვებინებს მათ აზრს იმის თაობაზე, რომ აღმოსავლეთი ადამიანურ ღირებულებათა მიღწეული დონით შეიძლება თუნდაც შეედაროს დასავლეთს. მაგრამ თუ ეს ასეა, ხოლო ჰუმანურობის ერთ-ერთი უმთავრესი საზომი არის სიკვდილით დასჯის სიხშირე - სიიშვიათე და მისი აღსრულების ლმობიერება-ულმობლობა, რით უნდა აიხსნას, რომ ევროპის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე საქართველოში სიკვდილით ძალიან იშვიათად სჯიდნენ და თუ მაინც სჯიდნენ - ძალიან ლმობიერი წესით, დასავლეთ ევროპაში კი დღეს მიახლოებითაც ვერ ანგარიშობენ, რამდენი მილიონი ადამიანი (თანაც უფრო მეტად, ქალები და არაიშვიათად ბავშვები, მათ შორის ორი-სამი წლისანიც‘ გაჟლიტა ინკვიზიციის სასამართლომ ან `კაროლინამ~ და მისმა მსგავმა სხვა კანონთა წიგნებმა? ხოლო სიკვდილის წინ ადამიანის წამებაში, ალბათ არც ერთი სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებს არ გამოუვლენიათ კათოლიკეთა და პროტესტანტთა დარი გამომგონებლობა, ფანტაზია და, თუ გნებავთ, მოთმინების უნარიც; ადვილი საქმეა მრავალი საათის, დღის, ზოგჯერ კი კვირების მანძილზე ელოდე, როდის ამოხდის სულს სიკვდილმისჯილს სასტიკი, მაგრამ ნელი წამება! პასუხი ამ კითხვებზე, ერთი შეხედვით, ადვილი მისაკვლევია. საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა, ქართველების ხვედრითი ოდენობა მართლმადიდებლობის მაღიარებელთა შორის 1,5 პროცენტსაც კი არ შეადგენს. ამიტომ მართლმადიდებლური სამყაროს მახასიათებელ თვისებებზე დაფიქრებულ დასავლელ ადამიანს, საქართველო შეიძლება უბრალოდ, გამორჩეს მხედველობიდან, ან არ მიიღოს მხედველობაში მოსახლეობის რიცხობრივი უმნიშვნელობის გამო. მით უმეტეს, რომ მთელს მსოფლიოში მცხოვრებ მართლმადიდებელთაგან ორმოცდაათი პროცენტი რუსია. რუსეთს კი - პირდაპირ უნდა ითქვას - ყველაზე სახელგატეხილი ისტორია აქვს საქრისტიანო სამყაროში. თითქმის არავინ (მათ შორის არც თავად რუსთა უმრავლესობა” არ დავობს, რომ ქრისტიანულ სახელმწიფოთაგან არც ერთს არ ჰქონია ისეთი ბნელი და, ობსკურანტული წარსული, როგორც რუსეთს. ვიმეორებ, ეს აზრი თითქმის საყოველთაოდ მიღებული და აღიარებულია (თუმცა. როგორც მკითხველი ქვემოთ დარწმუნდება ამ აზრს არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან. რეალურად ანუ ისტრორიულ ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით, აბსოლუტურად საპირისპირო სურათი იხატება. რუსეთის ისტორია, უბრალოდ დასავლურ პიარტექნოლოგიათა მსხვერპლი გახდა). ალბათ, არც ამის მტკიცება იქნება გადაჭარბებული: ასეთი აზრი მართლმადიდებელ რუსთა ისტორიაზე ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი საქრისტიანო სამყაროს და არამხოლოდ მას - არასაქრისტიანოსაც. მოდადაც კია ქცეული მსჯელობა ძველი (და არცთუ მაინცდამაინც ძველი‘ რუსული სინამდვილის, ყოფის შავბნელ და ველურ ხასიათზე. რად ღირს თუნდაც ივანე მრისხანე! ყველა დროის ქრისტიან ხელმწიფეთაგან ყველაზე სისხლისმსმელ სადისტად შერაცხული. ისტორიკოსებს გამოთვლილი აქვთ, თავისი ორმოცწლიანი მეფობის ყოველ წელიწადს იგი საშუალოდ ას კაცს აგზავნიდა ეშაფოტზე. ივანე მრისხანის,,იმიჯი”, ისევე, როგორც საზოგადოდ რუსეთის ისტორიისა, შეუვალი და ურყევია: მის დარი ჯალათი თუ საერთოდ ისტორიას არა, საქრისტიანოს ისტორიას თურმე ნამდვილად არ ახსოვს! მაგრამ საქმე ის არის, რომ ივანე მრისხანის ეპოქაში ცხოვრობდა იმპერატორი კარლ V, რომელმაც გერმანიაში ასოცი ათასი ადამიანი დასაჯა სიკვდილით, თავის უმცროს თანამედროვეზე - რუსეთის მეფეზე ოცდაათჯერ მეტი! კარლ მეხუთემ დაახლოებით ოცდაათი წელი იმეფა. მაშასადამე, წელიწადში თითქმის ოთხი ათას კაცს გზავნიდა ეშაფოტზე, ანუ ყოველწლიურად იმდენს, რამდენიც მთელი თავისი ტახტზე ჯდომის მანძილზე გაგზავნა ივანე მრისხანემ. მაგრამ კარლ მეხუთეს რატომღაც არ აქვს ივანე მრისხანისებრ საშინელი სახელი. ისტორიკოსთა წრის გარეთ იგი თითქმის მივიწყებულია. რიგით ადამიანთაგან დღეს იშვიათს თუ სმენია რაიმე მის შესახებ. მისგან განსხვავებით, ინგლისის მეფე ჰენრი მერვე, ივანე მრისხანის კიდევ ერთი ასაკით უფროსი თანამედროვე, დღემდე ინარჩუნებს ,,პოპულარობას”. მასზე ბევრს წერენ, იღებენ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს. მაგრამ არც მას დაუმკვიდრდა, ივანე მრისხანის მსგავსად, ჯალათისა და სადისტის სახელი, თუმცა მანაც რუს კოლეგებზე ბევრჯერ მეტ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე - დაახლოებით 70 ათასს. ჰენრი მერვის უმცროსმა ასულმა და მემკვიდრემ, ელისაბედ პირველმა 20 ათასამდე ადამიანი დაასჯევინა სიკვდილით. იგი პროგრესულ მეფედ შევიდა ისტორიაში. ელისაბედ პირველის რეპრესიები დღემდე მართლდება მის წინაშე მდგომი დიადი სახელმწიფოებრივი ამოცანებით. ელისაბედის დამ, ჰენრი მერვის უფროსმა ასულმა, მარიამ პირველმა თავისი ძალიან ხანმოკლე მეფობის ხანს მოასწრო სიკვდილით დაესაჯა ივანე მრისხანეზე გაცილებით მეტი ადამიანი. მაგრამ მარიამ პირველი (ისევე როგორც მისი მეტსახელი - ,,სისხლიანი” დღეს მივიწყებულია. პირველი ადგილი მსოფლიოს ყველაზე სისხლიანი ჯალათების არასაპატიო კვარცხლბეკზე ივანე მრისხანეს რჩება. კარლ V სიცოცხლის მიწურულს გადადგა, უარყო ტახტი და ბერად აღიკვეცა, მაგრამ დარჩა მის მიერ შექმნილი წიგნი ,,კაროლინა” - კანონთა კრებული, რომელსაც მომავალი ორნახევარი საუკუნის განმავლობაში, XVIII საუკუნის მიწურულამდე ეყრდნობოდა კათოლიკური და პროტესტანტული სისხლის სამართალი და რომელიც