"დიდი იმედები" გალაკტიონის დღიურიდან არ ვიცი რის გამო, შეიძლება იმიტომ, რომ თითქმის მთელი ღამე, გათენებამდის ვკითხულობდი დიკკენსის "დიდ იმედებს" გამომეღვიძა გვიან, მზე კარგა მანძილზე იყო დაშორებული ჩვენი სახლის აღმოსავლეთით მწყობრად ჩამწკვრივებულ ალვის ხეებს, მზე, მთელი თავისი ახალი და დიადი ელვარებით, პირდაპირ ჩემს ფანჯარაზე მომდგარიყო... არასდროს არ დამავიწყდება მისი იმდღევანდელი შუქი... რაღაც აუწერელმა სიხარულმა ამიტაცა და მთელ სხეულში ჟრუანტელად დამიარა და ისიც ისე უმიზეზოდ, ისე უეცრად, ისე მოულოდნელად... ანგარიშმიუცემლად მივვარდი ფანჯარას, საიდანაც მზის შუქი შემოდიოდა და დავუწყე კოცნა ფანჯარას, ფანჯრის მინებს, გონებადაკარგული ვკოცნიდი. დიდხანს მზის შუქს... - შვილო, შვილო, შვილო!!! - მომესმა გაოცებული დედის ხმა... - გადაირიე შვილო? მე შევკრთი... იმ წუთშივე უდიდესი სიხარული უფრო დიდი დარცხვენის გრძნობად შემეცვალა... ან რატომ ვერ გავიგე, რომ ოთახში დედა შემოსულიყო, კარები ხომ უხმაუროდ არასდროს არ იღება... ვიდექი დედის წინ, როგორც უდიდეს დანაშაულობის ჩადენაზე წასწრებული... დიდხანს თავი მაღლა ვერ ამეღო. ნელა, ცალი ხელით ვიგრძენი როგორ მიწევდა უკან თავს დედაჩემი, სურდა ჩემს თვალებში ჩაეხედა... - შემომხედე, გატუნა! შვილო, რა მოგივიდა? - ალერსიანად მეუბნებოდა დედა, მაგრამ მე ხმას არ ვიღებდი... რა უნდა მეთქვა? განა შეიძლებოდა სიტყვებით იმის გამოთქმა, რასაც განვიცდიდი, და რის გამოხატვაც სრულიად არ შემეძლო? - რა? - ბოლოს ძვლივსღა ვთქვი "დიდი იმედები" რაო რას ამბობ? დიდი იმედები, დედა... დედი... დედას იმ წამშივე გული შეუწუხდა... მკერდზე მიიდო ხელი და ტახტს მიესვენა... ასე ემართებოდა ყოველთვის როცა რაიმეს მძლავრად განიცდიდა... "გული შეუწუხდა, მიზეზი კი მე ვარ" - გავიფიქრე... გავხედე ფანჯარას მზის შუქი ეხლა აღარ მეჩვენა ისე მიმზიდველად... გასცდა ჩვენს ფანჯარას ის მზის შუქიც... ვინ იცის, დაბრუნდება ისევ თუ არა... 1 თებერვალი - 1929 წელი...