საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა უკრაინულ ტელეარხ - "1+1" . მიხეილ სააკაშვილი საუბრობს საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე, პოლიციისადმი ნდობაზე, ახალ საპრეზიდენტო სასახლეზე. ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა მესამე ვადით პრეზიდენტობაზე კენჭისყრას, სააკაშვილი პასუხობს, რომ ეს კონსტიტუციით შეუძლებელია. "ეს რას ნიშნავს, რომ თქვენ, როგორც პუტინი, პრემიერ-მინისტრი გახდებით?",- კითხულობს ჟურნალისტი. "არა, პირველი რიგში, მე ვერ გავხდები პუტინი ბევრი მიზეზის გამო, ეს სხვა ქვეყანა და სხვა ვითარებაა",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. "როგორ, თქვენ ხომ შეგიძლიათ კენჭი იყაროთ პრემიერად?", - ჰკითხა ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს. "არა. თეორიულად ამის შესაძლებლობა არის. ეს შესაძლებლობა სასარგებლოა ჩვენთვის. პირდაპირ გეტყვით რატომაც - ჩვენ ახლა ვატარებთ უმნიშვნელოვანეს რეფორმებს და მე რომ ვიყო პოლიტიკოსი პრესპექტივების გარეშე, ამ რეფორმებს შანსი არ ექნებოდა. ამიტომაც, რა თქმა უნდა, პერსპექტივაც რჩება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დაგვრჩა კიდევ სამი წელი, გვაქვს მნიშვნელოვანი წელი, რომ პარლამენტი გადავიტანოთ სხვა ქალაქში, განათლების რეფორმა გავატაროთ, მოვახდინოთ ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მოდერნიზაცია და ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და სრული დემოკრატიზაცია. ამისთვის საჭიროა ძლიერი პრეზიდენტი და რომ იყო ძლიერი პრეზიდენტი, ამისთვის უნდა დაიტოვო პერესპექტივა. ჩვენ ამ ქვეყანას შეცვლით ისე, რომ ვეღარავინ იცნოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა იქნება 6 თვის, ერთი წლის და ორი წლის შემდეგ, ვიდრე ის, თუ რა მოხდება სამწელიწადნახევარში", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ახალი საპრეზიდენტო სასახლის მშენებლობა, დაახლოებით, 20 მილიონი ევრო დაჯდა. "კანცელარია, ცეკა-ს შენობა, გასული ეპოქის სიმბოლო იყო. იქ ცუდი აურა იყო. ახალი სასახლის მშენებლობა, დაახლოებით, 20 მილიონი ევრო დაჯდა", - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. ჟურნალისტის კითხვაზე, "რამე რომ მოხდეს, პოლიცია ყოველთვის თქვენ დაგეხმარებათ?", მიხეილ სააკაშვილი პასუხობს - " დიახ, ჩვენ ერთი ჯაჭვის რგოლები ვართ. მათ იციან, რომ ჩვენ ვართ მიზანმიმართულები, მართლები და პატიოსნები",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. წყარო