Jump to content
Planeta.Ge

PESTE NOIRE

პლანეტელი
  • პოსტები

    1
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

PESTE NOIRE'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ამ საკითხთან დაკავშირებით მე ჩემი აზრი მაქვს, რომელიც ალბათ ძალიან განსხვავებული იქნება ორივე მხარის აზრისგან, მაგრამ მას ცოტა მოგვიანებით დავწერ. მანამდე კი თქვენ დააფიქსირეთ ამ ფაქტთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია.
  2. "მოვალთ და შეგამოწმებთ" 12 აგვისტოს საღამოს, რუსულმა სამხედრო ნაწილებმა წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს ზუგდიდი, სენაკი, ფოთი, კოდორის ხეობა. მოგვიანებით, ოსურმა მხარემ ცხინვალში ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცებისა და დიდი ლიახვის ხეობაში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შურისძიება დაიწყო. 11 აგვისტოს მარტო სოფელ აჩაბეთში 8 მშვიდობიანი მოხუცი დახვრიტეს საკუთარ სახლებში. მთლიანად დიდი ლიახვის ხეობაში 20-მდე მოხუცი და ერთი ფსიქიკურად დაავადებული ახალგაზრდა დახვრიტეს. შემიძლია გვარების დასახელებაც და მაქვს ინფორმაცია დასაფლავებულთა ადგილების შესახებ. დახვრეტით უსწორდებოდნენ ცხინვალის ციხესა და იზოლატორში მოხვედრილ ტანკისტებს, მეტყვიამფრქვევეებს და რეზერვისტებს. მათ კი, ვისაც ბრძოლაში მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდათ, შედარებით ჰუმანურად ექცეოდნენ. ტყვეების გადმოცემით, ქალაქ ცხინვალის მერი, იზოლატორის უფროსი ვინმე ტელმანი შედარებით "კეთილგანწყობილად" იქცეოდა. ასე დასრულდა აგვისტოს ომი და ასე ტრაგიკულად დასამარდა პოლიტიკოსთა მიერ შეთხზული მითი საქართველოს სამხედრო ძლიერებაზე. ბრძოლის ველზე დავტოვეთ დაღუპულ თანამებრძოლთა ცხედრები, საბრძოლო შეიარაღება და ტექნიკა, საკუთარი პატივი და ღირსება. მოგვიანებით, მტერმა გორიდან გასვლის შემდეგ ქალაქის საარტილერიო ბაზის კედლებზე გაკეთებული სამარცხვინო წარწერა დაგვიტოვა: "ამხანაგო ქართველებო, ისწავლეთ სამხედრო საქმე, მოვალთ და შეგამოწმებთ"... პ.ს. 11 აგვისტოს აღწერა იბეჭდება შემოკლებით, არ გამოქვეყნებულა მასალები, თუ როგორ ექცეოდნენ ცხინვალის ციხეში პატიმრებს, ვინ როგორ ახორციელებდა წამებისა და სისასტიკის ფაქტებს, როგორ ხვრეტდნენ ჯარისკაცებს და მშვიდობიან მოსახლეობას, როგორ ვითარდებოდა მოვლენები კოდორის ხეობაში ომის წინა პერიოდში, ომის მსვლელობისას და როგორ მოხდა მისი ჩაბარება, რა შეცდომები იქნა დაშვებული სტრატეგიულ-ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე. ეს და კიდევ მრავალი სხვა საინტერესო ფაქტი თუ მოსაზრება უახლოეს ხანში ბროშურის სახით გამოქვეყნდება. ბრძოლებში დაიღუპა ჩემი ძველი მეგობრის და თანამებრძოლის, ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკ რეზო დოლიძის შვილი, 41-ე ბატალიონის მეთაური შალვა დოლიძე. ასევე დაიღუპა მე-4 სპეცდანიშნულების ბატალიონის ჯარისკაცი, ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი გელა მებაღიშვილი, რომელიც 1991 წელს ჩემი მეთაურობის ქვეშ იმყოფებოდა. მწუხარებას გამოვთქვამ აგვისტოს ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა და მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახების მიმართ.
  3. მოწინააღმდეგე დილიდანვე რუსულმა ნაწილებმა სამხრეთისკენ სამი მიმართულებით სვლა დაიწყეს. შუადღისათვის გავიდნენ და დაიკავეს ვარიანის, შინდისისა და კარალეთის მისადგომები. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალიდან გორის ტრასამდე ქართველი სამხედროების წინააღმდეგობის გარეშე სრულად მოახდინეს ქართული სოფლების ოკუპირება, მაინც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩრდილოეთ კავკასიიდან რუსული დამატებითი საბრძოლო ნაწილების გადმოსროლა. ეს ეჭვს იწვევდა, რომ ახალი დაჯგუფებები თბილისის ოკუპაციისთვის მზადდებოდა. დილიდან შუადღემდე ჰაერში მოწინააღმდეგის შვეულმფრენები და თვითმფრინავები დაფრინავდნენ, უშიშროების საბჭოს სრულიად დაკარგული ჰქონდა რეალობის აღქმის უნარი და ყველგან რუსული ტანკები ელანდებოდა. 11 აგვისტოს 11:57 საათზე კახა ლომაია აკეთებს განცხადებას: "რუსები 50 ტანკით გორში შევიდნენ, მათ უკან კაზაკები და ოსი ბანდფორმირებები მოჰყვებიან". არადა, რუსებმა გორი მხოლოდ 12 აგვისტოს, საღამოს დაიკავეს. 13:00 საათისათვის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ელიტა სრულიად ტოვებს გორის გამგეობისა და მედიაცენტრის შენობებს. 