პრაქტიკულად ყველა დანაშაულისთვის ერთადერთ სასჯელს ითვალისწინებდა - სიკვდილს მხეცური წამებით. XVII საუკუნეში ერთმა გერმანელმა მოსამართლემ, გვარად ფონ კარპცოვმა, ,,კაროლინის” საფუძველზე, ოცი ათასი სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა. ყოველდღე რომ თითო ადამიანისთვის მიესაჯა სიკვდილი ფონ კარპცოვს უქმეებზე დაუსვენებლად, ორმოცდათვრამეტი წელიწადი დასჭირდებოდა ამდენი ხალხის ეშაფოტზე ასაყვანად. …ორი ათწლეულის წინათ, ოთხმოციანი წლების მეორე ნახევარში, როცა ყველაფერი დასავლურისადმი კერპთაყვანისმცემლური ქედისმოდრეკით დაავადდა საქართველო და არამხოლოდ საქართველო, მთელი საბჭოთა კავშირიც, სოციალისტური ევროპაც, როცა ყველას ან თითქმის ყველას გვწამდა, რომ დასავლეთში არ არსებობს არაფერი არაიდეალური და აწმყოთიც, წარსულითაც ის სამყაროს მიბაძვისა და შთაგონების ერთადერთი წყაროა, ამ სტრიქონების ავტორს რამდენიმე კითხვა აეკვიატა: რით აიხსნება ის პარადოქსი, რომ ივანე მრისხანეს აქვს ყველაზე სისხლიანი მეფის სახელი, თუმცა, დასავლელმა მეფეებმა - ზემოხსენებულებმაც და მრავალმა სხვამაც - შეუდარებლად მეტი სისხლი დაღვარეს? ან ის პარადოქსი რით უნდა აიხსნას, რომ ადამიანის წამების ,,ხელოვნება” კათოლიკეებმა და პროტესტანტებმა ,,სრულყოფილების” უმაღლეს ზღვრამდე აიყვანეს, ბრალი კი ამაშიც უფრო მართლმადიდებელ ხელისფულებს ედებათ, რომელნიც მხოლოდ უნიჭო და უფანტაზიო ეპიგან-პლაგიატორები იყვნენ თავიანთი დასავლელი კოლეგების, აგრეთვე ინკვიზიციის მესვეურებისა?.. XX საუკუნის ოთხმოციანი წლების მიწურულს ისტორიული ნაშრომების, სახელმძღვანელოების და ენციკლოპედიების თვალიერებამ კიდევ ერთი პარადოქსული კანონზომიერება დამანახა. ბოლო დროს ენციკლოპედიებში არაფერია ნათქვამი კარლ მეხუთის, ჰენრი მერვის და მრავალი სხვა მათნაირი კათოლიკე თუ პროტესტანტი მეფის მიერ დაღვრილ სისხლზე. ხოლო ისტორიული გამოკვლევები და სახელმძღვანელოები მკითხველს უხსნიან, რომ სისხლისღვრა, რასაკვირველია, ცუდია, მაგრამ დასავლელი მეფეები იბრძოდნენ სეპარატიზმის, სახელმწიფო გადატრიალებებისა და დესტაბილიზაციის წინააღმდეგ. ბრძოლას კი, სამწუხაროდ, ახლავს სისხლისღვრა… ვეცნობოდი ამ მასალას და მებადებოდა კითხვა: ნუთუ მართლმადიდებელ ხელისუფალთა წინაშე არასდროს მდგარა ამგვარი პრობლემები? ნუთუ ისინი მხოლოდ და მხოლოდ გვრიტებივით უწყინარ და უმანკო ხალხს ჟლეტდნენ? ეს კითხვაც მებადებოდა: რატომ გაქრა ბოლო ათწლეულებში გამოცემული ენციკლოპედიებიდან ბენედიქტ ფონ კარპცოვის ხსენება? თითქოს არასდროს ეარსებოს მას ამქვეყნად და არც, ალბათ, ყველა დროის სამართალწარმოების რეკორდი დაემყარებინოს ოცი ათასი სასიკვდილო განაჩენის გამოტანით. დიდხანს ვერ მივაკვლიე ამ პარადოქსების მიზეზს. ამიტომ უბრალო გაუგებრობის შედეგად ჩავთვალე. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რომ ,,პარადოქსს” დიდი პოლიტიკა სდებია სარჩულად, პროპაგანდის საათივით აწყობილი და ძალიან შორსგამიზნული მექანიზმისგან ყოფილა წარმოშობილი. თვით ამ პოლიტიკურ სარჩულზე და პროპაგანდის მექანიზმზე დაფიქრებამ კი გამაცემინა პასუხი იმ კითხვაზე, რომელსაც ოთხმოციანი წლების მიწურულიდან ყველაზე ხშირად ვუსვამთ ჩვენს თავს ქართველები: რამ დაგვატეხა თავს ეროვნული ტრაგედია? მკითხველს, შეიძლება ხელოვნურად და ნაძალადევად მოეჩვენოს ბოლო წლების ქართული უბედურების დაკავშირება მართლმადიდებლურ და კათოლიკურ-პროტესტანტულ სამყაროში ისტორიულად დამკვიდრებული სიკვდილით დასჯის წესებთან. მით უმეტეს, ამ წესებზე დაკვირვების მეშვეობით, ჩვენი ერის წინაშე მდგომ ყველაზე მთავარ, ყველაზე მტკივნეულ კითხვაზე პასუხის მიღება, იქნებ, სრულიად დაუჯერებელი და ფანტასტიკურიც კი ჩანდეს. მაგრამ ვთხოვ მკითხველს, ნუ დაივიწყებს ჩემს მიერ უკვე მოთხრობილ ისტორიულ ფაქტებს, დააკვიდრეს იმ ისტორიულ ფაქტებსაც, რომელთაც ქვემოთ მოვიტან… ივანე მრისხანის ძის, თევდორეს სიკვდილის შემდეგ რუსეთის ტახტზე ავიდა ბორის გოდუნოვი, რომლის მეფედ კურთხევისას მოხდა განსაცვიფრებელი ფაქტი, უნიკალური ევროპის მთელი მანამდელი ისტორიისთვის. ბორის გოდუნოვმა დაიფიცა, რომ თავისი ხელმწიფობის პირველი ხუთი წლის განმავლობაში სიკვდილით არ დასჯიდა არავის, თვით ყველაზე საშინელ დანაშაულთა ჩამდენ ბოროტმოქმედებსაც კი! ანუ თანამედროვე ტერმინოლოგიას თუ ვიხმართ, მეფე ბორისმა სიკვდილის დასჯაზე ხუთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა! ეს იყო 1598 წელს! ევროპაში ამ დროს ,,კაროლინაზე” დამყარებული სადისტური სისხლის სამართალი მძვინვარებს. გერმანიაში სწორედ ამ დროს დაიბადა იურისპრუდენციის მომავალი პროფესორი და შეთავსებით პრაქტიკოსი მოსამართლე ბენედიქტ ფონ კარპცოვი. თვით ,,კაროლინის” გავრცელების არეალი კი უკვე შორს გასცდა გერმანიის საზღვრებს და დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოს კანონმდებლობას დაედო საფუძვლად. