ირაკლი ალასანია სოციალურ, კონკრეტულად კი ჯანდაცვის საკითხებზე მერობის სახელისუფლო კანდიდატს ნებისმიერ ეთერში დებატებში იწვევს, - ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” განაცხადა, სადაც თბილისის მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ალასანიას განცხადებით, მათმა პროგრამამ ავტორიტეტული ექსპერტების მოწონება დაიმსახურა. “ჩვენი პროექტი არის ძალიან რეალისტური და ემყარება ბიუჯეტის იმ გათვლებს, რომელიც დედაქალაქს დღეს აქვს. ეს არის ეკონომიკურად და ფინანსურად დასაბუთებული პროგრამა. ჩვენი პროგრამა ძალიან კარგად მეტყველებს იმაზე, რომ დედაქალაქის მერიას არა აქვს პრიორიტეტებში ჯანდაცვის პროგრამა”, – განაცხადა ალასანიამ. “ალიანსის” ლიდერი გამოთქვამს მზადყოფნას, ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით მერობის სახელისუფლო კანდიდატს ნებისმიერ ეთერში ესაუბროს. “პირდაპირ მივმართავ სახელისუფლო კანდიდატს და ვიწვევ მას ნებისმიერ ეთერში დებატებში. მზად ვარ, გიგი უგულავას თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ვესაუბრო; ვისაუბრო იმ ხარვეზების შესახებ, რაც დღეს დედაქალაქის და მუნიციპალური ჯანდაცვის სისტემაში არსებობს და რას ვთავაზობთ ჩვენ მოსახლეობას”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. თბილისის მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ალასანიამ დღეს წარადგინა, მოიცავს რამდენიმე კომპონენტს - ოჯახის ექიმი ყველა თბილისელს; სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს, უფასო და იაფი წამალი ყველა თბილისელს, აქედან სამ წლამდე და 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის უფასო წამალი; უფასო მშობიარობა და ორსულობის პატრონაჟი. ალასანია აცხადებს, რომ დღეს თბილისის ბიუჯეტიდან თბილისელთა სამედიცინო მომსახურებისთვის გამოყოფილი 23 მილიონი ლარის ნაცვლად, მუნიციპალურ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თბილისის ბიუჯეტიდან თბილისელთა სამედიცინო მომსახურებისთვის 117 მლნ ლარი გამოიყოფა. უახლოეს პერიოდში ირაკლი ალასანია, ასევე, გამართავს სოციალური პროგრამის და განათლების პროგრამის პრეზენტაციას თან ერთვის დოკუმენტი განვიხილოთ აბა Health_Final3.doc