11 აგვისტოს 16:00 საათზე გორში მთავარი შტაბი იღებს ბრძანებას საბრძოლო პოზიციების დატოვებისა და უკან დახევის შესახებ. 16:05 საათზე იწყება გორის ქაოსური დატოვება. გორის, უფლისციხის, იგოეთისა და კასპის ვიწრო გზებზე უზარმაზარი კოლონები დისლოკაციის ადგილებისკენ მიემართებიან. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა გორის საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიას ტოვებს. გორის სამხედრო ბაზებზე დარჩა ათეულობით ტანკი და სხვა საბრძოლო მასალა, ტექნიკა. შეიარაღებულმა ძალებმა სკრასა და უფლისციხეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობებიც ხელუხლებლად დატოვეს. შინდისი-ვარიანის მიმართულებაზე სენაკის მე-2 ბრიგადის მებრძოლები დარჩნენ. მათ შორის იყვნენ დაჭრილები, რომელთა გამოყვანაც მხოლოდ 14 აგვისტოს მოხერხდა. შინდისის გზაზე სენაკის მე-2 ბრიგადის მებრძოლთა ცხედრებიც მიტოვებული იყო. რუსული კოლონები აფხაზეთის მხრიდან წინააღმდეგობის გარეშე შემოვიდნენ ზუგდიდში. ისინი 17:27 საათზე სენაკის ბაზაზეც შემოვიდნენ. პარალელურად, 19:30 საათზე ზუგდიდიდან რუსული ტაქტიკური დაჯგუფება ჭუბერისაკენ გაემართა. კოდორის ხეობა ალყაში აღმოჩნდა. 21:00 საათისათვის მცხეთიდან დიღმის შესასვლელამდე იჭიმება 20 კმ-იანი ქართული სამხედრო კოლონა. ამავდროულად, თბილისში ვრცელდება ისტერიული ჭორი რუსული სამხედრო ძალების მცხეთასთან მოდგომის შესახებ. ხელისუფლების ერთი ნაწილი ოჯახიანად ტოვებს თბილისს და წითელი ხიდის მიმართულებით გარბის. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მატერიალურ-ტექნიკური კუთხით კატასტროფული დანაკარგები განიცადეს.
  4. შინდისის ტრაგედია 11 აგვისტოს, გამთენიისთვის, ვინაიდან ცხინვალიდან გორამდე არანაირი თავდაცვითი და წინაღობითი ზღუდე არ არსებობდა, ოპერატიული შტაბის დავალებები აქამდე თუ ბრძანების ფორმით სრულდებოდა, უკვე ბრიგადის და ბატალიონების ხელმძღვანელობა თხოვნით მიმართავდა პირად შემადგენლობას, - ვისაც სურვილი აქვს წამოვიდეს, რათა ფხვენისთან თავდაცვის ზღუდეზე აგრესორის შესაკავებლად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოსო. სამწუხაროდ, მსურველთა რაოდენობა არც ერთ ბატალიონში 30-50 სამხედრო მოსამსახურეს აღარ აღემატებოდა. მე-4 ბრიგადაში მაინც აღმოჩნდა 100 ან 120 ოფიცერი და რიგითი მებრძოლი, რომელიც მზად იყო ბოლომდე ებრძოლა. იგივე მდგომარეობა იყო მე-3 ბრიგადაშიც, რომელიც ძევერასთან იმყოფებოდა. მარცხენა ფლანგზე ტყვიავი-ქსუისის მიმართულებით პირველი ბრიგადის ბატალიონი შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიარაღებულ ბრძოლაში ჩართვა ვერც კი მოასწრეს, ქსუისთან დაბომბვაში მოყოლის შემდეგ იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. გავიხსენოთ მე-2 ბრიგადის საშტაბო ასეული, რომელიც 10 აგვისტოს დილით ხეთაგუროვო-ტბეთის მიმართულებიდან გამოიყვანეს და დასასვენებლად სოფელ ყელქცეულში დაბანაკდა. საშტაბო ასეულმა 11 აგვისტოს ღამე სწორედ იქ გაათენა. კავშირისა და მართვის არარსებობის გამო ამ ასეულმა მოწინააღმდეგის გადაადგილების შესახებ არაფერი იცოდა. არადა, მტერი 11 აგვისტოს, 11:00 საათიდან ნიქოზიდან სალთანის სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიიდან ტანკებით ვარიანისკენ მოემართებოდა. ასეულმა არც ის იცოდა, რომ მე-4 ბრიგადის დარჩენილმა მცირე ჯგუფებმა ფხვენისიდან უკან დაიხიეს. საბედისწეროდ, საშტაბო ასეული 11:00 საათისთვის ყელქცეულიდან გორისკენ მშვიდად მოემართებოდა. მათ მოწინააღმდეგის ტანკები ქართული სატანკო ბატალიონის კუთვნილებად ჩათვალეს და გორისკენ სვლა გააგრძელეს. სწორედ შინდისთან მოხდა მოწინააღმდეგის ტანკების მიერ საშტაბო ასეული კოლონის განადგურება. დაიღუპა 15-მდე სამხედრო მოსამსახურე. მოწინააღმდეგემ საშტაბო ასეულის 7 ერთეული სატრანსპორტო საშუალება ააფეთქა. ყველაზე დიდი მსხვერპლი მე-2 ბრიგადამ სწორედ შინდისთან განიცადა. დაჭრილებმა თავი სოფელ შინდისში ერთ-ერთ სახლს შეაფარეს. ერთადერთი, რომელიც კვლავ აგრძელებდა ბრძოლას, იყო ქართული არტილერია. სავარაუდოდ, რუსული კოლონა, რომელიც ცხინვალის სამხრეთით, ზემო ნიქოზისკენ მოემართებოდა, 11:00-იდან 12:00 საათამდე არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოექცა. რუსული ინტერნეტსაიტებიდან მოწინააღმდეგის დანაკარგიც გახდა ცნობილი: 1 ტანკი "ტ-72", 2 ქვეითი საბრძოლო მანქანა და ერთი "ურალის" ტიპის სატვირთო ავტომობილი, დაიღუპა 9 სამხედრო მოსამსახურე.
  5. კაბალური ხელშეკრულება საქართველოს ხელისუფლება და ქართველი საზოგადოება მოუთმენლად ელოდნენ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას. აშშ-ის ხელისუფლება მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა: "თეთრი სახლი მოსკოვს აფრთხილებს, რომ სამხრეთ ოსეთის გარშემო კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზულად გაართულებს". ეს იყო და ეს! 10 აგვისტოს, დღის ბოლოს, უშიშროების საბჭოს მდივანი კახაბერ ლომაია შემაჯამებელ ბრიფინგს მართავს. და მისი განცხადებების შინაარსით ნათელი ხდება, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, არც დიპლომატიური მეთოდებით და არც სამხედრო ძალით აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ შესწევდა. თუმცა, ლომაიამ ისიც თქვა, - დღის განმავლობაში სამხედრო ნაწილებში მიმდინარეობს მუდმივი გადაჯგუფება, რათა მოწინააღმდეგეზე სერიოზული ზარალი იყოს მიყენებულიო. ცხინვალი-გორის მიმართულებაზე შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მცდელობას მართლაც ჰქონდა ადგილი. სამწუხაროდ, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ წინააღმდეგობის გარეშე დანებება გადაწყვიტა. თუმცა, შსს-ს სამი ათასი შეიარაღებული მოსამსახურე სამეგრელოში და სამი ათასი სამხედრო მოსამსახურე კოდორში ჯერ კიდევ იმყოფებოდა. როგორ არ გავიხსენო წინასაომარი პერიოდი, როდესაც რუსეთი ითხოვდა ხელშეკრულების ხელმოწერას ცეცხლის განუახლებლობისა და თავდაუსხმელობის შესახებ, ქართული მხარე კი უარზე იყო... 11 აგვისტოს, 05:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს კაბალურ ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტისა და თავდაუსხმელობის შესახებ.
  6. სრული ისტერია 10 აგვისტოს, ერაყიდან I ბრიგადის ჩამოსვლამდე, ოპერატიული შტაბის დავალებით, მე-4 ბრიგადის დარჩენილი შემადგენლობა (სავარაუდოდ 43-ე ბატალიონიც) ფხვენისთან, ხოლო მე-3 ბრიგადის დარჩენილი შემადგენლობა ტირძნისი-ტყვიავის მისადგომებთან ცდილობდნენ თავდაცვის ზღუდის შექმნას. 17:00 საათისთვის, მე-3 ბრიგადის ხელმძღვანელობა ტყვიავთან თავდაცვითი ხაზის დაკავებას ცდილობდა. ამის მცდელობა მას ტირძნისთანაც ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. პირადი შემადგენლობა ქაოსსა და პანიკას მოეცვა. ათასი ჭორი ვრცელდებოდა. ხშირად გაისმოდა ფრაზა: "ყველამ თავს უშველეთ". პირადი შემადგენლობა იარაღს ყრიდა, მისი ბრძოლისუნარიანობის ამაღლება კი მეთაურებს აღარ შეეძლოთ. 22:00-იდან 23:00 საათამდე მე-3 ბრიგადის დარჩენილი პირადი შემადგენლობა ისევ სოფელ მარანას ვაშლის ბაღებში იმყოფება. 10 აგვისტოს, 12:00 საათზე 43-ე ბატალიონმა და მასთან ერთად ბრიგადის ცალკეულმა ქვედანაყოფებმა ფხვენისში თავდაცვითი ზღუდის შექმნის ამოცანა მიიღეს. სავარაუდოდ, დასახლებულ პუნქტ ფხვენისის მიმდებარე ბაღებში საინჟინრო-სასანგრე ზღუდეების შესაქმნელად საინჟინრო სპეცტექნიკა (სავარაუდოდ, უცხოეთში შეძენილი) კი იყო მიმაგრებული, მაგრამ თავდაცვითი კაპიტალური სანგრების მშენებლობა მაინც ვერ მოხერხდა. ამას ხელი ან თანამედროვე ტექნიკის ექსპლუატაციის უცოდინარობამ შეუშალა, ან შესაძლებელია ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა. ამის შემდეგ ბრიგადაში სანგრების თხრის დიდი სურვილიც აღარ შეინიშნებოდა. ალბათ ამის მიზეზი აგვისტოს სიცხეც გახლდათ. ამასთანავე, იმდენად ხშირად ხდებოდა უაზრო გადაადგილებები და პოზიციების შეცვლა, რომ სანგრები მხოლოდ ერთეულებმა გათხარეს. ცხინვალისა და ერედვის მხრიდან რუსული კოლონების ანთებულ ფარებს ბატალიონების პირადი შემადგენლობა ბაღებში წამოწოლილი შეჰყურებდა. 10 აგვისტოს, სავარაუდოდ 23:00 საათზე, მოწინააღმდეგის ვერტმფრენმა პირველივე შემოფრენაზე ფხვენისის მისადგომებთან შენიღბვის გარეშე დაყენებული მეოთხე ბრიგადის ტანკი და "ჰაილუქსი" შენიშნა და ააფეთქა. ორმა "სტრელამ", რომელიც 43-ე ბატალიონს შეიარაღებაში გააჩნდა, არ იმუშავა (გამოუსადეგარი აღმოჩნდა). ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ვინაიდან სანგრები ერთეულებმა გათხარეს, ხოლო ვერტმფრენი სავარაუდოდ 100 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა, ასეულის მეთაურის ბრძანებით, შემადგენლობამ ან უბრალოდ ვერ გაბედა ტყვიამფრქვევით საპასუხო ცეცხლის გახსნა, ან მათ ეს მეთაურმა აუკრძალა. ვერტმფრენი უკან გაფრინდა. გაფრენისთანავე დაიწყო "პანიკა" და ბატალიონის პირადი შემადგენლობის მიერ პოზიციების დატოვება. მათ ბაღებით ორი კილომეტრით უკან დაიხიეს - ფხვენისიდან შინდისისკენ. იმავე მდგომარეობაში იყო ბათუმის საზღვაო ქვეითთა ბატალიონიც, რომელმაც ღამე საქაშეთიდან შინდისამდე ბაღებში გაათენა. ბატალიონს მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხება არ ჰქონია. მათი ხედვის არეში მოხვდა რუსული ვერტმფრენიდან მე-4 ბრიგადის ტანკის აფეთქება. ქართულ სამხედრო შენაერთებს წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ შესწევდათ. ერთადერთი ქართული არტილერია იყო, რომელიც ფრისისა და ცხინვალის მიმართულებით დილიდან დაღამებამდე აწარმოებდა საარტილერიო ბრძოლას მოწინააღმდეგის წინსვლის შესაფერხებლად. უნდა ვივარაუდოთ, მან რუსეთის არმიის 71-ე პოლკს (რომელიც მდინარე ლიახვის პირას ცხინვალიდან ფრისის მიმართულებით, თავდაცვის ზღუდეებზე იყო გაშლილი) საარტილერიო დარტყმით დიდი ზიანი მიაყენა. ინტერნეტსაიტების ინფორმაციით, მოწინააღმდეგის დანაკარგი 6 სამხედრო მოსამსახურე გახლდათ. თუმცა, მოგვიანებით რუსული წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ 71-ე პოლკი მეორე დღეს შეტევაში საერთოდ აღარ მონაწილეობდა. სავარაუდოდ, მათზე მიყენებული ზიანი უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ეს ინტერნეტსაიტებით გავრცელდა. 