რატომ ვჩქარობთ? მარკ მალენი საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას კონსტიტუციის საკითხი არ ანაღვლებს. განსხვავებები ორგანულ კანონს, ჩვეულებრივ კანონს, კონსტიტუციასა და სხვადასხვა რეგულაციას შორის ბევრისთვის ბუნდოვანია. კონსტიტუციის საუკეთესო განმარტება ასეთია: კონტრაქტი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის. როგორც ყველა კარგი კონტრაქტი, ისიც არ უნდა იყოს ზედმეტად ვრცელი. დაწერილი უნდა იყოს მარტივი ენით, ისე, რომ ყველამ გაიგოს. დეტალები ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მათი შევსება მოგვიანებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონებით შეიძლება. კონსტიტუციის მიზანია, დააწესოს, თუ როგორ იმუშავებს მთავრობა, რა უფლებები ექნება მას და რა უფლებები ექნება ხალხს. ბიზნესის ერთ-ერთი უპირველესი კანონის მიხედვით, თუ ვინმესთან კონტრაქტს უნდა მოაწერო ხელი და მეორე მხარე უმიზეზოდ ჩქარობს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააფორმო ეს კონტრაქტი. უბრალოდ, უარი უნდა თქვა. ამ დოკუმენტში აუცილებლად იქნება რაიმე დამალული დეტალი, რომელიც უახლოეს მომავალში დაგაზიანებს. ამ სტატიას ხუთშაბათს, სექტემბრის ბოლო დღეს ვწერ. იურიდიული კომიტეტის სხდომიდან მოვდივარ და ყველაფერი ისე ჩანს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებს პარლამენტი ხვალ, პლენარულ მეორე მოსმენაზე მიიღებს. ამით პარლამენტში მყოფი პოლიტიკური ლიდერები საშინელ შეცდომას უშვებენ. კონსტიტუციის მიღების პროცესი აუცილებლად უნდა შენელდეს. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამის შესახებ უკვე წელიწადზე მეტია, რაც საუბრობენ. ეს ტექნიკურად სიმართლეა, მაგრამ რადგან დისკუსიას ფორმალური პროცედურები არ ჰქონია, ამგვარი დისკუსია, ფაქტობრივად, არც ითვლება. თუ ვინმე ოდესმე პარლამენტში, ან რომელიმე წარმომადგენლობით ორგანოში მუშაობდა ან დამკვირვებელი ყოფილა, ეცოდინება, რომ პროცედურა ყველაფერს განსაზღვრავს. თუ პროცედურა არ არსებობს, დისკუსია წრეზე ტრიალებს და მის ბედს ძალაუფლების მქონენი განსაზღვრავენ. კონსტიტუციური ან რამე სხვა სახის დისკუსიის გამართვის საუკეთესო გზა, პირველ რიგში, იმის განსაზღვრაა, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას და როგორ შედგება განრიგი. განრიგი უნდა იყოს მკაცრი, ზოგადი დისკუსიით უნდა დაიწყოს და უფრო სპეციფიკური დეტალების განხილვაში გადაიზარდოს. განრიგისა და პროცედურის გარეშე, თავმჯდომარე იმას გააკეთებს, რაც უნდა. ივლისამდე შესაძლო ცვლილებების პირველადი ვერსიაც კი არ არსებობდა. აზრი, რომ ქართველები ივლისს და აგვისტოს კონსტიტუციის ცვლილებების განხილვაში გაატარებდნენ, სულელურია. არანაირი დაწერილი განრიგი არ არსებულა. თუ საკონსტიტუციო კომისია გარკვევით იტყოდა, რომ 24 სექტემბერი პირველი მოსმენის თარიღი იქნებოდა, ხალხს უკვე ექნებოდა დრო საბოლოო ვადამდე სამუშაოდ. ასეთი დათქმული თარიღი არ ყოფილა. მთავრობამ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი იმისთვის შემოიღო, რომ ხალხის სასამართლოსთან დაახლოება სურს. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო გზაა და საქართველოში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტს სრულიად ვუჭერ მხარს. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესს კი ხალხი კონსტიტუციასთან ან მთავრობასთან ახლოს ნამდვილად არ მიჰყავს. უცნაურია, რომ ამ დაჩქარებული ტემპების ფონზე, კონსტიტუცია ძალაში 2013 წლამდე არ შევა. რატომ? მნიშვნელოვანია, ეს კარგად გავიაზროთ. თუ ეს ცვლილებები სისტემური გაუმჯობესებაა, ახლავე რატომ არ შედის ძალაში? და თუ 2013 წლამდე არ არის საჭირო მისი ძალაში შესვლა, მაშინ რატომ არ ავიღებთ კიდევ რამდენიმე თვეს, რომ მშვიდად განვიხილოთ? ჩვეულებრივი კანონისთვისაც კი ორ მოსმენას შორის მხოლოდ ერთკვირიანი შუალედი, ძალიან ცოტაა. კონსტიტუციაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. მიუხედავად იმისა, ლეგალურია თუ არა თავად კონსტიტუციის მოდელი, ჩანს, რომ მის მიღებას ზედმეტად ვჩქარობთ. რატომ? კონსტიტუცია 2001 წელს შეიცვალა და ეს მაშინ ცოტამ თუ შეამჩნია. 2003 წლის შემოდგომაზე კი უკვე ყველა მიხვდა, რომ შევარდნაძემ კონსტიტუცია იმისთვის შეცვალა, რომ 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ძალაუფლების რეალური გადაცემა არ დაეშვა. ეს იყო უმთავრესი მიზეზი, რის გამოც, ახლანდელმა ხელისუფლების წევრებმა 2003 წლის 22 ნოემბერს საპარლამენტო სესიის ჩატარება არ დაუშვეს და მე მოხარული ვარ, რომ სწორედ ასე მოიქცნენ. 2004 წლის 4 თებერვალს, სამი დღის დისკუსიის შემდეგ, ახალი ხელისუფლების ინტერესების დასაკმაყოფილებლად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები შევიდა. ამის შემდეგ კონსტიტუციაში კიდევ ბევრი ცვლილება შეიტანეს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ ცვლილებებსაც მალე მიიღებენ. მომავალ თვეში ჩვენი ყურადღება ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის დანერგვისკენ და სხვა ახალი ამბებისკენ იქნება მიპყრობილი. როდესაც 2013 წელი დადგება, კონსტიტუციას კვლავ შევხედავთ და, ალბათ, გავოცდებით, როცა აღმოვაჩენთ, თუ რა შეცვალა მან სინამდვილეში. კონტრაქტის სიჩქარეში გაფორმება ყოველთვის ცუდი იდეაა. http://liberali.ge/node/2991 აზრზე არ არიან ეს უგუნურები რა საქციელი ჩაიდინეს მომავალი თაობებისთვის.