მდა Posted December 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2008 დავით გურამიშვილი (1705-1792) http://i036.radikal.ru/0812/49/793017d61d44.jpg იმ უმძიმეს ეპოქათა შორის, საქართველოს რომ გამოუვლია, ერთ-ერთი XVIII საუკუნეც იყო. ქვეყანას გარეშე მტერი არ აკლდა. თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზი, ღლიღვი, დიდოელი თუ ქისტი, ყველა ცდილობდა ხელი გამოეკრა, რამე მიეტაცებინა. მერე შიგნითაც აიშალნენ, ქართლი და კახეთი მოძიძგილე მამლებივით დაერივნენ ერთმანეთს, დაკორტნეს, დაასისხლიანეს. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ "ქართლი ოსმალომ დაიპყრო, კახეთი ლეკთა მოლამა". იდგა აოხრების, მკვლელობის, ღალატის, ტყვეობის, ქურდობის, სიცრუის ხანა. სამშობლოს ბედი მთლიანად გაიზიარა დავით გურამიშვილმაც, პირადად გადაიტანა ყველა ჭირი, რაც მის ქვეყანას ერგო. 1723 წელს გონს მოსულმა ქართველებმა სცადეს თურქები გაედევნათ და გორის ციხეს ალყა შემოარტყეს. ამ ბრძოლაში გურამიშვილიც იღებდა მონაწილეობას. დამარცხების შემდეგ თავი ლამისყანაში მოყვრებს შეაფარა, რადგან საგურამოში მისი სახლ-კარი და მამული მტრისაგან აოხრებული და გადამწვარი იყო. ლამისყანაც არ გამოდგა უხიფათო ადგილი. 22 წლის გურამიშვილი ლეკებმა შეიპყრეს, დაღესტანში, სოფელ ოსოქოლოში ჩაიყვანეს და ხაროში დაამწყვდიეს. გამტაცებლები გამოსასყიდს უცდიდნენ, თუ ვერ მიიღებდნენ, მაშინ ტყვეს აღმოსავლეთის ბაზარში გაყიდიდნენ. დავითს ერთხელ გაპარვამ არ უშველა, დაიჭირეს და სცემეს. მეორედ ღვთიურ ხმას გაჰყვა და გააღწია. ღამით უგზო-უკვლოდ მიეხეტებოდა, ვარსკვლავებს მიჰყვებოდა, ადამიანსაც ემალებოდა და მხეცსაც. დიდ სეტყვაში მოჰყვა, მეხს ძლივს გადაურჩა, მერე კოღოს ლაშქარი დაესია. შიმშილი გულ-მუცელს უწვავდა, ძალას ართმევდა. ორი ტალახიანი კიტრი იპოვა, მდინარეზე გასარეცხად ჩაიტანა, ისინიც წყალმა მოსტაცა. ყვავისფრჩხილას ჭამდა, ტყემალს, მკვახე კოწახურს. მეთორმეტე დღეს მუეძინის ლოცვის ნაცვლად ეკლესიის ზარის ხმა გაიგონა და კალოზე მომუშავე ხალხი დაინახა. მილასლასდა, ერთ-ერთის ჯვარს ემთხვია და ყველაზე სანატრელი სიტყვა "ხლებ" გაიგონა. მანამდე ჯავრისგან შეკრული და გაკაჟებული, სიხარულმა დაშალა, წააქცა. თერგის პირას მცხოვრებმა რუსმა ახალმოსახლეებმა შვილივით მოუარეს, უპატრონეს. 1729 წელს სოლაღ-ასტრახანის გზით 24 წლის გურამიშვილი მოსკოვში ჩავიდა, სადაც სამშობლოდან გაქცეული ვახტანგ VI ათასამდე ქართველით იყო თავშეფარებული. ვახტანგმა მას ჯაბადარბაშის თანამდებობა უბოძა, იარაღის საწყობი ჩააბარა. ლტოლვილ ქართველთა ძირითადი საქმე ქართლის ჭირზე ფიქრი, რუსეთის დახმარებით ირანის განდევნაზე ოცნება, წიგნის გამოცემა და პოეტური პაექრობა გახდა. ამ შეჯიბრში დავითიც იღებდა მონაწილეობას და ხშირად იმარჯვებდა. "მოსკოვს ქალაქს მზეს ველოდითო", წერს პოეტი, მაგრამ ეს მზეც მალე ჩაესვენა, ქვეყნის ხსნის კი არა, სამშობლოში დაბრუნების იმედიც გაქრა. ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ (1737), უმეფოდ დარჩენილი ქართველები რუსეთის სამსახურში ჩადგნენ, შექმნეს ქართველ ჰუსართა ასეული, რომელიც შემდეგ პოლკად გადაკეთდა, და რუსეთის სხვადასხვა პროვინციაში მამულები მიიღეს. გურამიშვილს ოცდაათი კომლი ყმა და მამული ერგო სამხრეთ უკრაინაში, მირგოროდის მაზრაში, მაგრამ ისიც გადამწვარი და დანგრეული. მეორე საგურამოს აღდგენას შეუდგა, თუმცა მშვიდობიანი ცხოვრება მაინც არ ეღირსა, ახლა რუსეთის იმპერიის სიძლიერისათვის უნდა ეღვარათ სისხლი ქართველებს. 1738-1760 წლებში ოსმალეთის, შვედეთისა და პრუსიის წინააღმდეგ რუსეთის ლაშქრობებში მონაწილეობდა, სიცოცხლეს არ ზოგავდა. ერთგულება და სიმამაცე დაუფასეს, ჩინი მოუმატეს. პრუსიასთან შვიდწლიან ომში (1756-1763) გურამიშვილი ტყვედ ჩავარდა და მაგდებურგის ციხეში იჯდა. 55 წლისამ პორუჩიკის ჩინით სამხედრო სამსახურს თავი დაანება და საბოლოოდ დამკვიდრდა უკრაინაში. თითქმის უსინათლო მოხუცმა გადარჩენილ ლიტერატურულ მემკვიდრეობას, ცალკეულ ლექსებსა და პოემებს, ერთ კრებულში მოუყარა თავი, "დავითიანი" უწოდა და უშვილომ შვილად აღიარა. 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი წიგნი ერეკლეს ძეს, პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს გამოატანა, რითაც მშობლიური ქვეყნისა და ხალხის წინაშე ზნეობრივი ვალი მოიხადა. მამასავით შვილსაც არ დაჰკლებია ფათერაკი, შემთხვევით გადაურჩა დაკარგვას. "დავითიანი" უძვირფასესი წიგნია არა მარტო ლიტერატურული, ისტორიული თვალსაზრისითაც. ის მატიანეც არის, საღმრთო გალობაც, ზნეობის წიგნიც, საწუთროს სამდურავიც. მასში მოთხრობილია ავტორის პირადი და მისი ქვეყნის უბედური თავგადასავალი. ივანე ჯავახიშვილი ამ წიგნს ლექსად თქმულ მატიანეს უწოდებდა და იმოწმებდა, როგორც ისტორიულ წყაროს. სამშობლოდან შორს მყოფმა პოეტმა შეძლო რეალურად გაეაზრებინა "ქვეყნის წახდენის" მიზეზები და სიმართალე ეთქვა, ავისთვის ავი დაერქმია. გურამიშვილი ახალგაზრდებს მამაშვილურ დარიგებას აძლევს და მათი ეროვნული სულისკვეთების ამაღლებას ცდილობს. წიგნს არც იუმორი აკლია, არც ლირიკა. პოეტმა გამოიყენა სადა, ხალხური მეტყველება და სტილი, რითაც პრინციპულად დაუპირისპირდა აღმოსავლური პოეზიის ზემოქმედებას. "დავითიანს" დართული აქვს სარწყავისა და წისქვილის ტექნიკური ნახაზები. სამწუხაროდ, ხელმოკლეობის გამო მათი აგება თვითონ ვერ შეძლო. დავით გურამიშვილს ბედმა არ არგუნა სამშობლოს სიძლიერისათვის ებრძოლა, მის სამსახურში ყოფილიყო, საუკუნო განსასვენებელიც ზედაზნისა თუ შიომღვიმის საგვარეულო საძვალის ნაცვლად უკრაინაში, მირგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში პოვა. სიმართლის უპირველეს მთქმელს ერთი წინასწარმეტყველება არ გაუმართლდა: "ცოცხალიც არვის ვახსოვარ, მკვდარს ვინღა მომიგონებსა". http://s43.radikal.ru/i102/0812/33/1c384767f9af.jpg http://s46.radikal.ru/i113/0812/0f/a570426847ec.jpg http://s59.radikal.ru/i166/0812/60/d6dd1103d49b.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.