Jump to content
Planeta.Ge

პავლე ზაზაძე (1901-1989)


Recommended Posts

პავლე ზაზაძე (1901-1989)

 

http://s56.radikal.ru/i152/0901/06/b91a1d104c6b.jpg

 

თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცენატი.

 

ადიგენის რაიონის სოფელ უდელ აზნაურს სიმონ ზაზაძესა და მის მეუღლეს, ელისაბედ ვარდიძეს რვა ვაჟი შეეძინათ, მაგრამ ხუთი გაზარდეს, მათ შორის პავლე. 1913 წლის ოქტომბერში 14-15 წლის პავლე სტამბოლში ჩაიყვანა ბიძამ, ქართული კათოლიკური მონასტრის მღვდელმა შალვა ვარდიძემ და ამ მონასტერში ზრდიდა. მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. სტამბოლში ცხოვრება აირია, სკოლები დაიხურა, ბევრი მოწაფე გერმანიასა და პოლონეთში გახიზნეს. პავლე ნათესავებისა და ახლობლების რჩევით სტამბოლში დარჩა, როგორც თვითონ ამბობდა, საქართველოსთან ახლოს, სამშობლოში დაბრუნების იმედით. მაგრამ პავლე ზაზაძეს სამშობლოში დაბრუნება აღარ ეღირსა. მოგვიანებით პავლეს საქართველოდან მალულად ორი ძმა ესტუმრა - დედის ცრემლებით დანამული ბარათები და ახალციხური თბილი წინდები ჩამოუტანეს. დედა სამშობლოში ეძახდა შვილს, მაგრამ პავლემ ახლად დაწყებული საქმე ვერ მიატოვა. მალულად ჩამოსული ძმები უკან მალულად ვეღარ დაბრუნდნენ, საბჭოთა მესაზღვრეებმა საზღვარზე დააკავეს და დახვრიტეს.

 

სტამბოლის სკოლის დახურვის შემდეგ პავლემ საქმეს მიჰყო ხელი. ორი წელიწადი ნათესავთან იმუშავა, ვაჭრობა ისწავლა, ფულს მოუყარა თავი, სავაჭრო ადგილი შეიძინა, დუქანი გახსნა, დამოუკიდებლად დაიწყო ვაჭრობა. თანდათან ხელი მოემართა, დაწინაურდა, სტამბოლში ცნობილი ადამიანი გახდა.

 

პავლე ზაზაძე ფერიქოის უბნის ქართველთა მონასტრის ხშირი სტუმარი იყო. სწორედ აქ გაიცნო მარიამ ჩილინგარიშვილი და იქორწინა. 1933 წელს დაბადებულ ვაჟს პაპის სახელი - სიმონი დაარქვეს, ქალს კი ანიტა.

 

დროთა განმავლობაში მონასტრის მესვეურნი ხანში შევიდნენ, დაუძლურდნენ, მიიცვალნენ. ეკლესია-მონასტრის არსებობას საფრთხე დაემუქრა. წინამძღვარნი ხშირად ევედრებოდნენ ევროპასა და ამერიკაში ლტოლვილ ქართველებს: მოდით, უპატრონეთ აქაურობასო, მაგრამ ყური არავინ ათხოვა. მხოლოდ პავლე ზაზაძემ ითავა ამ სავანის მეთვალყურეობა, მზრუნველობა. მრევლმა ქართველ კათოლიკეთა საზოგადოება და ფონდი შექმნა. 1966 წელს ფონდის თავმჯდომარედ აირჩიეს პავლე ზაზაძე, მონასტრის გამგედ კი პავლე აკობაშვილი (ადგულაძე). პავლე ზაზაძე სიკვდილამდე ერთგულად, ლამის სიცოცხლის ფასადაც კი დარაჯობდა ქართველთა კერას და თუმცა მონასტრის საკმაოდ ვრცელ მიწებზე ბევრს ეჭირა თვალი, კანონიც ხშირად იცვლებოდა და ამ საკუთრების დაცვა ძნელდებოდა, ზაზაძეთა ოჯახის ძალისხმევით ყველაფერი ხელუხლებლად შენარჩუნდა. 1960 წელს უთვისტომო ადამიანთა დახმარებისათვის ვატიკანმა პავლე ზაზაძეს "კომანდატორის" წოდება მიანიჭა.

 

პავლე ზაზაძე საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო, მისი ბიზნესი წარმატებით მიიწევდა წინ, ფირმა "ზაზა" ფართოვდებოდა, ახალ-ახალ პროფილს ითვისებდა და ათამდე ფაბრიკას ფლობდა. როგორც ბიზნესს სჩვევია, ფირმასაც დაუდგა მძიმე დრო და 1957 წელს რამდენიმე დღეში ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა საფეიქრო, პარფიუმერიის, საპნისა და სათადარიგო ნაწილების საწარმოები, მაგრამ მამამ შვილის დახმარებით კვლავ აღადგინა დაკარგული. დღემდე სამართებლების მწარმოებელი ZAZA ცნობილია, როგორც მსოფლიოში მეორე, თურქეთში კი პირველი ფირმა.

 

პავლე ზაზაძე სხვა მხრივაც იყო გამორჩეული, საუცხოო ოჯახი ჰქონდა, მოსიყვარულე, თავმდაბალი და შრომისმოყვარე. მაგრამ გულით მუდმივი სევდა და დარდი დაჰქონდა. მონასტრის ბაღში ახალციხიდან ჩამოტანილი ხეები დაარგვევინა, "საცა გინდ ვიყო, მასთან ვარ მარად" - ხშირად ჩურჩულებდა თვალცრემლიანი მოხუცი.

 

პავლე ზაზაძე სამშობლოს ნახვას ვეღარ მოესწრო. ამ ადამიანს შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ემოგზაურა, დაესვენა, დამტკბარიყო, მაგრამ მას მხოლოდ უდე ენატრებოდა, ახალციხის ცისკრის ნახვაზე ოცნებობდა. პავლე ზაზაძე 1989 წლის აგვისტოში გარდაიცვალა, ორიოდე თვის შემდეგ კი სარფის საზღვარიც გაიხსნა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...