http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/4279-sakhalkho-krebis-aqcia-daarbies.html "სახალხო კრება" რუსთავში აქციის დარბევაში პოლიციას ადანაშაულებს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, აქციის დარბევის დროს სამართალდამცველებმა მათი რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს. მათივე ცნობით, აქციას რუსთავის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ვალერი დუღაშვილის სახლთან მართავდნენ, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ. "სახალხო კრების" პრესსამსახურის ცნობით, აქცია უკვე იშლებოდა, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა ალყა შემოარტყეს და აქციის მონაწილეები დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რა დარღვევისთვის არიან ისინი დაკავებულები. კრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გზას არ კეტავდნენ და არც პოლიციისთვის გაუწევიათ წინააღმდეგობა. "სახალხო კრების" წარმომადგენლების ინფორმაციით, რუსთავში, აქციის მონაწილეების დაკავება პოლიციელებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც აქციაზე მისულმა ერთ-ერთმა უცნობმა მამაკაცმა სამართალდამცველს ხელი გაარტყა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსნის ვალერი დუღაშვილის სახლთან აქცია უკვე სრულდებოდა. "სახალხო კრების" ცნობით, ზემოხსენებულ მამაკაცს აქციის მონაწილეები არ იცნობდნენ. ასევე, მას შემდეგ, რაც მან პოლიციელს ხელი გაარტყა, სამართალდამცველებს ამ მამაკაცის დაკავება არ უცდიათ. "სახალხო კრების" ინფორმაციით, სულ აქციის 20-მდე მონაწილეა დაკავებული. მათ შორის ლევან ჩიტიძე, ვასილ ბალახაძე, გია ნოზაძე და სხვები. დაკავებულების ნაწილი ადგილობრივი პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში, ნაწილი კი სასამართლოში იმყოფება. "სახალხო კრების" პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია. მIშა, მოგიდღან პუტინი