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ `კაროლინა~ მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსი იყო. მის პარალელურად მოქმედებდა წმიდა ინკვიზიციის სასამართლო. და ისიც ასეულობით ათას რელიგიურ ,,დამნაშვეს” წვავდა კოცონზე. თუ ქალის თვალების ფერი, ყურების ან ნაკვთების ფორმა მის ეშმაკისეულ ბუნებას ,,ამხილებდა”, განაჩენი მზად იყო. სატანა თავის მოციქულებად რატომღაც პირველ რიგში ქალებს ირჩევდა. კოცონზე დამწვართა ოთხმოც პროცენტს ისინი შეადგენდნენ. თუმცა არც ნებისმიერი მამაკაცი იყო დაზღვეული, თუკი ინკვიზიცია სატანას შეიცნობდა მათს გარეგნობაში ან თუ მის სახლში აღმოჩნდებოდა შავი მამალი ან თეთრი კატა, ანდა თუ მის სხვენში ღამურები დაიბუდებდნენ… აი, ესეთ დროს გამოაცხადა ბორის გოდუნოვმა ხუთწლიანი მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე. და აღასრულა კიდეც! მაგრამ თუ ერთი მართლმადიდებელი მეფის, ივანე მეოთხის მრისხანება, მისი სისხლიანი რეპრესიები დღეს იცის ყველამ, ისტორიაში სრულიად გაუნათლებელმაც კი, მეორე მართლმადიდებელი მეფის ბორისის მორატორიუმის შესახებ ბევრ განათლებულ ისტორიკოსსაც კი არაფერი სმენია. აქვე ჩნდება მეორე და არანაკლებ უცნაური პარადოქსი. მეფეთაგან ძალიან ბევრია შესული ისტორიაში მეტსახელით. თუნდაც იგივე მეფე ივანე IV, რომელიც არასოდეს მოიხსენიება გარეშე მეტსახელისა ,,მრისხანე”. სამაგიეროდ, სრულებით მივიწყებულია, რა შეარქვა ხალხმა სხვა მართლმადიდებელ მეფეს ალექსის, რომელიც სამი ათწლეულის მანძილზე მართავდა რუსეთს მეჩვიდმეტე საუკუნეში. მას ეძახიან «იშეიწიღ»-ს, ანუ ,,უწყნარესს”, ლმობიერი და შემწყნარებელი ხასიათის გამო. მართალია, არაერთ ისტორიკოსს უცდია, დაემტკიცებინა, ალექსი ამართლებდაო რუსულ ანდაზას, რომ წყნარ გუბეში ეშმაკები ბუდობენ, მაგრამ ამ მეფის განსაკუთრებული სისასტიკის ფაქტები ვერავის მოაქვს. ალექსის ძე, პეტრე პირველი, საყოველთაოდ აღიარებულია რუსეთის ყველაზე დიად მეფედ. ბუნებით იგი ივანე მრისხანეს უფრო ჰგავდა, ვიდრე უწყნარეს ალექსის. უეჭვოდ დადასტურებულია, რომ მან თვით ივანე მრისხანეზე მეტ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე, მაგრამ პეტრეს ,,მიღწევები” ამ საქმეში ვერც კი შეედრებოდა ევროპელი მეფეებისას. პეტრეს ასულმა, იმპერატრიცა ელისაბედმა, საერთოდ, ევროპის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოიმოქმედა: სამუდამოდ აკრძალა სიკვდილით დასჯა! და ეს იმ დროს, 1753 წელს, როცა ევროპელებს იდეის, თეორიის დონეზეც კი არ მიეღწიათ დამნაშავეთა არამოკვდინების მოთხოვნისათვის. პოპულარული ისტორიოგრაფია, პუბლიცისტიკა მთელი თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოებრიობა არც ამ ფაქტს ახმოვანებს. ეს ფაქტიც მიყრუებული და ანალებში ჩარჩენილია. შეიძლება, გვითხრან, რომ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ სიკვდილით დასჯა განახლდა. მაგრამ განა უაღრესად მნიშვნელოვანი არ არის თვით ფაქტი, სასამართლოსგან კაცის მოკვდინების აღმკვეთი პირველი განკარგულების გამოცემისა ევროპის ისტორიაში? იმავე XVIII საუკუნის სამოციან წლებში რუსეთის კიდევ ერთმა იმპერატრიცამ ეკატერინე მეორემ დაადასტურა თავისი ერთგულება ელისაბედის კანონისადმი და ხელახლა აღკვეთა სიკვდილით დასჯა. მართალია, ეკატერინემ მალე თავადვე დაარღვია თავის მიერ ნაბრძანები, დაახოცინა ემილიან პუგაჩოვი და მისი რამდენიმე უახლოესი თანამზრახველი, მაგრამ ფაქტია, XVIII საუკუნის რუსეთში სიკვდილით დასჯა როგორც კანონის ზომა ათასჯერ ნაკლებად გამოიყენებოდა, ვიდრე იმავე დროს ევროპაში. მკითხველთა შორის უთუოდ გამოჩნდებიან ისეთები, ვინც შემახსენებს, რომ ელისაბედი არ იყო პირველი ქრისტიანი მეფე, ვინც ადამიანის მოკვდინება აკრძალა. თამარ მეფის საქართველოშიც ხომ არავის სჯიდნენ სიკვდილით. ეს მაგალითიც ადასტურებს, რაოდენ მცდარია დღეს მოარული, თითქმის უალტერნატივოდ გაბატონებული შეხედულება, თითქოს ევროპელ (ანუ კათოლიკე და პროტესტანტ‘ მეფეთა მმართველობა უფრო ჰუმანური და შემწყნარებლური იყო, ვიდრე მართლმადიდებელი მეფეებისა. ევროპელთაგან პირველი, ვინც სიკვდილით დასჯის კანონგარეშე გამოცხადება მოითხოვა, იყო ჩეზარე ბეკარია, რომელმაც 1766 წელს გამოაქვეყნა წიგნი ამის თაობაზე, ანუ მაშინ გამოაქვეყნა, როცა სამართალმადიდებლო სამყაროში უკვე იყო მაგალითები სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაწესებისაც, მისი აკრძალვებისაც, ხოლო რუსეთში XVIII საუკუნის დამდეგიდან მრავალ მოაზროვნეს ჰქონდა გამოთქმული აზრი, რომ ადამიანის მკვლელობას არავითარი სასამართლო განაჩენი არ ამართლებს. ბეკარიას ევროპაში მიმდევრები გამოუჩნდნენ, თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია, რომ არც ერთ მათგანს, თვით ბეკარიას ჩათვლით, სიკვდილით დასჯის მთლად აღკვეთა არ მოუთხოვია. იბრძოდნენ მხოლოდ ამ პრაქტიკის შესაზღუდად. თუ როგორი იყო ეს პრაქტიკა, ჩანს თუნდაც ერთი ისტორიული ფაქტიდან, რომლის შესახებაც წერდა ვოლტერი, თავისი დროის ყველაზე დიდი ინტელექტუალური ავტორიტეტი ევროპაში. ვოლტერი გამოეხმაურა თვრამეტი წლის მოახლე გოგონასთვის სიკვდილით მისჯას იმის გამო, რომ მან თვრამეტი ცალი ხელსახოცი მოპარა თავის ქალბატონს. ვოლტერი წერდა, სასამართლოზე დადგინდა, რომ ქალბატონი თვეების მანძილზე ხელფასს არ უხდიდა გოგონას, საჭმელსაც უმალავდაო. მოახლემ ხელსახოცები იმისთვის მოიპარა და გაყიდა, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო. არც ამ უსამართლო განაჩენის გახმაურებამ, არც ვოლტერის უზარმაზმარმა გავლენამ არ უშველა საბრალო გოგონას. იგი ჩამოახრჩეს. ესეთი იყო შუა საუკუნეების ევროპა. თითქმის ყოველგვარი დანაშაულისთვის არსებობდა ერთადერთი სასჯელი - სიკვდილი! გინდ სამშობლოსთვის გეღალატა და გინდ ქათამი მოგეპარა, გინდ კაცი მოგეკლა და გინდ ქალი გაგეუპატიურებინა… ყველაფრისთვის - სიკვდილი! გაილია მეთვრამეტე ასწლეული და მასთან ერთად შუა საუკუნეები. ახალ დროში შეაბიჯეს ევროპამაც და რუსეთმაც (საქართველოიანად‘. მეცხრამეტე