Jump to content
Planeta.Ge

კონსტანტინე გამსახურდია (1891-1975)


Recommended Posts

კონსტანტინე გამსახურდია (1891-1975)

 

http://s48.radikal.ru/i120/0812/a3/e2e2256490af.jpg

 

"მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: "შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა", - ასე განაცხადა მწერალმა 70 წლის იუბილეზე.

 

მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი კვალი დაუტოვებია რამდენიმე მოვლენას. ექვსი წლისას მამა უბელო ცხენზე შეაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ხოლმე, ვაჟკაცობას აჩვევდა. პატარობისას ფეხშიშველმა დედამ გელათში წაიყვანა. გაოცებული შეჰყურებდა ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო თავისი ეპოპეის "დავით აღმაშენებლის" მთავარი გმირი. ასევე პორტრეტიდან გაიცნო ილია ჭავჭავაძე. თუმცა ბევრს ეცადა, ცოცხალი ვერ ნახა. მისი მკვლელეობა რომ შეიტყო, ფიცი დადო, მთელი სიცოცხლე ებრძოლა ილიას მკვლელების წინააღმდეგ.

 

პირველი ლექსი 1909 წელს გამოაქვეყნა, კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებული, 1911-ში ევროპაში გაემგზავრა, იქ გაეცნო მოდერნისტული სკოლების ნაირსახეობას და მათი შემოქმედებითი პრინციპები გაიზიარა. გერმანიაში მყოფმა ორი ნოველა გამოაქვეყნა: "ფოტოგრაფი" და "ნაპოლეონი". შემდეგ დედის გარდაცვალებამ "დამსხვერული ჩონგური" დააწერინა. საავადმყოფოში მომაკვდავ ძმას ედგა თავზე და იმ საშინელ ღამეს დაწერა "ზარები გრიგალში".

 

"ვწუხვარ, მწერლობა პროფესიად რომ გადამექცა. ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი სიჭაბუკე, ეს იყო სამხედრო. 1918-19 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა დამეგდო და პრუსიის გენშტაბის აკადემია დამესრულებინა", - აღიარებს 1933 წელს დაწერილ ესეში.

 

1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტიდან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დააარსა ჟურნალი "პრომეთე", გაზეთი "საქართველოს სამრეკლო", ჟურნალი "ილიონი", ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ კავშირს. "რაც 16 წლის გავხდი, სულ სტამბებში დავდივარ. მე შემოვიღე პირველად 1917 წელს ჟურნალ "პრომეთეში" სტამბის მუშების სახელისა და გვარის გარეკანზე მოხსენიება. წიგნს რომ დავბეჭდავ, უთუოდ პური უნდა ვჭამო მათთან", - წერდა გამსახურდია.

 

კონსტანტინე გამსახურდიამ ახალგაზრდობიდანვე მიიპყრო ყურადღება როგორც თავისებურმა, მოუსვენარი ხასიათის ადამიანმა. მისი საზოგადოებრივი აქტივობა გულგრილს არავის ტოვებდა, იცვამდა ჩოხას და ამკვიდრებდა ევროპულ ესთეტიკას, გერმანელ ფილოსოფოსებს ჩაჰკირკიტებდა და ხევსურეთში შემორჩენილ სიტყვებს აგროვებდა.

 

34 წლისამ დაწერა "დიონისოს ღიმილი", ეს იყო რეალიზმისა და მოდერნიზმის გზაჯვარედინზე მდგარი მწერლის პირველი რომანი. მეორე რომანი, ტრილოგია "მთვარის მოტაცება" 10-11 წლის შემდეგ გამოაქვეყნა. თემა თანამედროვე იყო, პრობლემატიკა ნაცნობი, მაგრამ თარაშ ემხვარი თუ არზაყან ზვამბაია, წითელი კომკავშირი თუ თამარ მეფე, კოლექტივიზაცია თუ ისტორიული საქართველო - ამ კითხვებზე მარტივი პასუხი არ გაუცია. როგორც საბჭოთა ეპოქის ბევრი მწერალი, გამსახურდიაც ცდილობდა კეისრისათვის კეისრისა მიეცა და ღმერთისთვის ღმრთისა გადაეხადა. 1937 წელს ჟურნალ "მნათობში" დაიბეჭდა რომან "ბელადის" პირველი ნაწილი. შემდეგ ეს ნაწარმოები აღარ გაუგრძელებია.

