Jump to content
Planeta.Ge

ზვიად გამსახურდია (1939-1993)


Recommended Posts

ზვიად გამსახურდია (1939-1993)

 

http://s45.radikal.ru/i108/0812/e0/d69339ff7b64.jpg

 

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ლიდერი.

 

დაიბადა ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში. სახელიც მამამ შეურჩია - ზვიადი. სკოლაში კარგად სწავლობდა. სრულყოფილად ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, უყვარდა ლიტერატურა, ისტორია. მეათე კლასში იყო, როცა 1956 წელს საბჭოთა ჯარებმა უნგრეთში განმათავისუფლებელი მოძრაობა ჩაახშეს. ამ ფაქტმა მასზე ისე იმოქმედა, რომ მეგობრებთან ერთად თბილისში, ღამით, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული შვიდი ცალი პროკლამაცია გააკრა. ეს ტოტალიტარული რეჟიმისათვის წარმოუდგენელი დანაშაული იყო, თუმცა მამის ხათრით, ბავშვურ ცელქობად ჩაუთვალეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. მალე ზვიადმა თანამოაზრეთა ჯგუფი "გორგასლიანნი" ჩამოაყალიბა და საქართველოს გათავისუფლება ცხოვრების მიზნად დაისახა.

 

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1973 წელს მერაბ კოსტავასთან ერთად ჩამოაყალიბა ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი, დაიწყო ლიტერატურულ-პუბლიცისტური ჟურნალის "ოქროს საწმისის" გამოცემა. ეს იყო თვითგამოცემა, რომელიც არალეგალურად ვრცელდებოდა. პუბლიცისტური ნაწილის მთავარ თემას ქართული კულტურის, განსაკუთრებით ქართული ენის შევიწროვებისადმი მიძღვნილი მასალები შეადგენდა. სულ ჟურნალის ოთხი ნომერი გამოვიდა. შემდეგ გამოსცემდა ჟურნალს - "საქართველოს მოამბე".

 

1975 წელს გამსახურდია აირჩიეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო ამნისტიის" წევრად. 1977 წლის 14 იანვარს მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, რომლის მიზანი იყო საჭოთა კავშირში არსებული პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ მასალების შეგროვება და საზღვარგარეთ გაგზავნა. 1977 წლის აპრილში ჯგუფის წევრები დააპატიმრეს. ამას მოჰყვა ზვიად გამსახურდიას გარიცხვა მწერალთა კავშირის რიგებიდან და სასამართლო პროცესი, რომელზეც მან შეცდომად აღიარა თვითგამოცემის მასალების ემიგრაციისთვის მიწოდება და მათი გამრავლება-გავრცელება. გამსახურდიას აღიარება-მონანიება მაშინდელმა საზოგადოებამ მტკივნეულად აღიქვა. ამ ფაქტს ბევრი დღესაც ვერ ეგუება და თვლის, რომ ეს იყო დისიდენტური მოძრაობის ღალატი. ზვიადს რვა წლით პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება ელოდა, თუმცა აღიარების შემდეგ ორი წლით გადაასახლეს ჩრდილოეთ კავკასიაში.

 

პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ იგი გაემიჯნა დისიდენტურ მოძრაობას და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. 1987 წელს გადასახლებიდან დაბრუნდა მისი მეგობარი და თანამებრძოლი მერაბ კოსტავა. მაშინ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ორი საკითხი იდგა: კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის მშენებლობა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სამხედრო პოლიგონის ფუნქციონირება. ქართველებისათვის ამ მტკივნეულ საკითხებს, 1988 წლის შემოდგომაზე დაემატა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ზღუდავდა რესპუბლიკების სსრ კავშირიდან გასვლის შესაძლებლობას. ამ მოვლენებმა რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი მიტინგი გამოიწვია. მიტინგს ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერები ხელმძღვანელობდნენ. მალე მიტინგის მონაწილეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის საკითხი დააყენეს. კრემლმა ამ მოთხოვნას დაუპირისპირა სოფელ ლიხნში შეკრებილ აფხაზთა მოთხოვნა, აფხაზეთისთვის მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს ფაქტი იმდენად მიუღებელი იყო ქართველებისთვის, რომ რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 4 აპრილიდან დღისით და ღამით ათასობით ადამიანმა დაიწყო შეკრება. მათი დაშლა შეუძლებელი გახდა. საბჭოთა ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ჩვეული მეთოდი გამოიყენა: მომწამვლელი გაზით, ნიჩბებითა და ხელკეტებით შეიარაღებული ჯარისკაცები მომიტინგეებს შეესივნენ. დატრიალდა 9 აპრილის ტრაგედია, მოკლულ იქნა 19 მომიტინგე, მათგან 16 ქალი. ამის შემდეგ, საქართველომ მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა პირველი მრავალპარტიული არჩევნები, გაიმარჯვა ბლოკმა "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", რომლის ლიდერი ზვიად გამსახურდია იყო. 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა. იმავე წლის 26 მაისს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაიწყო ახალი ეტაპი ქართველი ერის ისტორიაში. აგონიაში მყოფი საბჭოთა იმპერია მტრულად შეხვდა ამ ფაქტს. მის ანტიქართულ პოლიტიკას უნდა დაპირისპირებოდა ქართველი ერის მტკიცე ერთობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეროვნული ძალები ვერ გაერთიანდნენ. საქმე სამოქალაქო ომამდე მივიდა, რომელმაც შეიწირა არა მარტო ბევრი ქართველის სიცოცხლე, არამედ დემოკრატიის პრინციპებიც. 1991 წლის დეკემბერში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდია და მისი მომხრენი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თბილისი. კანონიერი ხელისუფლება დაემხო. ზვიად გამსახურდიამ ჯერ სომხეთს შეაფარა თავი, მოგვიანებით კი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტის, ჯოჰარ დუდაევის მიწვევით, გროზნოში ჩავიდა. აფხაზეთის ომის დროს გამსახურდია დაბრუნდა საქართველოში, ცდილობდა შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებას და ხელისუფლების აღდგენას. დევნილი პრეზიდენტი სამეგრელოს მთებში აფარებდა თავს. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით თავი მოიკლა, თუმცა ეს ვერსია დღემდე ბევრ კითხვას ბადებს. იმავე წლის თებერვალში გადაასვენეს გროზნოში. 2007 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტი დაკრძალეს თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...