10 აგვისტოს, ერაყიდან პირველი ბრიგადის შენაერთები დაგვიანებით, 18:00 საათისთვის ჩამოვიდნენ. 10 აგვისტოს, საღამოს ხელისუფლებამ უკვე ძველი მეომრების მობილიზაცია დაიწყო. თავზარდამცემი ინფორმაციები მოდიოდა დასავლეთის ფრონტიდან, რუსულმა მხარემ ზუგდიდის მოსახლეობას ქალაქის დასაცლელად ერთი საათი მისცა. დღის ბოლოსთვის ისტერიკა ხელისუფლებაში უფრო დიდი იყო, ვიდრე სამხედრო შენაერთებში. 10 აგვისტოს, საღამოს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მოსახლეობას თავზარდამცემი ტექსტით მიმართავს: "სამწუხაროდ, სახეზეა საქართველოს სრულმასშტაბიანი ოკუპაციის და 1921 წლის განმეორების მცდელობა. ჩვენ, ხელისუფლება, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ამას არ დავუშვებთ, ყველა ერთად გავერთიანდეთ. ყველგან, სადაც შემოვა მტრის ჯარი, ყველა არსებული საშუალებებით გავუწიოთ წინააღმდეგობა". მართალია, დავით ბაქრაძემ ისიც აღნიშნა, - ვითარება კონტროლდება და ქვეყნის თავდაცვას საქართველოს პრეზიდენტი პირადად ხელმძღვანელობსო, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დროისათვის ქვეყნის თავდაცვა აღარ არსებობდა. უმაღლეს ხელმძღვანელობას მართვის უნარი სრულიად ჰქონდა დაკარგული და ყოველი ახალი პოლიტიკური და რადიკალური განცხადება საავიაციო დაბომბვების საფრთხის ქვეშ აყენებდა დედაქალაქის მოსახლეობას.
  7. შიშს დიდი თვალები აღმოაჩნდა! სავარაუდოდ, სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობდა გადაჯგუფება მოეხდინა მარცხნივ, - ფხვენისი-შინდისის ზღუდეზე, ხოლო მარჯვნივ - ტყვიავი-ქსუისის მიმართულებით. მაგრამ, ძნელი არ იყო იმის განჭვრეტა, რომ სამხედრო დაჯგუფებებს ამ ამოცანის შესრულება აღარ ძალუძდათ. მოწინააღმდეგის ავიაციას, შვეულმფრენებს და არტილერიას სრულიად დაეთრგუნა პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მოწინააღმდეგის თვითმფრინავის დანახვაზე შოკის მომგვრელი შიში ეუფლებოდათ არა მარტო სამხედროების უმეტესობას, არამედ პოლიტიკურ ლიდერებსა და თვით მთავარსარდალსაც კი. ალბათ გახსოვთ ინტერნეტით გავრცელებული ცნობილი კადრები, სადაც მთავარსარდლის რეაქცია სიტყვა "ჰაერის" გაგონებამ გამოიწვია. გორის ცენტრში იმ დროს თავადაც ვიმყოფებოდი და ჰაერში არავითარი მოწინააღმდეგის თვითმფრინავი არ დაფრინავდა.
  8. ტყუილები, ტყუილები... შექმნილი ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად, ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებდა მოსახლეობის დეზინფორმირებას და აბსოლუტურად არაადეკვატურ და უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებდა. 10 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსით" გავრცელდა თემურ იაკობაშვილის განცხადება: "ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ჯარი უკან დახევას იწყებს, რეალობას არ შეესაბამება". კოდორთან დაკავშირებით იაკობაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ "ქართველებს არანაირი იერიშის არ ეშინიათ და ქართულ სამხედრო ძალებს შეუძლიათ დაიცვან კოდორის მოსახლეობა". მას ეკუთვნის შემდეგი განცხადებაც: "ქართული შეიარაღებული ძალები გადაჯგუფების შედეგად ცხინვალის სამხრეთ პოზიციებს ინარჩუნებენ". თუმცა, რეალურად იმ დროისათვის არც ერთი ქართული შენაერთის თავდაცვითი ზღუდე ფხვენისის იქით (ცხინვალიდან სამხრეთით 8-10 კმ-ის სიახლოვეს) აღარ არსებობდა. ასეთი დაუფიქრებელი განცხადებები საფრთხის ქვეშ აგდებდა გორის რაიონის სოფლების მოსახლეობას. "ინტერპრესნიუსით" გავრცელებული თემურ იაკობაშვილის მორიგი განცხადება ასეთი იყო: "საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს რესურსი, რუსების შეტევა მოიგერიოს". სამწუხაროდ, ამგვარი რესურსი უკვე აღარ არსებობდა, სამხედრო-პოლიტიკურ მმართველობას აღარ ძალუძდა საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება სამხედრო შენაერთებში. 16:26 საათზე, კვლავ თემურ იაკობაშვილი: "ჩვენ ცხინვალს არ ვტოვებთ, პირიქით, ვაპირებთ ახალი პოზიციების დაკავებას". "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზაზა გოგავა ბრძოლის ველის წინა ხაზზე იმყოფებოდნენ, რაც უნდა ვივარაუდოთ, რომ საბრძოლო შენაერთებში სულიერი მდგომარეობის განმტკიცების მიზნით გავრცელდა. თუმცა, ძნელი სათქმელია, იმ დროისთვის - 10 აგვისტოს 15:15 საათზე, სად გადიოდა ბრძოლის წინა ხაზი.
