Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ თამარაშვილი (1858-1911)


Recommended Posts

მიხეილ თამარაშვილი (1858-1911)

 

http://s44.radikal.ru/i104/0812/66/83167a1eef08.jpg

 

დაუტირებელი შვილის დაბრუნებას მთელი საქართველო შეხვდა, როგორც ბედნიერი ჭირისუფალი.

 

ერისკაცობაში ალექსანდრე ერქვა. ახალციხეში დაიბადა, პეტრე თამარაშვილის ღარიბ და მრავალშვილიან, კათოლიკური აღმსარებლობის ოჯახში. ათი შვილიდან მეცხრე იყო, მამით დაობლებულს ოჯახზე ზრუნვაც დააწვა მხრებზე. ეს მოვალეობა სიკვდილამდე ეკისრებოდა. დაწყებითი სასულიერო განათლება იქვე, "ქვემო ეკლესიის" სამრევლო სკოლაში მიიღო, ივანე გვარამაძის, იგივე "ვინმე მესხის" ხელმძღვანელობით. იმ დროს გვარამაძეზე უკეთესი მოძღვარი და საქართველოს ისტორიის მცოდნე ბევრი არ იყო. მოძღვარმა იგრძნო, რომ ბავშვი დიდი საქმისათვის იყო მოვლენილი და საგანგებო წვრთნა დაუწყო. მოსწავლემაც "ღრუბელივით შესვა მამულის სიყვარული და მისთვის თავადადების აუცილებლობა".

 

საფუძვლიანი განათლებისთვის 20 წლისამ მოიცალა. გვარამაძის რჩევით სტამბოლში გაემგზავრა. პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ ქართველ კათოლიკეთა ფერიქოის ეკლესიის სამრევლო სასწავლებელში შევიდა და იქვე აღიკვეცა ბერად.

 

საღვთისმეტყველო საგნების გარდა იქ ისწავლებოდა ქართული ენის გრამატიკა, ლიტერატურა და ისტორია. ლათინურ და ფრანგულ ენებში იმდენად საფუძვლიანად ამზადებდნენ, რომ სასწავლებელდამთავრებულს შეეძლო ამ ენებზე წირვის აღსრულება, ფრანგულ სემინარიაში სწავლის გაგრძელება. წარმატებულ ახალგაზრდებს მონასტრის ხარჯით ევროპაში გზავნიდნენ. მიქელ თამარაშვილიც ქართველ კათოლიკეთა ძმობის დაფინანსებით ჯერ ესპანეთში სწავლობდა, შემდეგ პარიზში, წმინდა ლაზარეს დიდ სასულიერო სასწავლებელში. წიგნთსაცავებში, არქივებსა და მუზეუმებში მუშაობაც მაშინ დაიწყო.

 

30 წლის მიქელ თამარაშვილი ისევ სტამბოლში ჩავიდა, იქიდან კი თბილისში, მიძინების კათოლიკური ტაძრის მღვდლად იქნა გამწესებული. აქ მრევლს ისტორიის პატრიოტულ ფურცლებს ახსენებდა და სარწმუნოების მიუხედავად ეროვნულ ერთიანობას ქადაგებდა, მაგრამ პატრი მიხეილი თბილისში დიდხანს არ გააჩერეს, მას ორი მხრიდან უტევდნენ: რუსული მართლმადიდებლობა კათოლიციზმის დაუძინებელი მტერი იყო და ქართული კათოლიკობის მოსპობა უნდოდა, სომხური გრიგორიანული ეკლესია კი ცდილობდა, ქართველი კათოლიკენი სომხებად გამოეცხადებინა. ამის მოწინააღმდეგე თამარაშვილი თბილისიდან გააძევეს და სამშობლოში მღვდელმსახურების უფლება ჩამოართვეს. 1889 წელს თამარაშვილი ისევ სტამბოლში ჩავიდა, შემდეგ წელს კი რომში გაემგზავრა და სწავლა განაგრძო სასულიერო აკადემიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა და 36 წლისამ ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი მიიღო. მალე ამავე აკადემიის პროფესორად დაინიშნა.

