საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ რუსეთის ერთადერთი ამოცანა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნგრევაა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. “რუსეთის ყველა ქმედება სწორედ ამით არის ნაკარნახევი. მედვედევმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ სააკაშვილი არის იურიდიული პასუხისმგებელი ყველა იმ დანაშაულზე, რაც მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში კი რუსეთი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხსა და ქმედებაშია დადანაშაულებული, მათ შორის დასახელებულია ეთნიკური წმენდა, რაც საერთაშორისო დანაშაულია”, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტი ითხოვს, რომ ტალიავინის დასკვნას გაგრძელება მიეცეს. პრეზიდენტისვე განმარტებით, რუსეთმა განაცხადა, რომ მზად არის გახსნას ზემო ლარსის გამშვები პუნქტი, მაგრამ თავად ბლოკავს ამ თემას. `მედვედევი აცხადებს, რომ სურს სავიზო რეჟიმის გაუქმება, მაგრამ არც ამ სიტყვებს მოჰყოლია რეალური ქმედება. ფაქტია, რომ ყველა ეს განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ქართველი ხალხის დემორალიზაცია და გატყდეს წინააღმდეგობის ნება`, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, ალექსანდრე ებრალიძესთან დაკავშირებით პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ებრალიძე ამ ეტაპზე შემონახულია, როგორც შესაძლო დესტაბილიზაციის პირობებში მთავარი მამოძრავებელი ძალა. `მასთან ადგილს პოულობს ქართველი პოლიტიკოსების ნაწილიც, რომელსაც სურს ამ პროცესებში მონაწილეობა. როგორც ჩანს, მოსკოვს მხოლოდ ებრალიძის მსგავს ქართველებთან შეუძლია ადეკვატური საუბარი და არა დემოკრატიული გზით არჩეულ საქართველოს ხელისუფლებასთან,`- განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. პ.ს. ვინმემ გაიგეთ ამ ტექსტიდან რამე?!