საუკუნეში კიდევ უფრო თვალნათლივ გამოიკვეთა მართლმადიდებლური და კათოლიკურ-პროტესტანტული სამყაროების აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება უმთავრესისადმი - ადამიანის სიცოცხლისადმი. ვიცი, ბევრს დაუჯერებლად მოეჩვენება ეს, მაგრამ ფაქტი ფაქტია და მას ვერსად წაუხვალ: მთელი მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე რუსეთის იმპერიაში სიკვდილით დაისაჯა სულ ასამდე ადამიანი, ანუ პროცენტულად თითო წელიწადზე დაახლოებით თითო სიკვდილით დასჯა მოდიოდა. ევროპაში მარტო პარიზის კომუნის დამხობის შემდეგ დასაჯეს სიკვდილით ათასობით კაცი, ქალი, ბავშვი. საფრანგეთში კანონმდებლობით 1848 წლის რევოლუციის შემდეგ პოლიტიკური დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა გაუქმებული იყო. მიუხედავად ამისა, 1871 წელს, კომუნაზე გამარჯვების შემდეგ სასამართლოებს გამო?ქონდათ სასიკვდილო განაჩენები. ბევრს, საერთოდ, გაუსამართლებლად ხვრეტდნენ. მეცხრამეტე საუკუნის პირველი მეოთხედის განმავლობაში რუსეთის მეფე იყო ალექსანდრე I. მის დროს სიკვდილით დასაჯეს 24 კაცი. მათგან დიდი უმრავლესობა - ნაპოლეონთან ომის პერიოდში. ისტორიულ წიგნებში წერია, რომ პარიზელი კომუნარების მიმართ გამოჩენილი სისასტიკე, აიხსნება იმ რთული ვითარებით, რაც საფრანგეთის მიერ 1870 წელს პრუსიასთან ომმა და შემდეგ კომუნის შექმნამ გამოიწვია. მაგრამ განა 1812-1814 წლების რუსეთ-საფრანგეთის ომმა ნაკლები სირთულე შეუქმნა მართლმადიდებლურ სახელმწიფოს?! 1825 წელს, როცა ალექსანდრე I გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა მისი ძმა ნიკოლოზ I, ჩახშობილ იქნა დეკაბრისტების შეთქმულება. სასამართლომ 36 დეკაბრისტს სიკვდილი მიუსაჯა. მათგან ჩამოახრჩეს მხოლოდ ხუთი. დანარჩენები შეიწყალა იმ მეფე, რომლის დამხობასაც დეკაბრისტები აპირებდნენ. ნიკოლოზ პირველმა ოცდაათ წელზე მეტ ხანს იმეფა და 40 ადამიანი დასაჯა სიკვდილით. მისი შვილის და შვილიშვილის ალექსანდრე მეორის და ალექსანდრე მესამის მეფობის ჟამს, ანუ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულამდე, მოკვდინებულ იქნა კიდევ 40 ადამიანი. მათ შორის, ორივე მეფეზე მრავალი თავდასხმის მონაწილეები და ალექსანდრე მეორის მკვლელები. ინგლისის პარლამენტში კი მეცხრამეტე საუკუნის ათიანი წლების მანძილზე ათ წელს მიმდინარეობდა პაექრობა ,,კაროლინაზე” დამყარებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაცვლელად. მაგრამ პარლამენტმა ძალაში დატოვა კანონი, რომელიც სიკვდილს ითვალისწინებდა ორასი კატეგორიის დანაშაულისთვის, ანუ პრაქტიკულად ყველა დანაშაულისთვის! სხვათა შორის, სახრჩობელაზე კიდებდნენ ქურდებს, რომელნიც ერთ შილინგზე მეტს მოიპარავდნენ. პარლამენტი ათ წელს დაობდა, მინიმალური თანხის ერთი შილინგიდან ხუთ შილინგამდე გაზრდის თაობაზე. ამ შემთხვევაში ოთხი შილინგის მომპარავი სიკვდილით აღარ დაისჯებოდა. მაგრამ პარლამენტმა არ შეცვალა კანონი. ამასთან, სიკვდილით ისჯებოდნენ ქურდების თანამზრახველებიც. იგულისხმება ის ადამიანები, ვინც იცოდა ქურდის განზრახვა ან ქურდობის შემდეგ გაიგო და არ დააბეზღა. ესეთი იყო მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე დღეს ლამის იდეალურად გამოცხადებული ინგლისის იურისპრუდენცია. ის მხოლოდ სამოციანი წლებიდან შეარბილეს რამდენადმე. 1828 წელს ესპანეთში, სევილიაში, დაწვეს 26 წლის ქალი იმისთვის, რომ იგი თურმე ალქაჯი, კუდიანი იყო და ღამ-ღამობით ცოცხზე გამჯდარი დაფრინავდა ცაში. სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ეს იყო უკანასკნელი აუტოდაფე. ამით დასრულდა კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების რვაასწლიანი ტერორი დასავლეთ ევროპაში. რვაასწლიანი!!! დღეს არავინ უწყის, რამდენი მილიონი ადამიანი (ძირითადად ქალები‘ გამოასალმეს სიცოცხლეს ენით აუწერელი წამებით იმ რვაასი წლის მანძილზე. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ არც ერთ სხვა სარწმუნოებას, არცერთ სხვა ცივილიზაციას არასოდეს, არსად დაუტეხია ხალხისთვის მსგავსი, თუნდაც ოდნავ მიმსგავსებული ჯოჯოხეთი. მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის ამგვარი რამ საერთოდ უცხოა. მართლმადიდებლური ,,ველური” აღმოსავლეთი არ სცნობდა აუტოდაფეს. პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელმაც მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს გააუქმა სიკვდილით დასჯა, იყო ტოსკანა, ცეროდენა სამთავრო. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან კიდევ რამდენიმე პატარა ევროპულმა ქვეყანამ უარჰყო ადამიანის მოკვდინების კანონი. თუმცა ყველაზე დიდი და მთავარი ევროპული ქვეყნების - ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის - სასამართლოები განაგრძობენ ადამიანთა სისხლის მდინარეების ღვრას. XVIII საუკუნის მიწურულსა და XIX საუკუნის დამდეგს ყველაზე დიდმა ევროპულმა ფილოსოფოსებმა იმანუელ კანტმა და გეორგ ჰეგელმა ბევრი დაწერეს სამართლის თემაზე. ისინი მოითხოვდნენ, რომ სიკვდილი სასჯელის არსებითად ერთადერთი ზომა აღარ ყოფილიყო. მაგრამ ამ ზომის საერთოდ გაუქმება არასოდეს მოუთხოვიათ. პირიქით, ევროპული ფილოსოფიის ორივე მწვერვალი არსებითად ტალიონისეული სამართლის ჩარჩოებში დარჩნენ - კბილი კბილს წილ, თვალი თვალის წილ, სისხლი სისხლის წილ… მართლმადიდებლური რუსეთის ,,ბნელეთში” კი კანტისა და ჰეგელის ეპოქამდე ბევრად ადრე დაიბადა სიკვდილით დასჯისადმი