კახა ბაინდურაშვილმა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები ბიზნესგაერთიანებებს გააცნო საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აშშ-ის სავაჭრო პალატის, ევროკავშირი-საქართველოს, საფრანგეთის, გერმანიისა და ავსტრიის ბიზნესსაბჭოებისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ ამ შეხვედრაზე ბაინდურაშვილმა მათ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები გააცნო. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, კოდექსში არა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის, რომლის მიზანიც მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან მათი ურთიერთობის გამარტივება, საგადასახადო შეღავათების დაწესება და სხვა. მინისტრის თქმითვე, კოდექსში მკვიდრდება გადამხდელის კეთილსინდისიერების პრინციპი. კერძოდ, კეთილსინდისიერ გადამხდელს შესაძლოა, საჯარიმო სანქცია მოეხსნას, თუკი მან ესა თუ ის შეცდომა უნებლიედ დაუშვა. ახალი საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები შეცდომასა და გამიზნულად ჩადენილ დანაშაულს განასხვავებს. საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პროექტი სხვა მნიშვნელოვან სიახლეებსაც ითვალისწინებს. როგორც ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბიზნესთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი პერტაიამ განუცხადა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისეთი თანამედროვე საგადასახადო რეგულაციის დანერგვაა, როგორიცაა წინასწარი გადაწყვეტილება. კერძოდ, კონკრეტული ბიზნესკომპანიისა თუ ბიზნესმენის შეკითხვაზე ფინანსთა სამინისტროსაგან მიღებულ პასუხს იურიდიული ძალა ექნება და ბიზნესმენს მის საფუძველზე კანონიერად მოქმედება შეეძლება. აქამდე მოქმედი რეგულაციით კი, ფინანსთა სამინისტროსაგან მიღებულ პასუხს, რომელიც გადასახადის გადახდას და სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა, იურიდიული ძალა არ ჰქონდა. შესაბამისად, კონკრეტული პასუხის საფუძველზე მოქმედება შესაძლოა უკანონობად მიჩნეულიყო და ბიზნესმენი დაჯარიმებულიყო. http://medianews.ge/index.php/ka/content/34580/