მდა Posted December 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2008 დემეტრე II თავდადებული (1259-1289) http://s58.radikal.ru/i161/0812/dd/f7c84c1f3e3a.jpg ქვეყნისათვის თავდადებული ხელმწიფე, რომელმაც უყოყმანოდ გაწირა თავისი სიცოცხლე, ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, ხოლო ქართველმა ხალხმა "თავდადებული" უწოდა. დემეტრე მეფობდა მონღოლთა ბატონობის პერიოდში, იყო თამარ მეფის შვილთაშვილი. მონღოლთა ყაენის ბრძანებით დედამისი, სათნოებითა და სილამაზით გამორჩეული გვანცა დედოფალი მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს. ლეგენდის თანახმად, მომაკვდავმა დედოფალმა, დემეტრე ყაენის უშვილო ცოლს ჩააბარა, რომელმაც ჩვილი უფლისწული გამძვინვარებულ ქმარს ხელიდან გამოსტაცა და სიკვდილს გადაარჩინა. ამ ამბის შემდეგ, ყაენის ცოლს საკუთარი ვაჟი გასჩენია. 10 წლის ასაკში დემეტრეს მამა, მეფე დავით VII ულუც გარდაიცვალა და ობოლი უფლისწულის აღზრდა ერისთავმა ტარსაიჭ ორბელმა იტვირთა. 11 წლის დემეტრე დიდებულებმა აბაღა ყაენს წარუდგინეს და სთხოვეს საქართველოს მეფედ დაემტკიცებინა. დემეტრე მეფედ დაამტკიცეს, თუმცა მცირეწლოვანების გამო, მხარგრძელთა ყმადყოფილი, თბილისში გაზრდილი გასომხებული ქურთი - სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნეს მეურვედ. სადუნი მონღოლურ დიდკაცობასთან დაახლოებული პირი იყო. გამოირჩეოდა ცბიერებითა და გამჭრიახობით. იცოდა მრავალი ენა, მათ შორის მონღოლური. საქართველოს სამეფო კარზე მან ათაბაგ-ამირსპასალარის მაღალ თანამდებობას მიაღწია და დემეტრეს სრულწლოვანებამდე ფაქტობრივად განაგებდა ქვეყანას. მისი გარდაცვალების შემდეგ (1281) მეფემ სადუნის ძეს ხუტლუ–ბუღას მხოლოდ ამირსპასალარობა უბოძა და ამით ეს უკანასკნელი გადაიმტერა. დემეტრე მეტად მძიმე პერიოდში აღმოჩნდა სამეფო ტახტზე. საქართველო პოლიტიკურად დაშლილი, ეკონომიკა კი გაჩანაგებული იყო. მეფე შეეცადა გარკვეული ღონისძიებები გაეტარებინა: დაიწყო გაუკაცრიელებული ადგილების ხელახლა დასახლება, დანგრეულის აღდგენა, თბილისში ააგო მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი. "აქუნდა ჩვეულება, აღიღოს საფასე და აღდგის ღამე, და მოვლის ქალაქი, და მოიხილნის გლახაკნი და დავრდომილნი და ობოლნი, და თჳსითა ჴელითა მისცემდის, და ყოველთა უწყოდიან მოწყალება მეფისა და ამისთჳს გლახაკნი ღამით ფოლორცთა შინა ვიდოდიან, რათა შეემთხჳვნენ მეფესა" - ამგვარად ახასიათებს მეფის გულმოწყალებასა და ქველმოქმედებას მემატიანე. 15 წლის ასაკში დემეტრემ პოლიტიკური მოსაზრებით ცოლად ითხოვა ბიზანტიის იმპერატორის ასული. იმჟამად მონღოლებს სასტიკი ბრძოლები ჰქონდათ ეგვიპტის მამლუქებთან, ამ ლაშქრობებში ქართველებსაც უხდებოდათ მონაწილეობის მიღება. დემეტრეს რამდენჯერმე მოუწია ეგვიპტეში სალაშქროდ წასვლა. ერთ-ერთ ბრძოლაში იგი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ქართული ჯარი ამ ლაშქრობების შედეგად სისხლისაგან იცლებოდა დემეტრე განახევრებული სპით ბრუნდებოდა ხოლმე ქვეყანაში. ყაენის კეთილგანწყობისა და გარკვეული შეღავათების პირობით მან მეორედ იქორწინა და ყაენის ასული სოლღარი