  9. თბილისი "აღების" მოლოდინში უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებამ პირველად, 10 აგვისტოს ღამით გაისიგრძეგანა რუსული აგრესიის შემდგომი განვითარების შესაძლო მასშტაბები, რომელიც დედაქალაქის დაკავებას ითვალისწინებდა. უკვე 10 აგვისტოს, 15:00 საათიდან განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს და კუდ-ის განყოფილებები კასპის რაიონში თავდაცვით ზღუდეებს: იგოეთის, უფლისციხის და აღაიანის სამხრეთ ფერდობებს იკავებენ. მათი ამოცანაა, არ დაუშვან მოწინააღმდეგის თბილისისაკენ წინსვლა. ძნელად სარწმუნოა, 50-100 შეიარაღებული პირისგან შექმნილ ჯგუფებს ამ ამოცანის შესრულება შესძლებოდათ. ამისთვის პირველ რიგში აუცილებელი იყო ტერიტორიის მომზადება საინჟინრო-სასანგრე და დანაღმვითი საშუალებებით, რაც არ გაკეთებულა. პარალელურად, რუსულ ბომბდამშენებს იერიში მიაქვთ ზემო აფხაზეთზე. 07:36 საათზე იბომბება სოფელი აჟარა. "მაგთისა" და "ჯეოსელის" ანძების მწყობრიდან გამოყვანის მიზნით ბომბები ცვივა ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში, 06:33 საათზე იბომბება "თბილავიამშენის" ტერიტორია. 10 აგვისტოს, 14:00 საათზე ზუგდიდიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, რადგანაც იქ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმია უახლოეს საათში ზუგდიდის მიმართულებით შეტევის დაწყებას აპირებდა. 10 აგვისტოს, 09:50 საათზე მოსახლეობა სხვადასხვა საშუალებით იწყებს გორის დატოვებას. 10 აგვისტოს 10:00 საათზე იწყება კოდორის ხეობის მოსახლეობის ევაკუაციაც. 14:00 საათზე აფხაზები და რუსები შეტევას ახორციელებენ კოდორის ხეობის მიმართულებით. ახალ-ახალი ინფორმაციები ვრცელდება როკის გვირაბიდან სამხედრო შენაერთების შემოსვლის შესახებ.
  10. დამსხვრეული მითი სამხედრო ძლიერებაზე... მთელი ანალიზის მანძილზე ვცდილობდი აღნიშნული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები მთლიანად სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის "მიმეწერა"... მაგრამ ობიექტური თუ ვიქნებით, უნდა განვაცხადოთ, რომ აღწერილი ბრძოლები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ნამდვილად არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ამერიკელ პროფესიონალთა მიერ საგულდაგულოდ გაწვრთნილი და მომზადებული ჯარი ამგვარ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო. როგორც მოვლენებმა დაგვანახვა, ქართულ ჯარში ძირეული პრობლემები ბევრად უფრო ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. სამწუხაროდ, პატრიოტიზმის ნაკლებობაც იგრძნობოდა. სამხედრო აღმშენებლობაში დაშვებულმა შეცდომებმა ერთბაშად იჩინა თავი. ჯარი ერაყში პატრულირებისთვის მზადდებოდა და არა სამშობლოს დაცვისთვის. ოთხი წლის განმავლობაში პოლიტიკოსთა მიერ შეთხზული ლეგენდები ქართული არმიის ძლიერების შესახებ მითი აღმოჩნდა, ხოლო სამხედრო აღმშენებლობისთვის გაღებული ხარჯები - არამიზნობრივი! 9 აგვისტოს საღამოდან, მართვის არარსებობისა და არაორგანიზებულობის, უკვე მასობრივად გამეფებული ისტერიის გამო სამხედროებმა და პოლიციელებმა პრაქტიკულად წინააღმდეგობა შეწყვიტეს. 9 აგვისტოდან ვეღარ ვხედავთ წინააღმდეგობის კერებს, შეიარაღებულ ბრძოლებს და თუნდაც სტიქიურ მცდელობებს აგრესიის შესაკავებლად. რეალურად, ჩვენი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდა. 9 აგვისტოს საღამოდან 10 აგვისტოს ჩათვლით ქართულ შეიარაღებულ ძალებში გადაჯგუფება მიმდინარეობდა. მე-3 ბრიგადა, რომელსაც ორი დღის განმავლობაში შეიარაღებული ბრძოლა არ გადახდომია, სრულიად გადაღლილი და დათრგუნვილი იყო. ერედვიდან გამოსვლის შემდეგ, 10 აგვისტოს ღამით, III ბრიგადის ბატალიონებმა თავი ტირძნისში მოიყარეს. მათ ღამეც იქვე გაათენეს. პირადი შემადგენლობა ტირძნისიდან სოფელ მარანამდე ბაღებისა და გზის გასწვრივ, სარწყავი არხის თხრილებს აფარებდა თავს. ბატალიონებად დაყოფილმა მე-4 ბრიგადამ 10 აგვისტოს ღამე სავარაუდოდ საქაშეთთან გაათენა. ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ არ იცოდა, სად იმყოფებოდა ან რა მდგომარეობაში იყო სხვა ბატალიონები. ზნაურიდან გადმოყვანილი იყო 43-ე ბატალიონი. შეიძლება ითქვას, 9 აგვისტოს ახალმა "სენმა" იჩინა თავი. შუადღეს დაწყებული ლოკალური ისტერიის გამოვლინებები ღამისთვის უკვე ყველა შენაერთში მასობრივ ისტერიკაში გადაიზარდა. გამეფებული "პანიკის" გამო ბატალიონებმა რღვევა დაიწყეს. გაერთიანებული შტაბის სარდლობას და ბრიგადების ხელმძღვანელობას აღარ შეეძლოთ თავშეყრის რაიონებში ბატალიონთა სრული შემადგენლობით თავმოყრა. კავშირგაბმულობის არქონის გამო სრულიად დაკარგული იყო მართვა და ურთიერთკავშირი. 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს მისდიოდათ ინფორმაცია, თითქოსდა 42-ე ბატალიონში მხოლოდ 30 სამხედრო მოსამსახურე დარჩა ცოცხალი. 42-ე ბატალიონს ანალოგიური ინფორმაცია ჰქონდა 43-ე ბატალიონზე. თბილისშიც გავრცელდა ჭორი მე-4 ბრიგადის თითქმის სრულიად განადგურების შესახებ. მე-4 ბრიგადის ხელმძღვანელობამ თავშეყრის რაიონებში ბატალიონების საბრძოლო შემადგენლობის 30 პროცენტი ძლივს შეკრიბა. ურთიერთკავშირის უქონლობის გამო არ არსებობდა ინფორმაცია სენაკის მე-2 ბრიგადის გაძლიერებული ბატალიონისა და ასეულის ადგილსამყოფლის შესახებ, რაც ასევე მისი განადგურების შესახებ ჭორის გავრცელებას უწყობდა ხელს. მესამე ბრიგადაში უფრო მძაფრი ფორმითაც კი განვითარდა მოვლენები, ბრიგადის ჯარისკაცების ნაწილმა უარი თქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გაგრძელებაზე და ნებაყოფლობით დაიწყო იარაღის ჩაბარება. უკვე აშკარა იყო, რომ ქართული არმია არ აღმოჩნდა მზად ამგვარი მასშტაბის ომის საწარმოებლად. ოპერატიული შტაბიდან მიღებული ინფორმაციით, სამხედრო ხელმძღვანელობა ვარაუდობდა, რომ პირადი შემადგენლობის 5 ათასამდე კაცმა ბრძოლას თავი აარიდა (მოგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოკვლევის შემდეგ 2 ათასამდე მებრძოლს ჯარიმა დააკისრეს).
  11. ქართული შენაერთების მდგომარეობა პირველი ბრიგადა სრული შემადგენლობით ერაყიდან მოემგზავრებოდა (2000 სამხედრო მოსამსახურე). მე-2 ბრიგადას ხეთაგუროვოსა და ტბეთის მისადგომებთან თავდაცვის რაიონი ეკავა. მას 9 აგვისტოს, შუადღისას საშუალო ინტენსივობის ბრძოლა გადახდა ხეთაგუროვოსთან: ამის შემდეგ რაიმე ბრძოლისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის. მე-3 ბრიგადა, როგორც უკვე ვიცით, 8 და 9 აგვისტოს ერედვი-თლიაყანის მიმართულებაზე გადაადგილდებოდა, 32-ე და 33-ე ბატალიონებს მხოლოდ ერთი, საშუალო ინტენსივობის ბრძოლა გადახდათ, ჰქონდათ მინიმალური მსხვერპლი. მე-4 ბრიგადის მე-3 ბატალიონი ზნაურის მიმართულებით ორი დღე გადაადგილდებოდა, სადაც მინიმალური წინააღმდეგობა შეხვდა, ჰყავდა 5 დაჭრილი. პერევის დაჯგუფებას მხოლოდ ერთი საშუალო ინტენსივობის ბრძოლა ჰქონდა (8 აგვისტოს) სინაგურასთან. მსხვერპლი არ ყოფილა. შსს-ს ნაწილები (5 ათასამდე მოსამსახურეს შეადგენდა) 8 აგვისტოს, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან სრულად გამოვიდნენ და გორის, ვარიანის, კარალეთის პოლიციის ბაზებზე განლაგდნენ. ისინი მხოლოდ ცხინვალის ოპერაციაში მონაწილეობდნენ, 8 აგვისტოს დილიდან 14:00 საათამდე საშუალო ინტენსივობის ბრძოლა გადახდათ. ამის შემდეგ ბრძოლაში მონაწილეობა აღარ მიუღიათ. შსს-ს სოდ-ის სპეცრაზმი კოდუას ხელმძღვანელობით დაბა ზნაურში იმყოფებოდა რეზერვისტებთან ერთად. ბრძოლები არ ჰქონიათ. დასავლეთ საქართველოს თავდაცვას ახორციელებდა შსს-ს სამი ათასამდე სპეცრაზმელი. მე-5 ბრიგადა (თავდაცვისა და შს სამინისტროების სამ-სამი ათასი მოსამსახურე) კოდორის დაცვის ამოცანას ასრულებდა. შეცდომა იყო, რომ 41-ე და 42-ე ბატალიონების ცალკეული ასეული, რომელიც 8 აგვისტოს დაბომბვის ქვეშ მოყვა და 9 აგვისტოს ცხინვალზე შეტევაში ხელმეორედ მონაწილეობდა, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ხელახალ ფორმირებაზე არ გაუყვანიათ. შესაძლოა ეს იმისთვის გაკეთდა, რომ დათრგუნვილობა სხვა ნაწილებსაც არ გადასდებოდათ, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, რამაც ჩემი აზრით, გადამწყვეტი როლი ითამაშა. 8 აგვისტოს, "დუბოვაია როშჩასთან" ბრძოლის ველზე მიტოვებულ თანამებრძოლთა ცხედრებს 9 აგვისტოს ნიქოზი-ცხინვალის შესასვლელთან 41-ე ბატალიონის მეთაურისა და ბატალიონის წევრების ცხედრებიც დაემატა. თავდაცვის სამინისტროს არასწორი დაგეგმარების, მართვისა და ძალთა გამოყენების გამო საბრძოლო შენაერთებს ბრძოლისუნარიანობა დაკარგული ჰქონდათ. სამხედრო მოსამსახურეთა მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა დათრგუნვილი, ფიზიკური მდგომარეობა კი დაღლილობისგან, უაზრო გადაადგილებებისგან, უძილობისა და სიცხისაგან სრულიად დასუსტებული იყო. რაც მთავარია, მათი სულიერი მდგომარეობა დაკნინებული გახლდათ, რასაც ხელს ოჯახიდან მიღებული სატელეფონო მესიჯები, ზარები და სხვადასხვა ჭორის გავრცელება უწყობდა ხელს.