პროტესტი. რუსეთში თითქმის ყველა მოაზროვნე პეტრე პირველის ეპოქის შემდეგ გმობდა ადამიანის მოკვდინებას. აღწევდნენ კიდეც მიზანს. სიკვდილი, როგორც სასჯელის ზომა რუსეთში სულ უფრო იშვიათდებოდა. ევროპაში კი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს წარმოიშვა იურისპრუდენციის ეგრეთ წოდებული ანთროპოლოგიური სკოლა, რომლის მამამთავარი ჩეზარე ლომბროზო დღემდე ძალიან პოპულარულია. მისი წიგნები დიდი ტირაჟებით იბეჭდებოდა. ანთროპოლოგისტები თვლიდნენ და თვლიან (ისინი დღესაც არიან დასავლეთში‘, რომ დამნაშავე იბადება დამნაშავეებად, ამიტომ მისი გამოსწორება შეუძლებელია. თურმე დამნაშავედ გაჩენის შეცნობაც კი შეიძლება მისი თავის ქალის ფორმით და სახის ნაკვთებით. აქედან - დასკვნა: თუ საზოგადოებრიობას სურს კრიმინალური ვითარების ნორმალურ ფარგლებში დატოვება, საჭიროა რაც შეიძლება მეტი დამნაშავის ფიზიკურად მოსპობა. მართლმადიდებლურ სამყაროში არასოდეს არავითარი მსგავსი თეორია არ შექმნილა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი დღესაც პრაქტიკულად გაბატონებულია ასეთი აზრი: მანიაკ მკვლელთა (ან, როგორც თვითონ ამერიკელები უწოდებენ, სერიულ მკვლელთა‘ კატასტროფულად დიდი რიცხვი ამ ქვეყანაში, ამით აიხსნება, რომ ღმერთი აჩენს ამგვარ ადამიანებს. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ამერიკაში აჩენს ღმერთი მანიაკების ოთხმოც პროცენტს? ამ კითხვაზე პასუხს არც კი ეძიებენ ამერიკელები. დასავლური კანონმდებლობა ისტორიულად პრაქტიკულად არ ცნობდა ისეთ რამეს, როგორიცაა შეწყალება. ,,ბნელ” რუსეთში კი მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე სიკვდილმისჯილთა ოთხმოცი პროცენტი შეიწყალეს. თანაც ძალიან ხშირად სასიკვდილო განაჩენს ცვლიდნენ საოცრად მსუბუქი სასჯელით. აქ არ შეიძლება, არ გაგვახსენდეს გენიალური მწერლის, ფ. დოსტოევსკის ბედი, რომელსაც პეტრაშევსკის ჯგუფის წევრობისთვის, სხვა პეტრაშეველებთან ერთად, სიკვდილი ჰქონდა მისჯილი. ნიკოლოზ პირველმა ყველა შეიწყალა, თუმცა პეტრაშეველები სწორედ ამ მეფის დამხობას გეგმავდნენ. დოსტოევსკის მხოლოდ ოთხი წლის პატიმრობა მიუსაჯეს… ჩვენი ისტორიაც გავიხსენოთ. საქართველოში 1832 წლის შეთქმულების გახსნის შემდეგ, რამდენიმე შეთქმულს (მათ შორის ალექსანდრე ჭავჭავაძეს, გრიგოლ ორბელიანს, სოლომონ დოდაშვილს‘ სიკვდილი მიესაჯა. მაგრამ იმავე ნიკოლოზ პირველმა ყველა შეიწყალა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გადაასახლა. არც ერთ შეთქმულს გადასახლებაში ხუთ წელზე მეტი არ დაუყვია. განთავისუფლების შემდეგ კი არც ერთისთვის აღარ გაუხსენებიათ ძველი `ცოდვა~. შემდგომში ზოგიერთმა შესანიშნავი კარიერა გაიკეთა. გრიგოლ ორბელიანი ინფანტერიის გენერალი და ოქროს ხმლის კავალერი გახდა. ფაქტია, რომ, რუსული სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით, ქართველი შეთქმულების ჩანაფიქრი საშინელ დანაშაულს შეიცავდა. ჩვენს თავადებს განზრახული ჰქონდათ დიდ პურმარილზე დაეპატიჟათ მეფის ნაცვალი და მისი უახლოესი გარემოცვა, აგრეთვე საქართველოში მყოფი რუსული ჯარის მეთაურები. ყველა მათგანი ქეიფის დროს უნდა დაეხოცათ. შემდეგ გაენადგურებინათ უმეთაუროდ დარჩენილი ჯარი, გადაეკეტათ დარიალი, საქართველოს სამხედრო გზა და აღედგინათ ქვეყნის დამოუკიდებლობა. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: მეცხრამეტე საუკუნეში სიკვდილით არ დასჯილა არც ერთი ქართველი! www.erekle-2.ge (ერეკლე მეორის საზოგადოება)
  7. ერეკლე მეორის საზოგადოებამ გეზი სწორად აიღო ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ბერი სვიმონ აბრამიშვილი საქართველოზე თავს დამტყდარ ყველა უბედურებას ურწმუნოებით ხსნის. საინტერესოა, მისი თვალით დანახული, ბოლო ოცი წლის მანძილზე განსაცდელგადატანილი საქართველო. შიდა კონფლიქტებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაემატა ომი რუსეთთან. აგვისტოს ომმა მთლიანად ჩატეხა ხიდი რუსეთთან. ხალხები ერთმანეთს გაუუცხოვდნენ. - მამაო სვიმონ, ალბათ, ორმაგად საშინელებაა, როცა ორი ერთმორწმუნე ერი ერთმანეთს ებრძვის. როგორ შეაფასებთ ამ ვითარებას? - ერთი რამ ხშირად გვავიწყდება ყველას, რომ დედამიწაზე არ არსებობს ცუდი და კარგი ერი, შეიძლება იყოს ცუდი და კარგი ადამიანი. თავიდათავი ყველაფრისა პიროვნულია. იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცას წამოიწყებენ ხოლმე, სხვისი სისხლის ფასად, მომავალი არა აქვთ და არც მათი მიზნების განხორციელებას უწერია ბედი. ჩვენი უბედურება საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ. უწმიდესმა და უნეტარესმა ბრწყინვალედ ბრძანა - ჩვენ უფროსი ძმები ვიყავით ოსებისთვისაც და აფხაზებისთვისაც, ერთ მშვენიერ დღეს მათთვის გაკეთებული ყველა ცოდვისთვის საზღაურს და სამკალს თავადვე მივიღებთ, რადგან ჩვენზე იყვნენ დამოკიდებულიო. - მაგრამ განა მათაც არ მოინდომეს მიწის წართმევა? - მერედა, რატომ მოინდომეს? რადგან იმაზე მეტი უფლება მივეცით, რაც არ ეკუთვნოდათ, გავათამამეთ ისინი. კანონი კი ყველასთვის - ოსი იქნება, აფხაზი, სომეხი, აზერბაიჯანელი, მინისტრი თუ გლეხი, ერთნაირი უნდა იყოს. მიკერძოებული, მიჩქმალული და ხელდაფარებული ყველაფერ ცუდს გვიან ამჟღავნებს. - თქვენ ბრძანეთ, რომ ყველაფრის მიზეზი პიროვნულია… რატომ? - როცა აქედან გადაწყვეტილებას იღებ, რომ იქ სოფელი აიღო, მოკლა, მოსპო, გაანადგურო, გიფიქრიათ, იქ რამდენ ცრემლიან, დაბოღმილ, დატანჯულ ადამიანს ტოვებ? საკუთარ სახლში ვინმემ იგივე რომ დაგმართოს, რას იზამ? როგორ მოიქცევი? სახარებში, როცა უფალი უბედურებაზე საუბრობს, მოინანიეო, გვეუბნება. როცა სარწმუნოება განქარდება, სიყვარული გაქრება. ყველაფრის თავიდათავი ურწმუნოებაა. ადამიანს, რომელსაც არ აქვს შიში (რასაც სინდისს ვეძახით) იმისა, რომ მას პასუხს აგებინებენ, და ძალიანაც მკაცრად აგებს პასუხს, ამ ადამიანთან ამაზე საუბარი ძნელია. უფალი (და არა რომელიმე წმინდა მამა და წინასწარმეტყველი) ამბობს, კბილთა ღრჭენა იქნებაო. აქედან შეიძლება დავასკვნათ - თუ ამას უფალი კბილთა ღრჭენად აღწერს, ჩვენ რაღა მოგველის? ჩვენი უბედურება, სამწუხაროდ, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, ამით იწყება. სახარება გვეუბნება: რასაც შენს თავს არ უსურვებ, სხვას ნუ გაუკეთებო. ძალიან კარგად ვცხოვრობდით ოსებთანაც და აფხაზებთანაც. უცებ გახდნენ მტრები? ჩემთვის ის ქართველი უფრო მტერია, ვინც ეკლესიებს ანგრევს და შეურაცხყოფს მოძღვარს. ის უფრო საშინელებაა, ვიდრე მტრად ქცეული ოსი და აფხაზი. თუ თითოეული ადამიანი არ იფიქრებს, რომ მისი ერთი არასწორი სიტყვის და საქმის გამო ვიღაცა დაშავდება, მოკვდება ან ვიღაცას დაჩაგრავენ, თუ ამ პასუხისმგებლობას მოიხსნის, მაშინ საშველი არ გვექნება. ლაშა-გიორგის ეპოქის აღწერისას, მემატინე ამბობს, რომ მეფიდან დაწყებული მსახურამდე პატიოსანი აღარავინ იყო დარჩენილიო… და მონღოლი მონღოლზე მოდიოდა. რატომ მანამდე არ ჩანდა მონღოლი და თურქი? ეს იმიტომ, რომ უფალი განსაცდელს გიგზავნის, რომ სახე არ დაკარგო. მაგრამ შენ გარყვნილებიდან და დაცემიდან მორალს მიკითხავდე, ამას ღმერთი არ გაპატიებს, რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და არავის მისცემს ამის უფლებას. როცა ერის სახელით ლაპარაკობ და სხვას მტერს უწოდებ, განა ეს მართებულია? ერთადერთი მტერი მყავს ამქვეყანაზე - ჩემი ცოდვები. ისტორია ჩემით არ იწყება და ვიცი, ჩემს მერე ჩემი შვილები, შვილთაშვილები ასჯერ და ათასჯერ მეტ საზღაურს მოიმკიან იმ ბოროტების გამო, რაც ჩავიდინე. - ავისტოს ომის დროს გასაოცარი იყო ქართველი მოძღვრების თავგანწირვა. ჯერ უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ჩასვლა ცხინვალის რეგიონში და რუს გენერლებთან მოლაპარაკების წარმოება, შემდეგ ქართველი სასულიერო პირების მონდომება ცხედრების გამოსატანად… - თურმე შესაძლებელი ყოფილა მათთან საერთო ენის გამონახვა. როცა ოჯახში ორი ძმაა - უფროსი და უმცროსი, თუ უმცროსი რამეს დააშავებს, წაარტყავს უფროსი. მას ამის უფლებაც და ძალაც აქვს. ტყუილუბრალოდ ძმა ძმას არ დაარტყამს, საცემრად არ გამოიწვევს - ერთხელ გააფრთხილებს, ორჯერ, სამჯერ. ზუსტად ანალოგიური მოხდა ჩვენსა და რუსებს შორის, ჩვენსა და აფხაზებსა და ოსებს შორის. როცა რუსებს უფროსი ძმა ვუწოდეთ, უმცროსი ძმის პატივი მივიღეთ. მაგრამ როცა ჩვენ გვეგონა, რომ უფროს ძმაზე კარგები და ძლიერები ვიყავით, მაშინ დაიწყო ჩვენი უბედურება. იმათზე კარგები და ძლიერები რომ ვყოფილიყავით, კი არ დავექვემდებარებოდით, პირიქით მოხდებოდა. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთება ასპროცენტიანი კარგი იყო, მაგრამ იმ დროისთვის ეს გადარჩენის ერთადერთ შანსად მიმაჩნია. - ამბობენ, რომ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთმა ნიშნი მოუგო დასავლეთს კოსოვოს გამო… - კოსოვო დასავლეთის შეცდომა იყო, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება რუსეთის შეცდომაა. ხვალ და ზეგ რუსეთს შეიძლება მეტი საშიშროება დაემუქროს, უამრავი პატარ-პატარა რესპუბლიკის სახით. თუ სხვას უბიძგებ დაშლისა და არეულობისაკენ, უნდა გახსოვდეს, ის ორმაგად დაგიბრუნდება. - რამდენად რეალურია თქვენთვის აფხაზისა და ოსის შემორიგება? - თუ სახლის აშენება გინდა, კი არ ანგრევ, აშენებ, ქვას ქვაზე ადებ. თუ სახლის აშენება ერთ წელიწადში გსურს და ერთ თვეს აშენებ, მეორე თვეს არ უნდა ანგრევდე, მეორე, მესამე თვესაც უნდა აშენებდე. აფხაზს და ოსს რომ ვეუბნები, ჩემთან იცხოვრეო, ის შემეკითხება, როგორ, ისე როგორც შენი ხალხი ცხოვრობსო? წნეხის, უსამართლობის ქვეშ არ მირჩევნიაო, -მეტყვის. რუსები მათ არანაირად არ ზღუდავენ, რუსეთს ერიც არ აინტერესებს. ის ყოველთვის ასეთ პოლიტიკას ატარებდა - შემოვიდოდა ჯარით, იქ ხალხი ერთმანეთს წაეკინკლავებოდა, რუსეთის მხარეს ვინც დაიჭერდა, ის რაღაც დახმარებას მიიღებდა და ასე იფართოვებდა ტერიტორიებს ნებისმიერ ქვეყანაში. ეს დაავიწყდა ქართველსაც, ოსსაც და აფხაზსაც. - თქვენ ხშირად ჩადიხართ რუსეთის ეკლესია-მონასტრებში და კარგად იცნობთ იქაურ მრევლს. რას ფიქრობენ ისინი რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული ვითარების გამო? - ხშირად ჩავდივარ იაროსლავის მხარეში. კარგად ვიცნობ ჩიტის და იაროსლავის ეპისკოპოსებს. ღმერთისგან უნდა იყოს ადამიანი დაწყევლილი, რომ ეს ურთიერთობები შეწყდეს. იქაურ ხალხს უხარია ჩემი ჩასვლა. ჩვენ უბრალო ბერები ვართ,სხვას რას ვაკეთებთ - ვლოცულობთ. მერე გამოჩნდება ვიღაცა ან საქართველოდან ან რუსეთიდან და გვეუბნება - თქვენი ურთიერთობა ჩემთვის საზიანოაო. ამ კავშირების გაწყვეტა არ შეიძლება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ღმერთის ქმნილებები და მართლმადიდებლები ვართ, თანაც იმ ხალხს მინიმალური აკმაყოფილებს და რატომღაც ამდენ ხალხში მხოლოდ ვიღაცის ცუდს ითვალისწინებენ. ასში და ათასში ცუდი ერთია და ორია. მერედა, ის კარგი სად არის, რომ ცუდი გონს მოიყვანოს, ჭკუა ასწავლოს და მოთოკოს. დაგვავიწყდა მცნება - ბოროტსა სძლია კეთილმან? