“მოძრაობა 7 ნოემბერი” ხელისუფლების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლის ახალ ტალღას, დევიზით “გამარჯვებამდე”. მოძრაობის წარმომადგენლებმა საზოგადოებას საკუთარი გეგმები დღეს “კინოს სახლში” გააცნეს. “მოძრაობა 7 ნოემბრის” ლიდერის ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, მოძრაობა განსაზღვრული გეგმით იწყებს მოქმედებას. ჯიშკარიანის თქმით, მოძრაობის წევრები დაიწყებენ მიხეილ სააკაშვილის დევნის კამპანიას რესტორნებში; ასევე, დაესწრებიან თბილისის მერის გიგი უგულავას საარჩევნო კმპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს და მათ დაუსვამენ ყველა იმ შეკითხვებს, რომლებიც საზოგადოებას მათ მიმართ აქვს. ჯიშკარიანის თქმით, მოძრაობის წევრები მივლენ ასევე ყველა იმ მოსამართლის სახლში, რომელმაც უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და ყველა იმ პირის სახლში, ვინც საზოგადოების დაჩაგვრას ცდილობს. “7 ნოემბერი” მზადაა დაიწყოს აქტიური, მიზანმიმართული ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის დამთავრებისთვის. ამ შემართებით, ამ თანხმობით ვაგრძელებთ ბრძოლას. ყველა ვერთიანდებით იდეის გარშემო - “საქართველო სააკაშვილის გარეშე”,- განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა. ამ განცხადების შემდეგ “მოძრაობა 7 ნოემბრის” წევრები რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტისაკენ ე.წ. “გამარჯვების მარშით” გაემართნენ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1