 

თამარაშვილმა იცოდა ლათინური, იტალიური, ფრანგული, თურქული, სომხური და, ბუნებრივია, ქართული ენები. ამან შეუწყო ხელი, რომ ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებში შეესწავლა საქართველოს ისტორიის ამსახველი დიდძალი დოკუმენტური მასალა. 1902 წელს თბილისში გამოიცა მისი წიგნი "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის". ამ ნაშრომს ქართული საზოგადოება და სამეცნიერო წრეები მოწონებით შეხვდნენ და შესანიშნავი რეცენზიები მიუძღვნეს. კირიონ II-მ თამარაშვილის ზოგი დასკვნა არ გაიზიარა და კრიტიკულად შეაფასა. კირიონის აზრი მეცნიერისათვის ცნობილი გახდა, მაგრამ შენიშვნები გულისწყრომით არ მიუღია. პირიქით, ფრანგულ ენაზე გამოცემულ მომდევნო წიგნში კირიონ II-ის სურათი გამოაქვეყნა და ევროპას ამცნო, რომ ავტოკეფალიისათვის მებრძოლი ქართველი მღვდელმთავარი რუსეთის მიყრუებულ მონასტერში იყო გამოკეტილი.

 

1907 წელს თამარაშვილი ერთ ახლობელს წერდა: "ევროპაში შევნიშნე, რომ საქართველოსა და მისი ეკლესიის შესახებ არაფერი იციან. ან თუ იციან, სომხებისა და რუსების ჭეშმარიტებას მოკლებული წერილებით. აქამდის ვერავინ შეძლო ევროპისათვის წარედგინა ნამდვილი საბუთებით შედგენილი ისტორია. ეს უმძიმესი ტვირთი მე ავიღე თავზე და განწირული შრომისა და ხარჯის შემდეგ დავამთავრე ფრანგულად ქართული ეკლესიის ისტორია". დაბეჭდვისათვის საჭირო თანხა წვალებით შეაგროვა და 1910 წელს რომში გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი "ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე". წიგნმა დიდი გამოხმაურება პოვა ევროპის სამეცნიერო წრეებში, ვატიკანმა სპეციალური პრემიაც კი მიანიჭა.

 

თამარაშვილის ნაშრომმა საქართველოშიც ჩამოაღწია და მოწონებაც დაიმსახურა. ალექსანდრე ხახანაშვილი აღტაცებული იყო ამ ადამიანით: "მე პირველად ვხედავ ასეთ შრომისმოყვარე ქართველ კაცს. ეს პირველი მაგალითია, რომ ასეთ შრომასთან და ცოდნასთან ერთად ევროპის ერთა ამდენი ენაც იცოდეს".

 

თამარაშვილის ორივე მონოგრაფია, რომლებიც ეფუძნება ევროპის არქივებში ავტორის მიერ მოძიებულ და ზედმიწევნით შესწავლილ უაღრესად საყურადღებო პირველწყაროებს, დღემდე სამაგიდო წიგნებია მკვლევართათვის.

 

მიქელ თამარაშვილმა 1904 წელს ზუბალაშვილის ხელშეწყობით გამოსცა პუბლიცისტური ნაშრომი "პასუხად სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას". ეს იყო სომეხ მეცნიერთა მიერ ევროპაში გავრცელებული აზრის დასაბუთებული უარყოფა, თითქოს ამიერკავკასიაში ყველა კათოლიკე სომეხია. თამარაშვილმა სხვა ღვაწლიც დასდო ქართულ ისტორიოგრაფიას. მან აღმოაჩინა სიცილიაში კრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი, მოიძია და შეისწავლა სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის მასალები.

 

1911 წლის 15 სექტემბერს 53 წლის ქართველი აბატი მიქელ თამარატი რომის ახლოს, სოფელ სანტა-მარინელასთან, უცნობი მოყვასის გადასარჩენად ტირენიის აბობოქრებულ ზღვაში გადაეშვა. უცნობი გადარჩა, თვითონ კი დაიღუპა. დაკრძალეს სანტა-მარინელაში, ხოლო შემდეგ ჩივიტავეკიას პანსიონში გადაასვენეს.

 

მწერალმა და რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მიხეილ თამარაშვილზე დოკუმენტური ფილმის "კვალი ნათელის" გადაღებისას მოძია მისი საფლავი და 1978 წელს ნეშტი იტალიიდან თბილისში ჩამოასვენა. დაუტირებელი შვილის დაბრუნებას მთელი საქართველო შეხვდა როგორც ბედნიერი ჭირისუფალი. მიხეილ თამარაშვილი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...