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაც უნდა ცუდი და საშინელი მეზობელი გყავდეს, რაიმე უბედურება თუ შეგემთხვა, პირველი საშველად ის გამოიქცევა. კარგად დავინახეთ, ცხრა მთას იქიდან არავინ არ მოვა და არ დაგვეხმარება. პროფესიით ისტორიკოსი ვარ და ვიცი, რომ საქართველოში სიკეთისთვის, ბედნიერებისა და მშვიდობის მოსატანად არც ერთი ქვეყნის მეფე არ შემოსულა. ეს ილუზია და თავის მოტყუებაა. უბრალოდ მინდა ჩემს ქართველებს ვუთხრა, არ მოტყუვდნენ და ისტორია წაიკითხონ, იქ ნახავენ მრავალ კითხვაზე პასუხს. - ერეკლე მეორის საზოგადოებამ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენა დაიწყო. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საზოგადოების არსებობა დღევანდელი სქართველოსთვის? - მადლობა ღმერთს, გამოჩნდა ერეკლე მეორის საზოგადოება, რომლის გარშემო შემოკრებილი ადამიანების ხმას და სიტყვას მრავალი უსმენს და შეიგნებს. ერეკლე მეორის საზოგადოებამ სწორად აიღო გეზი და კარგი მაგალითის მომცემია. რა თქმა უნდა, მრავალი ავის მთქმელი გამოჩნდება, მრავალიც -ხელისშემშლელი, მაგრამ ძალა ერთობაშია. თუ კეთილისმყოფელები ერთად იქნებიან, იქიდან- რუსები და აქედან- ქართველები, შეიძლება ახალმა თაობამ მართლაც მოახერხოს ჩატეხილი ხიდის აღდგენა. ეკლესიამ დაიწყო ეს საქმე, მაგრამ როგორ დაგვირგვინდება, თუკი მას ხელს შეუშლიან პიროვნებები ამბიციებით? ამიტომ, როგორც გითხარით, ეს ხიდი იმ ადამიანებმა უნდა აღადგინონ, ვისაც უსმენენ და ვის სიტყვასაც ფასი აქვს. უწმინდესი ამბობს, ყოველ ქართველში უზარმაზარი გენიოსიაო. უნდა ვეცადოთ, რომ ეს მარადი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ყველას მივცეთ თავისი საკეთებელი, პურის მცხობელმა პური გამოაცხოს, მეწაღემ წაღები შეკეროს და მშენებელმა ააშენოს. მაინც მჯერა, რომ უწმინდესის შემწეობითY ურთიერთობაც აღდგება, წყენაც დაიკარგება, განქარდება, სიყვარული იზეიმებს, მაგრამ ვაი იმათ, ვინც გვაშორებს და შურს და ბოღმას თესავს. ვაი, მათ შთამომავლობას. ნათქვამია, პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილი მოჰკვეთაო. არავის ეგონოს, რაიმე უპასუხოდ დარჩება, ჩვენ უბრალოდ გვეჩქარება. როდესაც ეკლესიების ნგრევის პერიოდში აგური მიჰქონდათ და სახლებს აშენებდნენ, მათი გვარიც კი არ დარჩა, შთამომავლობა არ დარჩათ. ეს არ უნდა ვიკმაროთ, კიდევ გავიმეოროთ იგივე? ესაა ჩვენი უბედურების თავიდათავი. მამები ამბობენ, როცა ღმერთი გავიწყდება, შენზე ბოროტი ზეიმობსო. ცოდვაც იქვე ჩასაფრებულია. და როცა ღმერთი გახსოვს, ბოროტებაც მაშინ გავიწყდება. სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს. მე მინდა, რომ ჩვენში ეზეიმოს სიყვარულს, ისე კი არა, ვიღაცას დავანახო, ხედავ, რა კარგია სიყვარული. არა, ეს ჩემთვისაა უკეთესი, უამისოდ ვიცი, რომ დავიღუპები. ღმერთმა დალოცოს საქართველო და რუსეთი, სრულიად მართლმადიდებლური სამყარო. ღმერთმა ქნას, რომ ძმები და მეგობრები ვყოფილიყავით. www.erekle-2.ge (ერეკლე მეორის საზოგადოება)
  8. არჩილ ჭყოიძე: პუტინს და მედვედევს სააკაშვილი არ მოსწონთ, მაგრამ ამის გამო ქართველ ხალხს როდი ლანძღავენ გუშინ, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ერეკლე მეორის საზოგადოებამ ქართულ-რუსული პოეტური ალმანახის, - ,,ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე პუშკინი”, - პრეზენტაცია გამართა. - პოეტური ალმანახი, ,,ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე პუშკინი”, 56-გვერდიანია, - ამბობს ბატონი არჩილი. მასში ილია ჭავჭავაძის ლექსები რუსულ თარგმანთან, ხოლო პუშკინის - ქართულ თარგმანთან ერთადაა დაბეჭდილი. სხვათა შორის, კრებულში შესული რამდენიმე ლექსის თარგმანი თავად ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის. - რა ნიშნის მიხედვით შეარჩიეთ ეს ორი პოეტი? - სიმბოლურია ის ფაქტი, რომ 1837 წელს, როცა რუსეთში ალექსანდრე პუშკინი ტრაგიკულად დაიღუპა, საქართველოში ილია ჭავჭავაძე დაიბადა. გარდა ამისა, მათი სახელი საკუთარი სამშობლოს ფარგლებს გასცდა, ორივენი მსოფლიო მნიშვნელობის კლასიკოსებად არიან მიჩნეული. პუშკინი რუსული ფილოლოგიის მამად აღიარეს, ილია ჭავჭავაძემ კი უდიდესი შრომა გასწია ქართული ენის დახვეწისთვის, მოკლედ, ამ ბუმბერაზ პიროვნებებს ბევრი საერთო აქვთ. მთავარი ალბათ მათი ჰუმანიზმია. - რა ტირაჟით გამოიცა ალმანახი? - ტირაჟი დიდი არ არის. ალმანახი გამოვეცით საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარის, ბატონ ალექსანდრე ებრალიძის პირადი შემოწირულობის მეშვეობით, სხვებიც დაგვეხმარნენ. იგი ჩვენს მოქალაქეებს უფასოდ დაურიგდება. - ამბობენ, ერეკლე მეორის საზოგადოების უკან ალექსანდრე ებრალიძე დგასო, ადასტურებთ ამ მოარულ აზრს? - ეს არ არის სიმართლე. ერეკლე მეორის საზოგადოება გასული წლის დეკემბერში შეიქმნა და მისი არსებობის შესახებ ბატონმა ებრალიძემ მხოლოდ ამა წლის მაისის თვეში შეიტყო, როდესაც ჩვენმა ორგანიზაციამ მიმართვა გააკეთა ქართული მასმედიისთვის, სადაც ვითხოვდით შეეწყვიტათ რუსეთში მოღვაწე ქართველი თანამემამულეების დისკრედიტაცია. თუმცა დედაჩემის ბათუმელი მეგობრებისაგან ბევრი რამ მსმენოდა მის შესახებ, ისინი თანაკლასელები არიან. - მაშ, რატომ დააფინანსა ალმანახის გამოცემა? - ბატონმა ალექსანდრემ ერეკლე მეორის საზოგადოების ყურადღება მარტის დასაწყისში