შეირთო ცოლად. მონღოლთა ომებში სისხლისგან დაცლილ ქვეყანას სხვა განსაცდელიც ჰქონდა: შინაბრძოლები, უზნეობა, ეკლესიების კუთვნილი მიწების მიტაცება. ახალგაზრდა მეფე ახალი საცდურის წინაშე აღმოჩნდა: გრძნობას აჰყვა და სამცხის ათაბაგის, ბექა ჯაყელის ასული ნათელა მოიტაცა. ამ ქორწინების შედეგად დაიბადა გიორგი, შემდგომში საქართველოს მეფე გიორგი V ბრწყინვალე. ამაოდ მოძღვრავდა ერს საქართველოს კათოლიკოსი ნიკოლოზი, რომელიც "განრისხებული უთქმიდავე და ამხილებდა მრავლად და ვერ არწმუნა". ამის გამო ნიკოლოზმა დატოვა კათოლიკოსობა და საკუთარი ხელით ახალ კათოლიკოსად აკურთხა მეფის ჯვრისმტვირთველი აბრაჰამი. დემეტრე გარეგნულად თითქოს მონღოლებს მორჩილებდა, თუმცა რეალურად შემთხვევას ეძებდა, რომ საკუთარი ქვეყნის ხვედრი შეემსუბუქებინა. აბაღა ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყაენის ტახტისათვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს აბაღას ძმა, აჰმადი და შვილი, არღუნი. მეფე ჯერ აჰმადს ემხრობოდა, შემდეგ კი არღუნის მხარეზე გადავიდა. დემეტრემ ამ შემთხვევაში სწორად განსაზღვრა მოვლენათა განვითარება, რადგან არღუნმა გაიმარჯვა და ყაენი გახდა. დემეტრე, როგორც ჩანს, იმ შეთქმულებაშიც მონაწილეობდა, რომელსაც პირველი ემირი ბუღა ამზადებდა არღუნის წინააღმდეგ. ბუღას გაუგეს და თავი მოჰკვეთეს. ყაენმა თავისთან დემეტრეც დაიბარა. მეფე მიხვდა, რასაც ნიშნავდა ყაენისგან ხმობა, მოიწვია კათოლიკოსი, ეპისკოპოსები, მონასტრებისა და გარეჯის უდაბნოს მამები, შეკრიბა დარბაზის ერი და განუცხადა: "განრისხებულ არს ყაენი... და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა... უკეთუ წარვიდე ყაენის წინაშე, დასტურობით უწყი-მომკლავს"... დარბაზმა ურჩია მეფეს, რომ მთიულეთში გახიზნულიყო ან დასავლეთ საქართველოში გადასულიყო, მაგრამ დემეტრემ უარყო დარბაზის რჩევა: "რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე ტვირთმძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისაგან... უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქვეყანა უვნებელ დარჩეს". დემეტრე გაემართა ყაენთან მისი გადაწყვეტილება მტკიცე იყო: "მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათჳს ჩემისა". ილხანებმა ვერანაირი დანაშაული ვერ აღმოუჩინეს მეფეს. ყაენი თავს იკავებდა დემეტრეს დასჯისაგან, რადგან მეფობის კანდიდატი არავინ ჩანდა. სწორედ ამ დროს, სადუნის ძე ხუტლუ-ბუღამ გადაწყვიტა შემთხვევით ესარგებლა, სამაგირო გადაეხადა მეფისთვის და არღუნს მოახსენა, რომ ის მოიყვანდა მეფედ დავით ნარინის ძეს ვახტანგს. დემეტრეს ბედი გადაწყდა. 1289 წლის 12 მარტს მას თავი მოკვეთეს. დემეტრეს წმინდა გვამს ყაენის ბრძანებით დარაჯები იცავდნენ. კათოლიკოსმა აბრაჰამმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოიხსნეს ცხედარი და თბილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს. მეფე დამარხეს მცხეთას, სვეტიცხოველში, "სამარხოსა მამათა მათთასა". დემეტრე თავდადებული ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 12 (25) მარტი დააწესა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.