მძიმეა მონომახის ქუდი! http://geotimes.ge/index.php?m=home&ne...37&lang=geo მიხეილ სააკაშვილის მკვეთრმა გარეგნულმა სახეცვლილებამ საზოგადოებაში მისი ორეულის არსებობის ეჭვებიც კი გააჩინა: არის კი ეს ჩვენი ენერგიული და წარმოსადეგი მიშიკო?! მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკაში გამოჩენისთანავე ყურადღებას იქცევდა თავისი ექსცენტრიულობითა და ორიგინალობით. ჯერ კიდევ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას, იგი არაერთხელ შემოვარდნილა საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ნახევრად წვერგაპარსული, თმააწეწილი და აქოშინებული. ხშირად, მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლები და პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტები ერთად ხუმრობდნენ: რაღაც ქარიშხალი ამოვარდა, ეტყობა, მიშა მოდისო. გახშირებული ცხვირის მოხოცვის, ნერწყვიანობის და თმის აჩეჩვის ტიკებიც არ დარჩენილა შეუმჩნეველი. მაგრამ აგვისტოს ომის დროს მისმა გასტრონომიულმა ლტოლვამ ჰალსტუხის ღეჭვისადმი და გორში ვერტმფრენის ხმის გაგონებაზე მთავარსარდლის კუდამოძუებულმა გაქცევამ, ქართული საზოგადოების თავმოყვარე ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. მას შემდეგ მისი გარეგნული იერის, ქცევებისა და მიმიკების თვალსაზრისით სააკაშვილზე დაკვირვებაც უფრო გახშირდა და მითქმა-მოთქმაც. შეშფოთებული საუბრები "მიჰაილის" ტრანკვილიზატორებზე დამოკიდებულების შესახებ კულუარებში დიდი ხანია ისმის. იმასაც ამბობენ, სპეციალური ოპერაცია გაიკეთა, რამაც ჭარბნერწყვიანობა და ცხვირის მოხოცვის ინსტიქტი შეუმცირაო. მაგრამ ბოლო დროს მისი სახის ფერმა და თვალების შეშუპებამ კიდევ უფრო ააფორიაქა ქართული საზოგადოება. ამის შესახებ უკვე ქართული და უცხოური პრესაც აქტიურად ალაპარაკდა. "პრესკონფერენციაზე გამოვიდა ავადმყოფურად ფერმკრთალი, თმაგაწეწილი მამაკაცი, გადიდებული თვალებით. დიახ, ეს მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელიც პრეზიდენტ ილვესს ადრე სიცოცხლით სავსე, გარუჯული და სამხრეთულად ტემპერამენტიანი ესალმებოდა", _ ასე დაიწყო წამყვანმა ესტონურმა გაზეთმა "ესტ აევალეფტმა" საქართველოს პრეზიდენტის დახასიათება, როცა მიხეილ სააკაშვილისა და ესტონეთის პრეზიდენტის შეხვედრას აშუქებდა. პრეზიდენტის გარეგნული ცვლილებები მხოლოდ უცხოური პრესისთვის არ დარჩენილა შეუმჩნეველი. საქართველოშიც, განსაკუთრებით ელიტურ საზოგადოებაში, ჩუმად, მაგრამ მაინც ბევრს საუბრობენ პრეზიდენტის ბოლო დროს აშკარად შესამჩნევ ცვლილებებზე. მიხეილ სააკაშვილის ჩაშავებული თვალის უპეები და საოცრად დაღლილი, ქანცგაწყვეტილი იერი არაერთხელ ყოფილა კულუარებში დავის საგანი. ეჭვებიც კი გაჩნდა, ნუთუ ეს ნამდვილად ჩვენი ენერგიული და წარმოსადეგი მიშიკოაო. მართლაც, ბოლო დროს პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლებს თუ კარგად დავაკვირდებით, იგი აშკარად დიდი ხნის უძინარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს... (სამწუხაროდ!) იმასაც ამბობენ, მისი დაცვის წევრებიც ვერ არიან კარგ დღეში მისი მოულოდნელობებით სავსე რეჟიმის გამოო. სააკაშვილთან საკმაოდ დაახლოებულმა პირმა "ჯორჯიან თაიმსს", მის გარეგნულ ცვლილებეზე საუბრისას, საგანგაშო ინფორმაცია მიაწოდა. წყაროს განცხადებით, პრეზიდენტი დიდი ხანია, რაც ალკოჰოლსა და დამამშვიდებელ პრეპარატებს "დაუმეგობრდა". "პრეზიდენტის შეშუპებული თვალები და მისი გამოუძინებელი სახეც ამ "დამხმარე საშუალებების" დიდი დოზით მიღების შედეგია. _ პრეზიდენტი განსაკუთრებით დიდი სტრესის ქვეშ იმყოფებოდა ომის დროს და ძალიან ხშირად პრეპარატებსა და ალკოჰოლში პოულობდა შვებას. ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ პრეზიდენტი ავად არის, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ის ნამდვილად ძალიან ხშირად სვამს და დამამშვიდებელ პრეპარატებს იღებს", _ ირწმუნება "ჯორჯიან თაიმსის" ინკოგნიტო წყარო და მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი ექიმის დათხოვნაზეც საუბრობს. მისი მტკიცებით, პრეზიდენტის ყოფილმა პირადმა ექიმმა მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და რამდენიმე თვის წინ უარი განაცხადა ამ მოვალეობის შესრულებაზე. _ პრეზიდენტს ექიმი, რამდენადაც შეეძლო, უშლიდა ყოველგვარი პრეპარატისა და ალკოჰოლის მიღებას, რასაც მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ შეხვედრებზეც კი არ ერიდებოდა. ბოლოს კი პრეზიდენტმა ახალი, უფრო "მორჩილი" ექიმი აიყვანა, რომელიც ნაკლებად რეაგირებს მიხეილ სააკაშვილის მავნე ჩვევებზე, _ ამტკიცებს "ჯორჯიან თაიმსის" წყარო. იგი ჩვენთან საუბრისას რამდენიმე ფაქტსაც იხსენებს, როცა მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. _ განსაკუთრებით დამამახსოვრდა სენატორ მაკკეინის ვიზიტი, როცა პრეზიდენტმა ბათუმიდან ზუგდიდში გამგზავრებისას თვითმფრინავში მოწყურებულივით "გადაჰკრა", მაკკეინი პირდაღებული უყურებდა საქართველოს პრეზიდენტის ქცევას. უკრაინაში ვიზიტისას კი, მაშინ, როცა ქართული დელეგაცია იუშჩენკოს ფუტკრებზე ესაუბრებოდა, მიხეილ სააკაშვილი გამალებული სვამდა. გადახედეთ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლებს, რამდენად არაადეკვატურია მისი ქცევები და ყველაფერს მიხვდებით, _ ამტკიცებს წყარო. ამ შემაშფოთებელი ინფორმაციებისა და მოსახლეობის შეკითხვების საფუძველზე, კომენტარისათვის სააკაშვილის პრესსპიკერს, მანანა მანჯგალაძეს მივმართეთ. მას უცნაურად ეჩვენა ჩვენი შეკითხვა სააკაშვილის უსიამოვნო გარეგნობის მიზეზთან დაკავშირებით და არც ოფიციალური კომენტარის მოცემა მიიჩნია მიზანშეწონილად. კოლეგიალურად კი დაგვამშვიდა, რომ პრეზიდენტს არარეალური და საშიში მდგომარეობა ნამდვილად არა აქვს, თავს კარგად გრძნობს და მუშა ფორმაშიაო. ჩვენც გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ მისი შეცვლილი გარეგნობა მხოლოდ ქვეყნის პრობლემებზე მოფიქრალი ახალგაზრდა ხელისუფალის უძილო გამომეტყველებაა და ორგანულად არაფერი აწუხებს. ხოლო, ღმერთმა ნუ ქნას, თუ ქვეყანა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პრეზიდენტის იმედზეა, მაშინ დამშვიდების საფუძველიც არ გვქონია. მითუმეტეს, იმასაც ამბობენ, ვანო მერაბიშვილი მთვრალ სააკაშვილს ტელეფონს უთიშავს, მორიგი არაადეკვატური დავალება რომ არ მისცესო.