აშშ-ს კონგრესს აშშ-რუსეთის ბირთვული შეთანხმების დაბლოკვა სურს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მომზადდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ატომური ენერგიის მშვიდობიან სფეროში გამოყენების თაობაზე, ამერიკულ-რუსული შეთანხმების დაბლოკვას ითვალისწინებს. ამერიკული წყაროების ცნობით, რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან ედვარდ მარკი (დემოკრატი, მასაჩუსეტსის შტატი) და ჯეფ ფორტენბერი(რესპუბლიკელი, ნებრასკას შტატი). რეზოლუციის პროექტის მხოლოდ ერთი ფრაზისაგან შედგება: ”კონგრესი მხარს არ უჭერს წარმოდგენილ ხელშეკრულებას აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის თანამშრომლობის შესახებ”. პროექტი უკვე გადაიგზავნა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. ეს შეთანხმება აშშ-სა და რუსეთს შორის 2008 წლის მაისში გაფორმდა. თუმცა, საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა შეთანხმება კონგრესიდან უკან გაიწვია. თუმცა, ეს დოკუმენტი, რომელსაც “1,2,3” ეწოდება, პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კონგრესში რატიფიცირებისთვის ისევ შეიტანა. განმარტებით ბარათში ობამა აღნიშნავს, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება, ამ დოკუმენტის რატიფიკაციისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს აღარ წარმოადგენს.