Jump to content
Planeta.Ge

ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი (1817-1845)


Recommended Posts

ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი (1817-1845)

 

http://s57.radikal.ru/i158/0812/5e/ea92f5f62d40.jpg

 

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, მელიტონ ბარათაშვილის ოჯახში. დედა - ეფემია იყო გრიგოლ ორბელიანის და და ერეკლე II-ის შვილიშვილი. გიმნაზიაში ბარათაშვილს ასწავლიდა სოლომონ დოდაშვილი, 1832 წლის "მამულის გამოხსნის შეთქმის" იდეოლოგი. ბუნებრივია, მან განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ჭაბუკის მსოფლმხედველობაზე. თუმცა გიმნაზია ქების სიგელით დაასრულა, ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა, უმაღლესი განათლების მისაღებად უცხოეთში წასულიყო, ანდა სამხედრო სამსახურში ჩამდგარიყო. ეს სურვილი ოჯახის უსახსრობის გამო ვერ აიხდინა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მხოლოდ ათი წელი იცოცხლა და ეს ათი წელი "სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში" ჩინოვნიკად გაატარა. ყოველდღიურად წერდა ოფიციალურ მიმართვებს, თანამდებობათა გადაბარება-ჩაბარების აქტებს, საჩივრებს, თხოვნებს, ადგენდა და ანგარიშობდა ამა თუ იმ ვაჭრის გაკოტრების საბუთებს. ამ ჯურღმულიდან თავის დაღწევას ცდილობდა, ემუდარებოდა გავლენიან ნათესავებს, დახმარების ხელი გაეწვდინათ, მაგრამ მშველელი არავინ ჩანდა. 1844 წელს ნახჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ დაინიშნა, მაგრამ ოთხი თვე ტყუილად ამსახურეს, არც დაამტკიცეს და არც ხელფასი მისცეს. ოჯახის მდგომარეობა კიდევ უფრი დამძიმდა და ბარათაშვილი განჯაში წავიდა იმავე თანამდებობაზე. არეული დრო იყო და განჯასაც ხშირად ესხმოდნენ თავს ყაჩაღები. მათი დევნა და წესრიგის დამყარება ტატოს ევალებოდა. ოთხი თვის შემდეგ, 1845 წლის 9 ოქტომბერს, 27 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილი მალარიით გარდაიცვალა. მის ნათესავთაგან დაკრძალვას არავინ დასწრებია. ოჯახმა შვილის დაღუპვა ერთი კვირის შემდეგ გაიგო. ბარათაშვილის სახელი თანდათან დავიწყებას მიეცა და მხოლოდ 1858 წელს, მას შემდეგ, რაც ეკატერინე ჭავჭავაძემ ილიას გადასცა პოეტის ორი ხელნაწერი რვეული, ხელახალი სიცოცხლე მოიპოვა. 1893 წელს პოეტის განჯიდან თბილისში, დიდუბის პანთეონში გადმოსვენებამ ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938 წლიდან პოეტის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

 

ბარათაშვილს თავისი ლექსი დაბეჭდილი არ უნახავს, ხელნაწერად ავრცელებდა. 16 წლისამ დაწერა მხატვრულად სრულყოფილი "შემოღამება მთაწმინდაზე", 22 წლისამ - პოემა "ბედი ქართლისა", ხოლო მისი "მერანი" ქართული პოეზიის მწვერვალად არის მიჩნეული. შემონახულია მისი 37 ლექსი, ერთი პოემა და 18 წერილი. რაოდენობრივი სიმცირის მიუხედავად, ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივი ინტერესი მეტად ფართოა, მან მისცა გეზი XIX და XX საუკუნის ქართულ ლიტერატურას და დაამკვიდრა ევროპეიზმი. მისი სულიერი ტკივილის მიზეზი, ეროვნულ სინამდვილესთან ერთად, ზოგადსაკაცობრიო საკითხებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...