ირაკლი ალასანიამ დღეს წინასაარჩევნო პროგრამა - “დასაქმების შესახებ” წარადგინა. სასტუმრო “ბეტსში” გამართულ პრეზენტაციაზე “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა თბილისელთა დასაქმების პროგრამისა და ამ პროგრამის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. როგორც ალასანია აცხადებს, პროგრამის მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ თბილისში გაიხსნას 20 ათასი ახალი საოჯახო და მცირე საწარმო, რასაც სწორედ აღნიშნული პროგრამა შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, შეიქმნება საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი, რომელსაც ექნება 120-მილიონიანი ბიუჯეტი. აქედანმ 50 მილიონი ლარი იქნება მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი. მუნიციპალური გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდებიდან იქნება არანაკლებ 20 მლნ ლარი, ხოლო დონორებიდან მოზიდული სახსრები იქნება, ასევე, 20 მლნ ლარი. აღნიშნული ფონდიდან სესხის აღების ძირითადი პირობები იქნება შემდეგი: სესხის ოდენობა იქნება 20 ათას ლარამდე, საპროცენტო განაკვეთი – 8, შეღავათიანი 50-პროცენტიანი საკრედიტო გარანტია, ანუ მეწარმეს ფონდი 50 პროცენტში უდგება თავდებად, ხოლო დანარჩენ 50 პროცენტს საკუთარი მფლობელობიდან ჩადებს საგარანტიოდ, სესხის დაფარვის პერიოდი იქნება, საშუალოდ, 18 თვე, ხოლო შეღავათიანი პერიოდი – 3 თვე. ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი უზრუნველყოფს მეწარმეებს საკრედიტო გარანტიით და სესხის დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ამ ყველაფრის შედეგად, ფონდის ამოქმედებიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ალასანია ვარაუდობს, რომ თბილისში დასაქმება 50 ათას ადამიანზე მეტი იქნება. “ამ პროგრამის ძირითადი მიზანია, დედაქალაქში საშუალო ფენის წარმოქმნასა და გამაგრებას შეუწყოთ ხელი, რაც, ზოგადად, არის ქვეყნის ძლიერების გარანტია. სახელმწიფოს დღეს ბიზნესის მიმართ აქვს მომხმარებლური დამოკიდებულება, ისინი ბიზნესს იყენებენ მხოლოდ საკუთარი ბიუჯეტის შესავსებად. ეს ყველაფერი უნდა აღმოიფხვრას”, - განაცხადა ალასანიამ. ბიზნესის რეკეტის თავიდან ასაცილებლად, ალასანიას პროგრამის მიხედვით, ასევე, შეიქმნება ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც სწორედ ბიზნესდავებსა და ბიზნესზე ტერორის განხორციელების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ალასანია ვარაუდობს, რომ პროგრამის განხორციელების შედეგად გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა, შესაბამისად - ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი. თბილისის ბიზნესომბუდსმენი დაიცავს მეწარმეების და მესაკუთრეების უფლებებს დედაქალაქში. მეწარმეებს ინტელექტუალური მხარდაჭერა გაეწევათ საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით. ეს იქნება ათი საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, რომელიც ბიზნესგეგმის შეძენაში დაეხმარება მცირე მეწარმეებს, შეიქმნება საოჯახო და მცირე ბიზნესის ახალი ბიზნეს-ულტურა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ცოტა ხანში მთლიან პროგრამასაც მოგაწოდებთ!