  12. ორდღიანი ბრძოლის შემდეგ... ორი დღის განმავლობაში რუსული ბომბდამშენები საჰაერო დარტყმებს ახორციელებდნენ სამხედრო აეროდრომებზე, რადიოლოკაციურ სადგურებსა და სამხედრო ბაზებზე, ასევე სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" ოპერატიულად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული ავიაციის მიერ სენაკისა და ხონის სამხედრო ბაზები რამდენჯერმე დაიბომბა. ასევე დაიბომბა: ოთხჯერ - ვაზიანის სამხედრო ბაზა, ორჯერ - მარნეულისა და ერთხელ კოპიტნარის აეროდრომი. იბომბებოდა ქალაქები: გორი, ქარელი, სენაკი, ასევე ონის რაიონის სოფელი წედისი, ზემო აფხაზეთის სოფელი ჩხალთა, კოჯორი და მახათას მთა. იყო მსხვერპლი სხვადასხვა ქალაქისა თუ სოფლის მშვიდობიან მოსახლეობაში. დედაქალაქის მოსახლეობაც საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. განვითარებული მოვლენების გამო პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები გამოაცხადა. პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კი წინ ურთულესი ღამე ელოდა. ყოველწუთიერად შემოდიოდა ახალ-ახალი ინფორმაცია: 00:12 საათზე დაიბომბა ფოთის პორტი, 00:17 საათზე ბომბები ეცემა სენაკის ბაზას, დაიღუპა ერთი სამხედრო მოსამსახურე და ხუთი რეზერვისტი. 05:00 საათზე ოჩამჩირეში შედის ოთხი რუსული სამხედრო ხომალდი. მოგვიანებით, პოლიტიკური ხელმძღვანელობა იღებს ინფორმაციას აფხაზეთიდან მოსალოდნელი მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. 4000 რუსი სამხედრო მოსამსახურე შემოვიდა ოჩამჩირეში. საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა სრულმა დაბნეულობამ მოიცვა. აქედან გამომდინარე, 05:00 საათზე მთავარსარდალი აცხადებს: "ქართული მხარე მზად არის შეწყვიტოს ცეცხლი და ჯარები სრულად იქნას გამოყვანილი კონფლიქტის ზონიდან. საქართველო მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტასა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ". უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს განცხადება დროის მოგების მიზნით გაკეთდა. ხელისუფლებამ შესანიშნავად იცოდა სამხედრო ძალების მდგომარეობა და მისი უკანასკნელი იმედი ერაყიდან პირველი ბრიგადის ჩამოსვლა იყო, რომელსაც 10 აგვისტოს, დილით ელოდებოდნენ. მაგრამ, ეს იცოდა მოწინააღმდეგემაც. მას წუთითაც არ უფიქრია შეტევის ტემპის შეჩერება. მტერი უკვე ცხინვალიდან გორისკენ მოიწევდა და მისი საბრძოლო წინა ხაზი დასავლეთით, მდინარე ლიახვის პირას (სოფელ ნიქოზში სალთანის არხთან), ხოლო აღმოსავლეთით - ერედვთან, არბოსა და ქსუისთან გადიოდა. 10 აგვისტოს დილით, ისევე როგორც 9 აგვისტოს ღამით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თავდაცვითი ოპერატიული ზღუდე არსად გააჩნდათ, ფრონტის წინა ხაზი აღარ არსებობდა, თუმცა, მას ჯერ კიდევ საკმარისი ძალები ჰქონდა.
  13. მოწინააღმდეგის პოზიციები 10 აგვისტოს, 04:00 საათიდან მოწინააღმდეგის მდგომარეობა ასეთი იყო: მისმა 503-ე მოტომსროლელმა პოლკმა წინააღმდეგობის გარეშე ტრანსკავკასიური გზა გამოირა და დიდი ლიახვის ხეობის გავლით შემოვიდა ცხინვალში, დაიკავა ქალაქის სამხრეთი ნაწილი. ამის შემდეგ ასევე, დიდი ლიახვის ხეობიდან ცხინვალში შემოვიდა 71-ე მოტომსროლელი პოლკის 1-ელი მოტომსროლელი ბატალიონი და მე-2 მოტომსროლელი ბატალიონი. 1-ელმა მოტომსროლელმა ბატალიონმა თავდაცვის ზღუდე ცხინვალის ცენტრალური ნაწილიდან მდინარე ლიახვის პირას დაიკავა, ხოლო მე-2 მოტომსროლელმა ბატალიონმა - ლიახვის პირას, ცხინვალის აღმოსავლეთით სოფელ არგვიცის მისადგომებთან. იმავე დღეს სამხრეთ ოსეთში დამატებით შეიყვანეს 42-ე მოტომსროლელი დივიზიის 70-ე მოტომსროლელი პოლკი, საჰაერო-სადესანტო ჯარების 76-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი. უკვე დღის პირველი ნახევრისთვის რუსულმა ქვედანაყოფებმა ცხინვალის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიკავეს ქართული სოფლები - ერედვი, ხეითი, ქსუისი და არბო. მოსახლეობამ ეს სოფლები კონფლიქტის დაწყებისთანავე დატოვა. რუსული დაჯგუფებები ცხინვალის სამხრეთით, ზემო ნიქოზის გავლით თავდაცვის ზღუდეს სალთანის არხზე იკავებდნენ.
