დამოუკიდებელი დეპუტატი გიორგი ცაგრეიშვილი მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის აღიარებას საგანგაშო მოვლენად აფასებს და არ გამორიცხავს, რომ ამ ფაქტმა კავკასიაში ვითარების დაძაბვა გამოიწვიოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, ეს ფაქტი არაჯანსაღ ელემენტს შეიტანს საქართველო-სომხეთის ურთიერთობაში და ასევე, აზერბაიჯან-სომხურ ურთიერთობებში, რადგან ამ ფაქტს სავარაუდოდ, არაღაირებული აფხაზეთის მიერ, მთიანი ყარაბაღის აღიარება მოჰყვება. გიორგი ცაგარეიშვილს აინტერესებს, იყო თუ არა მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების საუბრის თემა რამდენიმე დღის წინ, სერჟ სარგსიანის საქართველოში ვიზიტის დროს. მისი თქმით, შეუძლებელია მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს ერევანში პრესკონფერენცია სომხეთის პრეზიდენტთან შეუთანხმებლად ჩაეტარებინა. "არავინ უნდა ამტკიცოს, რომ მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი იმდენად დამოუკიდებელი ფიგურაა, რომ სომხეთის პრეზიდენტის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს და ერევანში ბრიფინგებსაც მართავს", – განაცხადა ცაგარეიშვილმა. მისივე თქმით, საინტერესოა, არის თუ არა მთიანი ყარაბაღის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი "ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნის ფასი და სომხეთის მადლობა".