 

სამწერლო დიდება და სახალხო აღიარება ისტორიულმა რომანებმა მოუტანა. მწერლის ნიჭი და ფანტაზია განსაკუთრებული სილაღით 1939 წელს დაწერილ "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენში" გამოვლინდა. მწირი ისტორიული ცნობების მიუხედავად გამსახურდიამ სისხლსავსე პერსონაჟები შექმნა და ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლის იდეა გააცოცხლა. მკითხველმა ადვილად აუღო ალღო მწერლის ენასა და ქარაგმულ სტილს. დიდ იმპერიასთან შეჭიდებულ პატარა საქართველოში თანამედროვეობა ილანდებოდა.

 

ასე მიაჩნდა: "პოეტური შედევრების ფრაგმენტების თარგმნა დიაღაც სასარგებლოა, მაგრამ დიდი ქმნილების მთლიანად თარგმნა ერთგვარი თვითმკვლელობაა მწერლისათვის". თარგმნასაც მოჰკიდა ხელი - გოეთეს "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი", დანტეს "ღვთაებრივი კომედია" (I ნაწილი - "ჯოჯოხეთი" კ. ჭიჭინაძესთან ერთად), რემარკის "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" და სხვა.

 

"კამეჩის ენერგია სჭირდება მწერალს. ამ სათუთი კალმიდან ქაღალდზე გადატანილი წნევის გაზომვა რომ მოხერხდეს, ალბათ რამდენიმე ათასი ცხენის ძალა გამოვა". მართლაც, 20 წელი მოანდომა და 1962 წელს დაამთავრა ისტორიული რომანი "დავით აღმაშენებელი", რომელიც ოთხ წიგნს მოიცავს. ამ რომანისათვის 1965 წელს ერთ-ერთ პირველს მიენიჭა რუსთაველის პრემია. ის თამაშითა და ბრძოლით წერდა თავისი გმირების თამაშისა და ბრძოლის ამბავს. ბრძოლა და თამაში ცხოვრებაშიც არ დაჰკლებია.

XX საუკუნის საბჭოეთის ყველაზე მძიმე პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. ერთხელ დააპატიმრეს კიდეც, 1931 წელს მწერალთა ფედერაციიდან გამორიცხეს როგორც რეაქციონერი, შოვინისტი და ანტისაბჭოთა მწერალი. ისიც ხომ ნიჭია, ცოცხალი გადარჩე, როდესაც რაღაც გაქვს სათქმელი, მოვალეობა გაკისრია. აკაკი ბაქრაძე გამსახურდიას ამსგავსებს იმ ადამიანს, რომელსაც შინ პური მიაქვს და უკან ქოფაკი მისდევს, ამიტომ იძულებულია, დროდადრო ნაგაზს პურის ნატეხი გადაუგდოს. ასე უყრიდა საბჭოთა ხელისუფლებას "ბელადს", "ვაზის ყვავილობას", ნარკვევებს, რომ დაწერილიყო "დიონისოს ღიმილი", "მთვარის მოტაცება", "დიდოსტატის მარჯვენა", "დავით აღმაშენებელი".

 

როგორც ყველა დიდ შემოქმედს, გამსახურდიასაც საკუთარი სამწერლო ენა და სტილი აქვს. ამაღლებული, ოდნავ არქაული, ლექსივით მწყობრი. თუ პროზის ზეპირად სწავლა შეიძლება, ერთ-ერთი ასეთი ნაწარმოები ალბათ "დიდოსტატის მარჯვენაა". მართლაც, ზეპირად სწავლობდნენ, ლექსივით კითხულობდნენ. თანდათნ მკითხველთან ერთად ხელისუფლებამაც აღიარა ცოცხალ კლასიკოსად. 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს.

 

ჩოხაში გამოწყობილი, მუდამ წელგამართული, ამაყი მზერითა და ღირსებით სავსე დააბიჯებდა ყოფილ გოლოვინის ქუჩაზე, რომელსაც რუსთაველის სახელი მისი ინიციატივით დაარქვეს.

 

კონსტანტინე გამსახურიას თავისი დაბადების 80 წლისთავზე უთქვამს: არც დიდხანს სიცოცხლე ვარგებულაო. უკანასკნელ განსასვენებელადაც გამორჩეული ადგილი მონახა: საკუთარი სახლის, კოლხური კოშკის ეზოში დაკრძალეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...