  14. მე-2 ბრიგადა შტაბსაც დაავიწყდა და სიკვდილსაც?! როგორც უკვე აღვნიშნეთ, მე-2 ბრიგადა ყველასგან გამორჩეოდა ორგანიზებულობითა და საბრძოლო შემართებით, თუმცა 9 აგვისტოს, 23:00 საათისთვის, მათშიც შეინიშნება პირველი ისტერიკის ნიშნები. არის ვერსია, რომ ეს შემდეგმა გარემოებამ გამოიწვია: ბრიგადის მეთაურმა შენიღბვის მიზნით მძღოლს უბრძანა, - საკუთარი "ჯიპი" საბრძოლო პოზიციიდან უკან გამოეყვანა. ამ ბრძანების შესრულებისას ჯარისკაცებში ჭორი გავრცელდა, რომ ბრიგადის მეთაური წინა ხაზს ტოვებდა. ამას მოჰყვა რამდენიმე ჯარისკაცის ისტერიკა, რაც ძალიან მალე მთელ შემადგენლობას გადაედო. კავშირის არქონის გამო ბრიგადის შემადგენლობამ არ იცოდა, რა ხდებოდა სხვა მიმართულებებზე და ღელვა ამანაც გააძლიერა. არ არის გამორიცხული, ისინი თავად ხედავდნენ, რომ ამ დროისათვის ცხინვალი უკვე მთლიანად დაცლილი იყო. შესაძლებელია, ისინი უყურებდნენ გერის გზაზე როგორ გაიშალა 40-მდე ტანკის შემადგენლობით რუსული კოლონა. მათზე ალბათ ტელეფონებით მიღებული მესიჯებიც მოქმედებდა. თანაც, ბრიგადა მოწინააღმდეგის სიღრმეში მარტოდმარტო იყო დარჩენილი... დაჯგუფებაში არსებული დეზორგანიზების მიუხედავად, დაჯგუფება 10 აგვისტოს, 10:00 საათამდე იმყოფებოდა თავდაცვის რაიონში. როგორღაც 10 აგვისტოს 10:00 საათზე ოპერატიულმა შტაბმა მათაც მისცა ბრძანება გამოსვლის შესახებ (ალბათ შტაბს გაუკვირდა კიდევაც, რომ ამ დროისთვის ისინი კიდევ იქ იმყოფებოდნენ, თანაც ცოცხლები). მთელი ღამის განმავლობაში ბრძოლებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ არის. მცირე სროლები იყო 9 აგვისტოდან 10 აგვისტოს ღამის ჩათვლით ხეთაგუროვოში დარჩენილი გაძლიერებული ასეულის წინააღმდეგ. თუმცა მასზე მოწინააღმდეგის მხრიდან შეტევა არ განხორციელებულა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ დროისათვის დეზორგანიზაცია ამ გაძლიერებულ ასეულშიც იყო, რასაც, სავარაუდოდ, კავშირის არარსებობა გამოიწვევდა. სამი ღამის უძინარი ბრიგადის შემადგენლობა 10 აგვისტოს 10:00 საათზე საბრძოლო მოქმედებების ხაზიდან გამოიყვანეს.
  15. არაადეკვატური სამხედრო-პოლიტიკური დამოკიდებულება მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, 9 აგვისტოს, 22:32 საათზე შოთა უტიაშვილი აცხადებს: "ქართული საჯარისო ნაწილების სამიზნე ჯავა და მერე როკის გვირაბია". მისივე თქმით, 22:00 საათიდან ქართული საჯარისო ნაწილები ცხინვალის გაწმენდას ახორციელებენ. სამწუხაროდ, ხელისუფლება ან შეგნებულად ახდენდა მოსახლეობის დეზინფორმირებას ან არადა, ინფორმაციის ნაკლებობის გამო დაკარგული ჰქონდა რეალობის აღქმისა და ანალიზის უნარი. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" 00:29 საათზე გაავრცელა ინფორმაცია: "ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით, ამ დროისათვის სამთავრობო ნაწილები კვლავ ინარჩუნებენ დაკავებულ პოზიციებს და თითქმის მთლიანად აკონტროლებენ ცხინვალს". ასეთი სიცრუე მართლაც სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ ყოფილიყო, რადგანაც 9-ში, დღის ბოლოსთვის, 22-ე და 23-ე ბატალიონისგან დაკომპლექტებული გაძლიერებული ერთადერთი ბატალიონიღა იყო დარჩენილი ტბეთის მისადგომებთან, მასვე დაემატა საშტაბო ასეული, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებით შეაიარაღეს. უცნაურია, რომ მე-2 ბრიგადა აგრესიის შესაკავებლად ასე მარტოდმარტო დარჩა... 23:00 საათიდან თლიაყანიდან მე-3 ბრიგადამ დაიწყო უკან გამოსვლა, ცხინვალის და პერევის დაჯგუფებაც მთლიანად გამოყვანილი იყო. რას ემსახურებოდა მე-2 ბრიგადის დაჯგუფების მარტოდმარტო დატოვება მოწინააღმდეგის სიღრმეში, უცნობია. ალბათ ან შტაბს დაავიწყდა ისინი, ან არადა, კავშირის უქონლობის გამო ვერ ხერხდებოდა მათი ინფორმირება.
×
×
  • შექმენი...