მიიპყრო, როცა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა განაცხადა, მინდა საქართველოს პრეზიდენტი გავხდე, რათა ჩემს სამშობლოს დაკარგული ტერიტორიები დავუბრუნოო. პირადად მე, ნებისმიერ ადამიანს დავუდგები გვერდით, ვინც საქართველოს გაამთლიანებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ მან პოლიტიკური განცხადება არ გააკეთა, ბატონ ალექსანდრესთან არანაირი შეხება არ გვქონია. რაც შეეხება ალმანახის დაფინანსებას, ჩვენ მისგან მიღებული ფინანსური დახმარება ამ ალმანახის გამოცემის გარდა ასევე მოვახმარეთ ჩვენი საზოგადოების გაზეთის - ,,ერეკლეს გზა” - ბოლო ორი ნომრის გამოშვებას, სულ ეს არის! - რა მიზანს ემსახურება პოეტური ალმანახის გამოცემა? - უკვე 20 წელია, რაც საქართველოში მიზანმიმართულად ებრძვიან ყოველივე რუსულს. - მინდა გითხრათ, რომ იგივე ხდება რუსეთშიც საქართველოს წინააღმდეგ… - მართალი ბრძანდებით, მაგრამ ნაკლები სიმწვავით… 20-წლიანი მტრული პროპაგანდის შედეგად ახალგაზრდებმა რუსული აღარ იციან, მათ შორის მეც, ახლა ვსწავლობ… ალმანახის გამოცემისა და უსასყიდლოდ დარიგების მიზანია, ჩვენი ხალხი ვაზიაროთ რუსულ პოეზიას და პირიქით, რუსებმაც უნდა იცოდნენ, რა სტკიოდა ილიას, რაზე ოცნებობდა დიდი მგოსანი… შეიძლება, გულზე არ გეხატებოდეს რომელიმე პოლიტიკოსი, მაგალითად, პირადად მე, არ მომწონს ჟირინოვსკი და ზატულინი, მაგრამ ამის გამო მთელ ერს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა. პუტინს და მედვედევს სააკაშვილი არ მოსწონთ, მაგრამ ქართველ ხალხს როდი ლანძღავენ. თუ მოგისმენიათ ოდესმე მათი მხრიდან ჩვენი ერის გინება? მინდა ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და დაფიქრდნენ, რას ამბობენ, რადგანაც მათზეა დამოკიდებული თითოეული ჩვენი ჯარისკაცის, მთლიანად ქართველი ხალხის ბედი. ჩართეთ ტელევიზორი, ,,კავკასიისა” და ,,მაესტროს” გარდა, საინფორმაციო გამოშვებებში ყოველ საღამოს რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდა ისმის. ,,იმედს” რომ ვუყურებ, რუსული არხი მგონია. - ასე რატომ ფიქრობთ? - ,,იმედის” ნებისმიერი საინფორმაციო გამოშვება იწყება და მთავრდება პუტინითა და მედვედევით, ამ არხის ჟურნალისტებისგან ვერ გაიგებთ, რა ხდება ზუგდიდში, ქუთაისში ან საქართველოს სხვა რეგიონებში, სამაგიეროდ, საშინელ პროპაგანდას ეწევიან რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ როცა რუსული ტელეარხები პუტინსა და მედვედევს 2-3 წუთს უთმობენ, დანარჩენ დროს კი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და ფაქტების გაშუქებას ანდომებენ… საქართველოს, რა თქმა უნდა, სხვა სახელმწიფოებთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ხომ უნდა გვესმოდეს, რომ უშუალო მეზობელთან მეგობრობა რაოდენ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ხომ უნდა ვიცოდეთ ვისთან ვიმეგობროთ? - ამერიკა გაქვთ მხედველობაში? - დიახ! აშშ-ს 2008 წლის 8 აგვისტომდე დამპყრობლის სახელი ჰქონდა. რომელი ერთი ჩამოვთვალო, თუნდაც უახლესი ისტორიიდან: ავღანეთი, ერაყი, სერბეთი, რომელიც შუაზე გახლიჩეს და ჯერ ჩერნოგორიე, მერე კი კოსოვო წაართვეს; დღეს სულ უფრო ხშირად გაისმის მოსაზრება, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი ცერეუმ და ამერიკის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს და ამის შესახებ თავად ამერიკელი კრიტიკოსები წერენ. რა თქმა უნდა, ბინ ლადენს ,,ვერ დაიჭერენ”, რადგანაც თავად გამოზარდეს საბჭოთა კავშირთან დასაპირისპირებლად, სადამ ჰუსეინი კი 140 ქურთი სეპარატისტის გამო ჩამოახრჩვეს. ამერიკელთა ერაყში შეჭრის შემდეგ, დღე არ გავა, რომ 10-დან 20 კაცამდე არ დაიღუპოს - ქურთები ისევ იბრძვიან, სუნიტები და შიიტები ერთმანეთს ხოცავენ. სხვათა შორის, გაეროს მათთვის ერაყში შესვლის ნება არ მიუცია. საქართველოს ომი რუსეთთან სწორედაც რომ ამერიკას აწყობდა, სააკაშვილმა პენტაგონის მითითება შეასრულა, და ამის შესახებაც ბევრი იწერება დასავლეთის პრესაში. ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და ერთვექტორიანი და ხისტი პოლიტიკით თავს ვერ გადავირჩენთ. - რატომ გგონიათ, რომ საქართველოს დაპირისპირება რუსეთთან ამერიკას აწყობს? - როგორც უკვე აღვნიშნე, 2008 წლის 8 აგვისტომდე აშშ-ს აგრესორის სახელი ჰქონდა. მან საქართველოს რუსეთთან დაპირისპირების წყალობით მსოფლიოს ყურადღება კავკასიაზე გადაიტანა და ყველას დაავიწყა სამი დაპყრობილი ქვეყანა, თანაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კბილი მოუსინჯა. დღეს ამერიკას ზოგიერთები დემოკრატიის შუქურად გვისახავენ და ავიწყდებათ, რომ მან ერთადერთმა გამოიყენა ატომური იარაღი იაპონიაში, ხოლო ვიეტნამი ქიმიური იარაღით მოწამლა. 50-იან წლებში აშშ-ში შავკანიანებს ავტობუსში არ უშვებდნენ, მაგრამ ეს მანკიერება მთელ ამერიკელ ხალხს არ უნდა მიეწეროს. შავკანიანთა უფლებებისთვის მხოლოდ მარტინ ლუთერ კინგი არ იბრძოდა, მას გვერდით ათასობით თეთრკანიანი ამერიკელი ედგა და გაიმარჯვეს კიდეც, თუმცა არც ეს ბრძოლა ყოფილა უსისხლო. მსხვერპლის გარეშე დიდი გამარჯვებები არ მიიღწევა. რაც შეეხება რუსეთს, იგი მრავალ აგრესორს აღუდგა წინ და თავის დროზე იხსნა არა მხოლოდ საკუთარი ერი, არამედ სხვა ერებიც მონღოლთა, ოსმალთა, სპარსთა ბატონობისაგან, დაამარცხა ნაპოლეონი და უდიდესი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში. ესაუბრა ნინო გოძიაშვილი www.erekle-2.ge (ერეკლე მეორის საზოგადოება)
×
×
  • შექმენი...